Home რუბრიკები საზოგადოება თეიმურაზ მაჩიტიძე: «მომავლის ახალგაზრდული პოზიცია» პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშესაწყობად...

თეიმურაზ მაჩიტიძე: «მომავლის ახალგაზრდული პოზიცია» პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშესაწყობად შეიქმნა

916

რამდენიმე თვეა, ინტერნეტგამოცემებში აქტიურად ჩანს ორგანიზაცია «მომავლის ახალგაზრდული პოზიციის» სტატიები და შეფასებები სხვადასხვა საკითხზე. დავინტერესდით, თუ რას ემსახურება ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაცია და მის თავმჯდომარეს _ თეიმურაზ მაჩიტიძეს  გავესაუბრეთ.

 

_ როდის შეიქმნა თქვენი ორგანიზაცია და რა არის მისი მიზანი?

_ «მომავლის ახალგაზრდული პოზიცია» 2013 წლის ნოემბერში შეიქმნა. მისი მიზანია, გააუმჯობესოს ახალგაზრდების ცხოვრება, ხელი შეუწყოს მათი სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებას. დაიცვას მათი უფლებები და უზრუნველყოს ახალგაზრდების ინტერესების დაცვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს; უზრუნველყოს ახალგაზრდების ჩართულობა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ლიტერატურულ, სპორტულ, კულტურულ, სოციალურ და გარემოს დაცვით ღონისძიებებში; მოაწყოს შეხვედრები, დისკუსიები, დებატები და ტრეინინგები; ითანამშრომლოს საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში პოლიტიკური კულტურის ამაღლებასა და დემოკრატიული პრინციპების განვითარებას; უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობების, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში სადამკვირებლო მისიის განხორციელება…

_ ანუ ერთგვარი ახალგაზრდული პროფკავშირი შეგიქმნიათ, ახალგაზრდების შრომითი უფლებების დამცველი?

_ არა მხოლოდ შრომითი უფლებების. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზემოთ აღნიშნულით. მთავარი, რისი მიღწევაც გვინდა, არის _ ქვეყანაში არ იყოს ასეთი გაჭირვება. ამ მიმართულებით პროგრესი კი შეუძლებელია მიმდინარე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და შრომით პროცესებში ახალგაზრდების კვალიფიციური ჩართულობის, მათი უფლებების დაცვისა და ახლებური ხედვების, ინოვაციების დანერგვის გარეშე. ალბათ, შეამჩნევდით, რომ არ გვაქვს ნახსენები სოციალური საკითხები, ჩვენ ეს არც წესდებაში გვიწერია, რადგანაც  მძიმე სოციალური ფონის დაძლევა არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომლისთვისაც მთელი გუნდი ერთად ვმუშაობთ. თუ გადახედეთ ჩვენს აქტიურობას, ალბათ, შეამჩნევდით, რომ სხვადასხვა საკითხზე ვმუშაობთ და მთავარ თემად სოციალურად დაუცველების ოჯახებთან ურთიერთობა გვაქვს აღებული.

_ თქვენი ორგანიზაციის წევრების უმრავლესობა «ქართული ოცნების» კოალიციიდან შეიკრიბეთ, მაინტერესებს თქვენი პოზიცია პარტიულობასთან დაკავშირებით

_ დიახ, ჩვენ ,,ქართულ ოცნებასთან» ერთად ვიდექით ქვეყნის გადასარჩენად, მაგრამ ამ წუთას არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვთანამშრომლობთ. რომ შევხედეთ უარყოფით თემებს პოლიტიკაში, გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა ახალგაზრდული ორგანიზაცია «მომავლის ახალგაზრდული პოზიცია», რომელიც მონიტორინგს გაუწევს მთავრობის აქტივობას და თან კარგ საქმესაც გაკეთებს, არანაირ მიკერძოებას ჩვენს საქმიანობაში ადგილი არ აქვს და არც მომავალში  ექნება.

ესაუბრა

გიორგი გაჩეჩილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here