Home რუბრიკები პოლიტიკა ობამამ პირში უძრახა

ობამამ პირში უძრახა

556

ვაშინგტონმა ბრიუსელიდან დაგვიპიპინა!

ქართველი ხალხის მეგობარი აშშ-ის პრეზიდენტი ობამა აღმოჩნდა. რასაკვირველია, დიდ განსწავლულობას ვერ დავწამებთ ყველაზე გავლენიან აფროამერიკელს, რომელსაც კოლიზეუმი გოლფის მოედანს ახსენებს, და ვერც ქართული ენამზეობის მარგალიტების ცოდნას მოვთხოვთ, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსთაგან ზოგიერთის მოყვრობასაც შესანიშნავად შეიფერებდა, ისე ალალად უძრახა პირში. მისმა ნათქვამმა მწარე სიმართლემ, მართალია, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი შეაფიქრიანა, მაგრამ ნატოზე ჩაციკლულები კვლავაც დაზეპირებული მანტრების შთაბეჭდილების ქვეშ არიან. თითქმის 12 წლის წინ ნატოს კარზე პირველი დაკაკუნების და მას შემდეგ მუდმივი ხვეწნის პროცესი მანამდე გაიწელა, სანამ საქართველომ სამსხვერპლოზე ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ასეულობით სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე არ მიიტანა აგვისტოს ომში და ავღანურ ოპერაციებში.


ამ მსხვერპლს გამართლება რომ არ აქვს, წესით, ქართველ პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, სულ ცოტა პასუხისმგებლობის გრძნობა რომ ჰქონდეთ. მაგრამ მარადიული ინფანტილიზმითა და კერპთაყვანისმცემლობით დაავადებული ადამიანებისთვის არაფერს ნიშნავს მსხვერპლი, თუკი უშუალოდ მათ და მათი ოჯახის წევრებს არ შეეხება. ნუ შემეკამათებით: არც აგვისტოს ომში და არც ე. წ. სამშვიდობო ოპერაციებში არც ერთი პოლიტიკოსის თუ სხვა სახელგასმენილი პერსონის ოჯახის წევრი არ დაღუპულა! არავისგან მოვითხოვ მსხვერპლს და არავისი სიკვდილი არ მსურს, მაგრამ, როცა სხვის შვილებს სასაკლაოზე უშვებ და შენსას საზღვარგარეთის პრესტიჟულ სასწავლებელში მშვიდად დააბინავებ, იქ მორალზე საუბარი ზედმეტია. აღარაფერს ვამბობ სახელმწიფო ინტერესებზე.

ახლაც, პრეზიდენტ ობამას «ცივმა შხაპმაც» კი ვერ აუხილა თვალი ზოგიერთს, მიუხედავად იმისა, რომ ბრუციანების მმართველობა დამთავრდა და დღევანდელ ხელისუფლებას წინამორბედის შეცდომებზე მაინც უნდა ესწავლა. თუმცა არა, დღევანდელიც კლიშეების ტყვეობაში მოექცა და თავის მართლება დაიწყო, _ ჩვენი არჩევანი ნატოა! ეს ისმოდა და ისმის ყოველი მხრიდან; მაშინაც კი, როცა მათგან, ნატოელთაგან, არავინ მოითხოვდა ერთგულების დამტკიცებას, გერები დაჟინებით გვირითმავდნენ ოდებს ნატოზე!

2011 წლის სექტემბერში, «გაერთიანებული დემოკრატების» მაშინდელი ლიდერი «საქართველო და მსოფლიოსთან» ინტერვიუში ღიად აცხადებდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება განუხორციელებელი ამოცანა იყო, მით უმეტეს აგვისტოს ომის შემდეგ და იმ პირობებში, რომლებიც სააკაშვილმა შექმნა თავისი შლეგი პოლიტიკით, ზუსტად ორი თვის შემდეგ კი კატეგორიულად უარყო, ასეთი რამ არ მითქვამსო. და თავისივე ნათქვამი უარყო მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დროისთვის ბიძინა ივანიშვილის ახლადშექმნილ გუნდს «ნაცმოძრაობის» ლიდერები რუსეთის მიმართ სიმპათიებს უკიჟინებდნენ, ამიტომაც ამათ ნატოს ქებას მოუმატეს. ეს იყო და არის შიშის, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობისა და ხალხის მოტყუების თვალსაჩინო მაგალითი. არადა, უპრიანი იქნებოდა, ხალხისთის პირდაპირ ეთქვათ, რომ ნატოსა და ევროკაშირის წევრობა მხოლოდ ამერიკელებისა და ევროპელებისგან ჩვენს გასატუტუცებლად გადმოგდებული სატყუარა იყო და მეტი არაფერი.

ახლაც ასე ხდება. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ღიად განაცხადა, რომ «არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ არსებობს ახლა ნატოს გაფართოების გეგმა», და მაშინვე გამოჩნდნენ «თარგმანში დაკარგულები» და ისე ისტერიულად დაიწყეს იმის მტკიცება, თუ რას გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი, თითქოს რთული ფილოსოფიური ტრაქტატი წარმოთქვა და არა ორადორი წინადადება, რომლებშიც ცხადად ჩანს «არ დგანან» და «არ არსებობს».

ალბათ, კიდევ უფრო აქტიურად იკეკლუცებდნენ ამერიკულ ინგლისურში თავიანთი განსწავლულობით, რომ არა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოკლე კომენტარი: «ჩვენთვის მიუღებელია მოსახლეობისთვის ცრუ მოლოდინების შექმნა და შემდეგ მოსახლეობის იმედგაცრუება. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, გავაგრძელოთ რეფორმები და გზა ევროკავშირისკენ. ნატოსთან დაკავშირებული მოლოდინები მცდარი არ უნდა იყოს. შესაბამისად, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ის, რაც რეალობაა, ვინაიდან ნატოს გაფართოება ამ ეტაპზე არ იგეგმება».

ნატოს გაფართოება რომ «ამ ეტაპზე» კი არა, თვალსაწიერ მომავალში არ იგეგმება, კარგად იციან ამერიკელმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა და არაერთხელ თქვეს კიდეც; ამას ადასტურებს მსოფლიოს ახალი დღის წესრიგი, რომელსაც უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა დაუდო დასაბამი, მაგრამ რას შეასმენ ჩვენს შინნაზარდ თუ შინნახად პოლიტიკოსებს? ამიტომაც დაიწყეს საგულდაგულო ინტერპრეტაციები. იქამდე მივიდნენ, რომ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა პრეზიდენტის გულთმნისნობა შეითავსა და განაცხადა, საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აუცილებლად განიხილავსო: «ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და საქართველოს გაწევრიანებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მათ შორის ნატოში და ასევე, მხარს უჭერს იმ რეფორმების გატარებას, რომლებიც საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად. ნება მომეცით, მოგახსენოთ, რომ პრეზიდენტ ობამას კომენტარი შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ ამ წუთას, ამ ეტაპზე საქართველოს ამოცანაა მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და არა ამ წუთასვე გახდეს ნატოს წევრი. ამ საკითხს ნატოს სამიტზე განიხილავენ მიმდინარე წლის მიწურულს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აუცილებლად განიხილავს მაპის მინიჭების საკითხს საქართველოსთვის. ნატოს კარი ღიაა მასში გაწევრიანების ყველა მსურველისთვის».

აი, ასე. ახლა გაზაფხულია და იონჯაც ამოვიდა სიჯიუტით ცნობილი ცხოველებისთვის, ამიტომაც ბრინკმა ქართველი პოლიტიკოსები იონჯით დააიმედა და წლის დამლევისთვის ამ იონჯას უკვე დაპრესილს მიართმევს. «აუცილებლად განიხილავს» არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მიანიჭებს! ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 2008 წლის გაზაფხულზე ბუქარესტის სამიტზე უკვე განიხილეს და «მაპზე უკეთესით» გამოგვისტუმრეს! ამ «უკეთესს» კი ისედაც შლეგი სააკაშვილის გადარევა და აგვისტოს ომი მოჰყვა! ახლა კი საქართველოს და, უპირველესად, ქართველების ამოცანა არა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება, არამედ გადარჩენაა, სახელმწიფოს და სახემწიფოებრიობის გადარჩენა, რაც ვერ მოახერხეს უკრაინელებმა!

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კი ორიოდ დღის წინათ ნატოს კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე «გზა ნატოსკენ: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაფართოება» სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ «ომი არის პოლიტიკის გაგრძელება. ჩვენ ვიცით, რა მოხდა უკრაინაში, რა ხდება რეგულარულად რეგიონში, ეს იმის დამადასტურებელია, რომ რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება უახლოეს მომავალში. ჩვენ გვჭირდება, ერთად განვავითაროთ და გამოვიყენოთ ძალიან გონივრული ეკონომიკური სანქციები სამხედრო შემაკავებელთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურა, სამხედრო აქტივები უნდა განთავსდეს არა მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებში, არამედ პარტნიორ ქვეყნებშიც. საქართველო მზად არის, გახდეს ნატოს შემდეგი წევრი».

ვინ-ვინ და ირაკლი ალასანიამ შესანიშნავად იცის (უნდა იცოდეს!), რა შეიძლება მოჰყვეს ნატოს «სამხედრო აქტივების» განთავსებას საქართველოში: თითქოს სოხუმისა და ცხინვალის პრობლემები არ გვქონდეს მოსაგვარებელი, ამჯერად უკვე სხვა რეგიონებშიც გააქტიურდება სეპარატიზმი, რისი საგანგაშო სიგნალებიც უკვე გაისმა «მოძმე ერის» წარმომადგენელთაგან. და თუკი იცი, «რა მოხდა უკრაინაში» (მოხდა კი არა, ჯერ კიდევ ხდება!), მაშ, რა გრჯის, რატომ აბრუნებ საქართველოს იქ, საიდან ამოსვლასაც ორი ათწლეული მოანდომა და თანაც დიდი დანაკარგებით? საქართველოს მზადყოფნის შესახებ კი პრეზიდენტმა ობამამ უკვე ისაუბრა: მზადყოფნა რა სათქმელია, თურმე გაწევრიანების გზაზეც არ ვმდგარვართ და, «ნატოს დირექტორის» ნათქვამს თუ მიაყურისძირებთ, ნატოში კი არა, ზუსტად იქ აღმოჩნდებით, რაც ახლა გაიფიქრეთ…

მართალი გითხრათ, გაკვირვებული ვარ იმ უსაშველო უსინდისობით, რომელშიც პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან. ყველა მათგანს თუ არა, ზოგიერთს ხომ მაინც აქვს წაკითხული ნატოს წესდება? მაშ, რატომ გვეუბნებიან, რომ ტერიტორიებდაკარგულ საქართველოს ნატოში მიიღებენ? იქნებ სოხუმს და ცხინვალს საქართველოს ქალაქებად აღარც განიხილავენ ჭკვიანი მტრები და უგნური მოყვრები და სურთ, რომ ჩვენც შევეგუოთ ამას? ეს არც იქნება გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმ სამწუხარო რეალობას, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას პრიორიტეტად აღარ მიაჩნია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა _ სამშობლოს გაერთიანება! უფრო მეტიც, ნატოზე უაპელაციო განცხადებებით საფრთხეს უქმნიან საქართველოს სხვა რეგიონებსაც და ხელს უწყობენ სახელმწიფოს დაშლა-დაქუცმაცების პროცესს. და კიდევ, სამ სახელმწიფოსთან დაუდგენელი საზღვრების პირობებში ან ნატო როგორ მიგიღებს და ან ევროკავშირი?

სხვას რა უნდა მოჰკითხო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტიც კი აცხადებს, რომ თურმე «ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის არჩევანი… ქართველი ერის ისტორიული არჩევანია»! ასეთ სიბრიყვეებს ადრე სააკაშვილისგან ვისმენდით და ახლა გიორგი მარგველაშვილიც გაგვანებივრებს ქართველი ერის ისტორიის «ღრმა და საფუძვლიანი ცოდნით».

«ობამას განცხადება განპირობებულია იმ დამოკიდებულებით, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის მიმართ და პოლიტიკა არის აღებული იმ მიმართულებით, რომ შეეცადონ და რუსეთის გარიყვის გარეშე რუსეთი ჩართონ იმ მშვიდობიან და დიპლომატიურ კონტექსტში, რომლითაც ცხოვრობს მთელი კაცობრიობა. ვერ ვიტყოდი, რომ ბარაკ ობამას განცხადება იყო განცხადება, რომელსაც დიდი ხანი ველოდი და სწორედ ასეთი განცხადების მოსმენა მენდომებოდა. ამავე დროს, რეალობა ისაა, რომ ჩვენი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის არჩევანი არის ძალიან ნათელი და ეს არ არის მხოლოდ კოალიცია «ქართული ოცნების» არჩევანი, ეს ქართველი ერის ისტორიული არჩევანია. როცა საუბარია უელსის სამიტზე, უელსის სამიტზე გაწევრიანების თემა არც მანამდე, თუნდაც რამდენიმე თვის წინ ყირიმის მოვლენებამდე და არც მერე არ განიხილებოდა. უელსის სამიტის ბრენდი საერთოდ იყო რომ ეს არ არის გაფართოების სამიტი, შესაბამისად, ჩვენ უელსის სამიტზე არ მოველოდით ნატოში გაწევრიანებას. ეს თემა ალბათ არავისთვისაა უცხო და არც არავინ ფიქრობს რომ საქართველო ან უკრაინა უელსის სამიტზე ნატოში წევრიანდებოდა», _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის ეთერში.

ნამდვილად საპრეზიდენტო გამოსვლაა, დამამშვიდებელი… თუმცა მარგველაშვილისგან მეტს არც უნდა მოველოდეთ, მაგრამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც ხელფასს მხოლოდ იმისთვის იღებს, რომ საქართველოს მარგველაშვილისეული «ქართველი ერის ისტორიული არჩევანი» რეალობად აქციოს, წესით, უფრო მეტად ინფორმირებული უნდა იყოს.

«არც არავის უთქვამს, რომ რეალურად ხვალ-ზეგ შეიძლება საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდნენ, მაგრამ ძალიან აქტიურად და ინტენსიურად განიხილება და ერთსულოვნება არის. მე ვთვლი, რომ ეს არის ნატოს პრესტიჟის საქმე. ნატოს პოლიტიკის რეალურად ურყეობის დემონსტრირების საქმე, რომ საქართველო და საქართველოს მთავრობა თავისი პოლიტიკის სიმტკიცეს და ნატოში გაწევრიანების ურყევ ნებას ადასტურებს», _ განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა ისე, რომ, მგონი, პრეზიდენტ ობამას ნათქვამს არც კი დაუფიქრდა. «საქართველოს მთავრობა თავისი პოლიტიკის სიმტკიცეს და ნატოში გაწევრიანების ურყევ ნებას» რომ ადასტურებს, ამას კი არ გაუსვა ხაზი აშშ-ის პრეზიდენტმა, არამედ იმას, რომ «არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ არსებობს ახლა ნატოს გაფართოების გეგმა»!

აქ სულ ორი წინადადებაა. პირველში წერია, რომ (გავამარტივოთ) «საქართველო არ დგას ნატოში გაწევრიანების გზაზე». დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილიცა და პეტრიაშვილიც არ არიან იმ დონის ბრიყვები, რომ წაკითხულ-მოსმენილიდან აზრის გამოტანა ვერ შეძლონ. ობამა ამბობს, არ დგასო და ესენი (პრეზიდენტი და მინისტრი) კვლავაც აბდაუბდას გვთავაზობენ იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ გვითხრან: ყველაფერი დამთავრდა _ დავრჩით, 2008 წელს რომ «მაპზე უკეთესი» მოგვცეს, იმის ამარა! ანუ ჩვენ ამ «მაპზე უკეთესით» სადღაც სხვაგან მივდივართ და არა ნატოში გაწევრიანების გზაზე. თავიდანვე ცხადი იყო, რომ მსოფლიოში და, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა სირცეში განვითარებული პროცესების გამო საქართველოს ხელისუფლებების ნატოსკენ სწრაფვა არ იყო საქართველოს გზა ტაძრისკენ! ყველამ კარგად იცოდა და იცის, რომ რუსეთი არ დაუშვებდა და არ დაუშვებს ასწლეულების მანძილზე თურქეთთან არაერთი ომით მოპოვებულ ტერიტორიებზე ნატოს, ანუ თურქეთის ჯარების განთავსებას!

ალექსი პეტრიაშვილი კი განაგრძობს: «არაფერი განსაკუთრებული, ხელების ჩამოსაყრელი და იმედგაცრუების შემქმნელი არ უთქვამს აშშ-ის პრეზიდენტს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ნატო არის ერთსულოვანი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს პროგრესის ამსახველ გადაწყვეტილებას. იქნება ეს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა თუ იქნება ეს რაიმე ახალი, სხვა შემოთავაზება, ამას მომავალი თვეები გვაჩვენებს».

აი, ეს «რაიმე ახალი, სხვა შემოთავაზება» რა არის, მაპზე უკეთესი? მაგრამ ის ხომ უკვე მივიღეთ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე? ახლა მაპზე უკეთესზე უკეთესს გულისხმობს «პროგრესის ამსახველი გადაწყვეტილება»? საინტერესოა, რისთვის ვუხდით ხელფასს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს და მის აპარატს, თუკი, ობამას თქმით, საქართველო მაინც არ დგას ნატოში გაწევრიანების გზაზე? ან საერთოდ, რა საჭიროა ასეთი მინისტრი და მისი აპარატი, რომელთა მუშაობის შედეგი იყო და არის აშშ-ის პრეზიდენტის ამგვარი განცხადება?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელიც «თარგმანში დაიკარგა», მაგრამ ისე ოსტატურად მონახა გამოსავალი, რომ თვით აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელსაც კი გადააჭარბა. ხიდაშელის თქმით, ობამას არ უთქვამს, რომ საქართველო ვერასოდეს გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და მან მხოლოდ ის თქვა, რომ ნატოს უახლოეს სამიტზე გაფართოება და ორგანიზაციაში საქართველოს მიღება დღის წესრიგში არ დგას. გმადლობთ, თინათინ, მაგრამ ეს შენეული მოქართულება იმას ჰგავს, კაცი 20 წლის მანძილზე საკუთარი ქორწინების თვედ სექტემბერს რომ ასახელებს და ეს სექტემბერიც ყოველ წელს დგება, მაყრიონს კი უკვე იმედიც გადაეწურა… თანაც ობამას «უახლოესი სამიტი» საერთოდ არ უხსენებია, ასე თქვა: «არ არსებობს ახლა ნატოს გაფართოების გეგმა»!

საინტერესო ინგლისური კი გცოდნიათ რესპუბლიკელებს, იქნებ პრემიერ ღარიბაშვილსაც ასწავლოთ, კარგად ვერ გაუგია და აცხადებს «ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, გავაგრძელოთ რეფორმები და გზა ევროკავშირისკენ. ნატოსთან დაკავშირებული მოლოდინები მცდარი არ უნდა იყოს»-ო.

თინა ხიდაშელი ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსთაგან, რომლებისთვისაც სპორტის ეროვნული სახეობა გახდა ევროატლანტიკური სატყუარათი ხალხის გამოთაყვანება. მოუსმინეთ და თავადაც დარწმუნდებით, რომ კლინიკა თუ არა, არც მსუბუქი მდგომარეობაა.

«დღეს საქართველოს ხელისუფლება ისე მოქმედებს, როგორც არასოდეს არ უმოქმედია და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სექტემბრის ნატოს სამიტზე სერიოზული მონაგარით წამოვალთ… დიახ, ყველას თავისი ნაციონალური ინტერესები აქვს, აშშ-ს, გერმანიას, საფრანგეთს და ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ნაციონალური ინტერესები, ოღონდ უკრაინის მოვლენების შემდეგ იმ ნაციონალური ინტერესების ნაწილი გახდა საქართველო და ეს ავიწყდებათ. სწორედ ეს არის ის მომენტი, რომელიც ჩვენ გვიხსნის შესაძლებლობას, რომ უფრო სწრაფად გავიაროთ ის პროცესი, რომელიც წინ გველოდება მათ შორის მაპის მიღებისთვის. მე ველოდები მომავალ სამიტზე დასავლეთის ღია და აქტიურ პასუხს რუსეთისთვის და ამ პასუხის ერთ-ერთი ვერსია არის საქართველოსთვის მაპის მინიჭება. არის მეორე ვარიანტიც, რომ დებულებიდან ამოიღონ ის ნაწილი, რომელიც წევრობამდე გასავლელ პროცედურებს და წინასწარ მაპს გულისმხობს და გასაწევრიანებლად ღია მოწვევა გვქონდეს განსხვავებით იმ მდგომარეობისგან, რომელშიც ვართ… მინდა, მივუსამძიმრო მათ, ვისაც იმედი მიეცათ, რომ საქართველოში დამთავრდა დასავლეთი, იმიტომ, რომ საქართვერლოში ახლა, ივნისში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით იწყება რეალურად დასავლეთი. საქართველო ივნისიდან ოფიციალურად ხდება ევროპა. მოემზადონ, იმიტომ, რომ მათთვის ეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტი არ იქნება, რაც შეიძლება დაემართოთ, მაგრამ ეს გარდაუვალია და აუცილებლად მოხდება,» _ განაცხადა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის ეთერში.

ამ სატელევიზიო გამოსვლაში თინა ხიდაშელი იმდენ სასურველს (?) ასაღებს რეალობად, რომ თვით ყველაზე დიდ მედასავლეთესაც კი გააოცებს. მხოლოდ ერთი ქვეყნის მაგალითს შემოგთავაზებთ: თურქეთი გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს, ნატოს, OECD-ს, OSCE-ს, ბისეკის და G-20-ის დამფუძნებელი წევრია, ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობაზე მოლაპარაკება კი 2005 წელს დაიწყო (და ეს პროცესი, სავარაუდოდ, სულ მცირე, 15 წელს გაგრძელდება); მანამდე ევროპის ეკონომიკური საბჭოს ასოცირებული წევრი გახდა 1963 წელს, საბაჟოს კავშირის წევრი კი _ 1995 წელს, ნატოს წევრია 1952 წლიდან. ვფიქრობ, ეს მონაცემები სრულიად საკმარისია ლოგიკური შეკითხვის დასასმელად: არის თუ არა თურქეთი «ოფიციალურად ევროპა», რასაც თინა ხიდაშელი საქართველოს «უწინასწარმეტყველებს»?

აი, ამიტომ არ სჯერა ქართველ ხალხს პოლიტიკოსების, რომლებიც მათთვის სასურველს რეალობად წარმოგვიჩენენ და ხალხს ცრუ მოლოდინში ამყოფებენ.

ასეც რომ მოხდეს და «დებულებიდან ამოიღონ ის ნაწილი, რომელიც წევრობამდე გასავლელ პროცედურებს და წინასწარ მაპს გულისმხობს და გასაწევრიანებლად ღია მოწვევა გვქონდეს», რა ვუყოთ ნატოს წესდების მეხუთე მუხლს, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ომი უნდა დაიწყონ ნებისმიერი იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც კონფლიქტი ექნება ნატოს წევრ სახელმწიფოსთან?! ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი ნატოს წევრი სახელმწიფოები საქართველოს რუსეთისგან დაიცავენ… საქართველოს ტერიტორიაზე! თუმცა, ამის წარმოდგენა არც გჭირდებათ, უკრაინა ისე «დაალომბარდეს» ევროპის სახელმწიფოებმა თავიანთი, როგორც თინა ხიდაშელი ბრძანებს, «ნაციონალური ინტერესების» გათვალისწინებით, რომ მხოლოდ უაღრესად დიდი შეშფოთებით შემოიფარგლნენ. შემდეგ კი გაახსენდათ: საფრანგეთს _ სამხედრო მრეწველობა, იტალიას _ მძიმე მრეწველობა, გერმანიას _ ეკონომიკა, დიდმა ბრიტანეთმა კი გაააქტიურა მოლაპარაკებები გაზის შესყიდვის თაობაზე პირდაპირ… რუსეთისგან! სანქციები კი… მაგ სანქციებზე რუსეთშიც იცინიან და ევროპაშიც; ალბათ, უკრაინაშიც, ოღონდ სიმწრით! ჩვენ ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ, ვეღარ გაგვაკვირვებენ!

გაიხსენეთ, 2010 წლის მაისში რა განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ კონგრესისადმი მიმართვაში: საქართველოში არსებული მდგომარეობა რუსეთთან ბირთვული თანაშრომლობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად დაბრკოლებად აღარ მიმაჩნიაო. მან იქვე აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება აშშ-ის უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას გაამყარებდა. ასე დაივიწყეს საქართველო ომიდან 2 წლის თავზე და ეს სრულიად ბუნებრივია _ ამერიკელებისთვის და ევროპელებისთვის უპირველესი მათი სახელმწიფო ინტერესებია! ქართველ პოლიტიკოსებს კი ახარებთ, რომ ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის ნაციონალური ინტერესების ნაწილი გახდა საქართველო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველ პოლიტიკოსებს გააზრებული არ აქვთ საქართველოს ნაციონალური ინტერესები და ვაშინგტონში თუ ბრიუსელში საქართველოს ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ საქართველოში იცავენ ვაშინგტონისა და ბრიუსელის ინტერესებს. იგივე ითქმის მოსკოვისა თუ ანკარის, თეირანისა თუ პეკინის ინტერესების გამტარებლებზე.

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფორ რასმუსენიც გვამშვიდებს, რომ ყველა ქვეყანას, რომლებიც ნატოს პრინციპებს იზიარებენ და მზად არიან საკუთარი წვლილი შეიტანონ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, შეუძლიათ ალიანსის წევრობაზე განაცხადი შეიტანოს.

განაცხადი და წვლილი საქართველოს რომ აქვს შეტანილი, ისეთი უნდა _ ყველა ხელისუფლება თავგამოდებით და დაჟინებით გაჰყვირის ნატოს უალტერნატივობას და ავღანეთსა თუ ერაყში ნატოს წევრ სახელმწიფოებზე მეტი ჯარისკაცი გვყავს. ბოდიში, თუ ამერიკის ნაცვლადაც ჩვენ ვერ დავამყარეთ დემოკრატია ამ სახელმწიფოებში; ჯერ თქვენგან ველოდებით, როგორ დემოკრატიას ააშენებთ ნანგრევებადქცეულ ქაბულსა და ბაღდადში!

მანამდე კი ევროამერიკელ პოლიტიკოსებსა და ჩვენებურ შეჩქვიფულ მედასავლეთეებს შევახსენებ იააპ დე ჰოოპ სხეფერის მოწოდებას, რომელიც მან «ფაინენშელ თაიმსით» გამოგვიგზავნა: «თქვენ დემოკრატიული სახელმწიფო ხართ, მოიქეცით, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, გააძლიერეთ თქვენი დემოკრატია, გააძლიერეთ კანონის უზენაესობა».

2008 წელს, ამ ინტერვიუს გამოქვეყნების დროს სხეფერი ნატოს გენერალური მდივანი იყო, მაპზე უკეთესი უკვე მიღებული გვქონდა, აგვისტოს ომის დამთავრებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, ობამა კი საპრეზიდენტო მარათონში იყო ჩაბმული. მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატმა ობამამ ჯერ არ იცოდა, საით მიდიოდა საქართველო, რომელსაც ავანტურისტი და პათოლოგი სააკაშვილი მართავდა, ახლა კი ზუსტად იცის, რომ «საქართველო არ დგას ნატოში გაწევრიანების გზაზე».

კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის კი სულაც არ არის აუცილებელი ნატოში გაწევრიანების გზაზე დგომა _ ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს ადეკვატურ ხელისუფლებას ამის შეხსენება ისედაც არ სჭირდება!

ბონდო მძინარაშვილი

P.S. ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, რომ წერილში არცერთხელ არ მიხსენებია საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, _ რა აზრი აქვს?

 

 

1 COMMENT

  1. წინა ხელისუფლება და ახალი ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრებიან სიცრუეში ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებით!-
    პეტრიაშვილს სკამის და ხელფასის შენარჩუნება უნდა!
    ალასანია ამერიკის ლაქიაა და საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცების სიცოცხლე და მათი გაჭირვებული ოჯახები გროშად არ უღირს.
    ფანჟიკიძე ალასანიას ინტერესებს იცავს და ამიტომ ცრუობს,რომ შეფუთოს მისი სიძის მზაკვრული სამსახური ერის წინაშე! რაც შეეხება თინა ხიდაშელს და მის ქმარს, ისინიც გამწარებით იცავენ ნატოში შესვლის ცრუ იდეას გრიგოლ ვაშაძესთამ ერთად!-
    კითხვა ასეთია- ვინ რას იგებს ამ პოლიტიკანებიდან,ასე შეთქმულებივით ერთად რომ იტყუებიან და ხალხს ასულელებენ!
    ამ ბინძური სიცრუის უკან რაღაც გარიგება დგას, რომელიც ჯერ კიდევ ხალხისთვის ცნობილი არ არის!!!

  2. წააკითხეთ ეს წერილი მთავრობის წევრებს იქნებ ცოტა მაინც შევიდეს რამე მათ გაყინულ ტვინებში სულ ნატო ნატოს რომ გაჰყვირიან და იმის გაგებაც არუნდათ რომ მთელი ევროპა დაგვცინის კიდეც,საუკეთესო ვაჟკაცებს კი ერაყსა თუ ავღანეთში გვახოცინებს.

  3. წააკითხეთ ეს წერილი მთავრობის წევრებს იქნებ ცოტა მაინც შევიდეს რამე მათ გაყინულ ტვინებში სულ ნატო ნატოს რომ გაჰყვირიან და იმის გაგებაც არუნდათ რომ მთელი ევროპა დაგვცინის კიდეც,საუკეთესო ვაჟკაცებს კი ერაყსა თუ ავღანეთში გვახოცინებს.

  4. ბონდო თუ ნამდვილი სახელია არ ვიცი მაგრამ ერთ რამეს გეტყვი ძალიან კი იღწვი იმისთვის რომ საქართველომ უარი თქვას ნატოზე და ამ სტატიით უფრო ნიხილიზმს ამკვიდრებ რაც ძალიან ცუდია, ეს ერთი და მეორე კითხვა მაქვს უკეთესი ვექტორი თუ იცი ქვეყანა საით უნდა წავიდეს იქნებ ეგეც დაგეწერა ცნობისათვის თუ ეგეთი ინფორმირებული ხარ, და ბოლოს მესამე კრიტიკა კარგია მაგრამ უბრალოდ copy paste გისწავლია ეტყობა კარგად რაც საერთოდ არ მომეწონა არანაირი ანალიი სიღრმისეული, ხო ისე სულ ობამა ეხლა იტყვის ხვალ ზეგ შეგვყავს ნატოშიო და ამით რუსეთს მიცემს ომის დაწყების მიზეზს ხოტა რო დაფიქრდე ხოლმე რას წერ უკეთესი იქნება…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here