Home რუბრიკები პოლიტიკა დავით თევზაძე: უკრაინაში, სამოქალაქო ომის შემთხვევაში, აღმოსავლეთ ევროპა შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე...

დავით თევზაძე: უკრაინაში, სამოქალაქო ომის შემთხვევაში, აღმოსავლეთ ევროპა შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს

635

უკრაინასთან დაკავშირებით ისევ აზრთა სხვადასხვაობაა, ექსპერტები ცდილობენ სამხედრო მოსაზრებებით, ეკონომიკით, კრიმინალით, კორუფციითა და ფსიქოანალიზითაც კი ახსნან უკრაინის კრიზისი, შედარებით ნაკლებს ლაპარაკობენ გეოპოლიტიკურ რეალობებსა და იმაზე, თუ რამდენად მომგებიანია ზესახელმწიფოებისთვის უკრაინის კრიზისის დროულად და, რაც მთავარია, უმტკივნეულოდ მოგვარება. ამ «კონფლიქტის» ანატომიის თაობაზე «საქართველო და მსოფლიოს» დავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ესაუბრა.

 

_ ბატონო დავით, ნათელია, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს რეგიონისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს; ხომ არ აღმოჩნდება ცოტა ხანში მსოფლიო ახალი გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე? და საერთოდ, თქვენი აზრით, რა მოხდა უკრაინაში, რეალურად რამ გამოიწვია არეულობა და ვინ დგას ამის უკან?

_ დადასტურებით რაიმეს თქმა ძალიან რთულია. იმდენად დიდი ინფორმაცია მოედინება, რომ ამის გადამოწმება შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით კულუარები, ანუ როგორ მზადდებოდა ეს სიტუაცია, როგორ მოხდა, რომ თითქოს დალაგებული ვითარების ფონზე სულ სხვა პროცესები განვითარდა. მხედველობაში მაქვს ის შეთანხმება, რომელსაც რუსეთმა არ მოაწერა ხელი, ხოლო სამი სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოაწერა. თუ იაცენუკს უნდოდა პრემიერმინისტრობა, რატომ თქვა უარი ამაზე დაახლოებით ორი თუ სამი კვირის წინ, როდესაც ოფიციალური შეთავაზება მიიღო მოქმედი პრეზიდენტისგან? ამიტომ ვამბობ: პირველი, რაც არ ვიცით, ეს არის კულუარები. ვიმეორებ, ჩვენ არ ვიცით არც რუსული, არც ევროპული და მით უმეტეს, არც ამერიკული კულუარები. ის, რაც ზედაპირზე ჩანს, ძირითადად ხომ ლაპარაკია, ამიტომ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. ლაპარაკია, რომ რუსეთმა განახორციელა აგრესია, თუმცა რაში ვლინდება ეს აგრესია, ამის თქმაც სერიოზულად გამიჭირდება. რა როგორ განვითარდება, ესეც მარჩიელობის სფეროა, ამიტომ მირჩევნია, თავი შევიკავო.

რაც შეეხება გეოპოლიტიკურ გადანაწილებას, ეს ახლა ან 2008 წელს კი არ დაწყებულა, არამედ გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც სერბეთს ჩამოაჭრეს კოსოვო, რაც იყო ძალიან ცუდი პრეცედენტი და არ ვიცი, ახლა ვინ აიღებს ამაზეს საბოლოო პასუხისმგებლობას, მაგრამ ამან შექმნა პრეცენდენტი და ამის შემდეგ ძნელია ევროპაში ურღვევი საზღვრების არსებობაზე ლაპარაკი. თუ დავაკვირდებით მოვლენათა შემდგომ განვითარებას, 2008 წელს რუსეთმა შექმნა უკვე პრეცენდენტი იმისა, რომ კავკასიაშიც აღარ არის ურღვევი საზღვრები. მე მესმის ახლა, დიდი და ერთიანი იუგოსლავია ან სერბეთი  ევროპისთვის რომ იქნებოდა ზედმეტი ტვირთი, ისევე, როგორც ეჭვი მიჩნდება, რომ დიდი და უშველებელი პოტენციის მქონე უკრაინაც დიდი ტვირთი იქნება. შესაბამისად, ევროპას, მიუხედავად თავისი ვორდინგისა, მართლაც შეიძლება აძლევდეს ხელს, რომ უკრაინა დაიშალოს. შემთხვევით არ არის, რომ ლაპარაკია ფინეთის ვარიანტზე, თუმცა ძნელი სათქმელია, ზუსტად ეს ვარიანტი რას გულისხმობს. ამიტომ ნებისმიერი ლაპარაკი, მათ შორის, ომის პროპაგანდა, ნაადრევია. ასევე ნაადრევია ნებისმიერი დასკვნის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში, თუ ვინმეს რეალურად უნდა ჰქონდეს წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელსაც სხვადასხვა საშუალება გვაწვდის, ეს უნდა იყოს საგარეო დაზვერვის უწყება და იმედი მაქვს, რომ მათ მართლაც აქვთ რაღაც სოლიდური იმისთვის, რომ საკუთარ მთავრობას უკარნახონ, რა ნაბიჯები გადადგან, დანარჩენი კი სპეკულაციაა.

ერთიანი უკრაინა, წესით, ევროპას არ უნდა აძლევდეს ხელს, ისევე, როგორც იუგოსლავია და იუგოსლავიაც დანამცეცდა, მეტიც, სერბეთიც ძალიან დიდი აღმოჩნდა მისთვის და ჩამოაჭრეს კოსოვო, რაც იყო ძალიან ცუდი პრეცენდენტი, რადგან მეორე მსოფლიო ომის მერე შექმნილი უსაფრთხოების არქიტექტურული მოდელით ვცხოვრობთ ამდენ ხანს და სწორედ ეს დაირღვა.

_ სამხედრო კონფლიქტი ახლა იწყება, უკვე დაწყებულია თუ, უბრალოდ, იარაღს აჟღარუნებენ? ჯარების გადაჯგუფება წავიდა, სამხედრო გემები დატრიალდნენ, რას ნიშნავს ეს?

_ მე მაინც მგონია, რომ ეს არის დიპლომატიური თამაშები ძალის დემონსტრირების ფონზე. ეს ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, მიღებული ხერხია დიპლომატიაში. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ომი არ დაიწყება, არც სამოქალაქო ომი, იმიტომ, რომ სამოქალაქო ომიც ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის. ეს არის თუნდაც დიდი რაოდენობა ლტოლვილებისა, რომელიც მიაწყდება ევროპას უფრო, ვიდრე რუსეთს. სამოქალაქო ომის შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპა შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. თუ ამან გამოიწვია დიდი სახელმწიფოების ჩართვა, ეს პირდაპირი გზა არის დიდი ევროპული ომისკენ, რომელსაც, არა მგონია, ვინმე აჰყვეს ევროპაში. ასე რომ, რაღაც მომენტში გამოსავალი მოინახება სიტუაციის დასარეგულირებლად. საქმე დიდ ომამდე არ მივა, უბრალოდ, თუ რუსეთს მართლა ჰყავს იქ დამატებითი კონტინგენტი, შეიძლება გაიყვანოს, მაგრამ რაღაცის სანაცვლოდ. აი, ასეთი ვაჭრობა მიდის ხოლმე დიდ ქვეყნებს შორის და ამას რაღაცნაირად მოახერხებენ. თუ რუსეთი შევა იმ საბაბით, რომ ყირიმში მოსახლეობის 60% რუსია, ანუ აქ კოსოვოს სიტუაცია უფრო იქნება, ვიდრე, ვთქვათ, ცხინვალის და აფხაზეთის. მართლა არ მინდა ჩაღრმავება, რადგან ვერასდროს გამოიცნობ რეალურად რა როგორ შეიძლება განვითარდეს. მიუხედავად იმ ვორდინგისა, რომელიც დასავლეთის ლიდერებმა რუსეთის მიმართ იხმარეს (არაადეკვატური და ..), ისინი მაინც იძულებულნი იქნებიან, ვაჭრობა დაიწყონ რუსეთთან, სანამ იქ გასროლამდე მივა საქმე, ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ დასავლეთი სამხედრო დაპირისპირებას თავს აარიდებს. აი, ასეთი სიტუაციაა.

_ როგორ აისახება უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოზე?

_ ჩვენზე ძალიან მძიმედ აისახება, ორივე სცენარის შემთხვევაში. ჯერ ერთი, ეკონომიკურად, არ მგონია, უკრაინამ შეძლოს იმავე დონის პარტნიორობა გაგვიწიოს, როგორც აქამდე. შეიძლება მოხდეს ისე, რომ რუსეთს გაუჩნდეს მეტი მოტოვაცია საზღვრების გაძლიერებისა სამხრეთ კავკასიაში. არ ვიტყვი, რომ ეს ერთადერთი პერსპექტივაა, მაგრამ ესეც ბურუსითაა მოცული, მეტიც, თუ რუსეთი იძულებული გახდება, ყირიმში თავისი ინტერესები დათმოს, შეიძლება მან კავკასიაში თავისი ინტერესები სავაჭროდ გამოიყენოს. როდესაც ასეთი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება, იქ ვინ არის მეგობარი, ვინ არის მტერი _ ეგ ყველა პირობითი ცნებაა, ყველა თავისი ინტერესის გამყარებას ცდილობს, ამიტომ, რაც უნდა მეგობარი იყოს, თუ დასჭირდა, ძალიან ადვილად შეძლებს, რომ დათმოს ერთი და მიიღოს მეორე; გააჩნია, რომელი უფრო მნიშვნელოვანია მისთვის. ყირიმი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ყირიმს შეუძლია აზოვის ზღვაში ჩაკეტოს რუსული ფლოტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხმელთაშუა ზღვაზე ნებისმიერი გასასვლელი რუსეთისთვის აღმოჩნდება ჩაკეტილი. ამ მხრივ ყირიმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აფხაზეთი, იგივე ფოთი, იგივე ბათუმი. ვაჭრობის თემა ესეც შეიძლება იყოს. მოკლედ, რა თამაში მიდის და ვინ დარჩება მოგებული, რთული სათქმელია.

_ საზოგადოებას აინტერესებს, ქართველმა სამხედროებმა უნდა იომონ თუ არა აფრიკაში. როგორ აფასებთ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, რას მისცემს ეს საქართველოს, ავღანეთში მონაწილეობამ მისცა რაიმე?

_ საერთოდ სამხედრო ძალების გამოყენება არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი. არ შემიძლია იმის თქმა, რომ ავღანეთმა არაფერი მოგვცა, პირადად მე ვიყავი ერთ-ერთი პიონერი, რომელიც ცდილობდა, ქართველი სამხედროები გამოჩენილიყვნენ საერთაშორისო მისიებში. ჯერ ერთი, საგარეო პოლიტიკაში ყოველთვის კარგია, რომ ჩნდები მაგიდასთან და წარმოადგენ დროშას. მეორე, შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩნდება რწმენა, რომ შენი სამხედრო ძალები ვარგისია; გარდა ამისა, პარტნიორებს უყალიბდებათ წარმოდგენა, რა შეუძლია საქართველოს ამ მხრივ.

სამხედრო ძალების გამოყენების პოლიტიკური მიზანშეწონილობა იზომება რამდენიმე პარამეტრით, ერთერთი ძირითადია უაინბერგერის დოქტრინა: გამოიყენო შენი ძალები მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც შენი ან შენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვს ამას. ფაქტია, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესები ჩვენი კონტინგენტის აფრიკაში ყოფნას არ მოითხოვს. მოკავშირეები ჩვენ არ გვყავს, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მოკავშირე არ ჰყავს. რასაც შეიძლება მოკავშირე ეწოდოს, ასეთი იყო უკრაინა ჩვენთვის, მაგრამ ხომ ხედავთ, რა დღეშია?! რაც შეეხება ჩვენს პოტენციურ მოკავშირეებს, პარტნიორებს, ასე ვთქვათ, თუ მათთვის ამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მალიში სამხედრო ყოფნა, მაშინ გაუგებარია, რატომ არის ის კონტინგენტი ისეთი მცირე. ამიტომ ეგეც საეჭვოა. როდესაც ორი ასეთი საეჭვო მომენტი დგება სასიცოცხლო ინტერესებთან დაკავშირებით, სჯობს, რომ სამხედრო ძალის გამოყენებისგან თავი შევიკავოთ. მეორე, ახლა შენ როცა ცენტრალურ აფრიკაში აგზავნი თურქეთზე მეტ ჯარისკაცს, ეს არის, მაპატიეთ და, სიბრიყვე. მე არ მეშინია ამ სიტყვის.

_ თავდაცვის მინისტრმა ეს არ იცის?

_ არ ვიცი, ვინ იცის ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა შეიძლება ეს არ იცოდეს (მას ეს არ ეხება, ის სამოქალაქო პირია და არც სამხედრო განათლება ჰქონია), მაგრამ მას ჰყავს გენერალური შტაბი, რომელმაც უნდა უთხრას, რომ ერთი ოფიცრის გაგზავნა ასეთ შემთხვევაში არის სავსებით საკმარისი. თუ პოლიტიკური მიზანშეწონილებაა, რომ შენ იქ ჩანდე, მაშინ საკმარისია, მაგიდაზე იდოს დროშა და ქართული წარმომადგენლობა იჯდეს იმ მაგიდასთან და არა ის, რომ თურქეთზე დიდი კონტინგენტით იყო წარმოდგენილი. ამიტომ მე ვთვლი, რომ ასეთ გადაწყვეტილებას უნდა ახლდეს საერთო ეროვნული თანხმობა.

რაც შეეხება მოვლენებს, რომელთა წინაშეც ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ძალიან ახლო მომავალში (გააჩნია, უკრაინაში რა როგორ განვითარდება), ჩვენი შეიარაღებული ძალები შეიძლება აქ უფრო მეტად საჭირო აღმოჩნდეს ჩვენთვის, ვიდრე ცენტრალურ აფრიკაში. ამ ფონზე, როდესაც ასეთი მწირი სამხედრო შესაძლებლობები გაქვს, ადამიანების ასე დაფანტვა არ მიმაჩნია სწორად. ეს არის ჩემი შეხედულება და, ვისაც უნდა, დამემდუროს, ვისაც უნდა, მადლობა მითხრას. მე უნდა ვიცოდე, რომ დიდუბესთან ღობეს არავინ მოიტანს, მაგრამ მე ეს არ ვიცი; ამ დროს კი მალისა და ავღანეთში ვამყარებ წესრიგს, აქ ვინ დამიმყარებს წესრიგს?!

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here