Home რუბრიკები სამართალი შალვა შავგულიძე: არ მესმის, რატომ არ უნდა დაიკითხოს სააკაშვილი?!

შალვა შავგულიძე: არ მესმის, რატომ არ უნდა დაიკითხოს სააკაშვილი?!

705

ძნელი წარმოსადგენი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ გირგვლიანის მკვლელობის თემა კვლავაც გააოცებდა და აალაპარაკებდა ხალხსყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, სრულიად მოულოდნელმა განცხადებამ, რომ თურმე გირგვლიანი ასფიქსიით გარდაიცვალა, კიდევ ერთხელ გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და გაკვირვება. რას ფიქრობს გირგვლიანის მხარის ყოფილი ადვოკატი? ამჟამად ხელისუფლების წარმომადგენლობა ხომ არ უშლის მას ხელს, გააკეთოს კრიტიკული განცხადებები გამოძიებასთან დაკავშირებით? თუ მოახლოებული არჩევნები  გაახსენებს სანდრო გირგვლიანს ჩვენს პროკურატურას? «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პარლამენტის წევრი «ქართული ოცნებიდან», ბატონი შალვა შავგულიძე.

 

_ თქვენ იყავით სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი და, ცხადია, ამ საქმის გარშემო იცით ყველა დეტალი, მათ შორის ისეთი, რომელიც სასამართლოსთვის წარსადგენად შეიძლება არ იყო მზად მაშინ, მაგრამ დღეს შეიძლება გამოძიების მსვლელობა შემოატრიალოს. როგორ ფიქრობთ, სწორ გზაზე დგას დღევანდელი გამოძიება?

_ სამწუხაროდ, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ვინაიდან არ ვიცი, რა გზაზე დგას დღევანდელი გამოძიება. კარგად არ ვიცნობ ახალი გამოძიების მასალებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის ადვოკატი ვიყავი საქმესთან დაკავშირებით ნამდვილად ვიცი ყველა გარემოება, რომელიც კი ცნობილი იყო იმ პერიოდისთვის და ნებისმიერ კითხვაზე შემიძლია ამომწურავი პასუხი გაგცეთ.

_ ადრე ითქვა, რომ სტრასბურგმა ეს საქმე დამთავრებულად მიიჩნია

_ სტრასბურგმა ეს საქმე დამთავრებულად არ მიიჩნია. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ამ საქმეზე დარღვეულია კონვენციის მე-2 მუხლი პროცედურულ ნაწილში, ანუ სიცოცხლის უფლება, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ მკვლელობის საქმეზე გამოძიება და სასამართლო განხილვები არ იქნა სრულყოფილად, პროცედურების შესაბამისად ჩატარებული, შესაბამისად, უნდა მოხდეს ხელახალი გამოძიება.

_ რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, განცხადება გირგვლიანის ასფიქსიით გარდაიცვალების თაობაზე?

_ გირგვლიანის ასფიქსიით გარდაცვალება დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით, ოღონდ რამ გამოიწვია ასფიქსია, ესაა გასარკვევი. ეს დასკვნა საეჭვო არ გაუხდია არც იმდროინდელ გამოძიებას, არც ევროპულ სასამართლოს. ასეთი ჭრილობები შეიძლება მოგაყენოს მხოლოდ ადამიანმა, ასეთ ჭრილობებს ვერ მიიღებ გაქცევით, დაგორებით და ა. შ. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გირგვლიანი ადამიანის მიერ მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაიცვალა.

_ რა უფრო მნიშვნელოვანია სასამართლოსთვის: სიკვდილის პირდაპირი მიზეზი თუ ის ფაქტი, რომ კაცი იძულებით წაიყვანეს ოქროყანაში საწამებლად? მსგავსი განცხადება რომ ზოდელავას გაეკეთებინა, რას იტყოდით?

_ ვერაფერს ვამბობ. ვიმეორებ, სამწუხაროდ, არ ვიცნობ გამოძიების მასალებს. იძულებით წაყვანა, ეს იყო ბრალდება, ერთი კვალიფიკაცია მათი ქმედების, მაგრამ აქ საქმე გვაქვს განზრახ მკვლელობასთან, რომელიც  ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში, ანუ ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით, ეს ერთი; მეორე, _ პირთა ჯგუფის მიერ; მესამე, მე რისი იმედიც მქონდა და მაქვს, ახალმა გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს, რომ მესამე დამამძიმებელი გარემოება ამ განზრახ მკვლელობისა არის ის, რომ  ჩადენილია დაკვეთით, სხვისი დავალებით.

_ დამკვეთებამდე რატომ არ მიდის გამოძიება, საკმაო დრო გავიდა, რაც ხელახალი გამოძიება დაიწყო? რამდენადაც ვიცი, გირგვლიანის მხარე უკმაყოფილოა გამოძიებით

_ ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, დამკვეთთა საკითხის გამოკვეთა მომხდარიყო სულ რამდენიმე თვეში, ვინაიდან არ უნდა იყოს რთული ამის გამოძიება, მაგრამ, მოგეხსენებათ, მოხდა პროკურატურის ხელმძღვანელობის რამდენიმეჯერ შეცვლა, მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა. ასე რომ, შეიძლება ეს ამბავი ამ ცვლილებებით ავხსნათ. აქ დასადგენი იყო მხოლოდ ერთი გარემოება: ჰქონდა თუ არა ამ მკვლელობას დაკვეთის ხასიათი. და ესენი, დამკვეთები, არიან სუფრის წევრები. გირგვლიანს კონფლიქტი მოუვიდა სუფრის წევრებთან. მოგეხსენებათ, ვინ იყვნენ სუფრის წევრები: დათა ახალია, სანოძე, დონაძე, მერაბიშვილის მეუღლე _ თაკო სალაყაიამერაბიშვილი. მათ გამოიძახეს ის სადამსჯელო ბრიგადა. ამ კავშირების დადგენა არ იყო რთული. ამ სუფრას რომ აშკარა კავშირი ჰქონდა ამ დანაშაულთან, ცხადად ჩანდა და ჩვენი ვარაუდი ევროპულმა სასამართლომ  გაიზიარა.

_ გამოდის, არავის სჭირდება დამკვეთებად სუფრის წევრების დასახელება. გაქვთ იმედი, რომ გამოძიება სწორ სურათს დადებს? ხალხი ისედაც წუხს, სამართლიანობის აღდგენა არ ხდებაო……

_ რატომ არ მაქვს იმედი?! რა თქმა უნდა, გამოიძიებენ. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ეს უკვე სხვა პრობლემაა. რა თქმა უნდა, სურვილი და მოლოდინი არის, რომ სწრაფად მოხდეს სამართლიანობის აღდგენა, თუმცა ეს არ არის ადვილი. ეს პროცესი დაწყებულია და მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ბოლომდე მივა.

რაც შეეხება გირგვლიანის საქმეს, ფაქტობრივად, ეს საქმე დამთავრებულია. ევროპის სასამართლომ არა მარტო სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური განაჩენიც გამოიტანა. გეთანხმებით, გამოძიება ცოტა გაჭიანურდა (ალბათ, ჰქონდა ამას რაღაც ობიექტური მიზეზები), მაგრამ იმედია, ჩატარდება სრულყოფილად და საბოლოოდ განაჩენი დადგება ყველა იმ პირის მიმართ, რომელთაც  თავისი წილი მიუძღვით ამ დანაშაულის ჩადენაში, რა თქმა უნდა, იმ დოზით და იმ კვალიფიკაციით რა ხარისხითაც მონაწილეობდნენ ამ დანაშაულში.

_ ითქვა, რომ სააკაშვილი უნდა დაიკითხოს მოწმის სახით გირგვლიანის საქმეზე. მაშინ, როცა ადეიშვილის დასაკითხად სკაიპზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ სააკაშვილს ვინმე საერთოდ რომელიმე თემაზე დაკითხავს?

_ არ მესმის, რატომ არ უნდა დაიკითხოს სააკაშვილი?! უნდა დაიკითხოს. არ ვიცი, ახლა თუ გაიქცევა და თავს აარიდებს, ამ შემთხვევაშიც არსებობს შესაბამისი ზომები. წესით, უნდა დაიკითხოს. ეს საქმე ძალიან ჰგავდა უკრაინაში მოკლულ ჟურნალისტ ღონღაძის მკვლელობას. იქაც მკვლელობა ჩაიდინეს შს მაღალჩინოსნებმა და იქაც ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა სიცოცხლის უფლება პროცედურულ ნაწილში, როგორც გირგვლიანის საქმეზე. ამ მხრივ ევროპული სასამართლოს ეს ორი გადაწყვეტილება   ერთმანეთს ჰგავს. უკრაინაში ახალი გამოძიება სრულყოფილ შედეგამდე მივიდა, მხილებულ იქნენ შს მაღალი თანამდებობის პირები და მაშინდელი პრეზიდენტი კუჩმა რამდენიმეჯერ დაიკითხა. ასე რომ, რატომ არ უნდა დაიკითხოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი? რა თქმა უნდა, უნდა დაიკითხოს, აუცილებლად, უნდა მისცეს ჩვენება!

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

P.S. ორიოდე დღეში გაირკვევა, გამოძიება მართლა აპირებს, ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს ეს საქმე, თუ კიდევ ერთხელ შოუდ წარმოადგენს გირგვლიანისა და მისი ოჯახის ტრაგედიას. უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ ინტერვიუს სანდრო გირგვლიანის მამასთან, ბატონ გურამ გირგვლიანთან.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here