Home რუბრიკები საზოგადოება თამარ კიკნაძე: ჩვენთან პოლიტიკური ძალების უმრავლესობა კონკრეტული უცხო ქვეყნის დასაყრდენია

თამარ კიკნაძე: ჩვენთან პოლიტიკური ძალების უმრავლესობა კონკრეტული უცხო ქვეყნის დასაყრდენია

644

რამდენიმე დღის წინათ ვილნიუსში, ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: «საქართველო თუ ნატოს წევრი არ გახდება, ის რუქიდან გაქრება». ამ განცხადებამ, ცოტა არ იყოს, მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია, რადგან ყველას ამერიკის პრეზიდენტის სიტყვა გაახსენა, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება. რა გველოდება? «საქართველო და მსოფლიო» შეეცადა, გაერკვია, მართლაც გაქრებოდა თუ არა საქართველო რუკიდან, თუ ნატოს წევრი ვერ გახდება და ამ თემაზე პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თამარ კიკნაძეს ესაუბრა.


_ რად გვინდა ნატო ან ნებისმიერი ორგანიზაცია? ჩვენ გვჭირდება ისეთი ნავსაყუდელი, რომელიც საფრთხეებისგან დაგვიცავს, ფაქტია, რომ ნატო ჩვენთვის ასეთი არ გამოდგა. რეტროსპექტივას თუ თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, ნატო ჩვენთვის რაოდენ დიდი საფრთხის მომტანია. სწორედ საქართველოს ნატოში სწრაფვის გამო მოხდა 2008 წლის ომიც, რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების აღიარებაც და თავისი ბაზების ამ ტერიტორიებზე განლაგებაც.

საქართველო მოცემულ შემთხვევაში გამოდის, როგორც განხეთქილების ვაშლი დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამის გამო, ჩვენ დიდი სახელმწიფოების ინტერესების მსხვერპლი ვხდებით, შეჯახების ეპიცენტრში ვართ.

ხომ ხედავთ, უკრაინა ორ დიდ სახელმწიფოს შორის განხეთქილების მიზეზი გახდა. გადამწყვეტ მომენტებში მკვეთრი მოძრაობები ხშირად საზიანოა.

პოლიტიკაში ხშირად აისბერგის წვერი მოჩანს, ფარული გადანაწილებები კი არ ჩანს. სახელმწიფო იმარჯვებს მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკური ელიტა კარგად ფლობს ამ შიდა გადანაწილების პროცესებს.

რომელიმე ქვეყნის გადაჭარბებული სიყვარული ან სიძულვილი ყოველთვის საფრთხის მომტანია. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული და უნდა ვიფიქროთ, მოცემულ მომენტში რა არის ჩვენთვის ოპტიმალური ვარიანტი.

_ იქნებ დავით უსუფაშვილმა დაინახა, რომ ოპტიმალური ვარიანტი ნატოში გაწევრიანებაა?

_ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბებული არ არის. ჩვენს ქვეყანას ამ საქმეში დიდი გამოცდილება არ აქვს. ჩვენთან პოლიტიკური ძალების უმრავლესობა კონკრეტული უცხო ქვეყნის დასაყრდენია. არ იგრძნობა, რომ რომელიმე მათგანი საქართველოს კეთილდღეობაზე იყოს ორიენტირებული. ყველა მათგანი ან მკვეთრად პროდასავლურია, ან ანტიდასავლური, რაც საქართველოსთვის ზიანის მომტანია

არასოდეს მჯეროდა იმის, რომ ნატოს წევრები გავხდებოდით, რადგან კარგად ვიცოდი, ძალთა ბალანსი როგორი იქნებოდა. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ვადაზე ადრე ჩამოწერა რუსები და იმასაც ამბობდა, რომ რუსეთი დაიშლებაო. პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ არსებული სიტუაციის მიხედვით. რუსეთი სახუმარო ქვეყნა არ არის, ის უშიშროების საბჭოს წევრია, რომელსაც დასავლეთი წინააღმდეგობას ვერ უწევს, თუ არ ჩავთვლით შეშფოთებასა და აღშფოთებას. ამის კლასიკური მაგალითია 2008 წლის ომიც და უკრაინაც.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს პარადოქსული იყო, რომ ანგელა მერკელი ბუნდესტაგში ძალიან მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთს და პარალელურად ვიცეკანცლერი «გაზპრომთან» პრობლემებს განიხილავდა. პოლიტიკა სერიოზულია და სიმპათია-ანტიპათიით, გეოპოლიტიკური არჩევანით გაკეთებული დაუფიქრებელი ნაბიჯები დამღუპველია. თუ ისტორიას გადავხედავთ, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ იყო ჩვენს ცხოვრებაში, საქართველო ვერანაირი მონაცემით ნატოს წევრი ვერ გახდებოდა.

რატომ საუბრობენ ჩვენი ხელისუფალნი ისევ ნატოზე? არავისთვის ახალი ამბავი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ანგარებაა, ზოგჯერ, უბრალოდ, სიჯიუტე.

ვისურვებ, რომ ამ თემების გარშემო ქვეყანაში უფრო მეტი დებატი გაიმართოს. ხალხი ნამდვილად ცოდოა ამდენი ტყუილის მოსმენით, ამდენი «ქართული დასახელებებით» _ «მაპი», «მაპზე უკეთესი», რასაც ჩვენი მთავრობა იგონებს იმისთვის, რომ ვითომ ნატოს წევრები გავხდებით. ყველაფერს თავისი დრო აქვს, «არის დრო ქვების შეგროვების და არის დრო ქვების სროლის»… გარკვეულ დროს რაღაც ქმედება უნდა განახორციელო, არ უნდა იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი. პირადად მე გულისხეთქვით ვუყურებ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებსა და გამოსვლებს. არ შეიძლება, ყველაფრის ამოსავალი წერტილი იყოს ნატო და ევროკავშირი, ამას საქართველოს ინტერესები ეწირება.

დღევანდელი რუსეთი ისეთი აღარ არის, როგორიც იყო. ძალიან პრაგმატულები გახდნენ, მათ თავიდან დაიწყეს საკუთარი ისტორიის შესწავლა და ითვალისწინებენ იმ შეცდომებს, რომლებიც ადრე დაუშვეს, ამიტომ რუსეთი ხელწამოსაკრავი ქვეყანა ნამდვილად არ არის. რუსოფობური დემონსტრაციებითა და დემარშებით, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მოქმედებს, ფონს ვერ გავალთ.

_ რასაც თქვენ ამბობთ, ის ყველაფერი ძალიან კარგად იცის უსუფაშვილმა, მაგრამ მაინც ასე გამაღიზიანებლად იქცევა.

_ უსუფაშვილი დასავლური ძალების პოლიტიკური ინტერესების გამტარებელია. შესაძლებელია, მას ამის მოტივაცია აქვს და რაღაცის იმედიც. რატომ იქცევა ის ასე, ალბათ, მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს გარედან უყურებს, ფიქრობს, რომ ასეთი მკვეთრი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მოსაზრება ასეთია. თვით დასავლეთისა და რუსეთის შეთანხმებით ხდება ახალი წესრიგის დამყარება და, რაც უფრო უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამ ყველაფერს, უკეთესია.

_ ახალი წესრიგი მყარდება… ამ ახალი წესრიგის პირობებში, საქართველო, როგორც ნატოს წევრი, უფრო დარჩება რუკაზე თუ ნატოს გარეშე?

_ პოლიტოლოგი ვარ, ამიტომ ფაქტებით საუბარი მიყვარს და არა ემოციებით. პროცესები უნდა შევაფასოთ 1991 წლიდან. ეს არის დემოგრაფიული კატასტროფა, დაკარგული ტერიტორიები და ეკონომიკურად გაჩანაგებული საქართველო. რამდენიც უნდა ილაპარაკონ იმის თაობაზე, რომ საქართველოში ეკონომიკა წინ მიდის, ფაქტი სახეზეა… მოსახლეობა საზღვარგარეთიდან გადმოგზავნილი ფულით ცხოვრობს, ამ ფულის დიდი ნაწილი კი რუსეთიდან შემოდის…

ნატოსკენ დაუფიქრებელმა სწრაფვამ უკუშედეგი მოგვცა _ საქართველო დღეს შემდგარი სახელმწიფო არ არის, ერთ პატარა ტერიტორიაზე სამი დამოუკიდებელი ქვეყანაა. დეფაქტო ეს ასეა. სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და ვაღიაროთ, რუსეთს რომ მოენდომებინა, სოხუმისა და ცხინვალის უფრო ფართო საერთაშორისო აღიარება, ძალიან კარგად მოახერხებდა. ვინმე წინააღმდეგობას გაუწევდა? მაგრამ, ალბათ, მან უკანდასახევი გზა მოიტოვა. ქართველები გონს უნდა მოვეგოთ და პათოლოგიურ ზიზღს შევეშვათ. ეს რაღაც საყმაწვილო დაავადებასავით გვაქვს. ჩვენ ისტორიას კონტექსტში არ განვიხილავთ. სამწუხაროა, რომ ქართულ ინტელიგენციას დიდი წვლილი მიუძღვის ანტირუსული ისტერიის გაღვივებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარგი და ცუდი ქვეყნები არ არსებობს, ყველა თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს, ჩვენც ჩვენი ინტერესები უნდა გავატაროთ და არა გარედან თავს მოხვეული.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. მშვენიერი ანალიზია,საქართველოს სახელმწიფო იტერესებიდან გამომდინარე.გმადლობთ ქალბატონო თამარ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here