Home რუბრიკები საზოგადოება ჯუმბერ პატიაშვილი: საქართველოს სოფლის მეურნეობა განადგურების ზღვარზეა

ჯუმბერ პატიაშვილი: საქართველოს სოფლის მეურნეობა განადგურების ზღვარზეა

1011

საქართველოში სოფლის მეურნეობა სულს რომ ღაფავს, არავისთვის უცხო არ არის, სოფლის მკვიდრთ უზარმაზარი სახლკარი მიტოვებული რომ აქვთ და დედაქალაქში სარდაფებში ცხოვრობენ, თავს კი «ტაქსაობით» ირჩენენ, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. ახალი ხელისუფლება მილიარდი დოლარის ჩადებას გვპირდებოდა სოფლის მეურნეობაში დარგის ასაღორძინებლად, მაგრამ ხალხს «დრუჟბები» და სხვა ხელსაწყოები შერჩათ მხოლოდ. გლეხები კვლავ უსახსრობას უჩივიან, მათ წელსაც ვერ შეძლეს მიწის დამუშავება, სათესლე მასალაც კი ვერ შეიძინეს.

 

სოფლის მეურნეობის ქართულ პროდუქციას კვლავ «ცეცხლი უკიდია» და გაზაფხულზე უფრო გაძვირდება. არადა, რამხელა შესაძლებლობების ქვეყანა გვქონია, ტურიზმიც კი ისე ყოფილა განვითარებული, რომ, მიშას ეს რომ სცოდნოდა, გაგიჟდებოდა, ეგონა, ყველაფერი თავად მოიგონა. ასე ჰგონია ახალ ხელისუფლებასაც. «საქართველო და მსოფლიო» საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილ პირველ მდივანს _ ჯუმბერ პატიაშვილს ესაუბრა და მისგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოისმინა.

_ ბატონო ჯუმბერ, თუ გაიხსენებთ, სოფლის მეურნეობის რა პროდუქტებს და რამდენს აწარმოებდა საქართველო და რა ვითარებაა დღეს?

_ საქმე ისაა, რომ წინა წლებთან პარალელს თუ გავავლებთ, შარშან რაღაც გაკეთდა სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ჰა მიწა დამუშავდა, არ მაქვს, ალბათ, თქვენც არ გაწვდიან ამ ინფორმაციას.

საქართველოში მილიონ ჰექტარზე მეტი სახნავი მიწის ფართობი იყო, რომელიც განადგურდა და გადაგვარდა, მთელი ამ ხნის მანძილზე, 25 წელიწადს ვგულისხმობ, ამ მიწის მესამედიც არ დამუშავებულა.

კომუნისტების დროს 800 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდებოდა, ეს ერთწლიანი კულტურებისთვის. ხოლო მრავალწლიან კულტურებს სხვა ფართობი ეკავა. ყველაზე მაღალი მოსავალი მარცვლეულის იყო _ 850 ათასი ტონა. ეს ერთერთი რეკორდული მაჩვენებელი იყო.

_ და ქვეყნისთვის თუ იყო საკმარისი?

_ საკმარისი არ იყო, ვინაიდან ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე საჭირო რაოდენობას მეცხოველეობის განვითარების კუთხითაც ვითვლიდით, ამიტომ საკმარისი ნამდვილად არ იყო. საქართველო მილიონ ტონამდე მარცვალს საკავშირო ფონდიდან იღებდა, ჩვენ კი ვაგზავნიდით: ღვინოს, ყურძენს, ჩაის, სხვადასხვა ციტრუსს, რაც ფარავდა შემოსულ პროდუქტს და დადებითი სალდო გვქონდა საკავშირო ურთიერთობებში.

საქართველოში იყო ასევე მილიონ ხუთასი ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ორი მილიონ ორასი ათასი ცხვარი, მილიონი იყო ღორის სულადობაც. მართალია, იმდენ ხორცს ვერ ვაწარმოებდით ერთ სულ მოსახლეზე, რამდენიც საჭირო იყო, მაგრამ ტურიზმიც ყვაოდა _ წელიწადში 5 მილიონ ტურისტს ვმასპინძლობდით და ამიტომ ხორცის მარაგსაც საკავშირო რეზერვებიდან ვიღებდით.

_ ბატონო ჯუმბერ, ამ რამდენიმე დღის წინ ერთერთ გადაცემაში «ნაციონალმა» ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ საქართველო სოფლის მეურნეობის ქვეყანა არ არის, ეს სტალინმა ჩაგვაგონა და დაგვაჯერაო

_ ვინც ამ თემაზე საუბრობს, არც ერთი ამ საქმის მცოდნე არ არის. საქართველო მიწათმოქმედების, ხორბლეულის, ბოსტნეულის ქვეყანაა. არის ისეთი პროდუქტები, რომლებიც მარტო საქართველოში მოდის. ოფიციალურად საქართველო მარცვლეულის სამშობლოა. მსოფლიოში არსებული მარცვლეულის 24 სახეობიდან 14 ჩვენს ქვეყანაში მოდის.

საქართველოს სოფლის მეურნეობა ყოველთვის უზრუნველყოფდა ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნებს, რასაკვირველია, ექსპორტიმპორტის ბალანსირების საფუძველზე.

_ ბანალური კითხვაა, მაგრამ მაინც გკითხავთ: არაფერი რომ აღარ გაგვაჩნია, რამ ან ვინ მიგვიყვანა აქამდე?

_ საქართველო ერთადერთია იმ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელიც ნგრევაში მოყვა, სხვა რესპუბლიკები გამოცალკევდნენ, ჩვენ კი ნგრევაში მოვყევით.

ამაში ვერავის დავადანაშაულებ, ყველაფერი ქართველების ხელით გაკეთდა. ისრაელმა, ყველაზე მწირემიწიანმა ქვეყანამ, თანაც წყლის დეფიციტით, შეძლო შეექმნა ისეთი სოფლის მეურნეობა, რომელიც დღეს მხოლოდ ექსპორტზე მუშაობს.

ჩაის კულტურა, რომელიც ძირითადად ექსპორტზე გადიოდა, თან ხარისხითაც გამოირჩეოდა, აღარ არსებობს. არადა, მას კონკურენციის გაწევა შეეძლო. საქართველო საერთოდ არ აწარმოებს ეთერზეთებს, მაშინ, როდესაც 32 ათასი ტონა იწარმოებოდა. ბოსტნეული კი ექსპორტზეც გაგვქონდა და საკუთარ მოსახლეობასაც ვაკმაყოფილებდით.

ამ ყველაფრის აღდგენას დრო და გონივრული მიდგომა სჭირდება. არავინ  თქვას, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოს  ვერ გადაარჩენსო. ჩვენი ქვეყანა არის ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც, სუპტროპიკული კულტურებით დაწყებული, ჩრდილოეთ განედებამდე რაც პროდუქტი არსებობს, ყველაფერი მოდის.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო სოფლის მეურნეობის კუთხით ერთერთი ყველაზე განვითარებული იყო და ბოლო 25 წლის განმავლობაში ის გადაიქცა უცხოური პროდუქტების ყველაზე დიდ მომხმარებლად. საქართველოს სოფლის მეურნეობა განადგურების ზღვარზეა. ეს ყველანაირი კვლევის შედეგად ასეა. 194 ქვეყანაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველო ბოლო ადგილზეა. ნგრევა 90-იანი წლების ბოლოდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. საერთაშორისო ორგანიზაციები გაკვირვებულნი არიან ამ მონაცემებით და ვერ ხვდებიან, რას უნდა გამოეწვია ასეთი ვითარება, რადგან საქართველოში არ შეცვლილა არც კლიმატი, არც მიწა,  არ შემცირებულა წყალი და ა. შ. მეზობელ ქვეყნებში ვითარება ასეთია:  სომხეთში სოფლის მეურნეობის წარმოების მაჩვენებელია 89,7%-ია, აზერბაიჯანში _ 32,1%, თურქეთში _ 26,8%. 

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here