Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში არასრულწლოვანს პურის მოპარვისთვის ციხეში სვამენ, კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩამდენს კი ცივ...

საქართველოში არასრულწლოვანს პურის მოპარვისთვის ციხეში სვამენ, კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩამდენს კი ცივ ნიავს არ აკარებენ!

525

რუსეთ-უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა დაპირისპირებამ საფრთხე შეუქმნა საქართველოსაც, რადგან ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მიისწრაფვის ნატოსკენ, რაც აღიზიანებს რუსეთს, რომელმაც მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ის თავისი საზღვრის ახლოს არ დაუშვებს ნატოს სამხედრო შეიარაღების განლაგებას. ეს მკაცრი განცხადება ქართველი საზოგადოების განწყობაზეც აისახა. ბევრს გაუჩნდა შიში იმისა, რომ საქართველო უკრაინის ბედს გაიზიარებს, თუმცა ვითარება გაანეიტრალა აშშ-ის პრეზიდენტის _ ბარაკ ობამას განცხადებამ: «არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად ნატოში გაწევრიანების გზაზე არ დგანან».


ბარაკ ობამას განცხადებამ შოკში ჩააგდო როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის ზოგიერთი ენაჭარტალა პოლიტიკოსი, რომლებმაც გამოგვიჭედეს ყურები: «ნატოში შესვლამდე რამდენიმე ნაბიჯი დარჩაო». ხომ გაირკვა, რამდენიმე ნაბიჯი კი არა, ნატოს კართან მიახლოებულიც არ ვყოფილვართ. ასე გვატყუებდა ჯერ «ნაციონალური მოძრაობა», ახლა კი _ «ქართული ოცნება». საზოგადოებას ფოჩიან კანფეტებს გვიყრიდნენ იმისთვის, რომ ჩვენი საჯიშე ბიჭები ავღანეთსა და აფრიკაში საომრად გაეგზავნათ. ვნახოთ, ახლა რა ტყუილს მოიგონებენ ალასანია და პეტრიაშვილი. ნატოსკენ მიმავალი გზა დაკეტილია და ღმერთმა ქნას, სამუდამოდ!

მთავრობის წარმომადგენლებო! ნუ ავირჩევთ ხალხის მოტყუებისა და «დაჩმორების» გზას! ხომ ვიცით, რომ ეს კრახით დამთავრდება.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის გაუაზრებელი ნაბიჯები, რომლებიც მან გადადგა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ადამიანური ეთიკის ნორმებში არ ჯდება. გაჩნდა ეჭვი, რომ «ქართული ოცნება» «ნაცმოძრაობას» 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გაურიგდა _ რეჟისორი სცენებისა, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იდგმებოდა, ბიძინა ივანიშვილი იყო. მან არჩევნების შემდეგ თავისთვის აღიდგინა სამართლიანობა, დაიბრუნა თავისი ქონება, ხალხი კი ფეხებზე დაიკიდა – აი, ეს არის ფულიანი კაცის პატიოსნება!

ან რას ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილის სტუმრობა უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან, როდესაც მან ბატონი კოტე შეუცვლელ პიროვნებად აღიარა, უკანონო პატიმრებით გამოტენილი ციხეები კოტე კუბლაშვილის კანტორის «ნამოღვაწარი» რომ იყო, ეს თურმე არაფერი. ეს იყო პირველი გზავნილი ქართველი ხალხისადმი, რაც იმას ნიშნავდა, რომ, სამართლიანობის აღდგენის მხრივ, არაფერი შეიცვლებოდა. ბიძინა ივნიშვილი პატივმოყვარე კაცია, თავის კრიტიკას ვერ იტანს, სხვის გაკრიტიკებას კი არასდროს ერიდება. აბა, რას უნდა მივაწეროთ ის მიუტევებელი ფრაზა, რომელიც მან უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ს მიმართ თქვა: «პატრიარქიც უნდა გავაკრიტიკოთ!». ერის სულიერი მამის კრიტიკის უფლება არავის აქვს და, თუ ვინმე ამას გაბედავს, ერის რისხვას მიიღებს.

«ქართულ ოცნებას» და მის თავკაცს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პირველ რიგში, სასამართლოს შემადგენლობა უნდა გაეწმინდა «ნაციონალებისაგან». ეს რომ მომხდარიყო, დღეს ქვეყანაში სხვა ვითარება იქნებოდა. სწორედ «ნაციონალური» სასამართლოს არასწორმა გადაწყვეტილებებმა და პროცესში მონაწილე ადვოკატების არაკომპეტენტურმა განცხადებებმა ითამაშა დიდი როლი ქართველი საზოგადოების მოლოდინის გაცრუების საქმეში. შედეგად, დესტრუქციულმა ძალებმა აღვირახსნილი მოქმედებებით საწადელს მიაღწიეს _ ხალხში ჩააქრეს 2012 წლის 1 ოქტომბრის მუხტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უნდა გაფრთხილებოდა, მაგრამ პოლიტიკურმა ნიჭმა უღალატა. ყველას გვახსოვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილისთვის ძალით მიგვაცემინა ხმა, თუ ქართველი ხალხი ამას არ გააკეთებს, სულ წავალ პოლიტიკიდანო, _ იმუქრებოდა ბიძინა ივანიშვილი. ჩნდება კითხვა: ვინ ურჩია ან ვინ დააძალა ბიძინა ივანიშვილს მარგველაშვილის გამინისტრება ან გაპრეზიდენტება? საზოგადოებისთვის ცნობილია გიორგი მარგველაშვილის წარსული. ის ერთ-ერთი იდეოლოგია ავადსახსენებელი «თავისუფლების ინსტიტუტისა», რომელთანაც დაკავშირებულია საქართველოში ჩადენილი არაერთი უმძიმესი დანაშაული: ბრძოლა მართლმადიდებლობასთან, ბრძოლა ქართულ ტრადიციებთან, განათლებასთან და იმ მახინჯი იდეოლოგიის გატარება, რომელიც მიუღებელია ქართველის მენტალიტეტისთვის. გიორგი მარგველაშვილი დაუფარავად აცხადებს, რომ ლევან რამიშვილი და გიგა ბოკერია მისი მეგობრები არიან (ნათქვამია: «მითხარი, ვისი მეგობარი ხარ და გეტყვი, ვინ ხარ შენ») და მხარს უჭერს უსუფაშვილის, ხიდაშელის, ძმები ბერძენიშვილებისა და მთლიანად რესპუბლიკელების იდეოლოგიას, რომლებიც რეანიმაციიდან გამოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. შედეგიც არ დააყოვნებს _ ძალიან მალე მნიშვნელოვანი ძვრების მომსწრენი ვიქნებით: ბიძინა ივანიშვილი იმიჯს ვეღარ აღიდგენს, რადგან ხალხს მოთმინების ფიალა უკვე აევსო!

ბიძინა ივანიშვილს დღესაც ვერ გაუცნობიერებია, რა მდგომარეობაა ისეთ საპასუხისმგებლო ორგანოში, როგორიც არის მთავარი პროკურატურა. არადა, პროკურატურაში შექმნილ ვითარებაზე ისეთი ინფორმაცია ვრცელდება, თვალის დახუჭვა და მიფუჩეჩება დანაშაულის ტოლფასია. ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული მთავრობა უნდა ცდილობდეს, მთავარი პროკურორი და მისი თანამშრომლები მაღალი პროფესიონალიზმითა და უმწიკვლო წარსულით გამოირჩეოდნენ… შეცდომა იყო მთავარ პროკურორად არჩილ კბილაშვილის დანიშვნა. მთავარ პროკურორს ორგანიზაციული მართვის ნიჭი და გამოცდილება უნდა ჰქონდეს, იყოს პროფესიონალი, კანონის ერთგული და უმწიკვლო წარსულის მქონე. ჰქონდა ეს ყველაფერი კბილაშვილს? შეცდომა იქნა დაშვებული მთავარ პროკურორად ბიოგრაფიაშეუმოწმებელი ფარცხალაძის დანიშვნითაც. ამჟამინდელი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, როგორც ვიცი, 33 წლის არის. დღეს მის სახელსა და გვარს არავინ ახსენებს, ყველა გაიძახის, პროკურატურას ისევ ფარცხალაძე ხელმძღვანელობსო. ეს ხომ პრემიერმინისტრის ავტორიტეტის შელახვაა?! თუ ასე გაგრძელდა, სავალალო დასასრულამდე მივალთ.

სააკაშვილის მავნებლური რეფორმის შედეგად, როცა 40 წლის პროფესიონალები სამსახურიდან გაყარეს და სახელმწიფო დაწესებულებები გოგო-ბიჭებით აავსეს, თაობათა ბუნებრივი ცვლა არ მომხდარა და დღეს პროფესიონალი კადრები სანთლით საძებარია. საქართველო გახდა უცხო ქვეყნის მოხეტიალე მოქალაქეების საჯირითო. «ერი, რომელსაც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მიზნები არ გააჩნია, დაუცველია და მას, როგორც შიგნიდან, ისე გარედან თავს მოახვევენ საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ უცხო, დამღუპველ სოციალურ-პოლიტიკურ მოწყობას» (ა. ჭაჭია ტ. 1, გვ. 286, 2002). ვიდრე არ გავთავისუფლდებით ევროპისა და ამერიკისადმი მონური დამოკიდებულებისგან, ჩვენი საშველი არ იქნება. უნდა გავაცნობიეროთ, «რომ ევროპარლამენტის, მინიმუმ, ნახევარი მაინც დაკომპლექტეულია ავანტიურისტებით, მექრთამეებით, ჰომოსექსუალებით, ლესბოსელებით, საკუთარ ეროვნულ სახელმწიფოში ვერანაირი პოზიტიური საქმიანობით თავი ვერ გამოიჩინეს» (ა. ჭაჭია ტ. II, გვ. 98, 2013). დიახ, ზუსტად ამბობს ბატონი ალექსანდრე _ საქართველოდან ევროპარლამენტარები ქრთამით დატვირთული მიემგზავრებიან. სწორედ ამ მექრთამე ლობისტების დასაფინანსებლად გაედინება მილიონობით თანხები საქართველოდან და ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნებიდან. რამდენიმე დღის წინ მთავარ პროკურატურას დასაკითხავად ჰყავდა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, რომელსაც პირად ანგარიშზე რამდენიმე მილიონი აქვს გატანილი ბიუჯეტიდან. დაკითხვიდან გამოსულმა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ლობისტობა აპრობირებული ქმედებაა და, ის საქმეს რომ გაგიკეთებს, ანაზღაურება ხომ უნდაო. აი, ასეთი ლოგიკით ხსნიან სახელმწიფო მოხელეები თავიანთ დანაშაულს. აი, ასეთი მოხელეებით აავსო საქართველო მიხეილ სააკაშვილმა, ამიტომ დღევანდელმა მთავრობამ ბოლო უნდა მოუღოს ევროპა-ამერიკის ჩარევას ჩვენს საშინაო საქმეებში. საქართველოში სააკაშვილს მოვთხოვთ პასუხს თუ სიკინჭილაშვილს _ ეს ჩვენი საქმე, ჩვენი კანონიერი უფლებაა! პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო საპყრობილეს დაამგვანა _ ციხეები აავსო ქართველებით, მოსპო მწერლობა, მეცნიერება, განათლება, გაანადგურა ყველა წარმატებული პიროვნება, გააუქმა და დაანგრია სამეცნიერო ინსტიტუტები, გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და დაიხვრიტა მრავალი ახალგაზრდა, 40 წელს გადაცილებულ პროფესიონალებს გენოციდი მოუწყო, დღეს შარაგზის ყაჩაღივით დაქრის მსოფლიოს სხვადახვა კუთხეში; სადაც დაინახავს ტრიბუნას, შევარდება და ლანძღავს საქართველოს. სააკაშვილის ამ საქციელს წერტილი უნდა დაესვას და ეს უნდა გააკეთოს საქართველოს პროკურატურამ.

საქართველოში არასრულწლოვანს პურის მოპარვისთვის ციხეში სვამენ, კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩამდენს კი ცივ ნიავს არ აკარებენ!

ვნახოთ, როდემდე გასტანს ქართველი ხალხის მოთმინება…

ლეონტი ბიწაძე,

ინჟინერ-ეკონომისტი

 

1 COMMENT

  1. მოთმინების ფიალის ავსებას ქართველი ხალხი ადგილობრივ არჩევნებში გამოხატავს.ოცნებამ ყ/ნაცებით გაავსო საარჩევნო სიები.ისევ მაგათი იმედით არიან,ხალხის იმედი ეტყობა დაკარგეს.ჩაეხუტნენ ,ჩაუწილდნენ, ჩაუნათლივდნენ.რა ქნან? თავიაანთი ბაგაჟის პატრონები მეორე არჩევნებს ვერ მიაღწევენ,ეხლა უნდა მოასწრონ ცხოვრების მოწყობა ნაცების დახმარებით. მარტო ის დაავიწყდათ ხელისუფლებაში რისთვის მოვიყვანეთ!- ხალხი ისეა გაწამებული ცხვირიდან ძმრად არ წამოადინოს ქოცებს უადგილო ზეიმი და დროსტარება.არჩევნებში კი ბიძოს ლენინისეულმა მოწოდებებმა არა მგონია ხალხს ნაცებსა და ქოცებზე გული მოუბრუნოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here