Home რუბრიკები პოლიტიკა უზი ლანდაუ: საბჭოთა ხალხის სიმტკიცემ და შეუპოვრობამ ნაციზმთან ბრძოლაში მთელი მსოფლიოს იხსნა

უზი ლანდაუ: საბჭოთა ხალხის სიმტკიცემ და შეუპოვრობამ ნაციზმთან ბრძოლაში მთელი მსოფლიოს იხსნა

514

4 თებერვალს იერუსალიმში დსთ-ს და ბალტიისპირეთის ქვეყნების და საქართველოს მთავარი რედაქტორების კლუბის მორიგი, მეშვიდე სესია გაიხსნა. სესიის ფარგლებში კლუბის წევრები – მედიამენეჯერები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შეხვდნენ ისრაელის ტურიზმის მინისტრს უზი ლანდაუს.

გამოცდილმა პოლიტიკოსმა უზი ლანდაუმ მოკლედ ისაუბრა ისრაელის ურთიერთობაზე ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ისრაელში 800 ათასი ტურისტი ჩადის ყოფილი საბჭოეთიდან, მთლიანად კი 3,5 მილიონი ადამიანი სტუმრობს ამ ქვეყანას.

ისრაელი ტურიზმის განსავითარებლად და ტურისტების მოსაზიდად არამხოლოდ ისტორიულ ძეგლებს უფრთხილდება თვალისჩინივით, და ტურისტულ ინფრასტრუქტურას აუმჯობესებს, არამედ სავიზო რეჟიმსაც ამარტივებს ან, საერთოდ, უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებებს აფორმებს. ერთერთი ასეთი ქვეყანაა საქართველო, რომელთანაც უკვე მიღწეულია შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ და უახლოეს მომავალში საქართველოს კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს შეეძლება აღთქმულ მიწაზე სიწმინდეების მონახულება და მოლოცვა.

უზი ლანდაუს თქმით, ქნესეთის კომისიამ უკვე დაამტკიცა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილება და ახლა პასუხს საქართველოდან ელოდებიან.

ამ ინფორმაციის მოსმენის და უზი ლანდაუს განცხადების, _ შეგვიძლია არამხოლოდ ტურიზმზე ვისაუბროთო, _ შემდეგ რედაქტორთა კლუბის ქართველ წევრს ბონდო მძინარაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს ტურიზმის მინისტრს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა.

 

_ ისრაელს აქვს უვიზო მიმოსვლა ან გამარტივებული სავიზო რეჟიმი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან. საქართველოსაც აქვს ანალოგიური გამარტივებული რეჟიმი მსოფლიოს ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც ისრაელის მიმართ მეგობრული დამოკიდებულებით არ გამოირჩევიან. რა გავლენას ახდენს ისრაელის არამეგობარი ქვეყნების მიმართ საქართველოს ასეთი დამოკიდებულება ისრაელსაქართველოს ურთიერთობაზე?

_ ზუსტად არ შემიძლია რამეს თქმა, მაგრამ ჩემი მხრივ ზუსტად გეტყვით, რომ საქართველოს ურთიერთობა ნებისმიერ სახელმწიფოსთან, საერთოდ არ მოახდენს გავლენას საქართველო-ისრაელის ურთიერთობაზე. რასაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, ეს არის საქართველო-ისრაელის ურთიერთობა.

_ რა შეგიძლიათ თქვათ ისრაელის ინტერესებზე კავკასიაში გრძელვადიან პერსპექტივაში და საქართველოისრაელის თანამშრომლობის რომელ ასპექტს გამოყოფდით?

_ მე შემიძლია გამოვყო სამი ასპექტი _ პირველი, ეს არის პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩვენ ვთვლით, რომ ყველა სახელმწიფო, რომელსაც სურს თავის დაცვა ტერორისგან, უნდა თანამშრომლობდნენ და ერთიანი ფრონტით უნდა გამოვიდნენ ტერორის წინააღმდეგ; მეორე ასპექტია ვაჭრობა და ბიზნესი; მესამე ასპექტი კი _ კულტურული განვითარება და დიალოგი ხალხებს შორის.

ჩემი აზრით, ახლა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის აუცილებელია ორი პირობა _ უპირველესად, სახელმწიფოების ეკონომიკური განმტკიცება და ცხოვრების დონის ამაღლება და მეორე _ დიალოგის განვითარება, რომელიც სულ უფრო მეტად გააღრმავებს ურთიერთგაგებას, დააახლოებს ქვეყნებს, რაც აუცილებელია, რათა ერთობლივი ფრონტით გამოვიდნენ საერთო საფრთხეების წინააღმდეგ.

აქვე აღვნიშნავ, რომ როცა ტურიზმზე საუბრობენ, როგორც წესი ლაპარაკობენ საქმიან, ეკონომიკურ ასპექტზე, თუმცა ჩვენ ტურიზმს ცოტა განსხვავებულად ვუყურებთ. ეს ჩვენთვის უფრო მეტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტურიზმი _ ეს არის ხიდი ხალხებს, კულტურებსა და ენებს, სახელმწიფოებს შორის. ეს მიდგომა ყოველთვის სწორი იყო, მაგრამ ახლა, ინტერნეტის ეპოქაში, განსაკუთრებით საყურადღებოა. ახლა ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა გვაქვს ფეისბუკით, ტვიტერით, ელექტრონული ფოსტით, შეგვიძლია მოსაუბრის სახის დანახვა კომპიუტერის ეკრანზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვკარგავთ ადამიანურ ურთიერთობებს.

აუცილებელია მოსაუბრის დანახვა, მისი ხმის გაგონება, მისთვის ხელის ჩამორთმევა. აუცილებელია ადამიანური სითბო, რომელიც კიდევ უფრო გაიშვიათდა ინტერნეტის ეპოქაში. რაც უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა აქ რუსეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, სხვა ქვეყნებიდან, რაც უფრო მეტად ნახავენ ჩვენს ქვეყანას, მით უფრო მეტად გაუგებენ, რადგან სურათი, რომელიც მათ მეხსიერებაში დარჩება ისრაელში ვიზიტის შემდეგ, ძალიან მკვეთრად განსხვავდება იმ სურათისგან, რისი ნახვაც ტელევიზიით შეიძლება. და ისრაელის თითოეული სტუმარი, ფაქტობრივად, ჩვენი ელჩი ხდება თავის ქვეყანაში.

მაგალითად, მე როცა მოსკოვში ან კიევში ჩავდივართ ამ ქალაქებიდან ყოველთვის თბილი შეგრძნებებით ვბრუნდები. ჯერ კიდევ არ ვყოფილვარ მინისტრის რანგში, მაგრამ იმედი მაქვს, ჩავალ ყაზახეთში, საქართველოში, ბელორუსში.

_ შესაძლებელია თუ არა, რომ კავკასია განვიხილოთ როგორც ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარების, ანუ ისრაელისა და მისი მეზობელი მუსლიმანების კონფლიქტის გასაღები?

_ საერთოდ კაცობრიობის უსერიოზულესი პრობლემის გადაწყვეტა, კავკასიიდან მოვიდა. წარღვნის შემდეგ ნოეს კიდობანი სწორედ არარატის მთაზე გაჩერდა.

_ ხსნაც კავკასიიდან მოვიდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სტალინს ვგულისხმობ.

_ გარდა ამისა, საქართველოში იყო ძალიან დიდი ებრაული თემი. ძალიან ბევრი ებრაელი გარბოდა კავკასიაში, ჰიტლერელებისგან თავის გადარჩენის მიზნით. საბჭოთა ხალხის სიმტკიცე და შეუპოვრობა ნაციზმთან ბრძოლაში, რასაკვირველია, იყო მთელი მსოფლიოს ხსნის გასაღები. ამის გარეშე მსოფლიო სულ სხვანაირი იქნებოდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here