Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინოკრატია და სანჩოს ახდენილი ოცნება

ბიძინოკრატია და სანჩოს ახდენილი ოცნება

683

უცნაური, ირონიული ტერმინი «ბიძინოკრატია» ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვხვდება. ის, სავარაუდოდ, იმის გამო გაჩნდა, რომ პოლიტოლოგებს ძალიან უჭირთ იმ რეჟიმის აღწერა, რომელიც საქართველოში მკვიდრდება. ამას, დიდი ალბათობით, ვერც გაცოცხლებული არისტოტელე შეძლებდა, პლატონზე რომ არაფერი ვთქვათ (პლატონის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ ბოლო ფრაზაში სახელებს ადგილი შეუცვლონ). ეს რაღაც ახალია, ნაწილობრივ ამოუცნობი და უაღესად საინტერესო.

 

ფორმალური თვალსაზრისით, საქართველოში დემოკრატიაა (განვითარებადი, ჯერჯერობით არასრულყოფილი, მაგრამ მაინც), თუმცა მას მთელი რიგი «ეროვნული თავისებურებები» ახასიათებს. ამომრჩევლების დიდი ნაწილი, ერთი მხრივ, დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ბედი მის არჩევანზეა დამოკიდებული, ხოლო მეორე მხრივ, შეგუებულია აზრს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს. ბევრ ღრმადპატივცემულ თავში ეს ორი იდეა ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე თანაარსებობს. 

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი სამი თვის წინ დატოვა, როგორც მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეეების აბსოლუტური უმრავლესობა მას ისევ ქვეყნის მმართველად, საქართველოს არაფორმალურ დირექტორად აღიქვამს და, შესაბამისად, მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას აკისრებს. ეს კი, სხვა ყველაფერთან ერთად, ქვეტექსტში გულისმობს უხმო თანხმობას იმაზე, რომ ივანიშვილმა ხელისუფლებაზე ნებისმიერი სახის გავლენა მოახდინოს და, ფაქტობრივად, მართოს ის, როგორც მოეხასიათება. მეტიც, აშკარაა, რომ უამრავი ადამიანი გაცილებით მშვიდად იძინებს, თუ დარწმუნებული იქნება, რომ ღარიბაშვილი და მარგველაშვილი ივანიშვილის ინსტრუქციიის მიხედვით (ან, როგორც მინიმუმი, მის კონტროლქვეშ) მოქმედებენ, ვიდრე მაშინ, როდესაც შეიტყობს, რომ მათი ნაბიჯები სრულიად დამოუკიდებელია. დემოკრატიისა და ავტოკრატიის უცნაური სიმბიოზი სახელად «ბიძინოკრატია» არაერთ მსგავს პარადოქსს უკავშირდება.

სიტუაციამ, როდესაც კანონი არ ანიჭებს ფორმალურ უპირატესობას მდიდარ ადამიანებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი პოლიტიკაზე განმსაზღვრელ ზეგავლენას ახდენენ, ბუნებრივად შეიძლება პლუტოკრატია გაგვახსენოს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასურველია, ეს ტერმინი პროპაგანდისტული დატვირთვის გარეშე გამოვიყენოთ). მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საუბარმა პლუტოკრატიაზე, ისევე, როგორც ოლიგარქიის ნებისმიერ სახეობაზე, შეიძლება შეგვიყვანოს წინააღმდეგობაში თავად ტერმინთან (ოლიგონ _ ცოტა, მცირედნი; არქე _ ძალაუფლება) და იმ საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებასთან, რომ ნებისმიერი ოლიგარქია მმართველთა  თუნდაც ძალიან მცირერიცხოვანი ჯგუფის არსებობას გულისხმობს.

მაგალითად, ლათინური ამერიკის ქვეყნების ისტორიაში ხშირად გვხვდება დაახლოებით ასეთი ფრაზა: «რეალურ ძალაუფლებას ხუთი (ათი, ოცი _ მნიშვნელობა არ აქვს) უმდიდრესი ოჯახი ფლობდა». ბიძინა ივანიშვილი კი მარტოდმარტოა და ჰორიზონტზე არ ჩანს არც ერთი ფიგურა ანალოგიური სიმდიდრით და პოტენციური გავლენით, რომელიც იმავე როლს შეასრულებს. საერთოდ, ბოლო დროს ძალიან მდიდარი ადამიანები, რომელთაც კონსპიროლოგები «პლუტოკრატიის ბურჯებს» უწოდებენ, თავს იკავებენ პოლიტიკაში უშუალო ჩარევისგან და გავლენის პროეცირებას მათ კონტროლქვეშ მყოფი პროფესიონალი პოლიტიკოსებისა და ლობისტების მეშვეობით ახდენენ. ეს ძალაუფლება ძალიან ჩუმია და ნაკლებად შესამჩნევი უცხო თვალისთვის, მას კრიპტოკრატიული ეთიკა და ესთეტიკა უკავშირდება. ივანიშვილი თითქოს მიისწრაფოდა ამ მიმართულებით, მაგრამ თავი ვალდებულად ჩათვალა (ან იძულებული გახდა) პოლიტიკაში უშუალოდ ჩარეულიყო, ახლა კი იმავეს სამოქალაქო სექტორში აკეთებს. ბიძინოკრატიას, როგორც სისტემას, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, არ შეუძლია იფუნქციონიროს ისე, რომ მისი ცენტრალური ფიგურა სასახლეში ჩაიკეტოს და საზოგადოებაში აღარ გამოჩნდეს. ის პროცესებში უშუალოდ უნდა ჩაერთოს და ტელეაუდიტორიის წინაშე გარკვეული პერიდულობით წარდგეს.

დიდი გავლენა ივანიშვილის პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე, სავარაუდოდ, მოახდინა 90-იანი წლების იმ პერიოდმა, როდესაც რუსეთის მსხვილი ოლიგარქები ელცინის მთავრობის პოლიტიკაზე ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენდნენ _ ე. წ. «სემიბანკირშინა». ეს სიტყვა XVII საუკუნის დიდი რუსული არეულობის («სმუტა») დროინდელი ერთ-ერთი მთავრობის, «სემიბოიარშინას» ირონიულ გადამღერებას წარმოადგენს და ასეთი სახით ამიტომ დამკვიდრდა. რეალურად, ოლიგარქები, რომლებმაც კონფლიქტების მიუხედავად, ელცინის გადასარჩენად, 1996 წლის არჩევნების წინ არაფორმალური კავშირი შექმნეს, ცხრანი იყვნენ. მათ უმრავლესობას ხელისუფლებისა და მსხვილი ბიზნესის ურთიერთობის იდეალურ მოდელად დაახლობით ის მდგომარეობა მიაჩნდათ, რომელიც ივანიშვილმა დღეს საქართველოში დაამკვიდრა (ფაქტობრივად, სრული კონტროლი). მაგრამ რუსული «სემიბანკირშინა» საკუთარ თავში შეიცავდა კონკურენტი ოლიგარქების ურთიერთშეკავების მექანიზმს, მაგალითად, ბერეზოვსკის გავლენის ზრდას ხელს უშლიდა გუსინსკი და პირიქით; ბიძინა ივანიშვილი კი მარტოა, მას არავინ აკავებს. საქართველოში «ოდნობანკირშინაა», «ოლიგარქია მხოლობით რიცხვში», ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ბიძინოკრატია.

ზოგს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ კონკურენციას ივანიშვილს და მის კონტროლქვეშ მყოფ პოლიტიკოსებს მიხეილ სააკაშვილი და «ნაციონალური მოძრაობა» უწევენ, მაგრამ რეალურად «ნაცმოძრაობის» ლიდერების უდიდესმა ნაწილმა უკვე გაიაზრა თავისი დაქვემდებარებული მდგომარეობა ახალ სისტემაში და, მწვავე რიტორიკის მიუხედავად, მშვენივრად თანამშრომლობს ახალ ხელისუფლებასთან, დაახლოებით ისე, როგორც რამდენიმე წლის წინ ე. წ. «ფსევდოოპოზიცია» თანამშრომლობდა სააკაშვილის რეჟიმთან. შესაძლოა, რამდენიმე ლიდერმა ეს ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, თუმცა რეალურად მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ და მალე მათივე თანაპარტიელები დაამშვიდებენ. მაგრამ თქმული არ ნიშნავს, რომ ბიძინოკრატიას არაფერი ემუქრება. მას დასავლელი პარტნიორების მიერ გავლებული რიგი «წითელი ხაზების» გათვალისწინება უწევს. საქართველო ძალიან სუსტი სახელმწიფოა და ვიდრე ივანიშვილის კონტროლი პოლიტიკურ ძალებზე და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე კიდევ უფრო მყარი არ გახდება, მას არ ექნება შესაძლებლობა, ხსენებულ «წითელ ხაზებს» დაუფიქრებლად გადააბიჯოს. ის, ვინც დღეს ზედმეტი სიფრთხილისთვის აკრიტიკებს, ალბათ, ძალიან უსამართლოდ იქცევა, რადგან გარე მოთამაშეების დასაყრდენი საქართველოში ჯერჯერობით საკმაოდ დიდია და ისინი ინარჩუნებენ შესაძლებლობას, განაწყენების შემთხვევაში, ივანიშვილს სერიოზული «მაიდანი» მოუწყონ (შედეგი ამოუცნობია, მაგრამ დესტაბილიზაცია _ გარანტირებული). ივანიშვილი, ხასიათის თავისებურებებიდან გამომდინარე, 99%-იანი ალბათობით, არ შეეგუება ამ სიტუაციას და თანდათან შეცვლის მას, მაგრამ ამას ნელი, მეთოდური, ნაწილობრივ ფარული მუშაობა დასჭირდება, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს

საუბრები ბიძინოკრატიაზე ადრე თუ გვიან ბუნებრივად მიგვიყვანს ამ ისტორიაში პიროვნების როლის გააზრებამდე, ცხონებული პლეხანოვის თქმის არ იყოს. უფრო ლოკალურ პრობლემას თუ ავირჩევთ, ლიდერის ავტორიტეტის მნიშვნელობაზე ახალი სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ბევრი ამომრჩეველისთვის ბიძინა ივანიშვილის სიტყვა დაახლოებით ისეთივე წონა აქვს, რაც დალაილამას სიტყვას ბუდისტებისთვის. ამ ადამიანების გულწრფელი აღტაცების გარეშე ივანიშვილი, უბრალოდ, ვერ მოახერხებდა, გაეტარებინა პოლიტიკა, რომლის ერთერთ საკვანძო ელემენტს წამოადგენს მოწოდება «სიტყვაზე მენდეთ». მაგრამ არიან სხვა მოქალაქეებიც, რომელნიც ვერ აღიქვამენ ივანიშვილის მოსაზრებებს ჭეშმარიტებად უკანასკნელ ინსტანციაში და მათ აშინებთ პერსპექტივა, რომლის ფარგლებში ის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს ჭკუის სწავლებას დაუწყებს. მათი პოზიცია შეიძლება დაახლოებით ასე ჩამოვაყალიბოთ: სააკაშვილის გაგდებისთვის დიდი მადლობა (ეს, ალბათ, საერთო დამსახურებაა, მაგრამ მაინც), თუმცა, ძველ ინდოეთში რომ იტყოდნენ, ახლა ბრაჰმანებმა თავის საქმეს უნდა მიხედონ, ქშატრიებმა, ვაიშიებმა და შუდრებმა _ თავისას. ისინი ვერასოდეს აღიქვამენ ივანიშვილს ბრაჰმანად, ინტელექტუალად, რომელსაც შეიძლება საზოგადოებისთვის ჭკუის დარიგების პრეტენზია ჰქონდეს და ნებისმიერ მის ნაბიჯს ამ მიმართულებით დასცინებენ, ისე, როგორც თავის დროზე «ნაციონალებს» დასცინოდნენ. ივანიშვილს ფული რომც გამოართვან, ზურგსუკან მაინც დასცინებენ (თანამედროვე ქართული მენტალიტეტი მსგავსი ქცევის შესაძლებლობას ნამდვილად უშვებს და ამის მოწმე, სავარაუდოდ, ბევრი ჩვენგანი გამხდარა). ივანიშვილმა ეს, სავარაუდოდ, იცის და, ალბათ, ძალიან სწყინს.

რა რეაგირებას მოახდენს ბიძინოკრატია მისი მთავარი ფიგურის და მასთან დაკავშირებული მითის ინტერპრეტირების ორი პარალელური ვერსიის არსებობაზე? მსგავსმა გაორებამ, უფრო ზუსტად კი «ინტერპრეტაციების ომმა» არაერთი, გაცილებით ძლიერი სისტემა დაღუპა. სიტუაციის შეცვლა უხეში ზეწოლით, როგორც ამას XX საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმები აკეთებდნენ, დღესდღეობით შეუძლებელია. ალბათ, ბიძინა ივანიშვილმა უნდა მოძებნოს ისეთი როლი, რომელიც ორივე ინტერპრეტაციის ფარგლებში მიმზიდველი იქნება. ერთ-ერთ ვარიანტს, ალბათ, პირობითად შეიძლება ეწოდოს «სანჩო პანსა, რომელსაც ყველა ოცნება აუხდა». ღმერთკაცი თანასოფლელებისთვის და ანგარიშგასაწევი (სიმდიდრის და გავლენის გამო), მაგრამ ოდნავ ღიმილისმომგვრელი ფიგურა სერვანტესის რომანში აღწერილი სხვა ფენების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც არ აქვთ იმის პრეტენზია (ეს საკვანძო მომენტია!), რომ ყველამ ერთნაირი მოწიწებით აღიქვას. ამ როლის შესრულება საკმაოდ დახვეწილ თამაშს და მოქნილობას მოითხოვს, მაგრამ სავარაუდო ამონაგებიც ძალზე დიდია. იმ შემთხვევაში კი, თუ ივანიშვილი სრული სერიოზულობით შეეცდება ერის მონუმენტალური მამის როლი შეასრულოს და საზოგადოებისგან შესაბამის დამოკიდებულებას მოითხოვს, მის ისტორიას, დიდი ალბათობით, ძალიან სევდიანი ფინალი ექნება. იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც ბიძინოკრატიის ფარგლებში პირველ პირს და მის იმიჯს ენიჭება, ყოველივე თქმული არა თეორიული იმიჯოლოგიის, არამედ სისტემის სტაბილურობის, შესაბამისად, სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხია.

რით დასრულდება ბიძინოკრატია? «ნორმალური დემოკრატიის» ფორმირებით, სისტემის სრული მსხვრევით თუ ოლიგარქიული დინასტიის ჩამოყალიბებით, რომელიც ქართულ პოლიტიკაზე ათწლეულების განმავლობაში ისეთივე გავლენას მოახდენს, როგორსაც ბიძინა ივანიშვილი დღეს? საუბარი ამაზე ზოგს შეიძლება ნაადრევად მოეჩვენოს, მაგრამ, როგორც არ უნდა მოგვწონდეს დღევანდელი სიტუაცია (დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს, ალბათ, მაინც ყველაზე კომფორტული რეჟიმია), უკვე საჭიროა ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოხდება ერთი ადამიანის უნიკალურ როლზე მიბმული სისტემის  ტრანსფორმაცია მომავალში, თუ სტრატეგიული აზროვნების პრეტენზია გვაქვს.

ცხადია, ყოველივე თქმული ბიძინოკრატიას სრულყოფილად არ აღწერს. აქ მონიშნულია მხოლოდ რამდენიმე საინტერესო თემა, სხვას კი ახლო მომავალში შევეხებით. საუბრები ბიძინოკრატიაზე, როგორც ჩანს, ძალიან ხანგრძლივი და დეტალური იქნება.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. რომანოზი

    შენი დებილი დედა რომ მოვტყან ეს გაზეთი თუ არ წერდა ყლე მიშაზე მაშინ ვინ წერდა შე ყვერო, შენი დედის პირში რომ შევეცი აშვებულადაც და დაშვებულადაც

  2. ძალანაც კარგი "ბიძინოკრატია"რომაა,თორემ სისტემის მსხვრევი შემდეგ,დემოკრატიული რეფორმების შედეგად,დიდი ხანია ციხეში ვიქნებოდით,მეც და ჩემი ძმა სააკაშვილიც?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here