Home რუბრიკები პოლიტიკა ვლადიმერ პუტინი: არ დავუშვებთ, რომ ნატომ ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე იბატონოს!

ვლადიმერ პუტინი: არ დავუშვებთ, რომ ნატომ ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე იბატონოს!

616

17 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ყირიმის რესპუბლიკის რფის შემადგენლობაში მიღებისა და რუსეთში ახალი სუბიექტების წარმოქმნის შესახებ. 18 მარტს კი ამ საკითხზე  კრემლში სიტყვით გამოვიდა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყირიმში რეფერენდუმი, რომელშიც ამომრჩეველთა 82 პროცენტი მონაწილეობდა, დემოკრატიული პროცედურების შესაბამისად ჩატარდა, რეფერენდუმის მონაწილეთა 96 პროცენტზე მეტმა კი რუსეთთან შეერთება მოისურვა, ამასთანავე, რუსეთის მოსახლეობის 92 პროცენტი მხარს უჭერს ყირიმის შემოერთებას.

ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში დღემდე არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, სახელმწიფო ორგანოები კი რადიკალურად განწყობილი ელემენტების მიერ არის უზურპირებული, ამიტომ მათთან მოლაპარაკების დაწყება შეუძლებელია, თუმცა უკრაინასთან ურთიერთობა რუსეთისთვის ყოველთვის იქნება უმნიშვნელოვანესი, საკვანძო საკითხი.

«პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ფაქტების მიხედვით, ყირიმი მხოლოდ რუსეთს უნდა ეკუთვნოდეს», _ განაცხადა პუტინმა.

ევროკავშირისა და აშშ-ის რეაქციაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის შემთხვევაში რუსეთის დასავლელი პარტნიორები უხეშად, უპასუხისმგებლოდ და არაპროფესიონალურად იქცეოდნენ, თუმცა მათ შესანიშნავად იცოდნენ იმ მილიონობით რუსი ადამიანის შესახებ, რომლებიც ყირიმში ცხოვრობდნენ. რუსეთი აღმოჩნდა ზღვარზე, რომლის იქითაც დახევა შეუძლებელი იყო.

რუსეთის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ჩინეთისა და ინდოეთის ხელმძღვანელობას და აშშის მოსახლეობას თხოვნით მიმართა, მხარი დაუჭიროს ყირიმის მოსახლეობის სწრაფვას თავისუფლებისადმი.

«ჩვენ არ ვართ ნატოსთან თანამშრომლობის წინააღმდეგი. ჩვენ იმის წინააღმდეგი ვართ, რომ სამხედრო ორგანიზაციამ ჩვენს ღობესთან, ჩვენს სახლთან, ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე იბატონოს, ვერც კი წარმომიდგენია, რომ სევასტოპოლში სტუმრად ვივლით ნატოელ მესაზღვრეებთან. ისინი (ნატოელები) შესანიშნავი ბიჭები არიან, მაგრამ, სჯობს, თვითონ ჩამოვიდნენ ჩვენთან სევასტოპოლში, ვიდრე ჩვენ ჩავიდეთ მათთან», _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის ბოლოს კოსოვოს პრეცედენტზეც ისაუბრა.

«ყირიმის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება კოსოვოს პრეცედენტის გათვალისწინებით მიიღო, რომელიც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა თვითონ შექმნეს, საკუთარი ხელით. კოსოვოში ვითარება ყირიმის ვითარების მსგავსი იყო, თუმცა სერბეთისგან კოსოვოს გამოყოფა მაინც ლეგიტიმურად ცნეს. ამით ყველას დაანახეს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლებისგან ნებართვის მიღება საჭირო არ არის.

რატომ უნდა იყოს აკრძალული რუსებისთვის, უკრაინელებისთვის და ყირიმელი თათრებისთვის ის, რაც დასაშვებია კოსოვოელი ალბანელებისთვის? ეს ორმაგი სტანდარტიც კი აღარ არის, ეს რაღაც განსაცვიფრებელი, პრიმიტიული და სწორხაზოვანი ცინიზმია. დაუშვებელია, ასე უხეშად დაუქვემდებარო ყველაფერი შენს ინტერესებს _ ერთსა და იმავე საგანს დღეს თეთრი უწოდო, ხვალ _ შავი», _ განაცხადა პუტინმა.

 

1 COMMENT

  1. პუტინი გლობალისტების წინაშე მსოფლიოში ერთადერთი წინააღმდეგი გამოდის აშკარად და დაუფარავად. მის მოქმედებას მე მხარს დაუჩერ ყირიმის მიერთებასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ღვთის წყალობით პუტინი შეძლებს რამოდენიმე წელი გააჯანჯალოს, მასონთა ოცნება ჩააფლაოს, მსოფლიოს ერთპოლარულ მართველობაზე რომ ოცნებობენ რათა ანტიქრისტეს ტახტი გაუმზადონ, მსოფლიოს ერთპოლარული მეფობისთვის!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here