Home რუბრიკები პოლიტიკა პალატა N41: ქართველ ჯარისკაცებს აფრიკაში გზავნიან

პალატა N41: ქართველ ჯარისკაცებს აფრიკაში გზავნიან

480

ახალი ხელისუფლება ძველს არაადეკვატურობაში ეჯიბრება და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უფრო მეტ ჯარისკაცს აგზავნის, ვიდრე ევროკავშირის სამშვიდობო მისიის მონაწილე ნებისმიერი სხვა სახელმწიფო. «ლე მონდის» ცნობით, საუბარია 150 ქართველ სამხედროზე; მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა ჯერ კიდევ თებერვალში მისცა პრეზიდენტს ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტინგენტის გაგზავნის უფლება, ბევრს ეგონა, რომ ხელისუფლება უფრო ჭკვიანურად მოიქცეოდა და მისიაში გაცილებით მცირე, ჩვენი ქვეყნის მასშტაბის და შესაძლებლობების პროპორციულ წვლილს შეიტანდა. მაგრამ ახალი მთავრობა მოიქცა ზუსტად ისე, როგორც სააკაშვილის რეჟიმი ავღანეთთან მიმართებაში და, შესაძლოა, უარესადაც.

2011 წლის 1 ნოემბერს თავის პირველ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა: «ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით ავღანისტანსა და ერაყში პატარა პარტნიორობა ასეთი დიდი გაერთიანების. ძალიან საინტერესო პოზიცია გვიჭირავს ჩვენ ამ კუთხით და მომავალშიც გავაგრძელებთ. კონკრეტულად რამდენი უნდა დავამატოთ ან გამოვაკლოთ, ეს იქნება ანალიზის შემდეგ». მაშინ «ნაციონალების» პროპაგანდამ კონტექსტიდან ამოგლიჯა სიტყვა «გამოვაკლოთ» და დაიწყო კივილი იმაზე, რომ ივანიშვილი ავღანეთიდან ჯარის გამოყვანას და, შესაბამისად, აშშ-თან ურთიერთობის გაფუჭებას აპირებს. ამ ფონზე საზოგადოებაში, რომელიც უკმაყოფილო იყო სააკაშვილის მანიაკალური მონდომებით ავღანეთში ქართული კონტინგენტი მაქსიმალურად გაეზარდა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ივანიშვილი ამ პოლიტიკას შეცვლიდა. შემდეგ ცხადი გახდა, რომ ავღანეთში ბოლომდე დავრჩებით, თუმცა საზოგადოების ნაწილს მაინც სჯეროდა, რომ მომავალში ახალი ხელისუფლება გაცილებით გააზრებულად იმოქმედებდა. დღეს ეს იმედები თუ ოცნებები დაიმსხვრა, ხოლო ზემოთ ნახსენებმა «ანალიზმა» ხელისუფლება აფრიკის შუაგულში ქართველი ჯარისკაცების გაგზავნის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ევროკავშირის მისიაში ყველაზე დიდ კონტინგენტს ჩართავს. მხოლოდ ამ ფაქტის კონსტატაცია ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას «პალატა N41» ვუწოდოთ, ისევე, როგორც სააკაშვილის რეჟიმს (საარჩევნო ბიულეტენში მისი პარტიის ნომრის შესაბამისად) «პალატა #5»- ვეძახდით. საუბრები იმაზე, რომ ამ, არსებითად შიზოფრენიული ნაბიჯის გადადგმას ევროკავშირის პარტნიორობა და «ასოცირების პარაფირება» გვავალდებულებს, კრიტიკას ვერ უძლებს და ბუნებრივად წარმოშობს კითხვას: «რატომ არ აკეთებენ იმავეს სხვა პარტნიორი ქვეყნები, მაგალითად, უკრაინა და მოლდოვა

ამ აფრიკულ ავანტიურასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა: «საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს», მაგრამ, სამწუხაროდ, არ დააკონკრეტა, სად, როდის და რა დოზით მოიხმარს საქართველო ხსენებულ ევროპულ უსაფრთხოებას. რუსული ტანკები თბილისიდან 40 კილომეტრში დგანან და ყველასთვის ცხადია, რომ მათი დაქოქვის შემთხვევაში გზას არც ერთი ფრანგი, ბრიტანელი თუ ბელგიელი ჯარისკაცი არ გადაუღობავს, მეტიც, ევროპაში  კონფლიქტში ქმედითი ჩარევის საკითხს სერიოზულად არც არავინ განიხილავს.

წლების განმავლობაში პოლიტიკოსები გვიმტკიცებდნენ, რომ ქართველი სამხედროების ყოფნა ავღანეთში ნატო-ში ინტეგრაციას აახლოებს. ისინი იმეორებდნენ ამას ყოველთვის, როდესაც ავღანეთიდან მოდიოდა მორიგი ცნობა ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვის და დაინვალიდების შესახებ. საბოლოოდ, მთელი ეს ეპოპეა დაგვირგვინდა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ სულ ახლახან ნათქვამი ფრაზით: «არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად ნატოში გაწევრიანების გზაზე არ დგანან. არ ყოფილა და არ არის ნატო დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა», რამაც შოკში ჩააგდო საზოგადოების ნატო-ზე ორიენტირებული ნაწილი, რომელიც მორჩილად ეგუებოდა მძიმე დანაკარგებს ავღანეთში. ახლა კი პოლიტიკოსები, სავარაუდოდ, მოგვიყვებიან, თუ რასთან გვაახლოებს ექსპედიცია ცენტრალურ აფრიკაში.

არც ერთმა ხელისუფლებამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში არ იცოდა ჯარისკაცის სიცოცხლის ფასი. პოლიტიკოსები რთავდნენ სამხედროებს ხან ერთ, ხან მეორე ავანტიურაში და არმიას საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების ერთ-ერთ ინსტრუმენტად განიხილავდნენ. ამ მხრივ არაფერი შეიცვლება, თუ ერი არ გააცნობიერებს, რომ შეიარაღებული ძალები ეკუთვნის მას და არა პოლიტიკურ ელიტას, ხოლო ჯარისკაცების სიცოცხლე ისეთივე ღირებულია, როგორც თითოეული ჩვენგანის შვილების სიცოცხლე. ამასთანავე, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვჭირდება _ უცხო ქვეყნების ინტერესებისთვის მებრძოლი დამხმარე საექსპედიციო კორპუსი თუ ეროვნული ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული ძლიერი არმია?

«ფრანს-პრესთან» საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ განხილულ მისიაში წვლილის შეტანა მხოლოდ ევროკავშირის დახმარებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ საქართველოსთვის მორალური ვალდებულებაც არის. ძნელი დასადგენია, თუ როდის ჩათვალა ირაკლი ალასანიამ თავი ილია ჭავჭავაძის მასშტაბის მოღვაწედ და თავს უფლება მისცა, ასე უაპელაციოდ ესაუბრა მთელი ქვეყნის მორალურ ვალდებულებებზე. ალბათ, ურიგო არ იქნება, გავიხსენოთ, რომ ამ მომენტისთვის ირაკლი ალასანია, სხვა ყველაფერთან ერთად, ვალდებულია, უზრუნველყოს ყაზარმების კეთილმოწყობა, ბოლო მოუღოს სამხედროების მოწამვლასთან დაკავშირებულ ინციდენტებს, ხელი შეუწყოს ჯარში თვითმკვლელობებისა და გახშირებული უბედური შემთხვევების შემცირებას და მმართველი რგოლის პროფესიონალი ოფიცრებით დაკომპლექტებას, რასაც ვერ (ან მხოლოდ ნაწილობრივ) ახერხებს. ხოლო იმას, რა მორალური ვალდებულებები აქვს საქართველოს, ერი როგორმე თვითონ, ალასანიას შთაგონებების გარეშე, გადაწყვეტს (მაქსიმუმ ერთი სათათბირო ხმა დაუთმოს, როგორც რიგით მოქალაქეს). დეგრადირებულმა პოლიტიკურმა ელიტამ მიიყვანა მოსახლეობის დიდი ნაწილი ისეთ მდგომარეობამდე, როდესაც ახალგაზრდები თანახმანი არიან აფრიკაში მშვიდობისმყოფელებად ან სულაც მეშახტეებად წავიდნენ, ოღონდაც ორი კაპიკი იშოვონ, ესენი კიდევ დგანან და აქეთ გვმოძღვრავენ. რა თქმა უნდა, აფრიკაში არაპროპორციულად დიდი კონტინგენტის გაგზავნაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ალასანია, არამედ მთელი მთავრობა, მაგრამ, ალბათ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკითხზე, უპირველესად, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მუშაობდნენ, ანუ ირაკლი ალასანია და მაია ფანჯიკიძე (ალასანიას ცოლის და). ძნელი სათქმელია, თუ რა მორალური, გნებავთ, ამორალური ვალდებულებები აქვთ მათ ევროკავშირის წინაშე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქართველოს ვალდებულებები არ არის.

XVIII საუკუნეში მცირე გერმანული სათავადოები ბანალურად აქირავებდნენ საკუთარ ჯარისკაცებს უცხო სახელმწიფოებზე; ასე მაგალითად, ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ომის დროს ბრიტანელების მხარეზე 30 ათასი გერმანელი ჯარისკაცი იბრძოდა. ამგვარი ვაჭრობა საკუთარი ქვეშევრდომების სიცოცხლით ყოველთვის განიხილებოდა, როგორც უკიდურესად უზნეო და ამაზრზენი მოქმედება. მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ XVIII საუკუნის გერმანელი თავადებისგან განსხვავებით, ქართველი პოლიტიკოსები არ იღებენ დიდძალ ფულს (რომელიც ძველად, თუნდაც ნაწილობრივ, ხმარდებოდა იმ პატარა ქვეყნების განვითარებას), არამედ კმაყოფილდებიან ევროპელების «კარგი ბიჭი ხარ, ირაკლიტიპის ფრაზებით და არაფრისმომცემი რეზოლუციებით «საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე». ევროპა ყოველთვის ზიზღით უყურებდა თავადებს, რომელნიც ე.წ. ჰესენელი ჯარისკაცებით ვაჭრობდნენ და ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორ შეხედავს ჩვენს ლიდერებს, რომელნიც ჯარს ლამის ყველა გამვლელს, პრაქტიკულად, უფასოდ სთავაზობენ.

პირველად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკით ქართული აუდიტორია მაშინ დაინტერესდა, როდესაც (ძირითადად, ფრანგული მედიიდან) ცნობილი გახდა, რომ იქაური მანიაკი დიქტატორი ჟან ბედელ ბოკასა თავის ოპონენტებს და ხელქვეითებს ჭამდა. თუმცა იმ პუბლიკაციებში პრაქტიკულად არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, რომ საფრანგეთი კაციჭამია ბოკასას მხარს წლების განმავლობაში უჭერდა, რადგან ის საკმაოდ სარფიან კონტრაქტებს სთავაზობდა, ხოლო პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დ’ესტენი მას «მეგობარს» და «ოჯახის წევრსაც» კი უწოდებდა. საინტერესოა, რომ ჩამოგდების შემდეგ (რომელშიც მონაწილეობა ფრანგმა მედესანტეებმაც მიიღეს) ბოკასა გარკვეული დროის განმავლობაში საფრანგეთში, პარიზის მახლობლად ცხოვრობდა. თუმცა ეს ძველი ისტორიაა, რაც იყო,  იყო, ორმაგ სტანდარტებზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სრული ქაოსია. ქრისტიანებისა და მუსლიმების შეტაკებების გამო მილიონამდე მოქალაქე იძულებული გახდა, საცხოვრებელი მიეტოვებინა, დაღუპულია ათასობით თუ არა, ათიათასობით ადამიანი (ზუსტი რაოდენობის დადგენა უბრალოდ ვერ ხერხდება). გაერო-მ აღწერა ეს, როგორც «ეთნო-რელიგიური წმენდის ტალღა» და ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზონად გამოაცხადა. სამშვიდობოებს მოქმედება ძალიან რთულ პირობებში უწევთ, დაიღუპა რამდენიმე სამხედრო საფრანგეთიდან და ჩადის რესპუბლიკიდან. ევროკავშირის მისია მიზნად ისახავს დახმარების აღმოჩენას საფრანგეთისთვის, რომელიც, აფრიკული ქვეყნების კონტინგენტებთან თანამშრომლობით ყოფილ კოლონიაში წესრიგის აღდგენას ცდილობს, კერძოდ, უსაფრთხო გარემოს შექმნას ქვეყნის დედაქალაქ ბანგიში, მათ შორის, აეროპორტის მიდამოებში, სადაც თავმოყრილია უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი და ძალზე რეალურია მასობრივი შიმშილის, ეპიდემიებისა და ახალი მასშტაბური შეტაკებების დაწყების საფრთხე.

ცხადია, ამ უბედურების დასრულებას ხელი ყველამ უნდა შეუწყოს. ჩვენ შეგვეძლო გაგვეგზავნა  ჰუმანიტარული ტვირთი, რამდენიმე სამხედრო ექიმი ან ინჟინერი, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი ოცეული, მაგრამ მთავრობამ გადაწყვიტა, იქ 150 ჯარისკაცი გადაესროლა, უფრო მეტი, ვიდრე ევროკავშირის მისიის მონაწილე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ (საფრანგეთის გამოკლებით, რომლის ქვედანაყოფების ნაწილი სხვა მანდატის ფარგლებშიც მოქმედებს). სად არის მისი უდიდებულესობა ელისაბედ II- ჯარი ან სადაა მრისხანე ბუნდესვერი? სად არიან შვედები, ჰოლანდიელები, ბელგიელები და . .?

13 იანვარს ბურუნდის სამშვიდობოების თვალწინ გავეშებულმა ბრბომ გამოათრია ავტობუსიდან ერთერთი მგზავრი, უმოწყალოდ სცემა, ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა. შემდეგ ერთერთმა თავდამსხმელმა მსხვერპლის სხეულის ნაწილების ჭამა დაიწყო. ბრბო ამას აღტაცებით შეხვდა, ხოლო კანიბალმა მოგვიანებით (ბიბისისთან საუბარში) თქვა, რომ ეს იყო შურისძიება მისი ორსული მეუღლისა და შვილის მკველეობისთვის. ბურუნდიელმა სამხედროებმა აღკვეთეს კანიბალიზმის აქტი, მაგრამ დღემდე გაუგებარია, თუ რატომ იდგნენ ისინი უმოქმედოდ, როდესაც მათ თვალწინ ადამიანს კლავდნენ. ყოველივე ეს ძალიან მძიმე წასაკითხია, მაგრამ, ალბათ, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ სად აგზავნის მთავრობა ამდენ ქართველ სამხედროს და რომ პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილების შესაძლო დრამატულ შედეგებზე ეკისრება არა მხოლოდ მას, არამედ მთელ საზოგადოებას, რომლის დიდი ნაწილი ამ გაუაზრებელ აფრიკულ ექსპედიციას მორჩილი დუმილით ხვდება და ეს «კრავთა დუმილი» საქართველოს შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here