Home რუბრიკები ისტორია რა მოხდა კურსკში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლისას

რა მოხდა კურსკში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლისას

923

აპრილის ბოლოს რუსეთის ქალაქ კურსკში ფაშისტი დამპყრობლებისგან უკრაინისა და ბელორუსიის გათავისუფლების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი, რიგით მეოთხე ისტორიულ-კულტურული ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას, ომში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ვეტერანებთან ერთად, ქართველებიც ესწრებოდნენ. ქართულ დელეგაციას ალექსანდრე ჭაჭია ხელმძღვანელობდა, რომლის სიტყვით გამოსვლამაც ფორუმის მონაწილეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. მას სიტყვა რამდენიმეჯერ ტაშით შეაწყვეტინეს.


როგორც ცნობილია, საქართველომ მეორე მსოფლიო ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო _ 300 ათასამდე კაცი ვეღარ დაუბრუნდა მშობლიურ კერას… ფაშიზმზე გამარჯვების ავტორი ქართველი იოსებ სტალინი გახლდათ და, ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღესაც, უკრაინისა და ბელორუსიის გათავისუფლებიდან 70 წლის შემდეგ, რუსეთში, ალექსანდრე პუშკინის სახელობის კურსკის დრამატული თეატრის დარბაზში, სამამულო ომში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა ყველაზე მეტი მოწონება და ტაში კვლავ ქართველმა მომხსენებელმა დაიმსახურა.

ისტორიულ-კულტურული ფორუმის _ «ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება. ფაშისტი დამპყრობლებისგან უკრაინისა და ბელორუსიის გათავისუფლების 70 წლისთავი» _ მონაწილეებმა პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს და 70 წლის წინათ მოპოვებული მნიშვნელოვანი ისტორიული გამარჯვება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. გამომსვლელებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ დღეს ზოგიერთი არაფრად აგდებს იმ ადამიანების თავგანწირვას, რომლებმაც უანგაროდ გასწირეს სიცოცხლე ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კურსკში გამართულ ფორუმში მონაწილეობდა სამამულო ომის ვეტერანი შოთა ბუაძე, რომელიც გულისტკივილით აღნიშნავს, რომ საქართველოში ვეტერანების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას გრძნობს. «კურსკში ძალიან კარგი ღონისძიება გაიმართა, საქართველოში კმაყოფილი დავბრუნდი და მისასალმებელია, რომ ამ ფორუმის ჩატარება რუსეთში უკვე ტრადიციად იქცა. ყველა ძალიან თბილად შეგვხვდა, მადლობის მეტი რა გვეთქმის. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს ღონისძიება, რადგან კიდევ ერთხელ გავიხსენე და განვიცადე ის საშინელი ბრძოლის დღეები და გამარჯვების სიხარული, რაც მაშინ გადავიტანეთ. ამ დღეების გახსენება რთულიცაა და, ამასთანავე, სასიამოვნოც, რადგან ჩვენც გადავრჩით და მსოფლიოც გადავარჩინეთ.

აღვნიშნავ, რომ სამამულო ომის თემა ამოუწურავია და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი. მართალია, ქართული მხარეც ჩართულია ამ ყველაფერში, მაგრამ კარგი იქნებოდა, საქართველო უფრო აქტიურად მონაწილეობდეს.

ამ ფორუმზე განსაკუთრებით მომეწონა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის _ ალექსანდრე ჭაჭიას სიტყვა. ბრწყინვალე მოხსენებით გამოვიდა, მის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ამ საკითხებში განსწავლულობა, არამედ, საერთოდ, მისი ინტელექტი, ცოდნის გადმოცემის კულტურა. ყველაფერი ისე დასაბუთებულად და არგუმენტირებულად წარმოადგინა თავის მოხსენებაში, რომ რამდენიმეჯერ ტაშითაც შეაწყვეტინეს საუბარი. მეტიც, ვიტყოდი, რომ აღნიშნული საკითხების ანალიზი სახელმწიფოებრივ დონეზე იყო მოცემული.

ამას გარდა, მინდა, ერთი შენიშვნაც ვთქვა: ყველა ლაპარაკობს დიდი სამამულო ომის მნიშვნელობაზე; ამბობენ, რომ იმხანად საბჭოთა კავშირმა მსოფლიო ცივილიზაცია იხსნა ფაშიზმისგან, ტირანიისგან, მაგრამ ადამიანზე, რომელიც ამ დიდ ბრძოლებს ხელმძღვანელობდა, გამარჯვების მთავარ სულისჩამდგმელსა და ორგანიზატორ იოსებ სტალინზე, დღეს ძალიან ცოტას საუბრობენ.

მისი ღვაწლი მხოლოდ ალექსანდრე ჭაჭიამ აღნიშნა მოკრძალებულად.

პიროვნების როლი ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეპოქალური მნიშვნელობის ადამიანის _ სტალინის როლი, არ შეიძლება ასე მიჩქმალული და გადახაზული იყოს. სტალინი რომ არ ყოფილიყო, არც გამარჯვება იქნებოდა და დღეს არც ჩვენ ვიქნებოდით».

ტარას იჩქიტიძე, ომის ვეტერანი:

_ რუსეთში ომის ვეტერანებს ძალიან აფასებენ და გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში ასე არ არის. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ღონისძიება უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.

ყველა მომხსენებელი კარგად გამოვიდა, მაგრამ განსაკუთრებით ალექსანდრე ჭაჭიას გამოსვლა მომეწონა. ვეთანხმები მის თავალსაზრისს, რომ ძმური, კარგი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან, განსაკუთრებით რუსეთთან. ჩვენ, ყველანი, რუსიც და ქართველიც, ერთად ვიბრძოდით ფაშიზმის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ შორის შუღლი და მტრობა არ შეიძლება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა და მას მსოფლიოში ყველა ერიდება. მას მტრული ენით ვერაფერს დავაკლებთ, სჯობს, დიპლომატიურად გავაგებინოთ ჩვენი სათქმელი და ყველაფერი მოგვარდება. სხვა გზა არ არის… რუსეთზე ძლიერი უნდა იყო, რომ ბრძანების ტონით ელაპარაკო. რაც უფრო ცუდი რიტორიკა გვექნება, მით უფრო გადმოსწევს მავთულხლართებს, მაგრამ ეს არ ესმის ჩვენს მთავრობას. ალექსანდრე ჭაჭიამ შესანიშნავი ანალიზი გააკეთა, მაგრამ საკითხავია, ვინ როგორ გაიგებს ამ ანალიზს.

სერგო მირზოიანი, ომის ვეტერანი:

_ ფაშისტი დამპყრობლებისგან უკრაინისა და ბელორუსიის გათავისუფლების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც კურსკში გაიმართა, ძალიან მომეწონა. მომეწონა თავად რუსი ხალხის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, კარგად მიგვიღეს და გვიმასპინძლეს. საქართველოზე ერთი ცუდი სიტყვის თქმაც არ უკადრებიათ, პირიქით _ ყველა თბილად ხვდებოდა ქართულ დელეგაციას.

ასევე ძალიან მომეწონა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის _ ალექსანდრე ჭაჭიას მოხსენება. ძალიან ჭკვიანი კაცია და ზღაპრული გამოსვლა ჰქონდა. ფაქტია, რომ ამდენი ტაში და ყვავილები არც ერთ გამომსვლელს არ რგებია. ჭაჭია, ისაუბრა რა სამამულო ომის მნიშვნელობაზე, შეეხო საქართველოს, რუსეთის, გერმანიისა და ამერიკის თემატიკასაც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან, ფაქტობრივად, მსოფლიო მნიშვნელობის ანალიზი წარმოადგინა.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ქართული დელეგაციის წევრი, «ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის» დამფუძნებელი გიორგი მდივანი:

_ კურსკში გამართული კონფერენცია ძალიან საინტერესო და საჭიროც კი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დასავლეთი და აშშ აქტიურად იბრძვიან მეორე მსოფლიო ომი ხსოვნის წინააღმდეგ და ყველანაირი ხერხით ცდილობენ ფაშიზმისა და საბჭოთა იდეოლოგიების გათანაბრებას. განსაკუთრებით გამოვყოფ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას გამოსვლას. მან მეორე მსოფლიო ომის საკითხების შესანიშნავი ანალიზი გააკეთა. აღნიშნა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად გაცილებით განვითარებულ ევროპაში, ალბათ, არავინ ელოდა მოვლენების ისე განვითარებას, როგორის მომსწრეც გავხდით. ფაშიზმი ხომ ტიპური ევროპული ფასეულობაა! დღეს დემოკრატიაზე გვესაუბრებიან დასავლეთიდან, მაგრამ ხანდახან ავიწყდებათ, რომ მათ შავი ლაქა უკვე დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here