Home რუბრიკები პოლიტიკა «ჩუმად გავაკეთებინე ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ ადმირალი ირემაძე დარიშხანით იყო მოწამლული»

«ჩუმად გავაკეთებინე ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ ადმირალი ირემაძე დარიშხანით იყო მოწამლული»

1831

დამოუკიდებელ საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე ერთადერთი ადმირალი ჰყავდა, რომლის გარდაცვალების საქმეც დღემდე ბურუსითაა მოცული. რვა წლის მანძილზე ოჯახს ხმა არ ამოუღია, რადგან გამუდმებული ტერორის ქვეშ იმყოფებოდა. მათ ახლა ახალი ხელისუფლების იმედი აქვთ და სჯერათ, რომ საქმე დაიძვრება, მაგრამ მთავარი მოწმე დღემდე არ იმყოფება საქართველოში  და მის ჩამოყვანაზე საუბარიც არ არის.

 

რა გახდა ადმირალ ირემაძის სიკვდილის მიზეზი? რა დავალება მისცა სააკაშვილმა ადმირალს? რატომ არ ჰყავს საქართველოს საზღვაო ფლოტი? რისი იმედი აქვს მოკლულის ოჯახს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე სასაუბროდ «საქართველო და მსოფლიოს» თადარიგის კაპიტანი გოდერძი ორმოცაძე ადმირალის ქალიშვილთან _ თამთა ირემაძესთან ერთად დაუკავშირდა.

გოდერძი ორმოცაძე:

_ დამოუკიდებელ საქართველოს ერთადერთი ადმირალი ჰყავდა  _ ზურაბ ირემაძე. მისი შექმნილი იყო საზღვაო ფლოტიც, მის სახელს უკავშირდება საბრძოლო გემების შემოყვანაც. მოკლედ, ქვეყნის ერთგული და პატრიოტი კაცი იყო. მას მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა პრემიერ ზურაბ ჟვანიასთან. ამდენად, ის «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მთავრობასთან დაახლოებული გახლდათ.

ბათუმში დაწყებული არეულობის დროს, 2004 წელს, როდესაც ასლან აბაშიძის გადაგდება უნდოდათ, ყველას გახსოვთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ასლან აბაშიძის გადასარჩენად რუსეთიდან ივანოვი ჩამოვიდა. სააკაშვილმა ადმირალ ირემაძეს დაავალა, რომ, თუ რუსეთიდან რაიმე გემი შემოვიდოდა, ჩაეძირა. ირემაძემ აღნიშნული ბრძანება არ შეასრულა, რადგან, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რა მოჰყვებოდა მსგავს ქმედებას რუსეთის მხრიდან. სააკაშვილს 2008 წლის გეგმის განხორციელება ჯერ კიდევ 2004 წელს  უნდოდა და ამას ბათუმიდან იწყებდა.

_ რა გაძლევთ ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს?

_ ამ ინფორმაციას დაადასტურებს პოლკოვნიკი ვიქტორ ჭელიძე, თუ ოდესმე საქართველოში დაბრუნდა. ის მას შემდეგ წავიდა ქვეყნიდან, რაც ადმირალი ირემაძე მოკლეს. ადმირალს რუსული გემების ჩაძირვის სანაცვლოდ სააკაშვილი 4 მილიონ დოლარს სთავაზობდა, მაგრამ მან უარი განუცხადა. ოჯახის წევრები და მისი მოადგილე ვიქტორ ჭელიძე იხსენებენ, რომ ბატონი ზურაბი იმ დღეს საშინლად გაღიზიანებული დაბრუნებულა შინ და უთქვამს: _ სააკაშვილმა ისეთი დავალება მომცა, ეჭვი მაქვს, ჩემი სიკვდილი უნდაო.

ახალმა ხელისუფლებამ, ჯარის გაძლიერების მიზნით, ძალიან მალე უკრაინიდან და ბელორუსიდან იარაღის შემოტანა დაიწყო, რომელიც აუცილებლად ზღვით უნდა შემოსულიყო, ადმირალმა შენიშნა, რომ რაღაც საბუთები უკანონო იყო, ასევე შენიშნა, რომ იყო ნარკოტიკული ნივთიერებებიც და ამიტომ გემების შემოსვლა შეაჩერა. ადმირალის გადაწყვეტილებამ სააკაშვილი ჭკუიდან გადაიყვანა.

ზურაბ ჟვანიას ძალისხმევით, 2004 წლის აგვისტოში ზურაბ ირემაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად უნდა დანიშნულიყო, ბრძანება ხელმოწერილი იყო. ორშაბათ დღეს, 13 აგვისტოს, ადმირალი ფოთიდან თბილისში წამოსასვლელად რომ ემზადებოდა,  გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში ავტოავარიით მისი სიძე, სამხედრო გემის კაპიტანი _ დავით რუხაძეც დაიღუპა.

არც ერთ მათგანს ექსპერტიზა არ ჩაუტარდა, მიუხედავად ოჯახის წევრების კატეგორიული მოთხოვნისა. ირემაძის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

მოგვიანებით ოჯახის ექიმმა ზაზა შალამბერიძემ განმარტა: «ოჯახის წევრებს ვაძლევდი ისეთ პრეპარატებს, რომ მათ ეს ტრაგედია ადვილად გადაეტანათ».

ქვეყნიდან გაქცეული პოლკოვნიკი ჭელიძე ამბობს, რომ ადმირალის სიკვდილში ეჭვი რომ შემეპარა, ჩუმად გავაკეთებინე ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ ზურაბ ირემაძე დარიშხანით იყო მოწამლულიო.

ამ დრომდე ირემაძის საქმეზე ბევრი რამ ითქვა და საქმეც დიდი ხანია ძიებაშია, მაგრამ ამ დეტალებზე არავის უსაუბრია. აქვე მინდა, აუცილებლად აღვნიშნო, რომ ამ საქმეში პოლკოვნიკ ვიქტორ ჭელიძის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მან ძალიან ბევრი რამ იცის თავდაცვის სამინისტროს ძველი და ახალი თანამშრომლების შესახებ. ასევე იცის სააკაშვილის, კეზერაშვილის, ოქრუაშვილის ბინძური საქმეების შემსრულებელი ადამიანების ვინაობაც. საქართველოში მისი დაბრუნება, როგორც ჩანს, ახალ ხელისუფლებასაც არ აძლევს ხელს.

თამთა ირემაძე:

_ მე მოგიყვებით, როგორ დაიღუპა მამაჩემი 2004 წლის 13 აგვისტოს და რა იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. მამა და ჩემი მეუღლე ბათუმში მეგულებოდნენ, რადგან იქ რაღაც სწავლებაზე იყვნენ წასულები, ამიტომ იმ საღამოს არ ველოდებოდი, მაგრამ მამა მოვიდა. საშინლად გამოიყურებოდა, ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა, ცუდი ფერი ედო და დასიებული იყო. ვერაფრის კითხვა ვერ გავბედე, რადგან ძალიან განერვიულებული ოთახებს ამოწმებდა, მერე აივანზე გავიდა, ისროლა, შემოვიდა და მითხრა: «მამა, შენ ნურაფრის შეგეშინდება, ამათ დედას ვუტირებ, ახლა ჩემთვის ყველაფერი ნათელია, მივუხვდი, რაც უნდათ». მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, უკვე ცუდად გახდა. ვაი-ვაგლახით მოვახერხე მისი ჰოსპიტალში გადაყვანა, რადგან ტელეფონით ვერავისთან დაკავშირება ვერ შევძელი. ჰოსპიტალში მიყვანისთანავე მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მამას გარდაცვალებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ჩემი მეუღლე დაიღუპა, მისი სიტყვებიც სულ მახსოვს: «თამთა, სულ მარტო დავრჩით. მალე მეც აღარ ვიქნები. საჭირო არ არის, ამის მეტი რამე იცოდე».

მეორე დილის ექვს საათზე ამბავი მომიტანეს, რომ დათო ავტოკატასტროფაში დაიღუპა, სიჩქარის გადაჭარბებით. თან გავიგე, რომ მას დილის ექვს საათზე ჩემი მეგობარი თათია როინიშვილი ახლდა. გონს რომ მოვეგე, თათიას სანახავად წავედი და ვკითხე, თუ რა უნდოდა იმ დროს ჩემს ქმართან ერთად. მისი პასუხი ასეთი იყო: «21 წლის ორმეტრიანი ქმარი ხომ გიწევს გაშოტილი; თუ არ გაჩუმდები, შენც იმავეს გაგიკეთებო».

_ ეს თათია ახლა სად არის და ვინ იყო? რა გავლენა ჰქონდა ასეთი?

_ თათია მას შემდეგ საქართველოში არ არის. ის არავინ არ იყო, უბრალოდ, სამხედრო მოსამსახურის შვილი იყო და ფოთში დასასვენებლად ჩამოვიდა.

ამის შემდეგ ჩვენს ოჯახს ჯოჯოხეთი დაეწყო. გამუდმებულ შიშში ვცხოვრობდით. ფოთიდან ძალიან მალე წამოვედით, რადგან ვეღარ ვჩერდებოდით. მუქარა იყო თათიას ქმრის მხრიდანაც, ისინი უცხოეთიდან გვიკავშირდებოდნენ. ამას გარდა იყო უცხო, უცნობი ზარები; გვემუქრებოდნენ, რომ, თუ ხმას ამოვიღებდით და საქმის გამოძიებას მოვითხოვდით, ცუდად დავამთავრებდით.

გავიდა წლები და ჩვენი ოჯახიდან ნივთებმა დაიწყო გაქრობა, ოღონდ ისე კი არა, რომ ვინმე გვძარცვავდა, არა, კარი იღებოდა, იკეტებოდა და ნივთები იკარგებოდა. ეს პროცესი სამი წლის მანძილზე გრძელდებოდა. ის, რომ ამას უცხო არ აკეთებდა, იმით მივხვდით, რომ მამას ალბომი გაქრა და თვეების შემდეგ ალბომი საძინებელში დაგვხვდა.

_ ვინ აკეთებდა ამას?

_ ჩემი მეორე ქმარი. რაღაცამ დამაეჭვა, ცხელ კვალზე გავყევი და ჩვენი ოჯახიდან გატანილი ნივთები მშრალ ხიდზე აღმოვაჩინე. დავურეკე ჩვენი საქმის გამომძიებელს და ყველაფერი მოვუყევი, ფაქტები დავუდე, მაგრამ გამომძიებელმა არაფერი მოიმოქმედა. 24 დღის მანძილზე პასუხი არ გამცეს. 24 დღის შემდეგ კი გამომძიებელი მოვიდა და მითხრა, რომ ბაქარ ხუცაიძე, ანუ ჩემი ქმარი საძინებელში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გარდაცვლილი იპოვეს. საქმე გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში იყო აღძრული, გამომძიებელია გიორგი ხუციშვილი.

ვიდრე ჩემს ქმარს გავშიფრავდით, მანამდე მან სოფელში სახლი დაგვიწვა, რამდენიმეჯერ ავარიაში მოგვაყოლა. დედა რაღაცას ეჭვობდა და ჰკითხა კიდეც, რას გვერჩი, რა დაგიშავეთო. მან უპასუხა: «შემიყვარდით და ვერ გწირავთო».

წლების განმავლობაში რაღაცას ეძებდნენ, გვაწამეს, ყველაფერი წაგვართვეს, გაგვანადგურეს. დღემდე არ ვიცით, ვინ არის ჩვენი მტერი. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, პოლკოვნიკი ვიქტორ ჭელიძეა და ჩვენც მის დაბრუნებას ველოდებით.

გოდერძი ორმოცაძე:

_ დიდია ალბათობა, რომ იარაღის საქმეს შეეწირა ზურაბ ჟვანიაც, გია კრიალაშვილიც, ადმირალი ირემაძეც და მისი სიძეც. ადმირალ ირემაძეს ხუთი ნაჩუქარი იარაღი ჰქონდა, რომლებიც მისი კაბინეტიდან დაიკარგა. ახლა ჩვენ, სამხედროები ვიძიებთ ამ საქმეს და ვცდილობთ, გავიგოთ ვის სახელზეა ის იარაღები რეგისტრირებული. ასევე დაიკარგა ძალიან მნიშვნელოვანი საბუთები, კასეტები. ჭელიძის საქართველოში დაბრუნება ნათელს ბევრ ფაქტს მოჰფენს.

ამ დროისთვის კი ის ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც ადმირალმა სააკაშვილს საეჭვო ტვირთის შემოტანაზე უარი განუცხადა, მიშას მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში, რომ საზღვაო ფლოტი დაეშალა და ზურა ირემაძის სიკვდილის შემდეგ დაშალა კიდეც.

 საქართველოს ფლოტი არ ჰყავს, ის სასაზღვრო პოლიციას შეუერთდა, ხოლო 2008 წლის ომის პერიოდში რაც გემები იყო გადარჩენილი, უმოწყალოდ ჩაძირეს. ეს ინფორმაცია უნდა იცოდეთსააკაშვილის მთავრობამ გემები სპეციალურად ჩაძირა.

საუბარში ჩაგვერთო ადმირალ ირემაძის მეუღლე მანანა ირემაძე:

_ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მეუღლის გარდაცვალების საქმეს ნათელი მოეფინება. 8 წელიწადი გაჩუმებული ვიყავი და არც ახლა ამოვიღებდი ხმას, ამის იმედი რომ არ მქონდეს. მთავარია, რომ აღარ მეშინია და ხმა ამოვიღე. თან საქმეში ისეთი კომპრომატები დევს, ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

_ რა გაძლევთ ასეთ იმედს, იარაღით უკანონო ვაჭრობის საქმის გახსნა?

_ მე ვიქტორ ჭელიძის განცხადებას ვეყრდნობი. მან თქვა, რომ ადმირალმა უკანონო ბრძანება არ შეასრულა, არ ჩაძირა გემი, რომელზეც რუსი პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ, და ამიტომ მოკლეს. პროკურატურას მივეცი ჩვენება და ჩემი მეუღლის სიტყვებიც ვუთხარი: _ ეს კაცი (სააკაშვილს გულისხმობდა) ისეთ დავალებებს მაძლევს, რომელთაც არ შევასრულებ და სასიკვდილოდ გამიმეტებს.

_ ჭელიძე საქართველოში არ არის, იგი არ დაუკითხავთ. ასეთ ვითარებაში მაინც რატომ გაქვთ იმედი, რომ ეს საქმე გაიხსნება?

_ სიმართლე როგორღაც ხომ უნდა დადგინდეს?! ის ერთადერთი მოწმეა. ის ამბობს, რომ აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია ზურას დარიშხანით მოწამვლის შესახებ, გვამის ეგზგუმაციას ვითხოვ ან ექსპერტიზის დასკვნის ნახვას.

მივმართავ პროკრატურას, ხელისუფლებას, თავდაცვის სამინისტროს, რომ ჩვენი ამბავი გულთან ახლოს მიიტანონ. განადგურებულები ვართ, გაძარცულები, დაყაჩაღებულები, უმუშევრები, მოხუცის პენსიაზე ვცხოვრობთ, ჩემს შვილს სწავლის ქირას ვერ ვუხდი.

_ თავდაცვის მინისტრი ალასანია, როდესაც თქვენი მეუღლე მოკლეს, «ნაციონალების» გუნდის წევრი იყო, მაინც გაქვთ იმედი, რომ ამ საქმეს მიხედავს?

_ მითუმეტეს, პროკურატურას ხელიც კი უნდა შეუწყოს, წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს?!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. სატირალია თუ სასაცილო არ ვიჩი..ვისი იმედი გაქვთ ხალხო ვისი..ამ მთავრობის? ჭურში ზიხართ თუ რა ჯანდაბა გჭირთ…ვერ ხედავთ ესენი ვინ არიან? სადაა მოცილებულლი ნაც ხროვა…გაორმაგდენ ეს ამოსაწყვეტლები ქოც/ ნაცებია ეხლა გაიგეეეეთ.

  2. მანანა დასაკითხია ძმები ოგანესიანები. მათ ყველაფერი იციან ზურას შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here