Home რუბრიკები პოლიტიკა ევროასოცირება თუ ევროკინტაური?

ევროასოცირება თუ ევროკინტაური?

477

არასამთავრობო ორგანიზაცია «გლობალური კვლევების ცენტრმა» 26 აპრილს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით მორიგი სემინარი გამართა. შეხვედრაზე მოწვეულმა ეკონომიკის ექსპერტებმა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მოსალოდნელი საფრთხების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს მთავრობისთვის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავეს.


ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველო ივნისში გააფორმებს, მაგრამ «გლობალური კვლევების ცენტრის» ხელმძღვანელის _ ნანა დევდარიანის განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ თითქმის არაფერი იცის. «როდესაც გლობალური კვლევების ცენტრის ინიციატივით პირველი კონფერენცია გაიმართა, გვინდოდა, პროფესიონალ ექსპერტებთან ერთად გაგვერკვია, რას მოგვცემდა სამომავლოდ ეს შეთანხმება. შეხვედრაზევე გაჩნდა რეკომენდაციების შემუშავების იდეაც. მინდა აღვნიშნო, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთავრობას ჭკუას დავარიგებთ, როგორ მართოს ქვეყანა და ყველა საკითხზე რჩევა მივცეთ, მაგრამ ის საფრთხეები და გამოწვევები, რომლებიც დავინახეთ, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებელია, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს.

ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორებიც, რომ სულ მალე, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, შესაძლოა, საბაჟო კავშირის წევრები გახდნენ. იქ თავისი შიდა რეგულაციები აქვთ და საინტერესოა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ამ დროს საქართველო.

საერთოდ კი მინდა, აღვნიშნო, რომ რაციონალური განსჯა ამ საკითხის ირგვლივ არ მიმდინარეობს. «ნაციონალები» აბრალებენ «ქართულ ოცნებას», რომ თითქოს მათ ევროპულ არჩევანს გადაუხვიეს, ისინიც უმტკიცებენ, თქვენზე ევროპულები ვართო. ერთმანეთს ეჯიბრებიან და ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იქნება, მთავრობამ თავისი საინფორმაციო პოლიტიკა ჩამოაყალიბოს. ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, ვინაიდან ხალხს ჰგონია, რომ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უვიზოდ ივლის ევროპაში და ნებისმიერი ჩვენი პროდუქცია ევროპის ბაზარზე გავა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის უფრო მომგებიანია ძახილი, რომ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ. არადა, გარკვევით თქვეს გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა _ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და ლორან ფაბიუსმა, რომ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ პოლიტიკოსების გამოსვლებიდან ეს ილუზია მაინც მუდმივად ინერგება.

ყველა სამინისტრომ თავისი დარგების და მიმართულების მიხედვით უნდა აუხსნას ხალხს, როგორც კი ამ შეთანხმებას ხელი მოეწერება, რის გაკეთებას აპირებს თითოეული მათგანი უახლოესი წლების განმავლობაში, რათა ხალხმა დანამდვილებით იცოდეს, მის ცხოვრებაზე ეს ცვლილებები როგორ აისახება».

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მამუკა ჩხეიძე ამბობს, რომ აუცილებელია, ხელშეკრულების ხელმოწერის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან აწარმოოს მოლაპარაკება. «ჩემი მთავარი რეკომენდაცია იქნება, საქართველოს ხელისუფლებამ პარალელურ რეჟიმში აწარმოოს მოლაპარაკება ჩვენი პროდუქციის მთავარ ექსპორტიორ ქვეყანასთან _ რუსეთთან, რათა ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში რუსეთის ბაზარი კვლავ არ დაიხუროს საქართველოსთვის, _ განაცხადა მან, _ ქართული ეკონომიკისთვის ეს სერიოზული დარტყმა იქნება. ერთი წელია, რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის გაიხსნა, ისიც შერჩევით, ბევრ ღვინისმწარმოებელ კომპანიას არ მიეცა უფლება იქ თავისი პროდუქციის გაყიდვის და, ამის მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტის 70% უკვე რუსულ ბაზარზე მოდის. მართალია, ქართული ღვინო საფრანგეთშიც იყიდება, გერმანიაშიც და იტალიაშიც, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. ამას ექსპორტი არ ჰქვია და ეს ვითარება არც ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ შეიცვლება.

მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში საქართველოს ეკონომიკას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ვერანაირად ვერ გააუმჯობესებს, ამიტომ ის მოლოდინი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ამჟამად აქვს, ფუჭია. სამწუხაროდ, ხალხს აქვს განცდა, რომ, როგორც კი ამ ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს, ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა გვექნება, პენსიები 500 ევრო გახდება და ევროპელები საქართველოში გამოიქცევიან, რათა გორში ვაშლი დაკრიფონ და პარიზის სუპერმარკეტებში გაყიდონ. თუმცა, თუ ხელშეკრულების პარაფირების დღეს გავიხსენებთ, როდესაც კინტაური დაუკრეს, ყველაფერი ნათელი გახდება. ყველას არ ეხება, მაგრამ მთლიანობაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კინტაურის დონეა».

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე: «მოსახლეობაში არსებობს გადაჭარბებული მოლოდინი და აუცილებელია ხალხმა იცოდეს, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მოკლევადიან პერსპექტივაში, რაიმე შედეგის მიღწევა, პრაქტიკულად გამორიცხულია.

ერთადერთი დადებითი რაც აღნიშნულ ხელშეკრულებას შეიძლება მოჰყვეს გრძელვადიან პერსპექტივაში, არის შიდა კონკურენციის სტიმულირება და წარმოების ხარისხის ამაღლება. თუმცა, ჩვენი საექპერტო პოტენციალი კიდევ უფრო შემცირდება და რაიმე მკაფიო შთამბეჭდავ ბონუსზე, როგორც ეკონომისტები ამბობენ, არ უნდა ველოდოთ. ამიტომ, ხელისუფლებისთვის ჩვენი ყველაზე მკაფიო გზავნილია, ნუ შექმნის იმედგაცრუების საფუძველს».

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here