Home რუბრიკები საზოგადოება კვერცხი დედაქალაქის ცენტრში

კვერცხი დედაქალაქის ცენტრში

574

ქვეყანაში არაფერი რომ არ შეცვლილა, განსაკუთრებით უკეთესობისკენახალი ამბავი არ არის. არ შეცვლილა არც ერთ დარგში, არც ერთ სექტორში, მათ შორის, არც დედაქალაქის არქიტექტურისა და მისი იერსახის მხრივ. სააკაშვილის ახირებების განხორციელება ისევ გრძელდება. ქვეყნის სათავეში მოსვლამდე ეს ხელისუფლება გამუდმებით აკრიტიკებდა ქალაქების ქუჩებში დადგმულ ველოსიპედის ძეგლს, შეღებილ სახლებს, ხიდებს, შადრევნებს, უკანონო მშენებლობებს, მაგრამ დღეს სააკაშვილის ვერმოსწრებული იდეის განხორციელებას ცდილობენ _ დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილას კვერცხი უნდათ, დადგან.

 

ზოგისთვის ეს სასაცილო და საქილიკო ამბავია, მაგრამ არიან ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ასეთ ფაქტებს სიცილითა და ხუმრობით ვერ უყურებენ.  «საქართველო და მსოფლიო» დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილას კვერცხის დადგმის ინიციატივასთან დაკავშირებით ცნობილ არქიტექტორს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს გიგა ბათიაშვილს ესაუბრა.

_ ბატონო გიგა, ამბობენ, სააკაშვილის იდეა, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილას კვერცხი დაიდგას, რომელიც საბაგირო გზის გაჩერება იქნება, კვლავ ძალაში რჩებაო

_ კვერცხი დედაქალაქის ცენტრში? _ საშინელებაა!

ასეთი ძეგლების გამოჩენამ თავის დროზე საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგივე ახალი ხელისუფლების ხელშიც გრძელდება. ნუთუ საზოგადოება ცდებოდა, როცა უარყოფითად აფასებდა მსგავსი ძეგლების დადგმას? ამ ყველაფერს პროფესიონალების დასკვნა სჭირდება, ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. საერთოდ, ძეგლებთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რამდენად უღირს მთავრობას  ამა თუ იმ ნაგებობაზე ფულის დახარჯვა და რა კულტურული ღირებულების მატარებელია იგი.

პატარა ერი ვართ, მაგრამ კულტურა, რომელიც გაგვაჩნია, ჩვენთვის ფასდაუდებელია და ეს არავის უნდა დაავიწყდეს.

არ ვიცი, იქნებ ვიღაცისთვის კარგია, რომ იქ, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა, საბაგირო გზის გაჩერება გაკეთდება, მაგრამ ამას აუცილებლად დასჭირდება პროფესიონალების დასკვნა, რადგან საბაგირომ უნდა გადაკვეთოს რუსთაველის გამზირი; ამასთან, ხალხის მოთხოვნაა, რომ ჩვენი დიდი მეფის ძეგლი თავის ადგილას დააბრუნონ, რაც, ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება.

საბაგირო გზა რომ აუცილებელი იყო თბილისისთვის, სწორედ ამიტომ დაპროექტდა და აშენდა ის გამართული კაპიტალური შენობა, რომელიც ახლა მეცნიერებათა აკადემიის ეზოში დგას. მას ხელის შევლებაც არ სჭირდება, უბრალოდ, სისტემაა შესაცვლელი. თუ საბაგიროს ისე დატოვებენ, როგორც იყო, ყველაფერი თავის ადგილას დადგება, დავით აღმაშენებლის ძეგლიც ძველ ადგილს დაუბრუნდება.

ზუსტად არ ვიცი, რა უნდა აშენდეს რუსთაველის გამზირზე, ამბობენ, კვერცხიო, მაგრამ კვერცხის ადგილი იქ არ არის.

გარდა ამისა, ხალხი დაბნეულია იმ ხიდთან დაკავშირებითაც, რომელიც თავის დროზე ანჩისხატსა და რიყეს შორის აშენდა. მას «ბუდა» ბარი მოჰყვა, ამის შემდეგ ის «ბოტები» აშენდა, რომელსაც გულივერისა შევარქვი. ეს «ბოტები» უინტერესო არ არის, მაგრამ ძალიან მოუხერხებელ ადგილასაა და აკნინებს ისტორიულ გარემოს.

_ ბატონო გიგა, ვინ უდგას ამ ყველაფერს სათავეში? პროფესიონალთა გუნდი მუშაობს?

_ არ ვიცი, ვინ მუშაობს. ფაქტია, რომ არაფერი გათვლილი არ არის. მარტო ძეგლების საკითხი კი არ არის პრობლემა, სერიოზულად დასაფიქრებელია თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობაც. ამ პროექტზე ხან ამბობენ, რომ შეჩერდა, ხან ხელახლა იფეთქებსშემოვლითი რკინიგზა უნდა გაკეთდეს, ამას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ არა იმ ადგილას, სადაც ახლა შენდება. და აი, რატომ: პირველი, ეს წარმოშობს ეკოლოგიურ პრობლემებს. ვინც კარგად იცის თბილისის ზღვის ტერიტორია, ისიც ეცოდინება, რომ ფერდი, რომელზეც გზა გაჰყავთ, მისი ყველა ნაოჭი, დიდი თუ პატარა ხრამი, თბილისის ზღვისკენ მიემართება, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ავარიის შემთხვევაში, ყველა სიბინძურე ზღვაში ჩავა, ეს ჩვენთვის კატასტროფა იქნება, ზღვა ხომ სასმელი წყლის რეზერვუარია.

ქალაქს განვითარება სჭირდება, ფუნქციური განვითარება, სწორედ ზღვის ტერიტორიაზე არსებულ ფერდზე შეიძლება სრული ინფრასტრუქტურით ახალი ქალაქის აშენება და განვითარება. ასეთივე დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის პორტის მშენებლობაც. საზღვაო კარიბჭე უნდა შეიქმნას, მაგრამ სად?

_ გასაგებია თქვენი წუხილი, მაგრამ არ გიფიქრიათ, იმ ადამიანებისთვის თქვენი მოსაზრება გაგეზიარებინათ?

_ უნდა აღდგეს ის ინსტიტუტები, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობდა. მსგავსი რამეები ქვეყანაში ძალაუფლების მქონე და გავლენიანი ადამიანების გადაწყვეტილების შედეგად არ უნდა ხორციელდებოდეს, საკითხს მეცნიერული შესწავლა სჭირდება, ამიტომ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი იმ ადამიანებს უნდა დავუჭიროთ, რომლებიც ამ საკითხზე პროფესიონალურად იმუშავებენ.

ის, რაც დღეს კეთდება, ვერ გეტყვით, რა კრიტერიუმებით ფასდება, ვინაიდან, ასეთ გადაწყვეტილებებს ეროვნულკულტურული ღირებულება არ გააჩნია. საქმეზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ და აცნობონ ქვეყნის მმართველებს. ეს იქნება საკითხისადმი სწორი მიდგომა. ჩვენს ქალაქში ყველაფერი გაუგებრად ხდება. არ არსებობს თბილისის გენერალური გეგმა, ქვეყნის განსახლების პროექტი, არაფერი გაანალიზებული არ არის.

_ სააკაშვილის დროს არსებობდა?

_ სააკაშვილს ეს არც სჭირდებოდა, მას არ აინტერესებდა გეგმები, საკუთარი მოსაზრებები ჰქონდა და სხვებსაც თავს ახვევდა.

ჩემი რჩევა იქნება, ვიდრე სერიოზულ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, პროფესიონალებს გააცნონ; ვიდრე საქმის მცოდნენი არ გამოთქვამენ ამა თუ იმ პროექტის შესახებ თავის მოსაზრებას, მანამდე ხმამაღლა ნურაფერს გამოაცხადებენ. ქვეყანა თუ მეცნიერებას ზურგს შეაქცევს, წინ ვერ წავა, ვერ დაიმკვიდრებს მსოფლიო იერარქიაში ადგილს. დღეს ჩვენი ქვეყანა ცნობილია ხელოვნებით, კულტურით, მეცნიერებით, სწორედ ამით გავაგებინეთ მსოფლიოს ჩვენი არსებობა, რასაც გაფრთხილება სჭირდება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი     

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here