Home რუბრიკები საზოგადოება ოთარ კვესიტაძე: საქართველოში მეცნიერება თითქმის აღარ არსებობს

ოთარ კვესიტაძე: საქართველოში მეცნიერება თითქმის აღარ არსებობს

1422

«საქართველო და მსოფლიოს» შეკითხვებს უპასუხებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ოთარ კვესიტაძე.

 

_ თავისი არსებობის 5 წლის მანძილზე ჩვენი გაზეთი ცდილობდა, შეძლებისდაგვარად დაეცვა ქართული მეცნიერების, მეცნიებათა ეროვნული აკადემიის ინტერესი, მეტნაკლებად საქმის კურსში გვყავდა ჩვენი მკითხველები. მაგრამ იმ შემზარავმა ციფრებმა, რომლებიც, ბატონო ოთარ, აკადემიის საერთო კრებისთვის წარდგენილ მოხსენებაში დაასახელეთ, გამაოგნებელი შთაბეჭდილება დატოვა. თუ ასე გაგრძელდა, ქართული მეცნიერების კატასტროფა გარდაუვალია.

_ საკავშირო ინსტიტუტების ჩათვლით, რომლებიც საქართველოში იყო (აგრარული სპეციალობის, სამედიცინო პროფილის ინსტიტუტების ჩათვლით), გვყავდა 73 ათასი მეცნიერი-თანამშრომელი. ეს _ უწინ. 2000 წელს _ 45000, ამჟამად 2200-2300 თუ შეგროვდა, დიდი ამბავია.

5-6 წლის წინათ საქართველოს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში დამკვიდრდა სრულიად დაუსაბუთებელი აზრი, რომ მეცნიერება, მით უფრო, ფუნდამენტური, საქართველოსთვის ზედმეტი ფუფუნებაა. თუ დაგვჭირდება, დასავლეთიდან მოვახდენთ იმპორტირებასო.

ასე გაწირეს ჩვენს ქვეყანაში მეცნიერული აზრი, რაც, მე რომ მკითხოთ, ისეთივე დანაშაულია, როგორც ათეულ მილიონობით ლარის მითვისებაზე, გაფლანგვასა თუ არამიზნობრივად დახარჯვაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეები.

ის, რაც ამ მხრივ მოიმოქმედა ყოფილმა ხელისუფლებამ, ერისთვის მომავლის წართმევის ტოლფასია.

_ კატასტროფის წინაშე ვდგავართ?

_ კატასტროფა მომხდარია. გულახდილად გეტყვით: საქართველოში მეცნიერება დღეს თითქმის აღარ არსებობს. ყველაზე მეტად დაზარალდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია…

_ აკადემიის საერთო კრებაზე ძალიან მწვავედ დადგა სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტების საბაზისო და პროგრამული დაფინანსების პრობლემა. იქნებ გავარკვიოთ ჩვენი მკითხველები, რაზეა ლაპარაკი?

_ საქმე ის არის, რომ შარშანდელი წელიწადი ისე დასრულდა და 2014-იც ისე დაიწყო, რომ ჩვენი მრავალტანჯული ინსტიტუტების მიზერული ხელფასების ბედი დღემდე გაურკვეველი რჩება. პროგრამული დაფინანსება, რომელსაც მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო გვთავაზობს, საერთოდ უპერსპექტივობის წინაშე აყენებს ამ ინსტიტუტების თანამშრომლებს. ერთგვარად უკეთეს მდგომარეობაშია ის ინსტიტუტები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარეს. მაგალითად, მეტალურგიის ინსტიტუტი, რომელსაც შესანიშნავი მეცნიერი და კარგი ორგანიზატორი გიორგი თავაძე ხელმძღვანელობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახლახან სათავეში ჩაუდგა აკადემიკოსი ლადო პაპავა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ უმაღლესი სასწავლებლის ცოტა ხნის წინანდელი მდგომარეობა და დღევანდელობა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც დღე და ღამე. პრინციპული, საქმიანი პოზიციით გამორჩეული რექტორია ბატონი ლადო.

სამწუხაროდ, არიან ისეთი რექტორებიც (ალბათ, დამემოწმებით, რადგან იმ კრებას ესწრებოდით), რომლებიც კვლავ კონიუნქტურის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. კრებაზე მათი გამოსვლა ძალიან ჰგავდა დავალების შესრულებას.

საბაზისო დაფინანსება ნიშნავს ხელფასს…

_ რომლის შედარებაც კი არ შეიძლებაო, როგორც ერთმა გამომსვლელმა თქვა, ნანუკას შოუს წამყვანის ანაზღაურებასთან. იმდენად მცირეა.

_ რას ამბობთ, როგორ შევედრებით! ჩვენი პროფესორების ხელფასები მინიმუმ ათჯერ ნაკლებია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასებზე. დამლაგებელი პარლამენტში პროფესორზე, ალბათ, 15-ჯერ მეტს იღებს.

აი, ამ საბაზისო ხელფასების გაზრდაზე ლაპარაკიც არ არის.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ სრული უპასუხისმგებლობაა, უპატივცემულობაა მეცნიერების მიმართ.

_ პროგრამული დაფინანსება საქმეს არ შველის?

_ მომისმინეთ: დავუშვათ ინსტიტუტს აქვს 5 პროგრამა. სამინისტროში წარადგინა ხუთივე. ორი დაუფინანსეს, სამზე უარი უთხრეს. ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი სამი პროგრამით გათვალისწინებული მეცნიერი-თანამშრომლები ცარიელზე რჩებიან და იძულებულნი ხდებიან, წავიდნენ. თან სამინისტროს ჩინოვნიკები ინსტიტუტებს აფრთხილებენ, რომ 65 წელს ზემოთ არავინ გაითვალისწინონ. თუ ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, არ დააფინანსებენ საერთოდ.

_ ეს ხომ ასაკობრივი დისკრიმინაციაა?

_ რა თქმა უნდა.

_ ვინ ადგენს ამ პირობებს, ასეთ მოთხოვნებს?

_ სამინისტროში არის თანამშრომელთა ერთი ჯგუფი, რომელიც ამას აკეთებს.

_ აგრძელებენ მიხეილ სააკაშვილისეულ პოლიტიკას?

_ ასე გამოდის. იქ, სამინისტროში მივიდა ძალიან საინტერესო კაცი _ მარსაგიშვილი, რომელსაც ახლაც დიდ პატივს ვცემ, როგორც მეცნიერსა და სპეციალისტს. მაგრამ ისე შეიცვალა იმ თანამდებობაზე მოხვედრის შემდეგ, რომ ვეღარ ვცნობ _ განსხვავებულ პოლუსზე აღმოჩნდა. რა მოხდა, ვერ გეტყვით. აშკარაა, რომ მეცნიერების მხარდამჭერს ვერ ვუწოდებთ მის პოზიციას.

_ გაჩინოვნიკდა?

_ მაგრად… თვალებში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, რომ პროგრამების დაფინანსება იქნება საბაზისო დაფინანსება. პროგრამული დაფინანსება 2-3 წლითაა გათვალისწინებული და საბაზისოს არ ეხება. არადა, ეს უკანასკნელი უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის არსებობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, თუნდაც ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. აი, ამის შემდეგ კარგი  და ქვეყნისთვის საჭირო პროგრამები კი დამატებით უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ. ორ ატომურ ბომბადარტყმულმა იაპონიამ პირველი ბიუჯეტი რომ შეაკოწიწა, 12 პროცენტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის გაითვალისწინა.

_ ჩვენთან რამდენია?

_ 0,2 პროცენტი! არადა, ჩვენი სამეცნიერო პოტენციალი იმდენად ძლიერია შენარჩუნებული, იმდენად სერიოზულია, რომ საქმეში ჩაუხედავი კაცისთვის შეიძლება გაუგებარიც კი იყოს. ვგულისხმობ სიცოცხლის შემსწავლელ, ზუსტ მეცნიერებებს. აგრარული მეცნიერებაც ძლიერია, ფიზიკა, როგორ გითხრათ, არაჩვეულებრივად ძლიერი სამეცნიერო პოტენციალითაა წარმოდგენილი ქართველოლოგიური მეცნიერება. ამ ხალხს პატრონობა და მხარდაჭერა სჭირდება.

_ ერთი რამ გამაგებინეთ, ბატონო ოთარ: არიან თუ არა სამინისტროში ისეთი მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებსაც უნარი შესწევთ, შეაფასონ და ნება დართონ ან უარი თქვან სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილ პროგრამებზე?

_ ხომ მიაქციეთ ყურადღება, რა უპასუხა ამ შეკითხვას სამინისტროს წარმომადგენელმა: უცხოელ მეცნიერებს შევაფასებინებთო. აკადემიკოსებმა გაიკვირვეს, მაშინ ამ პროგრამებს ქართულად რატომ გვაწერინებთო?! ვინ თარგმნის და სწორად თარგმნიან თუ არა? _ ესეც ჰკითხეს. უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მეცნიერებს შევაფასებინებთო, «დაგვიზუსტეს».

ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი უხერხულია.

_ უხერხული ის იყო, ბატონო ოთარ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კრების წინაშე, ჩემი აზრით, მოუმზადებელი მინისტრები რომ წარდგნენ. მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ.

ახლა კი ასეთი შეკითხვა, რომელიც ნახევარი საუკუნის წინათ დიდი კამათისა და მითქმამოთქმის საგანი იყო: ფიზიკოსები თუ ლირიკოსები? თქვენ ვისკენ იხრებით, როგორც აკადემიის პრეზიდენტი, _ ჰუმანიტარებისკენ თუ ზუსტი მეცნიერების წარმომადგენლებისკენ?

_ ცენტრისტი ვარ (ეღიმება). ქართველოლოგიური მეცნიერებების გარეშე წარმოუდგენელია მეცნიერებათა აკადემიის არსებობა. ასევე წარმოუდგენელია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა გარეშე აკადემიის არსებობა.

ჩვენს აკადემიას ერთგვარი ჰუმანიტარული «გადახრა სჭირდა». საჭირო გახდა ვექტორის შეცვლა კი არა, ნორმალურ, დაბალანსებულ პარამეტრებში მოქცევა. ამის შესახებ მოსვლისთანავე ველაპარაკე კოლეგებს და სრული გაგება და მხარდაჭერა მივიღე.

რეალობაა, რომ დღეს ქვეყანა სტიქიურად ვითარდება. იმპულსურად კეთდება აქცენტები ამა თუ იმ დარგზე, გასაგებად რომ ვთქვა, პრიმიტიულად აღქმულ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე. მაგალითად, ღვინო ფულია? წავიდა! ლუდი ფულია? წავიდა! რესტორანი ფულია? წავიდა! და . . ესაა გადამწყვეტიპრაქტიკულად არავის აინტერესებს ორიგინალური ტექნოლოგიები, რომლებიც ქვეყანას თანამედროვე განვითარების ლიანდაგზე დააყენებს. ამ მიმართულებით არაფერი კეთდება.

შევეცადე, ეს პრობლემა წამოგვეწია. შევქმენით კომისია, მოვიზიდეთ სათანადო კვალიფიკაციის თანამოაზრეები. თავმჯდომარედ აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია ავირჩიეთ. ამ სიახლემ დიდი ინტერესი გამოიწვია.

და ბატონმა ოთარ კვესიტაძემ წამიკითხა ფრიად საინტერესო ლექცია იმის თაობაზე, თუ როგორ და რით შეიძლება მოსახლეობის შრომითი დასაქმება, შემოსავლების გაზრდა, ადამიანების დამკვიდრება იმ პირობებში, როცა დაცლილია თუშეთი, პრაქტიკულად აღარ არსებობს ხევსურეთი, ცუდ დღეშია მთიანი იმერეთი _ ელიავას ბაზრობასთან თითქმის მთელი ზემო იმერეთის შრომისუნარიანი მოსახლეობა სამუშაოს მოლოდინში ამაოდ ათენაღამებს; როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა თუნდაც ბუნების სიკეთეთა გონივრული, კარგად ორგანიზებული გამოყენებითა და მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების გარეშე, ჩვენი ქვეყნის ოცდაათამდე ნიადაგობრივკლიმატური ზონისთვის სოფლის მეურნეობის მრავალდარგობრიობის მისადაგებითა და ეფექტიანად წარმართვით. ამ საკითხს ვერც ერთი სხვა ქვეყნის რაგინდარა წარმატებული მეცნიერი ვერ მოგვიგვარებს _ სპეციფიკაა უნიკალური, მრავალფეროვნებით გართულებული, ამიტომ ჩვენი გასაკეთებელია და მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ უნდა ითავოს ეს სახელმწიფოებრივი საქმე.

ეს იყო აბსოლუტური კონკრეტიკით და მეცნიერული ანალიზით გამორჩეული საუბარი, ფაქტებით დადასტურებული. გადაწყვეტა ხელის გაწვდენაზეა. ისეა, როგორც მათეს სახარებაში: «ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ» (მათ. 7,7).

წლების განმავლობაში დამკაკუნებელი არავინ იყო. მით უფრო, _ გამღები. ახლა გამოჩნდა:

_ ჩვენ ვქმნით პროგრამებს, კონცეფციებს და განსაკუთრებულად პერსპექტიულს წარვუდგენთ მთავრობას, _ ამბობს ბატონი ოთარ კვესიტაძე და განაგრძობს, _ მეცნიერება ტექნოლოგიაში უნდა გადავიყვანოთ, ამის პოტენციალი გვაქვს, ამ დონის მეცნიერები გვყავს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომელიც ქვეყნის ჭირისუფალია და მთავრობის მთავარი მრჩეველი, ახალი წინადადებების დანერგვას დედოფლისწყაროს რაიონიდან ვიწყებთ, ჩვენს მოსაზრებებს მთავრობას წარვუდგენთ. ასეთ პრაქტიკულ ლიანდაგზე გადავდივართ. შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერებათა აკადემიის მოქმედების ვექტორი რადიკალურად შეიცვალა.

_ ფუნდამენტური მეცნიერებები?

_ თავისი ადგილი და წილი აქვს და დარჩება. სრულად გვაქვს გაცნობიერებული, აკადემია საერთაშორისოდ აღიარებულ სამეცნიერო სტრუქტურად რომ იქცეს და რეალურად უპასუხოს შესაბამის სტანდარტებს, ამისათვის ვალდებულნი ვართ, თანამედროვე მეთოდოლოგიით ჩავატაროთ ინტენსიური კვლევები ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და არქეოლოგიის, ყველა სხვა ქართველოლოგიური პროფილის მეცნიერებებში; საფუძვლიანად უნდა გვქონდეს გაანალიზებული მეცნიერების ყველა ის ფუნდამენტური დარგი, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან შეიძლება დაკავშირდეს და, შესაძლოა, ქვეყნის ინტერესებისთვის იქნას გამოყენებული. აკადემია კვლავაც მხარს დაუჭერს და გააძლიერებს მეცნიერების ისეთ ტრადიციულ მიმართულებებს, როგორებიცაა მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, დედამიწის სიცოცხლის შემსწავლელი და აგრარული მეცნიერებები, მედიცინა და ა. შ.

_ ბატონო ოთარ, თქვენ ახსენეთ აკადემიის მიმართულების ვექტორი, ვთქვათ ასე, _ შიგნით მიმართული. გარე ვექტორზე შეგეკითხებით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ძირითადად, მიმართული იყო საბჭოთა კავშირის სივრცისკენ, უწინარესად, მოსკოვის, სანკტპეტერბურგის, კიევის და . . სამეცნიერო ცენტრებისკენ. რუსოფობიის აღზევების პერიოდის «დაღდასმულობა» დაძლიეთ?

_ რუსოფობიის პოლიტიკის აყოლა დიდი დანაშაული იქნებოდა. დღეს შვეიცარიის მეცნიერების ცენტრში, რომელიც ფიზიკაში მსოფლიო მნიშვნელობის ფრონტადაა აღიარებული, ორმოცამდე ქართველი ფიზიკოსი მუშაობს. როგორ გგონიათ, დუბნა რომ არ ყოფილიყო, ქართველები რომ არ ყოფილიყვნენ რუს ფიზიკოსებთან შემოქმედებითად დაკავშირებული, შესაძლებელი იქნებოდა იმ ცენტრში ქართველების მიწვევა? არა, რა თქმა უნდა. მესმის, რომ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მგონია, რომ გართულების პიკი გადავიარეთ და შეიქმნა ის სიტუაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მეცნიერული კონტაქტების განვითარებას საზღვარგარეთის მეცნიერებათა აკადემიებთან, მათ შორის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან. ასევე მსოფლიოს სოლიდურ სამეცნიერო ცენტრებთან, საზოგადოებებთან და, საჭიროების შემთხვევაში, შევქმნით კვლევის ერთობლივი ცენტრებს, პროექტებს

ერთ რამესაც გეტყვით.

ყოფილ საბჭოთა კავშირში ფუნქციონირებდა ხელოვნური საკვების კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი ალექსანდრ ნესმეიანოვი. 11 წელიწადი ამ კომისიის წევრი ვიყავი. ვერ წარმოიდგენთ, რა დიდი გამოცდილება მივიღე. ჩემნაირად რუსეთის სამეცნიერო ცენტრებთან არაერთი ქართველი მეცნიერი თანამშრომლობდა, რამაც ჩვენი კოლეგების პროფესიულ ზრდას სერიოზულად შეუწყო ხელი.

ამ კომისიას ისეთი მიღწევები ჰქონდა ხელოვნური საკვების შექმნის საქმეში (მაგალითად, ხელოვნური ხიზილალის, უაღრესად ყუათიანი პროდუქტის), რაზეც ამერიკელებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ. მომეცა საშუალება, პირადად დავრწმუნებულიყავი ამაში აშშ-ში ყოფნის დროს.

რატომ უნდა შევაქციოთ ზურგი ასეთი პოტენციალის მქონე სამეცნიერო ცენტრებს?! მივიღოთ, გავიზიაროთ, განვავითაროთ მათი მეცნიერული კვლევების შედეგები. ორი აზრი არ არსებობს, რომ არ უნდა გავხდეთ რუსეთის მეცნიერების სატელიტები, როგორც არც ერთი სხვა ქვეყნის. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ყოფილმა ხელისუფლებამ აქ, საქართველოში მეცნიერებს ისე გაგვიტეხა სახელი, მოგვსპო, დაგვანიავა, რომ ბევრ კოლეგას რწმენაც კი შეერყა, ამიტომ მეცნიერების მენტალიტეტის შეცვლა ადვილი არ გამოდგა.

_ შეიძლება ვცდები, მაგრამ აკადემიის საერთო კრებაზე მეცნიერებისა და განათლების მინისტრის გამოსვლამ მაფიქრებინა, რომ მაღალი რანგის ჩვენი ჩინოვნიკების (რომლებმაც ესესაა მიაღწიეს მაღალ საფეხურებს) მენტალიტეტიც შესაცვლელია, რადგან იმავე არხით მიედინება, რომელიც სააკაშვილის დროს გაიჭრა.

_ ჩვენი მინისტრი ახალგაზრდა ქალია, ალბათ, უდავოდ ნიჭიერი. მაგრამ მეცნიერების როლისა და ადგილის გაგება მეცნიერებათა აკადემიაშიც კი გვიჭირს, სხვაზე რა უნდა ვთქვა?! მეცნიერების ბედ-იღბალი თვითონ მეცნიერებმა უნდა გადაწყვიტონ.

პრობლემას მთავრობა ვერ ჩამოგვიყალიბებს, ისევ მეცნიერებმა უნდა ვუკარნახოთ. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, მეცნიერული საფუძვლები შევქმნათ იმისა, თუ რა სჭირდება ქვეყანას. ამ გზით მივდივართ.

მე არ მიკვირს, რომ ქალბატონი თამარი შეიძლება ვერ არის ჩახედული მეცნიერების დეტალებში… არც შეიძლება იყოს… მაგრამ ცოტა მეტი ყურადღებით რომ ყოფილიყო, მისი გამოსვლაც უფრო ადეკვატური იქნებოდა კრების მონაწილეთა მოთხოვნების. მეცნიერებათა აკადემია სამინისტროს დირექტივებით ვერ იმუშავებს. ეს ხომ ელემენტარულია და ამაში ამბიციურობის მისხალიც არ არის.

_ პრემიერმინისტრს უნდა შეხვედროდით

_ შევხვდი კიდეც, მაგრამ საყდრისის ოქროს საბადოს პრობლემისადმი იყო მიძღვნილი ის თათბირი. ძალიან რთული საკითხია… ამ შეხვედრის დამთავრებისთანავე გადავეცი ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი კრების მიერ მიღებული მიმართვა და მივიღე დაპირება, რომ იანვრის ბოლომდე აუცილებლად გამონახავს დროს და შემხვდება.

_ ამ შეხვედრის შედეგებზე, ალბათ, მოგვეცემა შესაძლებლობა ცალკე საუბრის.

_ გპირდებით.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ლიფტამდე მიმაცილა ბატონმა ოთარ კვესიტაძემ. ჩემი პროტესტის საპასუხოდ _ ნუ წუხდებითმეთქი, აი, რა მიამბო:

_ ერთი ინგლისელი სტუმარი ქუჩამდე ჩავაცილე. ეტყობა, ვერ გაიგო, რომ მისდამი პატივისცემის გამო მოვიქეცი ასე და ირონიანარევი შენიშვნა მომცა:

_ ყოველთვის ასე უფრთხილდებით თქვენს სამუშაო დროს?!

არც ვაციე, არც ვაცხელე და მივახალე:

_ ასე მაშინ ვიქცევი, როცა მინდა დავრწმუნდე, რომ თქვენისთანა სტუმარი ნამდვილად წავიდა!

კაცს რომ იუმორი აქვს, სინაღდის ნიშანია.

 

1 COMMENT

  1. მეცნიერება გრანტებისა და ე.წ. "ტრეინიგების" დონემდე დავიდა. დიდი ხანია, ქართულ მეცნიერებაში არაფერი ხდება. შეუძლებელია, ეს წერილი წაიკითხოს მეცნიერმა (ან ყოფილმა მეცნიერმა _ ასეთები უფრო მრავლად ვართ) და არ დაეთანხმოს მის პათოსს.

  2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახლახან სათავეში ჩაუდგა აკადემიკოსი ლადო პაპავა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ უმაღლესი სასწავლებლის ცოტა ხნის წინანდელი მდგომარეობა და დღევანდელობა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც დღე და ღამე. პრინციპული, საქმიანი პოზიციით გამორჩეული რექტორია ბატონი ლადო.
    ნამდვილად ბევრი რამ საგულისხმოა, მაგრამ ეს ზემოთმოტანილი წინადადება საეჭვოს ხდის მთელს წერილს.
    რა შეიცვალა უნივერსიტეტში? იგივე ხალხი, ისეთივე კომისიები.იგივე კუკულავა იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. ვინც სხვათაშორის ნარმანიას გაშვებას მისცა ხმა., ასევე იყო ღვედაშვილი. მაინტერესებს შეცვლა ისაა, რომ კიდევ უფრო გაძლერდა კონკავშირელის დეკანნის თვალთავძის უფლებები, თუ გორდეზიანების წითელი დიქტატურა. კონკრეტულად თუ იტყვის რა შეიცვალა??? ან პლაგიატ დამტკიცებული ეკონომისტი პროფესორები, ახლა გვარს არ ვიტყვი პოლიტიკაში არ ჩამეთვალოს, ისევ რომ წამყვანები არიან. სხვა რამის დაჯერებაც გამიჭირდება ამის შემდეგ. დაასახელეთ ერთი უსამართლოდ ჩატარებული კონკურსი, თუ გაუქმდა. ხომ წერდა გოგოლაშვილი და სხვები უსამართლოდ ტარდება კონკურსებიო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here