Home რუბრიკები საზოგადოება განახლების თვალით მზირალი…

განახლების თვალით მზირალი…

589

დემოკრატიულ საზოგადოებაში არაფერია არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანი. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ახალი რექტორის ასარჩევად ემზადება. სავარაუდო კანდიდატთა შორისაა ახლანდელი რექტორიც, რომელიც განათლების კანონის იგნორირებით, უკვე მესამედ იყრის კენჭს მისთვის ამ საოცნებო თანამდებობაზე. ათასგვარი ხრიკებისა და დემაგოგიის მოშველიებით ახლანდელი რექტორი ცდილობს, უარყოს ის ფაქტი, რომ უკვე ცხრა წელია, ერთპიროვნულად მართავს აღნიშნულ უნივერსიტეტს და რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში სხვა არაფერი უკეთებია ამ სკამის შენარჩუნებისთვის ზრუნვის გარდა.

 

და აი, მისდა მოულოდნელად, მის «გვირგვინს» მოცილე გამოუჩნდა. ნეტა, ვინ გაბედა, წაპოტინებოდა ესოდენ ღირსეულ მელოტ თავზე ასე მედიდურად მდებარე ელვარე თავსაბურავს? ვინ აღმოჩნდა მისი მეტოქე?

 ერთი ცეცხლოვანი ქალბატონი, კრეატივითა და კონსტრუქტიულობით აღსავსე, ნამდვილი ხელოვანის შემართებით და… სიწმინდით, ანუ არსებული რექტორის სრული ანტიპოდი, ყველა თვალსაზრისით და ყველა მიმართულებით. ახალგაზრდა ქალბატონი მარინე მიქაუტაძემუსიკოსი, მსახიობი და ხელოვნებათმცოდნე, თეორეტიკოსი და გამოცდილი პრაქტიკოსი, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ცნობილი ანსამბლის _ «რუსთავის გვირილების»  გამორჩეული სოლისტი.

 რას იზამ, ყოფიერებას უყვარს კონტრასტები.

 უფრო მეტიც, ამ ქალბატონმა წარმოადგინა თეატრისა და კინოს განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელშიც მონიშნულია ყველა იმ უმსგავსობათა ძირფესვიანი ამოძირკვა, რომელიც ასეთი რუდუნებით ინერგებოდა ამჟამინდელი რექტორისა და მისი სატელიტი ხელქვეითების მიერ. პირველი რიგის ამოცანად აქ გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების კანონის ის მუხლები და პარაგრაფები, რომელთა შემწეობით შესაძლებელია შემოქმედებითი ცეცხლის ხელახალი აბობოქრება, აკადემიური პერსონალის შერჩევის დროს სამართლიანობის აღდგენა, მეცნიერული კვლევის პრაქტიკასთან მისადაგება, სტუდენტური თვითმმართველობის გამოღვიძება და მასთან აქტიური თანამშრომლობა. ჩვენ ერთი დასი ვართ, ერთი სამჭედლო, სადაც უნდა ჩამოისხას და თეატრებს, კინემატოგრაფს, ხალხურ ქორეოგრაფიასა და მუსიკას მიეწოდოს შემოქმედებისთვის თეორიულად და პრაქტიკულად მზად მყოფი ახალგაზრდა კადრები. ასეთია ამ გეგმის დევიზი, თუ გნებავთ, საომარი ყიჟინა. ის მოდის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასაღორძინებლად და, თუკი ადამიანს, მით უფრო ხელოვანს, სინდისის თუნდაც ნატამალი შერჩენია, იგი წინ ვერ აღუდგება ესოდენ საჭირო ცვლილებას.

 მარინე მიქაუტაძე… ეს ახალი ძალაა ქართული კულტურის სფეროში და ისღა დაგვრჩენია, მივცეთ გზა ფართო და დავულოცოთ მომავალი.

მერაბ გეგია,

ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here