Home რუბრიკები საზოგადოება სამეგრელოს ახალი გუბერნატორი ლევან შონია «ნაცებს» იბარებს და სთხოვს, რომ მომავალ...

სამეგრელოს ახალი გუბერნატორი ლევან შონია «ნაცებს» იბარებს და სთხოვს, რომ მომავალ არჩევნებში დაეხმარონ

532

«საქართველო და მსოფლიო» (უკვე მეორე ნომერია) სამეგრელოში არსებული ვითარებით ინტერესდება. წინა ნომერში შევეცადეთ უბრალო, ადგილობრივი მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ ისე გაგვეგო, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ ჩაგვერია. გაზეთის ამ ნომერში კი გადავწყვიტეთ «დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს» სამეგრელოს რეგიონის კურატორ ლერი გელენავას გავსაუბრებოდით. მანაც ზუსტად იმავე პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც სამეგრელოს თითოეული მცხოვრები საუბრობს.

 

_ სამეგრელოში, სახელების გარდა, არაფერი შეცვლილა; ვისაც ადრე ერქვა «ნაცი», დღეს ჰქვია «ოცნება». მშენებლობები საერთოდ შეჩერდა, ითიშება დენი, ყველა სოფელში გაზის შესაყვანად დაწყებული სამუშაოები შეჩერდა. ხალხს ზუსტად ის პერიოდი ახსენდება, სააკაშვილი რევოლუციისთვის რომ ემზადებოდა და დივერსიულ აქტებს აწყობდა. რეგიონში საგანგაშო ვითარებაა, რაც ხალხის უდიდეს გაღიზიანებას იწვევს, რადგან დღემდე ვერ ხვდებიან, ვინ არის ხელისუფლებაში – «ნაცები» თუ «ოცნება».

სამეგრელოს ახალი გუბერნატორი ლევან შონია «ნაცებს» იბარებს და სთხოვს, რომ მომავალ არჩევნებში დაეხმარონ. ისინი ძალიან შეხმატკბილებულნი ცხოვრობენ, ხოლო ადამიანები, რომლებიც «ნაციონალების» წინააღმდეგ წლების განმავლობაში იბრძოდნენ, ცოტა არ იყოს, შიშით შეჰყურებენ არსებულ ვითარებას, ამას კი ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს.

_ ბატონო ლერი, ზუგდიდის მკვიდრნი ამბობენ, რომ შესაძლებელია, «ნაცები» 40%-ით მოვიდნენ რაიონულ თვითმმართველობებშიო

_ თქვენ ასე გითხრეს? მე კი ვიცი, რომ «ნაციონალები», შესაძლებელია, უმრავლესობაში აღმოჩნდნენ, თუმცა მეგრელი ხალხის გონიერების დიდი იმედი მაქვს.

საუბარია და ზუსტად ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება რაიონების გადანაწილებაზე, ამბობენ, რომ ქალაქები «ოცნებას» დარჩება, ხოლო სოფლებს «ნაცები» მოიგებენ, რაც კატასტროფამდე მიგვიყვანს. ხალხი გრძნობს, რომ ახალ მთავრობას ძველები სჭირდება, მათი შესაძლებლობების გამოყენება უნდათ, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, ამ მუხანათი ადამიანების გვერდით დგომით ხალხს როგორ აფრთხობენ, ყველა ფიქრობს, რომ «ნაცები» «ოცნებას» მალე ჩააჩოჩებს.

შიში, რომელიც სამეგრელოში არსებობდა, ერთი პერიოდი მინელდა, მაგრამ ახლა კვლავ განახლდა. როლანდ ახალია, როგორც მაჟორიტარი, ხალხში კვლავ ჩნდება, რაც შიშის საფუძველს ნამდვილად იძლევა.

 თანამდებობებზე ისევ «ნაციონალები» არიან, თანაც აქტიური «ნაციონალები». ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხს მომავლის შიში ჩაუნერგონ, რაც თითქმის უკვე სახეზე გვაქვს _ ყველა ფიქრობს, რომ ძველი დრო დაბრუნდება, დრო, როდესაც არ იყო დენი, სამუშაო, იყო ძარცვა და ყაჩაღობა.

_ ბატონო ლერი, იმაზე უარესი ვითარებაა, ვიდრე «ნაციონალების» დროს იყო?

_ აშკარად უარესი მდგომარეობაა. თან იქაურ ხალხს ყველაზე მეტად, იცით, რა აღიზიანებთ? როდესაც მთავრობა გამოდის და ამბობს, რომ კახელ გლეხს ვეხმარებით ვენახის მოვლაში, ყურძნის ჩაბარებაში, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს და ყველა კუთხე ერთმანეთზე მდიდარი იყოს, მაგრამ მთავრობას ავიწყდება, რომ მეგრელების ერთადერთი შემოსავალი თხილია, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სამი ლარი ღირს და მეტი რა გინდათო. იმდენი უკვე აღარ იციან, რა უჯდება გლეხს თხილის მოვლა. მთავრობას არ ესმის, რომ სამეგრელო კონფლიქტის ზონაშია, ჩიხში იმყოფება და მას ყველაზე მეტი დახმარება, წახალისება სჭირდება. ამ რეგიონში არ არსებობს არც ერთი ქარხანა, საწარმო. ასი საწარმო თუ სადმე გაიხსნა, ერთი მაინც ყოფილიყო სამეგრელოში?!

სამეგრელოში წინა ხელისუფლება თავის დასაყრდენ ძალას ქმნიდა, რაც დღემდე იგრძნობა. «ნაციონალები» ისევ მყარად არიან, მათი წელში გატეხვა «ოცნებამ» ვერ შეძლო, ამიტომ მთავრობას ურჩევნია, რომ სამეგრელო მიჩუმებული და დაკონსერვებული ჰყავდეს.

ახალი მთავრობა უსუსურია. მოსახლეობას ხელისუფლებისგან მეტი ყურადღება რომ ეგრძნო, დარწმუნებული ვარ, «ნაციონალები» ამ დონეზე ვერ იბოგინებდნენ, განსაკუთრებით, სამეგრელოში. ხალხი ხედავს, რომ «ნაციონალების» კარნახით კეთდება ყველაფერი, ხალხი უკიდურესად იმედგაცრუებულია, მაგრამ რა ქნას, ახალი მთავრობა ყურადღებას არ აქცევს, ძველი აღარ უნდათ, სხვა მშველელი კი ჰორიზონტზე, სამწუხაროდ, არავინ ჩანს.

_ ივანიშვილმა გვითხრა, რომ «ნაციონალების» გამოხდომებს იუმორით შეხედეთო

_ მთავრობას ამომრჩეველი დაავიწყდა, აღარც ბიძინას უნდა მათი მოსმენა, უკვე თითის ქნევა დაიწყო, მაგრამ ხალხი და განსაკუთრებით სამეგრელო, მათ აიძულებს, რომ მოუსმინონ. დიდი ფულის შოვნა არ ნიშნავს ერის სათავეში იდგე და ბრძანებები გასცე, თან თუ სააკაშვილი შენი მოყვანილი და დაფინანსებული იყო და ახლა ურეიტინგო პარტიებს აღზევებ. მეგრელებს ფულით ვერავინ გააკვირვებს

არ მინდა გავაზვიადო, მაგრამ ხალხთან ურთიერთობისა და მათი აზრის საფუძველზე ვაცხადებ, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგო, უკმაყოფილების ტალღას ვერ შეაჩერებენ. შესაძლებელია, ყოფილი პრემიერისთვის სასაცილო იყოს ის ყველაფერი, რაც სამეგრელოში ხდება, მაგრამ მისი სიტყვებიც და სხვა ბევრი რამეც ილექება და, თუ მეგრელები გაბრაზდნენ, არა მგონია, ბიძინას სიცილის თავი ექნეს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ძალიანაც კარგი თუ ნაცები მოვლენ, თქვენ (ქოცები)ხომ იდიოტები ხართ, დაანგრიეთ ქვეყანა, ნაძირალებო, წელიწადნახევარი კიდევ იპარპაშებთ, მერე ზოგი რუსეთში გაიქცევით, ვინც ვერ მოასწრებთ, ბიუჯეტის დაბრუნება მოგიწევთ, თან ძალიან მწარად,…თფუ თქვენი….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here