Home რუბრიკები პოლიტიკა სამართლიანობის დამკვიდრება შეუძლებელია… ცხედრებით!

სამართლიანობის დამკვიდრება შეუძლებელია… ცხედრებით!

575

სააკაშვილის რეჟიმის მიერ რობაქიძის, გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის (ეს სამი გვარი ისმოდა და ისმის ყველაზე ხშირად) მკვლელებზე ხელის დაფარებით ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემდეგ მთელი სამართალდამცავი სისტემის და, რაც ყველაზე საშინელია, მთლიანად სახელმწიფოს რეპუტაცია შეილახა.

 

რამდენიმე მკვლელის დაცვას შეეწირა სახელმწიფოს ავტორიტეტი და ქვეყნის პირველი პირები კვლავაც განაგრძობდნენ დამნაშავეთათვის ხელის დაფარებას. ყველამ კარგად ვიცოდით, რომ პრეზიდენტი და მინისტრები სულაც არ იყვნენ უანგარონი, როცა სადისტებს დაჰფოფინებდნენ და იწყალებდნენ _ ისინი მაფიის, ნაცმაფიის ხელკეტები იყვნენ და, თუ მიატოვებდნენ ან მკაცრად დასჯიდნენ, მომავალში ბრალდების მოწმეებად გადაიქცეოდნენ.

სააკაშვილის რეჟიმი სწორედ ასეთი მკვლელების მიმართ ლოიალობას შეეწირა, რადგან 9 წლის მანძილზე ჩვენ ვცხოვრობდით არა თანამოაზრეთა ან თანამებრძოლთაგან მართულ სახელმწიფოში, არამედ თანამზრახველთა ბანდის ტყვეობაში.

მაგრამ ახლა? ახლა ხომ გვეუბნებიან, რომ უნდა გვქონდეს იმის რწმენა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ძალადობაზე? ახლა ხომ ცდილობენ ჩვენს დარწმუნებას, რომ სამართლიანობას ვამკვიდრებთ? ახლა ხომ… და ძალიან ბევრი «ახლა ხომ…»

მაშ, დროულად გამოიძიეთ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების გარემოებები. ბოლოს და ბოლოს, თუკი ამ ახალგაზრდა კაცის უსაფრთხოებას მოწმეთა დაცვის პროგრამა უზრუნველყოფდა, რატომ ვერ დაიცვეს მისი, როგორც ერთერთი მთავარი მოწმის, სიცოცხლე? რა გარანტიაა, რომ ხვალ არ განმეორდება ასეთივე ტრაგედია?

და, თუკი შალვა თათუხაშვილს ეშინოდა, რომ დათა ახალაიას «გრძელი ხელები» შსს-სგან დაცულსაც მისწვდებოდა, მით უფრო ფრთხილად არ უნდა ყოფილიყვნენ მისი მცველები? თუკი ეშინოდა, რომ შსს-ში კვლავაც ბევრია ახალაიას გულშემატკივარი, ეს ვისი ბრალია?

მოკლედ, ხელისუფლებავ, გაითვალისწინე სააკაშვილის რეჟიმის მწარე გამოცდილება: ის დაემხო არა 2011 ან 2012 წელს, არამედ 2004 წლის 23 ნოემბერს, 2006 წლის 26 იანვარს, 2006 წლის 2 მაისს… და ასე, ყოველი მორიგი მკვლელობის შემდეგ ემხობოდა.

ის, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს მოხდა, მხოლოდ ფარდის დაშვება იყო ტრაგედიათა შემზარავი ჯაჭვის წარმოდგენის შემდეგ. თითქოს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო და «სპექტაკლები» უკვე სასამართლო დარბაზებში გამართულიყო, მაგრამ თქვენ ეს ფარდა კვლავ ასწიეთ და «ნაცები» «პაკლონზე» გამოიყვანეთ. მას შემდეგ კი ისინი მუდმივად მთავარ როლში არიან იმ პოლიტიკურ მასკარადში, რომელიც უკვე გულს ურევს საზოგადოებას.

სულ ეს არის: სასწრაფოდ გამოიძიეთ ამ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების გარემოებები და უმკაცრესად დასაჯეთ დამნაშავენი, ნებისმიერი მათგანი, ვინც უნდა იყოს!

ჩვენ სამართლიანობის დამკვიდრება გვინდა, ამის მიღწევა კი ცხედრებით შეუძლებელია; ეს სააკაშვილის გზაა, გზა უფსკრულისკენ! სამართლიანობის მიღწევა მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების დაცვით შეიძლება!

ბონდო მძინარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here