Home რუბრიკები საზოგადოება მიეცით მეფეს მახათი

მიეცით მეფეს მახათი

952

საქართველოში მეფობის თემამ რამდენიმე წლის წინ წამოიწია. როგორც ჩანს, ტახტის იმჟამინდელ კანდიდატს «დიდოსტატის მარჯვენა» ჰქონდა წაკითხული და ამიტომ შორენასთან გააბა რომანი, თუმცა მერე ისე გამოვიდა, რომ შორენას დაშორდა და მხოლოდ მარჯვენა შერჩა. შემდეგ მეფობაზე პრეტენზია იმერელმა ბაგრატიონებმაც განაცხადეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სამეფო უფლებები რეალურად ბაგრატიონგრუზინსკებს ჰქონდათ და არა ბაგრატიონმუხრანელებს და დღემდე კაცმა არ იცის, რომელი მხარეა მართალი. უფრო ზუსტად, საზოგადოებამ არ იცის, თორემ სამეფო კარი მეფობანას თამაშობს და თან როგორ?!

 

ჯერ იყო და სამეფო ქორწილი გამართეს, მერე იყო სამეფო გაყრა, მერე _ ისევ შეყრა, ახლა კი _ ისევ გაყრა და ამ ყველაფერს ლოგიკურად პატარა უფლისწულის დაბადებაც მოჰყვა, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, იმ უფლისწულსაც გვარიანი ბრძოლა მოუწევს თავისი უფლებების დასამტკიცებლად.

შემდეგ ეს ჩვენი ბაგრატიონები რაინდების კურთხევას მოჰყვნენ. პირველად ეს პატივი ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ერგო, მერე _ სხვას, ახლა კი… აბა, თუ იცით, ვინ არის კლაოდიო სოარეშ როშა?! ბრაზილიელი ფეხბურთელი არ გეგონოთ, ეს კაცი ბრაზილიის პრეზიდენტის აპარატის ისტორიული დოკუმენტაციის საბჭოს წევრი გახლავთ. ძალიან გთხოვთ, ამხელა თანამდებობასა და გვარ-სახელს ნუღარ გამამეორებინებთ და მარტივად გეტყვით, რომ სამეფო კარმა ეს კაცი რაინდად აკურთხა და პარალელურად, საქართველოს სამეფო სახლის წარმომადგენლად დანიშნა ბრაზილიაში. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ნოდარ დუმბაძის «თეთრ ბაირაღებს» გაგახსენებთ, ტიგრან გულოიანი რომ ეუბნება ჭეიშვილს, დროშა იყავი და ტარიც გაგიკეთესო…

ისე, ამ ამბავს დადებითი მხარეც აქვს. დავით აღმაშენებელი იწოდებოდა მეფედ «აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა»… ჰოდა, თუ მეფობა აღდგება საქართველოში, ამ ტიტულებს დაემატება მეფე ბრაზილიელთა. ახლა არ მითხრათ, რაში უნდა გამოვიყენოთო. ჯერ ერთი, სამბას კურსებს გავხსნით და ცეკვას ვისწავლით, მერე კიდევ, ისე როგორ იქნება, ერთიორი ბრაზილიელი ფეხბურთელი დაგვამადლონ და ეგებ ამ ჩვენს ნაკრებსაც ეშველოს რამე.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ საკითხავი ახლა ის არის, ეს რაინდის ტიტულების დარიგება როდემდე უნდა გაგრძელდეს? ხელს კი არაფერში გვიშლიან, მაგრამ სამეფო სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე (არის ასეთიც), პირველ განცხადებად ის წერია, რომ სპონსორს ეძებენ, მერე კი იმის ახსნა მოდის, რომ მონარქიის აღდგენის შემთხვევაში ჩვენ არაფერი გვემუქრება, რადგან თითოეულ მოსახლეს სამეფო ოჯახის შენახვა წლიურად ორი ლარი დაუჯდება, ანუ მათი შენახვა 5-6 მილიონ ლარზე მეტი არ ეღირება. წლიურად 2 ლარი ბევრი მართლა არ არის, თუმცა, ცოტა არ იყოს, უხერხულია, წელიწადში 6 მილიონით შევინახოთ ერთი ოჯახი, როცა საქართველოს მასშტაბით მიუსაფართა თავშესაფრების შენებას ვერ ავუდივართ და უფასო სასადილოების გახსნა ლამის სტრატეგიულ მიზნად გვექცა. თანაც ჯერ ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ, მეფე ვინ არის და, მაგათ რომ ცალ-ცალკე ოჯახები ჩამოაყალიბონ და ერთმანეთს აუჯანყდნენ ხოლმე, დაშლა-დაქუცმაცება მერე ნახეთ.

გამოსავალი ერთადერთია _ სამეფო სახლს უჟანგავი მასალისგან დამზადებული მახათი უნდა გადავცეთ და თან ინსტრუქციაც მივაყოლოთ. მერე რაინდად კურთხევის ცერემონიაც მახათით ჩავატარებინოთ, მაგრამ, ჩვენი ბედი რომ ვიცი, თვალს წამოუგდებენ რომელიმე ლათინოამერიკული ქვეყნის რომელიღაც წარმომადგენელს და მისი მკურნალობის ხარჯებიც ჩვენი გადასახდელი გახდება. ამიტომ უფრო უმტკივნეულო გამოსავალს გთავაზობთ: საფრანგეთის მეფეებს ასე მიმართავდნენ _»სირ»(ხელმწიფეო). არა მგონია, ფრანგებმა უარი გვითხრან ამ წოდების გამოყენებაზე და… ახალი მეფეები სწორედ ფრანგულად მოვიხსენიოთ.

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

  1. ძალიან კარგი სტატიაა და მეც ასე ვფიქრობ. სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ სატირლად არ შემოგვიბრუნდეს.

  2. გმადლობთ,ბატ.დავით!ბევრი ვიცინე და ვიხალისე.სტატია ბრწყინვალეა და მიზანში არტყავს.

  3. აზრს ვეთანხმები.ძალიან სასაცილოა მონარქიის აღდგენაზე ფიქრიც კი, მაგრამ ძალიან ცუდად არის დაწერილი. საქართველოს სამეფო კარის წარმომადგენლათ (დესპანად და აშ)დანიშვნა არ ნიშნავს ბრაზილიის.. არ მინდა ის გავიმეორო, რაც ზემოაღნიშნულ სტატიაშია მოყვანილი.გთხოვთ ნორმალურად წერეთ და მეტი იკითხეთ პუბლიცისტიკა. უკვე დიდი ხანია პრესა გახდა დაბალი დონის მატარებელი. ალბათ პრესას მომავალი არ აქვს საქართველოში :((((

  4. ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის აღდგენა კარგია და ახდება კიდევაც. ალბათ გახსოვთ, საქართველოში, რომ ეროვნული გვარდია ჩამოყალიბდა და მიმართვის ოფიციალურუ ფორმა "ბატონ" – ი დაკანონდა, ქირქილისა და დაცინვის როგორი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. ასეა ახლაც. მინდა ვკითხო მათ, ვისაც დინასტიის აღდგენა არ სურს, რა უნდათ ისეთი პრეზიდენტი, რაც დღეს არის თუ სამეფო კარი? მე, მეორეს ვირჩევ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საპირისპირო მოსაზრების ადამიანები ვაქილიკო და ველაზღანდარაო. თუ სამეფო კარი არ გინდათ, ავტომატურად თქვენ არც საპატრიარქო გდომებიათ!?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here