Home რუბრიკები საზოგადოება შაურმა ყეფს, ქარავანი მიდის

შაურმა ყეფს, ქარავანი მიდის

2700

საქართველოში უცხოელების ვოიაჟები აღარ გვიკვირს, მაგრამ იყო დრო, ჩინელებს ისე ვუმზერდით, როგორც მსოფლიოს მერვე საოცრებას და ამის ერთერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ყველამ ვიცოდით, ჩინელები ძაღლის ხორცს ჭამდნენ, ჩვენთან კი, მოგეხსენებათ, ძაღლი ადამიანის მეგობარიადროის გასვლასთან ერთად, მეგობრობის გაგება ჩვენშიც შეიცვალა და ადამიანის ოდინდელ მეგობრებს არაადამიანურად დავერიეთ.

 

გასულ კვირას ტაბიძის ქუჩაზე არსებულ რამდენიმე რესტორანში ზედამხედველობის სამსახურმა ვირისა და ძაღლის ხორცი აღმოაჩინა. ვირი ცალკე თემაა, რაც შეეხება ძაღლს, ამბობენ, რომ ძაღლის ხორცი სამკურნალოც კი არის, მაგრამ რატომ გადაწყვიტეს რესტორნის მეპატრონეებმა, რომ ქართველებს მასობრივად გვჭირდება მკურნალობა, ვერ გეტყვით. ალბათ, ამას ისევ ჩვენზე ზრუნვის გამო აკეთებენ, პროფილაქტიკის მიზნით. ჰოდა, მომავალში თუ მენიუში საინტერესო კერძები გამოჩნდება, ნუ გაიოცებთ. მაგალითად, ისეთი, როგორიც არის

«ხინკალში ავი ძაღლია», «ძაღლი შინ არ ვარგოდა, რესტორანში გარბოდა», «ქაბაბი კუდის ქიცინით»…

2003 წლიდან მთელი 9 წლის განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს მთელი ერი ვირის ხორცს ჭამდა და, როცა ხელისუფლება შეიცვალა, ვიფიქრე, გვეშველა-მეთქი, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, ახალმა ხელისუფლებამ, უბრალოდ, დოზა გაზარდა. სადაც რესტორნის მენიუ, იქაც შაურმაო და… ცნობილ თუ უცნობ საშაურმეებში ძაღლისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს. ახალმა პროდუქტმა ახალი იდეები გააჩინა და მალე ერთი რეჟისორი «მაგდანას ლურჯას» რემეიქის გადაღებას აპირებს სახელწოდებით

«მაგდანას შაურმა», ხოლო მეორე რეჟისორს სხვა ფილმის სათაური აქვს შერჩეული _ «შავყურა, თეთრი შაურმა».

 სავარაუდოდ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიც აგვყვება და აუცილებლად გადაიღებს ფილმს

«ოთხი ტანკისტი და შაურმა».

ვისაც ჰგონია, რომ ძაღლისა და ვირის ხორცი თანამედროვე ბიზნესმენების «ნოუ ჰაუა», ძალიან ცდება. ამ ყველაფერს სათავე ჯერ კიდევ კომუნიზმის დროს დაედო, როცა სოლოლაკში, ერთ-ერთი სახინკლის სარდაფში ძაღლის თავები იპოვეს, მერე კი, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალების გზით მოიცილეს, თენგიზ სიგუა დაგვპირდა, კენიიდან ხორცი და კარაქი მოდის და იმით გავალთ იოლად, სიდუხჭირის ნუ შეგეშინდებათო. მართალია, სიგუას არ დაუკონკრეტებია, კენიიდან რის ხორცს ელოდა, მაგრამ იმხანად ხალხი ისე იყო ერთმანეთის ჭამას მიჩვეული, ყველაფერს აიტანდა და აიტანა კიდეც. მერე კენგურუს კონსერვები შემოვიდა, მერე ბიზონიც დავაგემოვნეთ და, ახლა რომ გაიძახიან, ეგზოტიკური სამზარეულოო, რაც ქართველებს გვაქვს გადატანილი, ეგზოტიკა კი არა, ყველაზე ველური ტომის ყველაზე დიდ გურმანს შეშურდებოდა. იმას აღარ ვამბობ, ცხენის «კორმით» პურს რომ გვიცხობდნენ და მერე მის საყიდლად ღამეებს რომ ვათენებდით… ერთი ეგ მიკვირს, ჭიხვინი როგორ არ დავიწყეთ?! თუმცა რაღა ჭიხვინი, არც ის მსმენია, შაურმანაჭამ ადამიანებს ან ყროყინი დაეწყოთ ან ყეფა.

თბილისში ეს ამბავი გაცივებულიც არ იყო, რომ ვირის ხორცი ბათუმის საშაურმეში აღმოაჩინეს. გაგიჟებულან თურქები (ქართველები უმცირესობაში არიან), ამას გვაჭმევდნენო?! და როგორც შევიტყვეთ, საპროტესტო ნოტას ამზადებენ, ვირზე დააკრავენ და ისე გამოგზავნიან. სამაგიეროდ, სომხებმა გამოგვიგზავნეს მადლობის წერილი (ძაღლს გამოატანეს), აქაოდა, კიდევ კარგი, ეგ ამბავი ზაფხულში არ გასკდა, თორემ ხომ გადაირეოდა ნახევარი სომხეთი და ეგებ, ზაფხულამდე მენიუში ვირები და ძაღლები აკრძალოთო. არ არის ცუდი იდეა და იქნებ მართლა აგვეკრძალა, მაგრამ ამ წინასაარჩევნოდ ან ერთს ვინ შეელევა, ან მეორეს, ვერ გეტყვით.

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

  1. გააკეთეთ აქცია ახალგაზრდებმა:ძირს ვირი!გადადგეს ძაღლი მამაძაღლი!

  2. მე არ მჯერა რომ შაურმაში ქათმის ან ღორის ხორცის მაგივრად ვირის ხორცს დებენ იმდენი ვირი სადააა რომ მილიონობით ადამიანს აჭამონ? თან ყოველდღიურად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here