Home რუბრიკები საზოგადოება ქართულად, ქართულად! ანუ ტრიპტიქი ახალ ქართულ თარგმანებზე

ქართულად, ქართულად! ანუ ტრიპტიქი ახალ ქართულ თარგმანებზე

1028

მძიმე აღმართის შემდეგ რომ გაივაკებ და შვებით ამოისუნთქავ, სწორედ ასეთი განცდა მქონდა «კაზანოვადან» «სალვადორ დალიზე» რომ გადავედი, ლაღად გავუყევი ფართოდ გაშლილ შარაგზას და, თუ ზოგჯერ რაღაცას წამოვკრავდი ფეხს, ერთს კი მოვიხედავდი, მაგრამ ისევ თავაწეული მივდიოდი

 

დიდი შრომა და სიყვარული ჩაუქსოვიათ მთარგმნელებს (ზაზა ჭილაძესა და გრიგოლ ჭუმბურიძეს), თუმცა, ცხადია, მარტო ეს რას უშველიდათ, კალამი რომ ასე არ უჭრიდეთ. ამის უამრავი მაგალითი შეიძლებოდა შემომეთავაზებინა, მაგრამ საგაზეთო სტატიაში ეს ზედმეტი ფუფუნება იქნებოდა. ამდენად, უფრო იმ ზოგიერთ უზუსტობასა და ლაფსუსზე გავამახვილებ ყურადღებას, რომლებიც ამ კარგ თარგმანშიც შეიმჩნევა და შემდგომში უსათუოდ უნდა გასწორდეს…

უპირველეს ყოვლისა, თვალში მომხვდა გამოჩენილი ესპანელი კინორეჟისორის (Bueuel) გვარის დამწერლობა (შპელლინგ) – ჩვენში ამ მხრივ იმთავითვე დამკვიდრდა სწორი ეკვივალენტი («ბუნიუელი», იხ. ქართული ენციკლოპედია, ტ. 2. გვ. 573, 1977 წ.) და ამდენად, ახლა «ბუნუელი» (გვ. 120-121), ნამდვილად აღარ გვეკადრება (ყოველი შემთხვევისთვის, შეგახსენებთ რუსულ ვარიანტსაც _ «Буньюль» )… რაც შეეხება ლ. ბუნიუელის კინორეჟისორულ დებიუტს, უნდა იყოს არა «Le Chien Andalou» (გვ. 120), არამედ _ «Un Chien Andalou». არც ფილმის ქართული სახელწოდებაა სწორი. უნდა იყოს არა «ანდალუსიელი ძაღლი» (გვ. 120), არამედ _ «ანდალუსიური ძაღლი» (შეადარეთ: კავკასიური ნაგაზი, კავკასიური კამეჩი და ა. შ.).

ასევე გამაოცა ფრ. ნიცშეს საქვეყნოდ აღიარებული ნაწარმოების სათაურმა «ასე ამბობდა ზარათუშთრა» (გვ. 81). ცნობილია, რომ მსოფლიოს მართლაც ეს ერთ-ერთი უპოპულარესი წიგნი ლეგენდარული ერეკლე ტატიშვილის თარგმანით, თამაზ ბუაჩიძის, როსტომ ჩხეიძის, სერგი ავალიანის, ნიკო ჭავჭავაძის რედაქტორობითა და შესავალი სიტყვებით ჯერ კიდევ 1993 წელს გამოვიდა და ეწოდება: «ესე იტყოდა ზარატუსტრა».

ახლა სხვა, უმეტესად, ორთოგრაფიული საკითხები:

«კოსმიური» კი არა (გვ. 58), არამედ «კოსმოსური», «მთრთოლვარე» (9) _ «მთრთოლარე», «სუმთლად» (25, 37) _ «სულ მთლად», «სპილოსძვლის ელფერის» (36) _ «სპილოსძვლისფერი», «ნებსით თუ უნებურად» (153) და «ნებსით თუ უნებლიედ» (60) _ «ნებსით თუ უნებლიეთ», «რაღაცეები» (47, 121, 135) _ «რაღაცები», «200 წლის წინ» (60) _ « … წინათ», «ამის გარეშე» (177) _ «უამისოდ», «ფერუმარილს» (75) _ «ფერ-უმარილს», «მუხლებსქვემოთ» (36) _ «მუხლებს ქვემოთ», «კატალანურად» (46) _ «კატალონიურად», «მთელს პარიზს» (124) _ «მთელ პარიზს» და ა. შ.

ბარემ ისიც აქვე მივანიშნოთ, რომ ერთად იწერება: «ბიჭბუჭებს» (181), «ნაყარნუყარი» (37), «ნელინელ» (80, 102), «არადა» და ა. შ.

არც «ჯიბიდან ჯაყვა დანა ამოვიღე» (45) ვარგა, იგივე ითქმის სხვა წინადადებებზეც: «წინააღმდეგობაში მოდიოდა» (171), «ყველა ის «უცნაურობები» (174), «სხვადასხვა სტადიონებზე» (183), «სხვადასხვა სალონებსა თუ გამოფენებზე» (196) და ა. შ.

რაც შეეხება ისეთ სიტყვებს, როგორიცაა «აწი» (69) და «სხვაფრივ» (134), «ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის» კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, უნდა იყოს: «ამის შემდეგ», «ამიერიდან» და «სხვაგვარად». 

ერთი სიტყვით, რედაქტორის ხელი აკლია ყოველივე ამას და ეგ არის.

საგანგებოდ უნდა შევჩერდე ისეთ, მსუბუქად რომ ვთქვა, «უცნაურ» სიტყვებზე, როგორიცაა: «განათუ» (255) _ ნაცვლად ნაწილაკისა «განა» და «ღირსპატივსაცემი» და «ზეიმურობა» (66), თანაც ეს ორი სიტყვა ერთიმეორის მიყოლებითაა. პირველმა («განათუ») ხომ მართლაც «დახურა» (მთარგმნელების სტილში თუ ვიტყვით, ცხადია, კარგი გაგებით, რადგან ამ მხრივ, ასეთი, რომ იტყვიან, მოსწრებული გონებამახვილობით მათი თარგმანი ერთობ გამოირჩევა). რაც შეეხება დანარჩენ ორ სიტყვას, მთელი წინადადება უნდა გავიხსენოთ: «ამ ნივთს რაღაც განსაკუთრებული, ღირსპატივსაცემი ზეიმურობა და დიდებულება დაჰკრავდა!» ახლა, ამოვიღოთ პირველი («ღირსპატივსაცემი»), მეორე კი კონტექსტით გავიაზროთ და ვნახოთ, დააკლდება მას რამე თუ მოემატება: «ამ ნივთს რაღაც განსაკუთრებული, საზეიმო იერი და დიდებულება დაჰკრავდა!». რას იტყვით, ჩემო ძვირფასო კოლეგა-მთარგმნელებო, დააკლდა თუ მოუხდა?

გოგი დოლიძე,

პროფესორი,

აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი

P.S. ქართველი მკითხველი გულგრილად ვერ წაიკითხავს იმ სტრიქონებს, რომელთაც სალვადორ დალი უძღვნის თავად შერვაშიძესთავადი შერვაშიძეევროპული არისტოკრატიის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია…») და ბუნებრივად იბადება ინტერესი, უფრო მეტი ვიცოდეთ ამ «ევროპული არისტოკრატიის უთვალსაჩინოეს წარმომადგენელზე». ეგებ ამაზეც იზრუნონ გამომცემლობამ და მთარგმენელებმა?

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here