Home რუბრიკები პოლიტიკა სამეგრელოში «ნაციონალების» თარეში არ დასრულდება, ადგილობრივ არჩევნებშიც დიდ შედეგს დადებენ, ისინი, სულ...

სამეგრელოში «ნაციონალების» თარეში არ დასრულდება, ადგილობრივ არჩევნებშიც დიდ შედეგს დადებენ, ისინი, სულ ცოტა, 40%-ს აიღებენ

546

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქედების შესახებ მის პოლიტიკაში მოსვლამდეც ბევრი რამ ცნობილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთი ფოტოც კი არ გაგვაჩნდა და ფიზიკურად ვერ ვცნობდით, მაინც ყველაფერი ვიცოდით. მასზე ლეგენდები დადიოდა. როგორც კი ხელისუფლებაში მოსვლა გადაწყვიტა, მთელი დავთარი გამოქვეყნდა იმის შესახებ, თუ სად, რომელ კუთხეში რა გააკეთა. გურულები მის მზეს ფიცულობდნენ, აჭარლებიც, აღარაფერს ვამბობთ, თავად საჩხერეზე და საკუთარ სოფელ ჭორვილაზე, წინასაარჩევნოდ დიდი პატივი სცა სტიქიით დაზარალებულ კახელებსაც, რამაც 2012 წლის არჩევნებზე გარკვეული გავლენა იქონია.

 

ერთერთი კუთხე, რომელიც ყველა ყოფილი ხელისუფლებისგან და თავად ბიძინა ივანიშვილისგანაც მიტოვებული იყო და ასეთად დარჩა კიდეც, სამეგრელოა. ივანიშვილის ქველმოქმედების ნუსხაში სამეგრელო არ ფიგურირებს და საპარლამენტო არჩევნების შედეგიც ასეთი დადგა, «ქართული ოცნების» მაჟორიტარმა მხოლოდ ერთ ქალაქში _ ფოთში გაიმარჯვა.

გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» დაინტერესდა, თუ რა ვითარებაა სამეგრელოს რეგიონულ ცენტრში _ ზუგდიდში: რა შეიცვალა ახალი ხელისუფლების პირობებში სასიკეთოდ, როგორ ცხოვრობენ ადგილობრივები და გაჩნდა თუ არა რეგიონში დაპირებული საწარმოები?

ომარ სიჭინავა, ზუგდიდის მკვიდრი, პედაგოგი, «ქართული ოცნების» მხარდამჭერი:

_ ბატონო ომარ, რა ვითარებაა ზუგდიდში? როგორი განწყობა აქვს ხალხს? თვლიან, რომ მათი ყოფა გაუმჯობესდა?

_ ახალი ხელისუფლების მოსვლას ზუგდიდში ვერავინ გრძნობს, შეგრძნება გვაქვს ისეთი, რომ მთავრობა საერთოდ არ გვყავს ან ზუგდიდისთვის არ სცალია. ადგილი აქვს უსამართლობას, ზუსტად ისე, როგორც წინა მთავრობის დროს.

_ რა სახის უსამართლობაზეა საუბარი?

_ ძირითადად, სოციალურად დაუცველი ხალხი ჩივის, მათ ისევ უჭიანურდებათ ის პროცესი, რომ დახმარება მიიღონ, ისევ თბილისისკენ იშვერს ყველა ხელს და ამბობენ, რომ დედაქალაში უნდა მოგვარდეს კონკრეტული გაჭირვებული ოჯახის პრობლემა, რაც გასაკვირია. ისევ ბიუროკრატიაა და სიმართლის პოვნა ძნელია. საპასუხისმგებლო სამსახურებში ისევ «ნაციონალები» სხედან.

ყველაზე მეტად ხალხის წყრომას იწვევს ის, რომ სამეგრელოში ეკონომიკური მდგომარეობა კი არ გამოსწორდა, უარესობისკენ წავიდა. გაზაფხულზე ყველა რაიონს უჭირს, მაგრამ ზუგდიდს _ განსაკუთრებით. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი თხილია და გაზაფხულზე თითქმის ყველა ოჯახი უშემოსავლოდ რჩება. ჩვენთან არ არის სამუშაო ადგილები, გაჩერებულია ყველანაირი მშენებლობა, პროექტები, რომლებიც ანაკლიაში ხორციელდებოდა და საკმაოდ ბევრი ხალხიც იყო დასაქმებული. თავად ანაკლიაში მცხოვრები მცირე ბიზნესმენებიც გაგიჟებულნი არიან, მათი ერთადერთი შემოსავალი ის პატარა მაღაზიები და ჯიხურები იყო, რომელთაც აქამდე მეტ-ნაკლებად ამუშავედნენ. მათთან გასაუბრება პრობლემა არ არის, თქვენც შეგიძლიათ ჰკითხოთ და გეტყვიან, რა მდგომარეობაა.

ანაკლიაში მას შემდეგ, რაც მშენებლობები დაიწყო, ხალხმა ცოტა ამოისუნთქა. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი დამსვენებელი ყოფილიყო, სასტუმროებში სტუმარი ჩასულიყო, ამით მაღაზიის მეპატრონეები ოჯახის რჩენას ახერხებდნენ. ერთ-ერთმა მეწარმემ თქვა, რომ დღეში 2 ათას ბოთლ მინერალურ წყალს ყიდდა და ახლა ათ ბოთლს ძლივს ყიდის. თითქოს მცირე ნიუანსია, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთს ემატება და ხალხის უკმაყოფილებაც მძაფრდება.

_ რა ვითარებაა საკრებულოებში და გამგეობაში?

_ გამგეობა «ქართული ოცნების» წევრებით დაკომპლექტდა, საკრებულოში ისევ «ნაციონალები» არიან.

_ ძალიან ბევრ რაიონში ახალ ხელისუფლებას უჩივიან, რომ «ნაცებიდან» შეგზავლინი ხალხიაო, ამ მხრივ რა ვითარებაა ზუგდიდიში?

_ ამის ფაქტები არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი «ნაციონალებთან» შეთანხმებით რომ ხდება, ეს ნათლად ჩანს. «ნაცები» და «ოცნება» ერთმანეთთან შეხმატკბილებულები მუშაობენ. საპრეზიდენტო არჩევნებში ეს აშკარად გამოჩნდა, ისინი პროცენტებზეც შეთანხმებულები იყვნენ.

სამეგრელოში «ნაციონალების» თარეში არ დასრულდება, ადგილობრივ არჩევნებშიც დიდ შედეგს დადებენ, ისინი, სულ ცოტა, 40%-ს აიღებენ.

_ რა იწვევს ამას, რომ ხალხს «ნაციონალების» მეტი იმედი აქვს?

_ ზუგდიდში საქმე არ კეთდება. სამართალდამცავები, როგორც ადრე, ისევ  დაგეშილები არიან, მგონი, ამ მხრივ დაწყევლილები ვართ. ისინი თავის უფლებამოსილებას ამეტებენ. არჩევნებისთვის ფულს აგროვებენ და ჯარიმებს, როგორც გაუხარდებათ, ისე უწერენ ხალხს.

გზების მშენებლობა შეჩერებულია, დენი ითიშება, ამის კი აქაურ მოსახლეობას ძალიან ეშინია, ყველას ახსოვს დრო, როდესაც კვირაობით შუქი არ ჰქონდათ, იმ დროში დაბრუნება არავის სურს. ზუგდიდი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია და ამას როდემდე გაუძლებენ ან მოითმენენ, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, უკმაყოფილება დღითიდღე მატულობს.

ირაკლი დარასელია, «ქართული ოცნების» მხარდამჭერი:

_ ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა, ამას ვინ ელოდა? ჩვენ, ვინც  როლანდ ახალიასა და მისი ნაძირალა შვილების პირობებშიც კი ვახერხებდით, რომ სიმართლე გვეთქვა და გვებრძოლა, ძალიან იმადგაცრუებულები ვართ. რამდენი რამე გადავიტანეთ და ახლაც კი, როდესაც ბოლოსდაბოლოს «ნაცები» ხელისუფლებაში აღარ არიან, მაინც ზუგდიდელების საშველი არ არის. «ოცნების» წევრები «ნაცებს» გაურიგდნენ, თანამდებობებს მშვენივრად ინაწილებენ და ცხოვრობენ შეხმატკბილებულები. ეს კი იმიტომ ხდება, რომ «ოცნებამ» ისეთი ხალხი წამოსწია წინ, რომელსაც არც ცოდნა აქვს და არც გამოცდილება, «ნაციონალების» გამოცდილების იმედადაა.

მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ყველაფერი ძალიან ცუდად არის. შეგრძნება გვაქვს, რომ არც გამოსწორდება, რადგან ამ სურვილს ვერავისგან ვხედავთ. ეს კი კარგი ნამდვილად არ არის. რაც ყველაზე მთავარია, მიშას სიტყვები მართლდება, ძველ დროში დაბრუნდებით, დენი და გზა რომ არ გქონდათო. ასეც არის, შუქი ისეთი ინტენსივობით ითიშება, რომ ხალხს უკვე მართლა აქვს შეგრძნება, რომ ძველ დროში ვბრუნდებით. 

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here