Home რუბრიკები საზოგადოება დავიბრუნოთ ჩამორთმეული შემოქმედებითი ინიციატივა

დავიბრუნოთ ჩამორთმეული შემოქმედებითი ინიციატივა

526

ჩემო საყვარელო კოლეგებო, რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებო, დანო და ძმანო! დამეთანხმებით, ალბათ, რომ «ნაციონალების» სათავეში მოსვლამ და გაუაზრებელმა განათლების რეფორმამ სამარის პირამდე მიიყვანა ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის არა მარტო შემოქმედებითი საქმიანობა, არამედ თვით სახელოვნებო ატმოსფერო და რაიმე ფასეულის კეთების ხალისიც კი. სწავლების პროცესის დემოკრატიზაციის ნაცვლად, მივიღეთ სრული ქაოსი და, რაც მთავარია, შიში – არ დავკარგოთ ის მცირედიც კი, რომელსაც გვაძლევს თუნდაც მატერიალური სახით დაკავებული თანამდებობა და მოჩვენებითი კეთილგანწყობა რექტორატის მხრიდან.

თუკი სწავლების ძველი მოდელის მიხედვით პროფესორობა და დოცენტობა «სიკვდიმდე შენი» იყო, ბოლონიური განათლების პროცესის დემოკრატიულმა მიდგომამ სავსებით სამართლიანად გააუქმა ასეთი პრივილეგია და ყოველივე გადაულოცა პირად ინიციატივას. ახლა ვეღარ იქნები პროფესორი «ერთხელ და სამუდამოდ», ამ მაღალი წოდების შესაფერისობა უნდა ამტკიცო მანამ, ვიდრე სტუდენტებთან გექნება საქმე. აქტიურობა შინ და გარეთ, როგორც ინსტიტუტის კედლებში, ისე საზოგადოებრივ ასპარეზზე _ მხოლოდ ამას შეუძლია შეგინარჩუნოს მაღალი რეიტინგი და გამორჩეული პედაგოგის რენომე.

მაგრამ იმჟამინდელ ვითარებაში, «ნაციონალების» მიერ «ხელდასხმული» რექტორის გადამკიდე, ვერც რეიტინგი გიშველიდა და ვერც მსოფლიო რენომე. სატრაპს როგორც მოესურვებოდა, ისე გადაწყვეტდა შენს ბედს. შეკრებდა თავისსავე წრიდან (უფრო ზუსტად, კლანიდან) საგულდაგულოდ შერჩეულ (და რა თქმა უნდა, არა არჩეულ) აკადემიურ, წარმომადგენლობით ფაკულტეტის საბჭოებს,  საკონკურსო კომისიას, ამავე წრიდან მოწვეულ სააპელაციო კომისიას და…  გადაწყვეტდა შენს ბედს საკუთარი სურვილის მიხედვით. გასაჩივრებას აზრი არ ჰქონდა. სასამართლოს დავალებული ჰქონდა, ყურად არ ეღო უმაღლესი სასწავლებლებიდან შემოსული საჩივრები. დიქტატურა იმის დიქტატურაა, რომ ყველაფერს პიროვნება წყვეტს და არა კანონი.

ამჟამად ვითარება შეცვლილია. სათავეში მოვიდა «ქართული ოცნება», რომლის მოქმედების მთავარი დევიზია სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა.

მაგრამ ის, ვინც თავდაჯერებულად ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიის ამ უმთავრეს პრინციპებს, ვერასოდეს გადაკეთდება, თუნდ ასი ქამელეონის ქურქი მოისხას. ვერც ისინი გადაკეთდებიან, ვინც მხარში ედგა ჩვენს რექტორს და თავის კრეატიულობას თუ მოქნილობას უყოყმანო ყალბისმქნელობით უმტკიცებდა. არც ისინი უნდა გავიმეტოთ. მათაც უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იმუშაონ მშვიდ გარემოში. ბევრი მათგანი გამორჩეული სპეციალისტია და უთუოდ შეუძლია ბევრი რამ შემატოს ჩვენს უნივერსიტეტს.

ახლა მინდა მივმართო მათ, ვინც აღნიშნულ პირთა უსამართლობის მსხვერპლი გახდა და ამჟამად უნივერსიტეტის კედლებს მიღმაა დარჩენილი. ძვირფასო კოლეგებო! კარგად მესმის თქვენი გულისტკივილი და მერწმუნეთ, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რათა ამ უმსგავსობას ბოლო მოეღოს. ყოველი თქვენგანის დასაქმება შეიძლება სულ მარტივად, მხოლოდ ამისთვის მტკიცე ნებაა საჭირო. მადლობა უფალს, თეატრი და კინო, მუსიკა და ქორეოგრაფია, ხელოვნებათმცოდნეობა და სხვა ჰუმანიტარული დარგები კვლავაც იზიდავს ახალგაზრდებს და მრავლადაა მსურველი, გამოსცადოს თავისი ძალები საზოგადოებრივი ცხოვრების ამ ასპარეზზე. და რაკი მსურველი ბევრია, მაშასადამე, სპეციალისტთა დასაქმება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მთავარია ნება და ინიციატივა, რომელიც ჩვენს ხელმძღვანელობას საერთოდ არ გააჩნდა.

ეს ეხება ჩვენს თეატრალური კვლევების ცენტრსაც, რომლის გაუქმებით რექტორატმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რაოდენ გულგრილია სტუდენტთა სწავლა-განათლების მიმართ. ვინ, თუ არა კვლევითმა ცენტრმა, უნდა მოამარაგოს სტუდენტები, მაგისტრანტები, დოქტორანტები და ყველა სხვა სასწავლო რგოლის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმძღვანელოებით, ხოლო პედაგოგ-მასწავლებლები სწავლების უახლესი მეთოდებით, მათ შორის ალტერნატიული მეთოდოლოგიებით. სწორედ მათ უნდა განახორციელონ შემოქმედებითი ინტეგრაცია მსოფლიოს მსგავს მეცნიერულ ცენტრებთან.

ურთულეს მდგომარეობაშია ჩვენი შენობა, განსაკუთრებით პირველი კორპუსი. დავკარგეთ კინოთეატრ «სპარტაკის» უდიდესი ნაწილი, გაპარტახებულია ის ნარჩენებიც, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩა დროის და გულგრილი, ანგარებიანი ადამიანების მსახვრალ ხელს, მაგრამ ყოველივე დაკარგული როდია. სწორი გათვლისა და მენეჯმენტის წყალობით, ყველაფერს მოევლება. არც ფინანსების მოზიდვა გაჭირდება, თუკი ყველა დაინახავს კულტურის ამ უმნიშვნელოვანესი კერის აღორძინების მნიშვნელობას.

და რაც მთავარია, მოგმართავთ კვლავაც თქვენ, პროფესორ-მასწავლებლებო, ფაკულტეტების დეკანებო, მიმართულების და ხარისხის ხელმძღვანელებო, ყველა წამყვანი რგოლის მესვეურებო! დიქტატურისა და ავტორიტარიზმის დრო წარსულს ჩაბარდა. გამოფხიზლდით, მოიკრიბეთ ნებისყოფა და გამოიყენეთ თქვენდამი განათლების კანონით მინიჭებული უფლებანი, გახდით კრეატიულნი, თამამნი და დამოუკიდებელნი. სწორედ ამ გზით ავისრულებთ ჩვენი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის აღორძინების და, შესაბამისად, ქვეყნის აღორძინების ოცნებას.

ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი
მარინა მიქაუტაძე 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here