Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ, როგორც საფრთხე ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსთვის, ანუ სად მოეწყობა შემდეგი მაიდანი

აშშ, როგორც საფრთხე ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსთვის, ანუ სად მოეწყობა შემდეგი მაიდანი

766

საქართველოში ყველა წინაპირობა არსებობს დასავლეთის მიერ ევრომაიდნის მსგავსი გადატრიალების მოსაწყობად. უკრაინა სულ უფრო ღრმად ეფლობა სამოქალაქო ომში. ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, ეკონომისტი შექმნილ ვითარებას აფასებს, როგორც უკრაინის სახელმწიფოებრიობის კრიზისს. ისინი მართლები არიან, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. სინამდვილეში უკრაინაში განვითარებული პროცესები პირდაპირი გამოწვევაა ყაზახეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის, სომხეთისთვის, მოლდოვისთვის, უზბეკეთისთვის, ტაჯიკეთისთვის, ყირგიზეთისთვის, თურქმენეთისთვის. ამ ქვეყნებში არის წინაპირობები იმისა, რომ დასავლეთმა მოაწყოს ევრომაიდნის მსგავსი გადატრიალება. ვაშინგტონი მხოლოდ უკრაინით რომ არ შემოიფარგლება, ნათელია.


ეროვნული საკითხი

რუსეთის იმპერიაშიც და საბჭოთა კავშირშიც ბევრი რამ გაკეთდა ეროვნული კულტურების განსავითარებლად. მაგალითად, სლავიანოფილები აქტიურად მხარს უჭერდნენ უკრაინის იდეის შემოქმედთ _ ტარას შევჩენკოსა და პანტელეიმონ კულიშს. საბჭოთა პერიოდში გამოიცა ტარას შევჩენკოსა და ივან ფრანკოს თხზულებათა სრული კრებულები. უდიდეს მხარდაჭერას გრძნობდნენ ახალგაზრდა უკრაინულენოვანი მწერლები, პოეტები, კომპოზიტორები, მეცნიერები. მასობრივი ტირაჟებით გამოიცემოდა ოლეს გონჩარის, პაველ ზაგრებელნისა და სხვათა ნაშრომები. მსგავსი სიტუაცია იყო ერთიანი ქვეყნის ყველა ეროვნულ რესპუბლიკაში.

დამოუკიდებელ უკრაინაშიც ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ ეროვნული იდენტურობის შესახებ, მაგრამ ვერ მოიძებნა სახსრები და არც სურვილი გამოჩნდა თუნდაც უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პერიოდში დაგეგმილი ტარას შევჩენკოს დამატებითი ტომის გამოსაცემად. პოლიტიკოსები და ოლიგარქები ამჯობინებდნენ, ეძარცვათ თავიანთი ქვეყანა და კაპიკს არ ხარჯავდნენ ახალი ტალანტების მხარდასაჭერად კულტურისა და მეცნიერების სფეროში.

საბჭოთა პერიოდში უკრაინის დასავლეთისა და აღმოსავლეთის მკვეთრი დაპირისპირება არ არსებობდა. ლვოვში მცხოვრებთა ერთი მესამედი ეთნიკური რუსები იყვნენ _ ძირითადად, ინჟინრები, მასწავლებლები, მეცნიერები. დონბასსა და ყირიმში მცხოვრებ ადამიანებს კარპატებში დასვენება უყვარდათ. გალიჩელები სიამოვნებით ჩადიოდნენ ოდესასა და ყირიმში შავი ზღვის პლაჟებზე გასარუჯად, კულტურისა და ისტორიის ადგილობრივი ძეგლების გასაცნობად.

განხეთქილება დაიწყო მაშინ, როცა პერესტროიკის დროს კანადასა და აშშ-ში მცხოვრები უკრაინის დიასპორის წარმომადგენლებმა დაიწყეს ქვეყანაში ნაციონალისტური ლიტერატურის შემოტანა, რადიკალური დაჯგუფებების შექმნა, რუსეთისადმი ზიზღის გაღვივება. შედეგად, 1990 წელს აქტიურად დაიწყეს დასავლეთ უკრაინიდან რუსულენოვანი მოქალაქეების გამოდევნა. და დღეს ლვოვში ეთნიკური რუსების მხოლოდ 4 პროცენტი დარჩა.

უკრაინის ყველა ახალი პრეზიდენტი (კრავჩუკიც, კუჩმაც, იუშჩენკოცა და იანუკოვიჩიც) ამა თუ იმ მოსაზრებით მხარს უჭერდა ნაციონალისტურ, რუსოფობიურ განწყობილებებს. შედეგად, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ ისე შეარყია ერთ დროს აყვავებული ქვეყნის საფუძვლები, რომ უკრაინა ფაშიზმამდე და სამოქალაქო ომამდე მიიყვანა.

დონბასის, ოდესის, ხარკოვის მცხოვრებთა დღევანდელი თაობა არასოდეს აპატიებს გალიჩელებს იმ სისხლს, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაიღვარა. ვერ დაიჯერებს, რომ შესაძლებელია მშვიდობიანი თანაცხოვრება ლვოვთან და ივანო-ფრანკოვსკთან. გალიჩელთა დღევანდელი თაობაც ვერასოდეს გათავისუფლდება დამოუკიდებლობის წლებში მისთვის ჩანერგილი ნაციონალისტური იდეებისგან, დონეცკელ მეშახტეებსა და მეტალურგებს არ მოეპყრობიან, როგორც ადამიანებს.

მაგრამ ყველაზე საშიშია, რომ ეს ყოველივე შეიძლება განვითარდეს სხვა ქვეყნებში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში _ აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში, მოლდოვაში, ბელარუსში, ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში.

რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში ძალიან ფრთხილად ეკიდებოდნენ ნაციონალურ საკითხს. სწორედ ამიტომ სომხები მშვიდად და მეგობრულად ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელებთან, დნესტრისპირელები _ მოლდოველებთან, ყირგიზები და ტაჯიკები _ უზბეკებთან, რუსები _ ყაზახებთან და უკრაინელებთან.

მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბების შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრმა პოლიტიკოსმა უღალატა ასეთ მიდგომას და ნაციონალისტური იდეების გაღვივების ხელშეწყობა დაიწყო.

საქართველოში სააკაშვილის დროს გამეფდა ეთნიკური ნაციონალიზმი, ბელარუსში _ ეკონომიკური.

იანუკოვიჩი და აზაროვი სამი წლის განმავლობაში აქტიურ ანტირუსულ კამპანიას ეწეოდნენ გაზმომარაგების საკითხში, რამაც ხელი შეუწყო ულტრანაციონალისტური იდეების ზრდასა და გავრცელებას.

რუსეთის ლიდერები თავს უფლებას არ აძლევდნენ ამგვარი გამოხდომები ეკადრებინათ მოძმე ქვეყნებისთვის.

მტრობა და დაპირისპირება მომგებიანია ვაშინგტონისთვის, რომელიც მოქმედებს პრინციპით «გათიშე და იბატონე». აშშ-მა ასეთი ტაქტიკა გამოიყენა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა შეიარაღებასა და საკვებ პროდუქტებს მიჰყიდდა ორივე მხარეს, რითაც აღრმავებდა კონფლიქტს.

შედეგად, თუ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე აშშ-ის ევროპის ქვეყნების ვალი ჰქონდა (XX საუკუნის დასაწყისში ეს ვალი დაახლოებით სამი მილიარდი დოლარი იყო), 1919 წელს აშშ ევროპის ძირითადი კრედიტორი გახდა: ევროპის ქვეყნებისთვის მიცემული სესხის რაოდენობამ 11 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამასთან, ამერიკული მონოპოლიების საერთო სუფთა მოგებამ 1914-1919 წლებში 34 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სიტუაცია მეორე მსოფლიო ომის დროს განმეორდა. იარაღი, ტყვია-წამალი, საკვები პროდუქტები და ნედლეული ლენდ-ლიზის პროგრამით, რომლის საერთო ღირებულება 50 მილიარიდი დოლარი იყო, გაიგზავნა დიდ ბრიტანეთში, სსრკ-ში, საფრანგეთსა და ჩინეთში. ამას გარდა, ლენდ-ლიზის პროგრამა ითვალისწინებდა, რომ მის ფარგლებში გადაცემული საქონელი, რომელიც ომის შემდგომ დარჩებოდა, ანაზღაურებულიყო სრულად ან ნაწილობრივ აშშ-ის მიერ წარდგენილი ხანგრძლივვადიანი, როგორც წესი, უპროცენტო კრედიტებით, ე. ი. დაუყოვნებლივი და მკვეთრი გამდიდრება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ის კორპორაციებმა ვერ მოახერხეს.

თუმცა ქვეყანამ მიიღო კერძო კაპიტალის ევროპიდან გამდინარე ნაკადი, პლიუს რამდენიმე ევროპული ქვეყნის ოქროს მარაგები, რომლებიც ფორტ-ნოკსის საცავებში აღმოჩნდა.

ომის დამთავრებისთანავე აშშ-მა ევროპას შესთავაზა სესხები მკაცრი პირობით _ მათი დახარჯვა შეიძლებოდა მხოლოდ ამერიკული საქონლის საყიდლად. შედეგად, სანამ ევროპა მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა, ამერიკა მსოფლიოს ეკონომიკური, ფინანსური და ტექნოლოგიური ლიდერი გახდა.

ამასთან, ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს ვაშინგტონი ევრაზიულ სივრცეში ნაციონალიზმის პოლიტიკის გავრცელებას უწყობდა ხელს. ამერიკელი პრეზიდენტის _ ვუდრო ვილსონის მიერ მომზადებული მშვიდობიანი ხელშეკრულების პროექტით (ე. წ. ვილსონის 14 პუნქტი), რომელიც საფუძვლად დაედო ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულებას, პირველად დაუფარავად გაცხადდა სახელმწიფოთა (მაგალითად, ოსმანთა იმპერიის) დანგრევის მიზანი მათი წვრილ ნაციონალურ სახელმწიფოებად დაყოფის გზით. აშშ-მა განაგრძო სეპარატიზმისა და ნაციონალიზმის წახალისება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, იუგოსლავიაში, უკრაინაში, ერთმანეთთან დაპირისპირების, შიგნიდან რღვევის გზით: სახელმწიფოთა რღვევა პოსტსაბჭოთა და მთლიანად ევრაზიულ სივრცეში, რომლითაც ჩამოიწერებოდა მრავალრიცხოვანი ვალი. ამ ტაქტიკას ვაშინგტონი დღესაც აგრძელებს.

მთავარი დარტყმა რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, ერთადერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც გაბედა და წინ აღუდგა ამერიკის ადმინისტრაციის დღევანდელ პოლიტიკას, მაგრამ მცდელობა _ შიგნიდან აეფეთქებინათ ქვეყანა თეთრბაბთიანი ოპოზიციის გამოყენებით, წარუმატებელი გამოდგა, ამიტომაა, რომ რუსეთზე ზემოქმედებისთვის დღეს მის პერიმეტრს გამოიყენებენ.

უკრაინის შემდეგ აშშ-ის სამიზნე, როგორც ვვარაუდობ, არის საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი. ამერიკელთა დამანგრეველი გავლენისგან თავის დაცვას ისინი შეძლებენ მხოლოდ მაშინ, თუ სრულად გამორიცხავენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაციონალიზმს, ეროვნულ სათემოებს (რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, აფხაზებს, ტაჯიკებს, უზბეკებს, ყირგიზებს) მისცემენ კულტურულ-ეროვნული განვითარების გარანტიას; იმ ქვეყნებში, რომლებშიც არის მსხვილი რუსულენოვანი სათემოები, არ დაუწყებენ დევნას რუსულ ენას, დასასრულ, რუსეთს მოეპყრობიან, როგორც მოკავშირეს.

არავითარი ცალმხრივი დათმობა არ დაიცავს ამ ქვეყნებს ვაშინგტონის დამანგრეველი გავლენისგან. ამგვარმა დათმობებმა ვერ უშველა იანუკოვიჩს. უახლოესი მოკავშირეების ღალატი ამერიკელებისთვის არც ადრე იყო უცხო. ასე იყო ნგო დინ დიემის, მანუელ ნორტეგას, ფერდინანდ მარკოსის, აუგუსტო პინოჩეტის შემთხვევაში და საეჭვოა, რომ რამე შეიცვალოს უახლოეს მომავალში.

იური გორდიენკო,

ახალი ამბების სააგენტო

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here