Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ასათიანი: საქართველოს თავდაცვის მინისტრს უნდა ესმოდეს, რომ ამ გეოპოლიტიკურ არეალში მოსკოვთან...

აკაკი ასათიანი: საქართველოს თავდაცვის მინისტრს უნდა ესმოდეს, რომ ამ გეოპოლიტიკურ არეალში მოსკოვთან შეუთანხმებლად ვერც ნატო და ვერც სხვა რომელიმე ორგანიზაცია ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს!

525

ქვეყანაში ბოლო ხანს განვითარებულ მნიშვნელოვან პროცესებზე «ტრადიციონალისტთა კავშირის» ლიდერი აკაკი ასათიანი გვესაუბრება.

 

_ ბატონო აკაკი, რამდენიმე დღის წინათ ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში უნდა განლაგდეს ნატოს საჰაერო თავდაცვითი სისტემა და რუსეთი მიხვდება, რამდენად სერიოზულად უდგება ალიანსი ამ საკითხსო. ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობაშიც კი უარყოფითი შეფასება მოჰყვა, _ მინისტრს თანაგუნდელებმა შეუთანხმებელი ინიციატივის გამო უსაყვედურეს. რას მოუტანს საქართველოს ამ სისტემის განლაგება?

_ არ ვიცი, ეს, საერთოდ, იყო თუ არა განხილული და შეთანხმებული ვინმესთან, მაგრამ ფაქტია: ეს არ არის ისეთი განცხადება, რომელიც უშედეგოდ, ურეაქციოდ ჩაივლის. გახსოვთ, ალბათ, რა მოქმედებები მოჰყვა კრემლის მხრიდან, როცა დაახლოებით მსგავსი სისტემების განთავსებაზე იყო საუბარი პოლონეთში. რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის, პრეზიდენტიც, დაუფარავად ლაპარაკობდნენ იმ მოსალოდნელ შედეგებზე, რომლებიც ამ ყველაფერს მოჰყვებოდა. იმხანად აშშ იძულებული შეიქნა, შეეჩერებინა ეს პროგრამა და მეტიც _ ვაშინგტონი რიგ დათმობებზე წავიდა, მოსკოვისთვის დამაჯერებელი რომ ყოფილიყო «თეთრი სახლის» რიტორიკა დათბობის პოლიტიკის შესახებ. თუკი ამერიკა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მისი წევრი სახელმწიფოს მიმართ არ იყო შეუვალი საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების საკითხში, ჩვენ რა საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს კბილებით დაიცავენ?!

_ განალაგებენ თუ არა ამ სისტემას საქართველოში, სხვა საკითხია, მაგრამ გვჭირდება კი ის ჩვენ?

_ სარაკეტოსი რა გითხრათ, მაგრამ საჰაერო თავდაცვა რომ არ გვაწყენდა, ფაქტია, თუ კიდევ ერთხელ ვაპირებთ სიგიჟეს და რუსეთთან ომს. სხვა შემთხვევაში ამას, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს. ამიტომ, საქართველოს თავდაცვის მინისტრს უნდა ესმოდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ამ გეოპოლიტიკურ არეალში მოსკოვთან შეუთანხმებლად ვერც ნატო და ვერც სხვა რომელიმე ორგანიზაცია ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ვფიქრობ, რომ ნატოში არასოდეს მიგვიღებენ. მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ეს _ როცა თვითონ რუსეთი შევა იქ. რაც შეეხება უსაფრთხოების სისტემას, თუ ვფიქრობთ, რომ კრემლთან კონფრონტაცია გარდაუვალია და სარაკეტო დარტყმებს უნდა ველოდოთ, ამას ეგ სისტემა ვერ უშველის. ჩვენ კი არა, დასავლეთიც არ არის დაცული მსგავსი საფრთხისგან. ასე რომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაზეა რეალურად საუბარი. ეს არ არის ჩვენი უსაფრთხოება… ხოლო მუდმივი ხაზგასმა საფრთხეებზე, არის ძველი მეთოდი, მას ჯერ შევარდნაძე იყენებდა, შემდეგ _ სააკაშვილი…

_ «ოცნებაც» იმავეს განაგრძობს?

_ ეს არის ინერციის ხელისუფლება, რომელიც მიჰყვება იმას, რაც «ნაციონალებმა» დაამკვიდრეს, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, დღეს კოალიცია «ქართული ოცნება» «ნაცმოძრაობის» პოლიტიკური დოგმების ტყვეობაში იმყოფება და იქიდან ვერ გამოდის. მან იცის, რომ, თუ საქმე ცუდად წაუვა, ბოლოს და ბოლოს, დასავლეთი დაიცავს, ისევე, როგორც სააკაშვილის გუნდი დაიცვა. ეს მდგომარეობა კომფორტულია მმართველი გუნდისთვის, რადგან «ოცნებასაც» და «ნაცმოძრაობასაც» ერთი ძალა მართავს _ დასავლეთი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძირეული ცვლილებების მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, მაგრამ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი: ვლადიმერ პუტინმა უკვე ორჯერ განაცხადა, _ მზად ვარ, საქართველოს პირველ პირს შევხვდეო… დიპლომატიას თავისი ენა აქვს და, ვისაც ესმის, ესმის, ვისაც _ არა, მისთვის ახსნა-განმარტებებით თავს არავინ შეიწუხებს. ამჟამინდელ ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, დაიწყოს კრემლის მესვეურებთან პირდაპირი დიალოგი და, თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, უფრო გაიზრდება მისი ავტორიტეტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ამასთანავე, პოლიტიკა დაბალანსებული გახდება.

ნახეთ, რა ხდება თვითონ ევროპაში: ინგლისში ბულგარელებსა და რუმინელებს დასდევენ უკვე… ის კი არა, არსებობს ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია _ ინგლისის დამოუკიდებლობის პარტია, რომელიც უკიდურეს მემარჯვენე ძალად ითვლება და ბრიტანეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მოსახლეობის შედინებაზე კონტროლის დაწესებას ითხოვს. საფრანგეთში რუმინელი ბოშები აყარეს და ისევ რუმინეთში გადაასახლეს. არადა, ისინი ევროკავშირის მოქალაქეები არიან. მოკლედ, ყველა იმაზე ფიქრობს, როგორ დაიცვას თავისი ქვეყანა და ეს უკონტროლო გადაადგილებები შეამციროს. ჩვენ ასე ძალიან რომ მიგვეჩქარება ევროპაში, გეგონება, იმათაც ერთი სული აქვთ, როდის შევუღებთ კარს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რუსეთისთვის საფრთხე არ არის, მაგრამ არც ჩვენთვისაა ბედნიერება. რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან სამომავლოდ, კაცმა არ იცის. მე, მაგალითად, არ გამიხარდება, თუ სავიზო რეჟიმი გაუქმდება ევროკავშირთან, რადგან საქართველო სულ დაიცლება მოსახლეობისგან. აი, ამაზე უნდა ფიქრობდეს ხელისუფლება, თორემ იმ დოკუმენტზე ხელმოწერით აღსრულდება თუ არა ქართველების ისტორიული ნება, დრო გვიჩვენებს.

_ წინა კვირას თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები თბილისში იმყოფებოდნენ. შემდეგ გაიმართა შეხვედრები თურქ და ქართველ ბიზნესმენებს შორის. პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა საინვესტიციო თვალსაზრისით… არსებობს თუ არა ალბათობა, რომ დასავლეთის ხელშეწყობით, სწორედ თურქეთმა გადაიბაროს პოლიტიკური საჭეთმპყრობლის ფუნქცია რეგიონში?

_ იყო დრო, საქართველო შედიოდა თურქეთის პოლიტიკურ ვექტორში. თუ ისევ თურქეთის ვექტორში გვინდა დაბრუნება, კი, ბატონო, დავბრუნდეთ, მაგრამ მაშინ კარგად გავეცნოთ მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოს ისტორიას… ისე, თავის მხრივ, თურქები ძალიან კორექტულები არიან და ჭკვიანურადაც მოქმედებენ. მეჩეთები, პატარ-პატარა საწარმოები, ინვესტიციები ენერგეტიკაში _ აი, ამით შემოდიან. თურქებისგან პირდაპირ სამხედრო აგრესიას გამოვრიცხავ. ისინი მოქმედებენ ათათურქის ანდერძით, რომელმაც მეჯლისში თავის ბოლო გამოსვლაში განაცხადა: ქართველები დამოუკიდებლობას აუცილებლად მოიპოვებენ და ეს ჩვენი მეზობლებიდან ერთადერთი ხალხია, რომელთანაც მეგობრობას შევძლებთო. იქვე დასძინა, ოღონდ არ უნდა გავიმეოროთ წინაპრების შეცდომა, რომლებმაც გამუდმებული სამხედრო საფრთხით ეს ხალხი აიძულეს, სხვა იმპერიას შეკავშირებოდნენო. მორჩა, ყველაფერი ნათქვამია. აწი შენი გადასაწყვეტია, რა შემხვედრი პოლიტიკა გექნება და რა სტრატეგიით იმოქმედებ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here