Home რუბრიკები პოლიტიკა მოქალაქე #1: გავაკონტოლოთ პრესა, გავაკრიტიკოთ პატრიარქი, დავეწიოთ და გავუსწროთ უსუფაშვილს!

მოქალაქე #1: გავაკონტოლოთ პრესა, გავაკრიტიკოთ პატრიარქი, დავეწიოთ და გავუსწროთ უსუფაშვილს!

949

4 თებერვალს სრულიად საქართველოს ყურადღება «მოქალაქე #1»-ის პრესკონფერენციას იყო მიჯაჭვული. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, პოლიტიკაში შემოსვლით მოქალაქეობის დამკარგავმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ «მყისიერად»დაიბრუნა მოქალაქეობა დამოუკიდებლობის ეტალონად ქცეული კოტე კუბლაშვილის ხელიდან, საკუთარი ასო (ცუდი არაფერი გეგონოთ, არასამთავრობო ორგანიზაციის აბრევიატურაა) დააფუძნა და სახელადაც «მოქალაქე» უწოდა.

ამ წერილის ტონზე ნუ შემოგვედავებით: ბიძინა-ჩვენმა თავად გვირჩია, «ირონია ვიხმაროთო» _ რა ვქნათ, აბა, სამართლიანობის აღდგენა მაინც ვერ ხერხდება და თავი ხუმრობითა და ლაზღანდარობით მაინც შევიქციოთო! ჭკუანასწავლმა სააგენტოებმა ეს უხერხული ნათქვამი –  «ირონია ვიხმაროთ» იქვე შეულამაზეს «ნომერ პირველ მოქალაქეს» და მესამე პირში გვამცნეს: «არასამთავრობო ორგანიზაცია «მოქალაქის» დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ურჩევს, «ნაციონალური მოძრაობის» წევრთა განცხადებებს იუმორით შეხედოს».

მოძალადეს, დიახაც, იუმორით უნდა შეხედო, აბა, სერიოზულად თუ შეხედე, შეიძლება გული გაგისკდეს, მით უფრო, როცა ამ მოძალადის გადარჩენაზე თავად «ნომერ პირველი მოქალაქის» მიერ მოყვანილი პოლიტიკური ძალა ზრუნავს! დიდი მადლობა, ბატონო მოქალაქევ, რომ ისევ პირდაპირ ვეღარ ძალადობენ ჩვენზე, მაგრამ ამათ უტიფრობას ასე სიცილ-ღიმილით როგორ ვუყუროთ? აკი თავად ხვდებით, რომ მათი ძალადობა კიდევ უფრო დახვეწილ ფორმებს იღებს?

«ახლა, რადგან «ნაციონალური მოძრაობა» პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობას ვეღარ ახერხებს, ის მენტალურ ძალადობაზე გადავიდა _ ძალადობა უტიფრობაში გადაიზარდა. ნახეთ, როგორი ტერმინებით გვესაუბრებიან, როგორ გვიკითხავენ მორალს და ჩვენ გვდებენ ბრალს იმაში, რასაც თვითონ აკეთებენ. საზოგადოებას ეგონა, რომ ისინი ბოდიშს მოიხდიდნენ, ნაცვლად ამისა, იქედან მივიღეთ ირონიული ღიმილი და, უკაცრავად და, ენას გვიყოფენ, ისევ შეურაცხყოფას გვაყენებენ. შესაბამისად, საზოგადოებაში ეს აგრესია კიდევ უფრო გაიზარდა. მინდა მივცე რჩევა ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ იუმორი გვიშველის», _ განაცხადა «მოქალაქემ». აი, აქ კი სააგენტოებს გაეპარათ ნათქვამი იმ სახით, როგორც «ნომერ პირველმა მოქალაქემ» ბრძანა: «არ მოხდება მათი გადაკეთება, მათ შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი. ვიხმაროთ ჩვენი ბრძნული იუმორი».

ჩვენც ვიხმაროთ იუმორი: რაკი მათი («ნაციონალების») გადაკეთება არ ხერხდება, სჯობს, ჩვენი, ანუ დანარჩენი საქართველოს გადაკეთებას მიჰყოს ხელი და «პირველი მოქალაქეც» ამაზე ზრუნვას მედიის «ხარისხის ამაღლებით»  იწყებს. არასამთავრობო ორგანიზაცია «მოქალაქე» ქართულ მედიას კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება, თუმცა ამავე დროს კონტროლსაც გაუწევს. ქართული მედია, სააკაშვილის პერიოდშიც კი, სულ მუდამ მაკონტროლებლის ძიებაში იყო და… არის! ასრულდა იმედი!

«პირველი მოქალაქის» შეფასებით, «ზოგჯერ ყველაზე პროფესიონალი ჟურნალისტი თუ ანალიტიკოსი ყველაზე ურცხვად ტყუის, შესაბამისად, გარდა კვალიფიკაციის ამაღლებისა, «მოქალაქეს» ამოცანად აქვს, რომ ამავე დროს ჩატარდეს პერმანენტული კვლევები მედიის ობიექტურობის, ხარისხის, სრულყოფილების». კვლევები, როგორც ჩანს, ისეთივე «ობიექტური იქნება, როგორც წინასაარჩევნოდ «პირველი მოქალაქის» მიერ ერთი-ერთში ჩასმული მარგველაშვილის 63%!

თუმცა მას არც დაუმალავს, მედიის რომელი საშუალებები იქნება მის მიერ წახალისებული: «მოქალაქე» ითანამშრომლებს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელსაც აქვს შესატყვისი კვალიფიციური ეთიკა, მაღალი ევროპული სტანდარტები და ხელს უწყობს ქვეყნის ევროპული სივრცისკენ სვლას. ყურადღება! ვისაც ევროპული ორიენტაციის მიმართ ოდნავადაც კი შეეპარება სკეფსისი, ნურც მიმართავთ! გასაგებია? ახლა, იმაზე ნუღარ დავწვრილმანდებით, თუ რაში სჭირდება მხარდაჭერა იმ ასო-ებს, რომელთაც ისედაც «შესატყვისი კვალიფიციური ეთიკა და მაღალი ევროპული სტანდარტები» აქვთ?!

«პირველი მოქალაქე» ექსპერტებითაც ისევე უკმაყოფილოა, როგორც მედიით, აკი არც დაუმალავს ეს მათთან შეხვედრისას! ამიტომ საგანგებოდ აცხადებს კიდევ ერთი პრიორიტეტის შესახებ: «დაგეგმილი გვაქვს ახალი ანალიტიკოსების მომზადების დაფინანსება. ჩვენ მხოლოდ დავაფინანსებთ და ორგანიზებას გავუწევთ, რომ ეს პროცესი იყოს ჯანსაღი, მედიასაშუალებებთან შეთანხმებით და მათი მოთხოვნის მიხედვით დავეხმარებით სხვადასხვა ტიპის გრანტებით, რომ სრულყოფილი ანალიზის საშუალება ჰქონდეს ყველა მედიასაშუალებას. დროულად, ობიექტურად, ხარისხიანად და, რა თქმა უნდა, პროფესიონალურად მიწოდებული ინფორმაცია საზოგადოებას დაეხმარება იმაში, თუ როგორც უნდა ავირჩიოთ და შემდეგ როგორ ვაკონტროლოთ ხელისუფლება».

მოკლედ რომ ვთქვათ, ახლა იარსებებენ მხოლოდ «მოქალაქის» მიერ სანქცირებული ექსპერტები, რომელთა «ნააზრევსაც» ასევე «მოქალაქის» მიერ მხარდაჭერილი მედია დაატირაჟებს და დემოკრატიაც აშენდება! აბა, როგორ? თქვენ რა გეგონათ? რასაც ფიქრობთ, იმას დაწერთ და «პირველი მოქალაქე» თქვენი ნაწერების კითხვით აიტკივებს თავს? ნურას უკაცრავად!

«ნუ გგონიათ ჟურნალისტებს, რომ, რასაც გინდათ, გაისვრით და მე მერე უნდა მოვძებნო თქვენი გასროლილი», _ ეს პასუხი მიიღო «მაესტროს» ჟურნალისტმა, რომელმაც გაუფრთხილებლად შეახსენა «პირველ მოქალაქეს» შეუსრულებელი დაპირებები. «მოქალაქესთან» სრულიად შეუთანხმებლად ტელეკომპანია «მაესტრომ» ჩაატარა მოქალაქეების გამოკითხვა, თუ რა კითხვები აქვთ მათ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. გაირკვა, რომ მოსახლეობას კითხვები აქვს დაპირებებთან, ეკონომიკურ სტაბილურობასთან, 100 საწარმოსთან, ლარის კურსის ვარდნასთან, საზღვრის გადმოწევასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

«პირველმა მოქალაქემ» დაჟინებით მოითხოვა ჟურნალისტისგან, თავად დაეკონკრეტებინა, თუ რა დაპირებები არ შეასრულა მან. პენსიების ზრდის დაპირებასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ არასდროს უთქვამს, თითქოს 2014 წლის ბუჯეტში პენსიების ზრდა ჩაიდებოდა: «კეთილი ინებეთ და დამიკონკრეტეთ, რას გულისხმობდნენ თქვენი რესპონდენტები. სადმე მითქვამს, რომ 2014 წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდა იქნებოდა ჩასმული? რამდენიმეჯერ იყო ჩემს გამოსვლაში ნათქვამი, რომ პენსიები უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე არა ნაკლები. პირველ საარჩევნო პერიოდში ეს მოხდება, ალბათ. მე კონკრეტული დრო არ მითქვამს. თქვენ, ჟურნალისტებს ნუ გგონიათ, რომ, რასაც გინდათ, გაისვრით და მე უნდა მოვძებნო, თქვენი გასროლილი სად წავიდა. უფრო გასაგები უნდა იყოს კითხვა».

ბატონო მოქალაქევ! ჩვენ უნდა აგიხსნათ, რას გულისხმობენ ჩვენი რესპონდენტები თუ თქვენ უნდა სცადოთ, გაიგოთ, რა არ არის ისე, როგორც ჰპირდებოდით? დაპირებების შესრულებას რომ დრო სჭირდებოდა, ამიტომ წახვედით «უდროოდ» პრემიერ-მინისტრის პოსტიდან? ჩვენც ვიცით, რომ «ქალბატონი ფეხმძიმედ 9 თვე უნდა იყოს, რათა ბავშვი გაჩნდეს», მაგრამ თქვენ ზუსტად ამდენ ხანში წახვედით პოლიტიკიდან და არც შეუსრულებელ დაპირებებზე გინდათ რამის მოსმენა!

«ხუთ წუთში რომ გინდათ,  ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი დაგილაგოთ, ეგრე არაა», _ ბრძანებს «პირველი მოქალაქე». ხუთ წუთში ვინ გთხოვათ დაპირებების შესრულება, მაგრამ, ხუთი წლით არჩეული ცხრა თვეში რომ წავა, ამაზე კითხვაც აღარ უნდა დაგისვან?

მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით «პირველმა მოქალაქემ» აღიარა, რომ აჩქარდა და ისეთი რამ წამოსცდა, რაც უნდა ეთქვა. კარგი იქნება, მის მიერ მხარდაჭერილმა ექსპერტებმა სამომავლოდ კვირაში ერთხელ იმ ნებადართული საკითხების სია მოგვაწოდონ, რომელშიც «პირველი მოქალაქის» «წამოცდენები» და «აჩქარებები» იქნება ჩამთვლილი, რათა ორიენტირი არ დავკარგოთ და ვიცოდეთ, რომ ამ საკითხებზე ცოტაოდენი კრიტიკა დაშვებულია!

თუმცა საკითხს მივუბრუნდეთ: «მე წამომცდა მართლაც, ნაჩქარევად ვთქვი. ჩემი დამოკიდებულება მართლაც ასეთია, რაც ვთქვი, მაგრამ ამასაც დრო სჭირდება, განვითარება, საზოგადოებისთვის ახსნა-განმარტების მიცემა და გაგება იმისა, რა ჯობია. მე არ ვარ დიდი სპეციალისტი ამის, მუდამ ვიმეორებდი, რომ პოლიტიკოსი არ ვყოფილვარ, გამოუცდელი ვიყავი, ბევრი ვისწავლე, მაგრამ ბევრი რამ ვერ ვისწავლე. არც ახლა არ ვარ იმ დონის, როგორც, თუ გნებავთ, უსუფაშვილია».

პოლიტიკოსი რომ არ ბრძანდებოდით, ბატონო მოქალაქევ, ეგ ჩვენც ვიცოდით და ხმა იმიტომ როდი მოგეცით, რომ პოლიტიკოსი გვეგონეთ, თორემ მაგ თქვენს ნაქებ უსუფაშვილს მისი პარტიიდანაც რამდენი კაცი მისცემს ხმას, ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს (თანაც უთქვენოდ), მაგას დაინახავდით!

ვერაფერი ნუგეშია, თუ თქვენ უსუფაშვილისგან «ბევრი ისწავლეთ». ამაში, როგორც ჩანს, არ ტყუით, რადგან მხოლოდ რესპუბლიკელების მოწაფეს შეიძლება ეთქვა ასეთი რამ: «საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის ბარიერი, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და იქ რაც ითქმება და როგორც ითქმება, არის უმწიკვლო და ხელშეუხებელი… ისინიც საჭიროებენ კრიტიკას, ისინიც საჭიროებენ მითითებას… ამ დროს ყველას შეიძლება შეეშალოს, პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს».

თუ ატყობთ, ბატონო მოქალაქევ, რომ უკრიტიკო თქვენს თვალში მხოლოდ უსუფაშვილი და რესპუბლიკელები დარჩნენ? მერე კარგია ეს? პატრიარქის კრიტიკისკენ მოწოდება რა პოპულარობასაც მოგიტანთ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამ იდეოლოგიის ძალა ხომ უკვე გვყავდა ხელისუფლებაში და, როგორც «შეიყვარა» იგი ხალხმა, კარგად მოგეხსენებათ! და რაც მთავარია, თუ უსუფაშვილსაც ვერ «დაეწიეთ» და დღესაც არ ხართ «იმ დონის, როგორიც უსუფაშვილია», მაშინ იქნებ მენტორისა და მასწავლებლის ტონი შეარბილოთ, რადგან «თვით უსუფაშვილსაც» კი არათუ მასწავლებლად პარლამენტში ასარჩევად ვერ გუობს საზოგადოება და მის დონემდე ვერმისულ ყოფილ პრემიერს მით უმეტეს ვერ იგუებს მენტორად, მახვშად თუ დენსიაოპინად!

ბატონო მოქალაქევ! მოგეხსენებათ, ჩვენებურ ლიბერალებს «მწვანე შუქის» ანთების გარეშეც ყბა ჰქონდათ ამოგდებული მართლმადიდებლობისა თუ საპატრიარქოს ძაგებით და ადვილი წარმოსადგენია,  რა «კრიტიკის ქარცეცხლშიც» გაატარებენ ისინი დედაეკლესიასა და პატრიარქს თქვენი, მსუბუქად რომ ვთქვათ, წამქეზებლური განცხადების შემდეგ.

მზად ხართ, აიღოთ პასუხისმგებლობა ღვარძლის იმ ღვარცოფზე, რომელსაც თქვენი ამ განცხადების შედეგად დედაეკლესიისა და მისი მესაჭისადმი მიმართავენ თქვენგან წაქეზებული და თქვენს საამებლად შემართული ბიურგერები?

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას იმ ძალის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის, მაგრამ დრაკონთან მეომარი გმირი მეტისმეტად სწრაფად ხომ არ იქცა თავადაც დრაკონად?

რიგითი მოქალაქე, ჟურნალისტი

1 COMMENT

  1. ბრავო, უცნობო ავტორო, ყველაფერში გეთანხმებით! ვაი ჩვენი ბრალი! მოდი და ამის შემდეგ ამ ქვეყანაზე ღმერთის და ეკლესიის, ჩვენი უწმინდესის გარდა, კიდევ ვინმეს იმედი იქონიე?!
    ვინც უწმინდესის წინააღმდეგ გაილაშქრა, ყველამ ცუდად დაამთავრა და სამების ამშენებელიც იმათ ბედს გაიზიარებს, რადგან ის რაც დიდმა ყაენმა იკადრა,იმას ჰგავს, ცალი ხელით სამება აშენო და მეორეთი სვეტიცხოველი ანგრიო…

  2. ჩემო ხელმწიფევ,ბიძინავ! როდის უნდა შევხვდე თქვენს ფავორიტს და თქვნს მიერვე ვირტუოზ მენეჯერად გამოცხდებულ ზურაბ ადეიშვილს?

  3. პენსიებზე მაგრა გამოუვიდა… ერთმა უცოლო კაცმა ,რომელსაც საქმე გაუჭირეს ცოლი შეირთეო, განაცხადა შაბათს ქორწილი მაქ და მეწვიეთო. მისულ სტუმრებს ირონიით გადახედა და უთხრა , კი მარა მე ხომ არ მითქვამს რომელ შაბათსო???? ეგრეა ბიდზო.. შენც მასხარა ყოფილხარ ..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here