Home რუბრიკები პოლიტიკა წულუკიანის მოტივები და ალასანიას ყულაბა

წულუკიანის მოტივები და ალასანიას ყულაბა

512

ირაკლი ალასანია ყველაზე ვერცხლისმოყვარე მინისტრია. ამ დასკვნამდე შეიძლება მივიდეს არაერთი მოქალაქე, რომელიც გასულ კვირას ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის» მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გაეცნო. შარშან თავდაცვის მინისტრმა სახელფასო დანამატის სახით 83 076 ლარი მიიღო, გაცილებით მეტი, ვიდრე მთავრობის სხვა წევრებმა. რატომ იღებენ მინისტრები ამდენ ფულს და რამდენად სამართლიანია ეს?


მინისტრების უმრავლესობამ 2013 წელს 47 785 ლარის სახელფასო დანამატი აიღო, რამდენიმემ კი ოდნავ მეტი ან ნაკლები; მაგალითად, შალვა ფიფიამ _ 45 525 ლარი, ხოლო პაატა ზაქარეიშვილმა – 50 885 ლარი. «ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის» მტკიცებით, ეს სხვაობა განპირობებულია 2013 წლის იანვარ-თებერვალში მინისტრების მიერ მიღებული განსხვავებული ოდენობის პრემია-დანამატებით (პრემიერმინისტრის 2013 წლის 15 მარტის #53 ბრძანებამ დააწესა 4335 ლარის ყოველთვიური დანამატი და ეს სხვაობა აღმოფხვრა). გამონაკლისია თამარ სანიკიძე, რომელსაც მხოლოდ 25 034 ლარი ერგო, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის თანამდებობაზე გასული წლის ივლისში დაინიშნა. ამ ფონზე ალასანია თავისი 83 ათასით აბსოლუტურ რეკორდსმენად გამოიყურება.

რატომ აქვს თავდაცვის მინისტრს იმხელა სახელფასო დანამატი, თითქოს თვეში ერთ-ორ სტალინგრადს შტურმით იღებდეს?! სამინისტროს ოფიციალური განმარტების თანახმად, «სტანდარტული» 4335-ლარიანი დანამატის გარდა, ალასანია იღებს საკლასო ჩინის დანამატს (1239 ლარს), სტაჟის დანამატს (835 ლარს) და საიდუმლოს დანამატს (531 ლარს).

იქნებ ირაკლი ალასანიას მატერიალურად უჭირს? იქნებ უნდა დავეხმაროთ და მისთვის კიდევ რამდენიმე დანამატი დავაწესოთ? მაგალითად, «უსაზღვრო ამბიციების დანამატი» (ასე 41 ათასი); ან კიდევ «დანამატი ოპოზიციაში შესაძლო გადასვლისთვის» (30 დოლარი, ვერცხლის ერთდოლარიანებით); ან სულაც, «ნაციონალებთან» სავარაუდო ფარული თანამშრომლობის დანამატი» (5 ლარი, გახეული კუპიურით).

საზოგადოება ძალიან გაღიზიანდა, როდესაც ზემოთ მოყვანილ მონაცემებს გაეცნო. ამაზე ნათლად მიუთითებს აგრესიული კომენტარები სოციალურ ქსელებში. ეს გასაგებიცაა: ჯერ ნოდარ ხადურის ანაბასისი რესტორნებში საბიუჯეტო ფულით, ახლა _ ეს. და ვიდრე ჩინოვნიკების შრომის ანაზღაურების პრობლემებზე მსჯელობას დავიწყებთ, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, რამდენად გაჭირვებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. გაეროს ბავშვთა ფონდის «იუნისეფის» მონაცემებით, საქართველოში 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში _ დღეში 2 ლარზე ცხოვრობს, «ფარდობით სიღარიბეში» კი _ 200 ათას ბავშვზე მეტი (დღეში 3 ლარზე). ყოველწლიურად იღუპება 800 ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი, მათ შორის 300 სიცოცხლის პირველსავე თვეებში, კვებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ახლა კი ორიოდე სიტყვით მინისტრის მოადგილეების პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე. ყველაზე მეტი გასულ წელს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებმა _ მარიამ ვალიშვილმა და ილია ელოშვილმა მიიღეს (თითოეულმა _ 65 280 ლარი). მომდევნო პოზიციებს ტოპხუთეულში იკავაბენ სოზარ სუბარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე (59 840 ლარი) და თეა წულუკიანის მოადგილეები _ დავით ჯანდიერი (57 520) და ალექსანდრე ბარამიძე (55 971 ლარი). საერთოდ კი, შარშან სამინისტროებმა პრემიის სახით 5 729 131, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 3 135 038 ლარი გასცეს.

მართალია, სისტემამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის მარტში დანერგა, ბოლო მოუღო გაუმაძღრობის აღლუმს, რომელსაც პრემიებთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. მისასალმებელია ისიც, რომ მინისტრებს ამა წლის იანვარში სახელფასო დანამატი შეუმცირეს და ეს, სავარაუდოდ, (როგორც მინიმუმი) კიდევ ერთხელ მოხდება. მაგრამ ჩინოვნიკების შემოსავალი სხვა მოქალაქეების შემოსავალთან შედარებით მაინც არაადეკვატურად გაბერილი ჩანს და, ჩვენ, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, რამდენად ნორმალურია შექმნილი ვითარება.

განხილულ თემაზე საუბრისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია «იმედის» ეთერში განაცხადა: «ვეთანხმები პრინციპს, რომლის თანახმადაც, ადამიანი როცა შრომობს, მას უნდა ჰქონდეს ადეკვატური ანაზღაურება. დღეს ჩვენს ქვეყანაში, უმეტეს შემთხვევებში, ეს ასე არ არის. საჯარო სამსახურში თუ ხელფასები არ იქნება ადეკვატური, თუ საჯარო მოხელეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირები, არ მიიღებენ პრემიებს, საჯარო სამსახური ძალიან მალე გახდება აბსოლუტურად უინტერესო და მას დატოვებენ კომპეტენტური კადრები. მე ხელზე მაქვს 5 ათასი ლარი, მაშინ, როცა წლების განმავლობაში, სტრასბურგის სასამართლოში თვეში მქონდა 17-18 ათასი ლარი, მაგრამ ვთვლი, ეს ის ხელფასია, რომელიც ღირს, რომ ვემსახურო სამშობლოს. ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ჩემთან მუშაობენ, არიან კვალიფიციურები. როგორც კი მათ არ ექნებათ ადეკვატური ანაზღაურება, გადავლენ კერძო სექტორში. დღეს საჯარო სამსახურში ჩვენ ვცდილობთ და ძლივს ვახერხებთ, კონკურენცია გავუწიოთ კერძო სექტორს, ამიტომ ის, ვინც იმსახურებს, დიახ, უნდა ჰქონდეს პრემია» (ინტერპრესნიუსი).

ცხადია, კარგად გაკეთებული საქმე ჩინოვნიკს უნდა დაუფასდეს; პრემიის იდეას, როგორც ასეთს, არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: კონკრეტულად რისთვის მიიღეს ამ ადამიანებმა პრემიები? თუ, მაგალითად, ენერგეტიკის სამინისტროს საიტზე ხელმისაწვდომი იქნებოდა დოკუმენტი, რომელიც გვამცნობდა, რომ მ. ვალიშვილი და ი. ელოშვილი ხელმძღვანელობდნენ ამა და ამ მონაკვეთის ელექტრიფიკაციას ან (სიტყვაზე) აწარმოებდნენ წარმატებულ მოლაპარაკებებს ამ და ამ ინვესტორთან, რის შედეგადაც ქვეყანამ ესა და ეს სარგებელი მიიღო და ა. შ. (ყოველივე ამის ჩამოწერას არც ისე ბევრი დრო უნდა), საზოგადოების დიდი ნაწილი არ გაღიზიანდებოდა და ეჭვნარევი კითხვებიც არ გაჩნდებოდა. წარმოვიდგინოთ, რომ შევიტყვეთ, ჩინოვნიკის მუშაობამ ქვეყანას 50-მილიონიანი ინვესტიცია მოუტანა და ამისთვის მან 50 ათასი ლარის პრემია მიიღო. ვინ შეეწინააღმდეგება ამას? არავინ! პირიქით, ტაშს დაუკრავენ. მაგრამ საზოგადოება ვერ ხედავს მსგავს, განმარტებითი ხასიათის ინფორმაციას და, ხშირ შემთხვევაში ეჭვობს, რომ ადგილი აქვს საბიუჯეტო ფულის ბანალურ განაწილებას, დაახლოებით ისეთს, როგორსაც ადგილი გასული წლის დეკემბერში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ჰქონდა (ეს საერთოდ კოშმარია და ხელისუფლების ეპიკური ჩავარდნა). სინამდვილეში, ყოველივე ეს არასაკმარისი გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემაა _ მთავრობის აქილევსის ქუსლი. ის ფიქრობს იმაზე, როგორ მოიგერიოს კრიტიკა და არა იმაზე, როგორ გამორიცხოს ის წინასწარ. ეს რეაგირებაა და არა პროაქტიური ტაქტიკა და ეს ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს. არადა, ყველაფერი მარტივია: გააგებინეთ ხალხს, კონკრეტულად რისთვის მიიღო პრემია კონკრეტულმა ჩინოვნიკმა.

პრემიების საკითხი ნამდვილად არ არის მთავარი თეა წულუკიანის განცხადებაში. საქმე ისაა, რომ მან ჩინოვნიკების მოტივაციის თემა ერთობ გამარტივებული სქემის ფარგლებში მოაქცია, თითქოს მაიმუნსა და ბანანზე ვსაუბრობდეთ. როდესაც ადამიანი სახელმწიფო სამსახურში მიდის, მას, როგორც წესი, მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილის გარდა, სხვა მოტივებიც ამოძრავებს, მაგალითად, ქვეყნის აღმშენებლობაში წვლილის შეტანის (სრულიად ჯანსაღი) სურვილი ან პოლიტიკური (შესაძლოა, ნაწილობრივ არაჯანსაღი) ამბიციები, მომიჯნავე ქვეცნობიერ მოტივებთან ერთად. ზოგი, საერთოდ, თავიდანვე გამდიდრებასა და კორუფციულ სქემებში ჩართვაზე ფიქრობს, თუმცა ამ შემთხვევას ამჯერად არ განვიხილავთ.

პრობლემა ისაა, რომ სერიოზული კარიერული ზრდა დღევანდელ საქართველოში ძალზე გართულებულია ნეპოტიზმის გამო და ის, ხშირ შემთხვევაში, გაუმართლებელ ზნეობრივ კომპრომისებს მოითხოვს. ამ კონტექსტში, შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რის ხარჯზე ხდებოდა სააკაშვილის ზონდერების კარიერული აღმასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაქტიკა აღმოიფხვრა, შესაბამისი ფსიქოლოგია, მისგან გამომდინარე უნარ-ჩვევებთან ერთად, კვლავინდებურად ფართოდაა გავრცელებული. რაც შეეხება იდეალისტურ მოტივებს, ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სწამს, რომ ემსახურება ქვეყანას და არა ვიღაცის გამდიდრებას ან ამბიციების დაკმაყოფილებას, საქართველოში ძალიან ცოტა დარჩა. საერთო საქმის კეთების განცდა პრაქტიკულად გაქრა, რაც, როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლების ბრალია. ამგვარად, რჩება მხოლოდ მატერიალური სტიმულირება, მარტივად რომ ვთქვათ, მაიმუნი და ბანანი, რაც, პრინციპში, აბსოლუტურად არანორმალურია.

წარმოვიდგინოთ, რომ თეა წულუკიანს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად მხოლოდ 3000 ლარს აძლევენ. ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს არც კვებასთან, არც სხვა (გონივრულ) ხარჯებთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნას. ეს, ალბათ, მაქსიმუმია იმისა, რაც შეიძლება უკიდურესად გაჭირვებულმა ქვეყანამ მინისტრს და მის მოადგილეებს შესთავაზოს. რას იტყვის ამ შემთხვევაში თეა წულუკიანი? «ეს ის ხელფასია, რომელიც ღირს, რომ ვემსახურო სამშობლოს» თუ «ეს ის ხელფასია, რომელიც არ ღირს, რომ ვემსახურო სამშობლოს»? იმ ჩინოვნიკმა, რომელიც საკითხს ასე დაყენებს, პოსტი, ალბათ, დაუყონებლივ უნდა დატოვოს, რადგან მსგავსი მიდგომა არსებითად ამორალურია. ქვეყანამ სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი, გადაუდებელი ხარჯები უნდა გაწიოს; რა დროს ჩინოვნიკების ცხოვრების მოწყობაა საქართველოს რეალიების მიმართ ადაპტირებული «ევროსტანდარტის» შესაბამისად?! და საერთოდ, ამქვეყნად შეუცვლელი არავინაა. რაც შეეხება მეტწილად წარმოსახვით «მაღალკვალიფიციურობას», მასზე საუბარი მხოლოდ მუშაობის შედეგებზე და არა ცარიელ სიტყვებზე დაყრდნობით შეიძლება. ისე, სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ იუსტიციის მინისტრი დეტალურად მოგვითხრობს, რა გამორჩეული კანონპროექტები შეიმუშავა სამინისტრომ შარშან, როგორ (ო, როგორ!) აღადგინა ქვეყანაში სამართლიანობა პროკურატურასთან ერთად და, რაც მთავარია, კონკრეტულად რისთვის მიიღეს პრემიები მისმა ხელქვეითებმა. აქ სტრასბურგის სასამართლო არაა, ყველანი შინაურები ვართ _ მოვუსმენთ და შეიძლება გავუგოთ კიდეც.

რა მოხდება, თუ მინისტრები და მოადგილეები თვეში 2500-3000 ლარს მიიღებენ? მოპარვას დაიწყებენ? კერძო სექტორში გადაბარგდებიან (და ვინ თქვა, რომ იქ ასეთ შემოსავალს გარანტირებულად მიიღებენ)? თუ ეს ასეა, ნაკლებად სავარაუდოა, სახელმწიფოს ასეთი ადამიანები გამოადგნენ და, ალბათ, აჯობებს, სამსახურს ხვალვე დაემშვიდობონ.

აშკარაა, რომ ჩინოვნიკების მაღალი შემოსავლებისა და პრივილეგიების თემამ «ქართულ ოცნებას» მომავალში რეიტინგთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეუქმნას. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ამას გაიაზრებს და სიტუაციას, თუნდაც პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, შეცვლის. თორემ იმის ილუზია, რომ ყველა მინისტრი, მოადგილე თუ რიგითი ჩინოვნიკი უცებ მიხვდება, რა დამატებით დატვირთვას ატარებს სიტყვები «ვემსახურები სამშობლოს» და რა ზნეობრივი პრინციპების ერთგულებას მოითხოვს ეს მსახურება, დღევანდელ საქართველოში, ალბათ, არავის აქვს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here