Home რუბრიკები სამართალი გიორგი ნოზაძე: გამომძიებლებისა და პროკურორების 95 პროცენტს ნაცმოძრაობისდროინდელი ადამიანები შეადგენენ

გიორგი ნოზაძე: გამომძიებლებისა და პროკურორების 95 პროცენტს ნაცმოძრაობისდროინდელი ადამიანები შეადგენენ

1450

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქუთაისის მერისა და საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას ვიღაც იკავებს, მაგრამ ეს ადგილი მალევე ვაკანტური ხდება. საზოგადოება ხუმრობს კიდეც, ქუთაისის მერის სავარძელს თავის დროზე თემურ შაშიაშვილმა გაუკეთა ჯადო, ხოლო გენერალური პროკურორის სკამს _ ადეიშვილმაო.

 

ქუთაისს ახლაც არ ჰყავს მერი, რადგან ეს თანამდებობა დიმიტრი კოპალიანმა სამთვიანი მუშაობის შემდეგ დატოვა და ქალაქი მერისა და მერის მოვალეობის შემსრულებლის გარეშე დარჩა. რაც შეეხება საქართველოს მთავარ პროკურორს, ამ თანამდებობაზე კბილაშვილისა და ფარცხალაძის შემდეგ ახლახან დაინიშნა გიორგი ბადაშვილი, რომლის შესახებაც (მისი წინამორბედი ფარცხალაძის მსგავსად) საზოგადოებას ბევრი არაფერი სმენია, ვიზუალურადაც მხოლოდ ერთი ფოტოთია ცნობილიაი, რას ყვება ადვოკატი, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ყოფილი უფროსი გამომძიებელი გიორგი ნოზაძე, რომელიც  რამდენიმე თვის წინათ საგამოძიებო ნაწილის იმჟამინდელმა უფროსმა გიორგი ბადაშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა:

_ საქართველოს პროკურატურაში დაახლოებით 11 წელი ვიმუშავე და გარკვეული მიზეზების გამო 2002 წელს წამოვედი. როდესაც «ნაციონალური მოძრაობა» «ქართულმა ოცნებამ» შეცვალა, 2012 წლის ნოემბერს მთავარ პროკურატურაში საქართველოს იმჟამინდელმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დამაბრუნა, მაგრამ მხოლოდ ერთი წელი დამცალდა მუშაობა. არადა, ამ ხნის განმავლობაში ისეთი საქმეები გავხსენი, ბევრი გამომძიებელი ვერ დაიტრაბახებს. ჩემ მიერ გამოძიებული საქმეების მიხედვით, ხუთ პირს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი და ეს ხუთი ადამიანია: ბაჩანა ახალაია, მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი ჩახვაძე და აჭარის კუდის ხელმძღვანელი თეიმურაზ პატარიძე.

მთავარი არის ის, რომ, როცა მთავარი პროკურორი კბილაშვილი იყო, მუშაობის ნორმალური პირობები გვქონდა, მაგრამ ლაშა ნაცვლიშვილმა, როგორც კი მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა, ხელში აიღო მთელი ძალაუფლება. არადა, ციხის ბუნტის საქმიდან დაწყებული, უამრავ მნიშვნელოვან ეპიზოდს ვიძიებდი, მაგრამ ხელი შემიშალეს. ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, ქართველ ხალხს იმედი გაგვიჩნდა, რომ გაყინულ გახმაურებულ საქმეებს გამოვიძიებდით, მაგრამ ვინ გვაცალა? კბილაშვილის წასვლის შემდეგ არავის უკითხავს, ვინ რაზე ვმუშაობდით, რა წინსვლა ან პრობლემა გვქონდა, ფეხებზე ვეკიდეთ.

_ ბაჩო ახალაიას რომელ საქმეს იძიებდით?

_ 2001 წლის ციხის ბუნტის დაწყების ეპიზოდს, რომელიც გამოვიძიე, გავგზავნე სასამართლოში და ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ სააკაშვილმა, რომელიც იმხანად პრეზიდენტი იყო, შეიწყალა. მხოლოდ ამ საკითხში გამოუტანეს ბაჩანა ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი, დანარჩენში გაამართლეს.

_ თქვენ რატომ გაგათავისუფლეს?

_ ჩემს თანამშრომელს გავეხუმრე ფოტოშოპით. ახალმა ხელმღვანელობამ ეს პროკურატურის მუშაკისთვის შეუფერებელ საქმიანობად მიიჩნია და ამ სისულელის გამო 4 ადამიანი გაგვიშვეს სამსახურიდან. ეს მხოლოდ მიზეზი იყო. რომ არა ჩემი ხუმრობა, ადრე თუ გვიან მაინც ასე მოხდებოდა, რადგან მანამდე ცალ-ცალკე დაიბარეს ჩვენი სამსახურის თანამშრომლები და უცერემონიოდ გაათავისუფლეს.

_ ვინ ათავისუფლებდა ხალხს სამსახურიდან?

_ გიორგი ბადაშვილი. ფარცხალაძემ, როგორც კი მთავარ პროკურორად დაინიშნა, მყისვე მოიყვანა ბადაშვილი და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად დანიშნა. მეც მან გამათავისუფლა. რაც მთავარია, ბადაშვილი ყველას ერთი ტექსტით მიმართავდა: შენი ნებით დაწერე განცხადება, თორემ გენერალური ინსპექციის დასკვნით გაგაგდებთო. მეც ზუსტად ასე დამემუქრა.

 გენერალური ინსპექციის დასკვნით სამსახურიდან გაშვების არ შემშინებია, რადგან დანაშაული არავის წინაშე არ მიმიძღოდა, უბრალოდ, შიშის განცდა დამეუფლა _ საშინელებაა, როცა ასეთ გახმაურებულ საქმეებს იძიებ, ხელმძღვანელობა კი ჩასაფრებულის პოზიციიდან გითვალთვალებს და ცდილობს, რამე გავნოს. ვიფიქრე, შეიძლება, შარში გამხვიონ-მეთქი და იძულებული გავხდი, განცხადება დამეწერა და სამსახურიდან წამოვსულიყავი. ეს ყველაფერი 2013 წლის 29 ნოემბერს მოხდა.

_ ოთარ ფარცხალაძე როგორი ხელმძღვანელი იყო?

_ ის პროკურატურაში მომუშავე პერსონალს არასდროს შეხვედრია, სახეზეც კი არ გვინახავს. საქმეზე ხომ საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი. ყველაზე მეტად გული ჩემ მიერ გამოძიებულ საქმეებზე დამწყდა. იმდენი ვიწვალე და ყველაფერი წყალში ჩაყარეს. კაციშვილი არ დაინტერესებულა, რა ხდებოდა თითოეულ საქმეში. პროკურატურის ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტული არ ყოფილა თემა, რომელსაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. მათი პრიორიტეტი იყო 2012 წლის შემდეგ მიღებული თანამშრომლების გაყრა და პროკურატურის დაკომპლექტება ფინანსური პოლიციის კადრებით.

დიახ, კბილაშვილის მიყვანილი კადრები პირწმინდად გაყარეს პროკურატურიდან, ხოლო გამომძიებლებისა და პროკურორების 95 პროცენტს ნაცმოძრაობისდროინდელი ადამიანები შეადგენენ. არ გეგონოთ, კბილაშვილის ახლობელი ვიყავი. მან გაიკითხა ჩემი სახელი, გაიგო, წლების განმავლობაში რა საქმეები მქონდა გამოძიებული, დამიბარა და შემომთავაზა გამომძიებლად მუშაობა.

_ ახალ მთავარ პროკურორს რატომ არ მოუხვედით თვალში?

_ 2012 წლის შემდეგ მისულ გამომძიებლებს მოგვცეს ის საქმეები, რომელთა მიხედვითაც სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმების აღძვრა უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში. ჩვენ მართლაც დავიწყეთ თითოეული საქმის დეტალურად გამოძიება და, როგორც ჩანს, გადავაჭარბეთ, ამიტომაც გაგვაჩერეს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მანქანა ამუშავდა.

სააკაშვილის ხელისუფლება ფინანსურ პოლიციაში ბიზნესმენებს თუ რიგით ადამიანებს თავიანთი ბიზნესისა და ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქების აქტს აფორმებინებდნენ და დღეს ეს ადამიანები რა დღეში არიან? მხოლოდ ბიზნესისა და ქონების იძულებით ჩუქების შესახებ 9200 განცხადება დევს პროკურატურაში. ვისაც ჩუქების განცხადების გარეშე წაართვეს ქონება, ეს კიდევ სხვა საქმეა. «ქართული ოცნება» ხალხს დაჰპირდა, სამართლიანობას აღვადგენთო და პროკურატურას დაზარალებული ხალხი მოაწყდა. ათასობით განცხადება შემოვიდა, ვინ, როდის და რატომ წაართვა ან აჩუქებინა ქონება. ეს ყველაფერი ახალ ხელისუფებას დაზარალებული ხალხისთვს რომ დაებრუნებინა, ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარი დასჭირდებოდა, ამიტომაც არ მოისურვა ახალმა ხელისუფლებამ მისი წინამორბედის მიერ წართმეული, მიტაცებული ქონების ხალხისთვის დაბრუნება.

ასე რომ, ჩვენ, 2012 წლის შემდეგ პროკურატურაში მისული ხალხი რომ დავრჩენილყავით, ყველაფერს დეტალურად გამოვიძიებდით და სახელმწიფო იძულებული გახდებოდა, ხალხისთვის ზარალი აენაზღაურებინა, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ამის გაკეთება არ ინება და მოკლე გზით წავიდა, ანუ პროკურატურაში ის კადრები მიაბრუნა, რომლებიც იმხილებოდნენ ამა თუ იმ დანაშაულში, კერძოდ, ქონების წართმევაში. დიახ, დღეს პროკურატურაში მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც თავიან გაფუჭებულ საქმეებს არ გამოიძიებენ, რადგან საკუთარ თავს გისოსებს მიღმა არ გაუშვებენ. შესაბამისად, სააკაშვილის გუნდიც კმაყოფილი დარჩა და ახალი ხელისუფლებაც. დაზარალებული ადამიანები კი ამხელა ფინანსურ ზარალსა და მორალურ ზიანს ადრე თუ გვიან მოინელებენ და ეგ იქნება. წინა და მომდევნო მთავრობა კმაყოფილია, ხალხი კი _ უკმაყოფილო და ეს ყოფილა კოაბიტაცია. იმიტომაც გაგვყარეს სამსახურიდან, რადგან ჩვენ კოაბიტაციაში ხელს შევუშლიდით. სასაცილოა, როდესაც პრემიერმინისტრმა ჩემზე 5 წუთი ილაპარაკა, _ პროკურატურის თანამშრომელი ფოტოშოპით რომ ერთობა, კატასტროფაა და ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდესო. უარესი ის არის, ბატონო პრემიერმინისტრო, რაც დღევანდელ პროკურატურაში ხდება, და ისიც, რომ ნასამართლევი კაცი მთავარ პროკურორად არ უნდა დანიშნო.

_ ფარცხალაძის მსგავსად, საზოგადოებას არც ბადაშვილის პიროვნებაზე აქვს წარმოდგენა, თქვენ, ასე თუ ისე, იცნობთ

_ თავიდანვე ვიცოდი, რომ საქართველოს გენპროკურორი ან ფარცხალაძე იქნებოდა, ან ბადაშვილი, ან შოთაძე. სხვა სფეროდან დღევანდელი ხელისუფლება მთავარ პროკურორს ვერ დანიშნავდა. კახი კახიშვილისა და ეკა ბესელიას კანდიდატობაზე საზოგადოების თვალის ასახვევად საუბრობდნენ, რეალურად, ფინანსური პოლიციის წარმომადგენლის გარდა არავის დანიშნავდნენ ამ თანამდებობაზე, რადგან სხვები თავიანთ კადრებს მოიყვანდნენ და იმ საქმეებს, რომლებიც თაროზე დევს და არ უნდა გაიხსნას, გახსნიდნენ; ამიტომაც სხედან სკამებზე ფარცხალაძე, ბადაშვილი და სხვები, რომლებიც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ფინანსურ პოლიციაში მუშაობდნენ და ღამის ორ საათზე ადამიანებს თავიანთი ბიზნესის გაჩუქების განცხადებებს აწერინებდნენ. ისინი, პირველ რიგში, თავიანთ დანაშაულს ფარავენ. არადა, თაროზე შემოდებული საქმეების გამოძიება რომ დაიწყოს, ფარცხალაძეს, ბადაშვილსა და სხვებს სამართლებრივი პრობლემები შეექმნებათ.

ახლა კი წინა და ახლანდელმა ხელისუფლებამ მოილაპარაკეს, რომ ხალხს წართმეულ ქონებას არ დაუბრუნებენ. თვითონ აიწყვეს საქმე და ხალხი დარჩა მოტყუებული. ქართველი ხალხისადმი ასეთი დამოკიდებულება ამ ხელისუფლებასაც იმავე ჩიხში შეიყვანს, რომელშიც «ნაცმოძრაობა» შევიდაასეთი აგდებული დამოკიდებულება ხალხის მოთმინების ფიალას აავსებს და კვლავ ქუჩაში გამოვა.

ადამიანმა პროკურორის უნარ-ჩვევები რომ შეისწავლოს და საშუალო დონის პროკურორი დადგეს, სულ ცოტა, ათი წელი მაინც უნდა იმუშაოს პროკურორად. ბადაშვილს გამომძიებლად კი აქვს რამდენიმე წელი ნამუშევარი, მაგრამ პროკურორობასთან შეხება არ ჰქონია. ბადაშვილი თავის თანამშრომლებს ახლაც მხოლოდ მუქარის ენით ელაპარაკება და სამსახურიდან ყრის.

_ ახლა რას აპირებთ?

_ სასამართლოში სამსახურიდან ჩემი დათხოვნის საკითხზე სარჩელი შევიტანე. ამას გარდა, მეორე საკითხზეც უნდა ვიჩივლო: როგორც კი სამსახურიდან გამიშვეს, სამ დღეში საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა ვაკანსია გამოაცხადა ერთ-ერთ თანამდებობაზე. შევიტანე გაცხადება, გავედი ტესტირებაზე, ჩავაბარე ზოგადი უნარები და ა. შ. ყველაზე უცნაური იყო ის, რომ ტესტირებაზე 10 მამაკაცი ვიმყოფებოდით, კონკურსში კი გაიმარჯვა ვინმე ელზა საკანდელიძემ. ტესტირება არც ერთ ქალბატონს არ გაუვლია, თორემ ვიფიქრებდი, მან გაიმარჯვამეთქი. ასე რომ, ამ საკითხზეც  ვაპირებ ჩივილს, რადგან კონკურსი გააყალბეს, მაგრამ საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც უსამართლობასთან ბრძოლას ჯერჯერობით აზრი არ აქვს, მაგრამ ვნახოთ, იქნებ რამე გამოსწორდეს.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here