Home რუბრიკები საზოგადოება გთხოვთ, შეაჩეროთ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს ხელყოფა

გთხოვთ, შეაჩეროთ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს ხელყოფა

507

ბატონო პრეზიდენტო და ბატონო პრემიერმინისტრო, საკითხი რომელზეც თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ, პირადად თქვენს და ქვეყნის პრესტიჟს უკავშირდება, რომელსაც, როგორც არასდროს, გაფრთხილება და განმტკიცება   სჭირდება.

 

საკითხი ეხება საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს სტატუსთან დაკავშირებით განვითარებულ ვნებათაღელვას. იგი რამდენიმეჯერ გახდა საჯარო განხილვის საგანი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით. რაც დრო გადის, საკითხის სიმწვავე მატულობს და, თუ მისი გადაწყვეტა დროულად არ მოხდა, უკიდურესად ცუდ შედეგს მოუტანს ქვეყნის ავტორიტეტს საერთაშორისო მასშტაბით.

საქმის ვითარება ასეთია: გასული წლის აპრილში სამთამადნო კომპანიამ საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილობით მიმართა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის (საყდრისიუძველესი ოქროს სამთამადნო მრეწველობის ძეგლია) გადატანის მზადყოფნის თაობაზე კომპანიის ,,ეკონომიკური ასპექტებისა» და «საბიუჯეტო შემოსავლების» ინტერესებიდან გამომდინარე. წერილი დაეწერა კულტურის მინისტრს, რომელმაც საკითხის შესწავლის მიზნით შექმნა კომისია. კომისიის დასკვნის საფუძველზე მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის შინაარსიც გულისხმობდა ობიექტისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნას და მოძრავი ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო ღონისძიებების გატარებას. კომისიის დასკვნა ტენდენციურია, არ შეესაბამება სინამდვილეს და მასში მოყვანილი არგუმენტები ეწინააღმდეგება დღემდე არსებულ ფაქტობრივ მასალებს, დოკუმენტებს და მეცნიერულ კვლევებს არქეოლოგიაში, გეოლოგიაში, მინერალოგიაში, მეტალურგიასა და ეკოლოგიაში.

აღსანიშნავია, რომ კომისიაში ცალკეული დარგის სპეციალისტები პიროვნულად იყვნენ წარმოდგენილნი, არ გამოხატავდნენ შესაბამისი სამეცნიეროკვლევითი დაწესებულებების მოსაზრებებსა და დამოკიდებულებას ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. კომისიის დასკვნაზე არ არსებობდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოსაზრება. კულტურის მინისტრის ბრძანების გამოცემიდან 25 დღის შემდეგ მიეცა საშუალება მეცნიერებათა აკადემიას, გამოეხატა თავისი დამოკიდებულება ძეგლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და დაადასტურა გერმანიის სამეცნიერო ცენტრების მიერ წარმოებული სამუშაოების გაფართოებისა და ძეგლების დაცვის სახელმწიფოებრივი ინტერესი, რის შესახებაც მიმართა კულტურის მინისტრს (წერილი # 010107-39/332, 31.07.2013)

 საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გასული წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიუთითა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, კანონის შესაბამისად, საკითხის შესწავლაში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჩართვის თაობაზე. არქეოლოგიური კვლევები ჩაატარა შპს «არქეოლოგიურმა გაერთიანებამ» სამთამადნო კომპანიის დაფინანსებით ისე, რომ მეცნიერებათა აკადემიას უშუალო მონაწილეობა არ მიუღია არც არქეოლოგიური გაერთიანების ექსპედიციის შედგენაში და არც შესაბამისი ანგარიშის შემუშავებაში. მეცნიერებათა აკადემიამ შეაფასა მხოლოდ არქეოლოგიური გაერთიანების მიერ ჩატარებული სამუშაოები, რომლებიც ეხებოდა ძეგლის იმ ნაწილს, რომელიც ან შესწავლილი იყო ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ ან, შესწავლის თვალსაზრისით, არ იყო საინტერესო. აღსანიშნავია, რომ სამუშაოს შეფასებაში მონაწილეობა არ მიუღია არქეოლოგიური კვლევის ცენტრს, რომელიც წლების მანძილზე მონაწილეობდა კვლევებში გერმანელ მეცნიერებთან ერთად. შემდგომში მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაკეთებულმა საგანგებო განცხადებებმა და წერილმა კულტურის მინისტრის მიმართ დაადასტურა ძეგლის მნიშვნელობა და მისი დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობა. დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო სამეცნიერო წრეებიდან ინფორმირებული ბრძანდებით ძეგლის განსაკუთრებულ მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 7 იანვარს სამთამადნო კომპანიამ კანონის დარღვევით ძეგლის ნაწილი დააზიანა, რომლის ხარისხის შეფასების საშუალებაც დღემდე არ ეძლევა კულტურის სამინისტროსა და შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

2014 წლის 27 იანვარს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებულმა სპეციალურმა საბჭომ ერთხმად გამოიტანა ობიექტური რეკომენდაცია ,,საყდრის ოქროს მაღაროსთვის» უძრავი ძეგლის სტატუსის აღდგენის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ 11-კაციანი კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოტანილი აბსურდული ბრძანება მაღაროსთვის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ ავტომატურად უნდა ჩაითვალოს გაუქმებულად.

ქართველმა არქეოლოგებმა კარგად იციან, რომ აბულმეგის მიდამოებში არსებული ოქროს საბადო მიეკუთვნება მტკვარარაქსის კულტურის ეპოქას. საბადოს კულტურულ ისტორიული მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნულია ეროვნული აკადემიის გრიფით დარეგისტრირებულ . წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის 1987 წლის ანგარიშში.

იმისათვის, რომ არ მოხდეს გამოუსწორებელი შეცდომა, დაუშვებელია, ამ უნიკალური ძეგლის ბედი გადაწყდეს წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტების ოფიციალური დასკვნების გარეშე, ასეთი დასკვნები ხელეწიფება შემდეგ სამეცნიერო ორგანიზაციებს:

1) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს;

2) საქართველოს ეროვნული მუზეუმის ,,არქეოლოგიური კვლევის ცენტრს»;

3) გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტს;

4) ფერდინად თავაძის მეტალურგიის და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტს;

5) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს;

6) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,არქეოლოგიურ ინსტიტუტს»;

7) საქართველოს ეროვნულ აკადემიას.

2013 წლის 9 დეკემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დროს ქართულ სამთავრობო დელეგაციას გერმანელმა მეცნიერებმა ,,საყდრისის ოქროს მაღაროს» კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის შესაფასებლად შესთავაზეს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის ჩამოყალიბება. მათი დასკვნა გააადვილებდა პრობლემის სწორად გადაწყვეტას.

ბატონო პრეზიდენტო და ბატონო პრემიერმინისტრო!

კომპანიის მიერ «საყდრისის ოქროს მაღაროს» განადგურებას საზოგადოება აფასებს, როგორც ეთნოციდის მცდელობას. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ძეგლზე საერთაშორისო საექსპერტო სამუშაოების ჩატარებას და შესაბამისი დასკვნის მიღებამდე შეაჩეროთ ძეგლის ხელყოფა სამთამადნო კომპანიის მხრიდან.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here