Home რუბრიკები პოლიტიკა ანდრეი სუშენცოვი: ნატო ვერ იქნება უსაფრთხოების გარანტია საქართველოსთვის

ანდრეი სუშენცოვი: ნატო ვერ იქნება უსაფრთხოების გარანტია საქართველოსთვის

598

მსოფლიოს ყურადღება დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისკენ არის მიპყრობილი. კიევში ვითარება დღითიდღე იძაბება. ქვეყნის წინაშე უკვე უკრაინის ორად გაყოფის საშიშროებაც დგას. როგორ დასრულდება არეულობა  და რა გავლენას მოახდენს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე, «საქართველო და მსოფლიოს» რუსი პოლიტოლოგი, ექპერტი _ ანდრეი სუშენცოვი ესაუბრება.

 

_ ბატონო ანდრეი, როგორ შეაფასებთ უკრაინში მიმდინარე მოვლენებს, როგორი უნდა იყოს მსოფლიოს, მათ შორის რუსეთის ძალისხმევა ამ ეტაპზე, რათა უკრაინაში კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს და ვითარება უმართავ პროცესებში არ გადაიზარდოს?

_ მართალი ბრძანეთ, ახლა მთავარია, კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს და ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ყველას, საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის რუსეთის, ინტერესებშიც არის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს ძალადობა სწორედ ოპოზიციის რადიკალური ნაწილისა და მათი ლიდერების მხრიდან მომდინარეობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან, კეტრინ ეშტონსა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ყველანი სოლიდრულები და დაინტერესებულები არიან კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხთან დაკავშირებით. «ძალიან მნიშვნელოვანია, გარედან რაიმე სახის მოწოდებები არ ისმოდეს, რათა ოპოზიციამ და განსაკუთრებით შეიარაღებულმა «ბოევიკებმა» ეს არ აღიქვან, როგორც წახალისება», _ განაცხადა ლავროვმა. ასე რომ, ვფიქრობ, უკრაინაში კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად რაიმე სახის მოწოდებებისგან ახლა ყველა ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს.

_ როგორ ფიქრობთ, ვინ არის დაინტერესებული უკრაინაში სიტუაციის გამწვავებით?

_ ვფიქრობ, უკრაინის ოპოზიციის რადიკალური ნაწილის გარდა, ამ ეტაპზე არავინ არის დაინტერესებული, თავად ოპოზიციაც, რომ ეს ძალადობა გაგრძელდეს უკრაინაში. მე ვერც იმას ვხედავ, რომ დღეს გარე ძალებს შეეძლოთ მიმდინარე პროცესებში ჩარევა. ყველაფერი თავად უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ.

_ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ექსპერტები უცხო ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, ინტერესებზეც საუბრობენ. მართალია, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ ჩაერევა უკრაინის შიდა საქმეებში, ზოგიერთ რუსულ გამოცემაში იბეჭდება სტატიები იმის შესახებაც, რომ, თუ დღეს ოპოზიცია გაიმარჯვებს, უკრაინა რუსეთს საბოლოოდ ჩამოშორდება და იქ რუსეთისადმი აგრესიულად განწყობილი და ომზე ორიენტირებული რეჟიმი ჩამოყალიბდება, ამიტომ რუსეთს მაინც მოუწევს ჩარევა. ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, როგორ მოიქცევა რუსეთი?

_ ასეთი მოსაზრებები სიმართლეს არ შეეფერება. ამაზე რაიმე კომენტარიც არ მინდა გავაკეთო. ბუნებრივია, შეუძლებელია, რუსეთს არ ადარდებდეს ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ვინაიდან უკრაინა ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი და სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ რაიმე სახით რუსეთი არ ჩაერევა ამ კონფლიქტში და, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ექსპერტი ამგვარ ინფორმაციებს ავრცელებს, მეტიც, აცხადებენ, თითქოს რუსული სპეცნაზი კიევში ჩავიდა, რაც სიცრუეა.

_ საქართველოში ხშირად ისმის, ახლა ჩვენი ბედი კიევში წყდებაო. თქვენ იცნობთ უკრაინას, საქართველოს, როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს და როგორ აისახება უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე?

_ საქართველომაც და უკრაინამაც საკუთარი ბედი თავად უნდა გადაწყვიტონ. რუსეთი როგორც კიევთან, ასევე თბილისთან დაკავშირებით ანალოგიურად იქცევა. რუსეთი არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და არ ჩარეულა არც შარშან, როდესაც ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა «ქართულ ოცნებას» დაუჭირა მხარი. ქართველებმა თავად გააკეთეს ეს არჩევანი.

_ თუმცა, მოგეხსენებათ, კონფლიქტი ქვეყნაში, უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმას მოჰყვა; სავარაუდოდ, უკრაინის მოვლენების შემდეგ, ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით პროცესებს დააჩქარებს. საქართველოში ახალ ხელისუფლებაში მყოფ ბევრ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ევროინტეგრაციისა და ნატოსკენ საქართველოს მისწრაფება რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ხელს არ შეუშლის. რას ფიქრობენ და როგორ უყურებენ საქართველოს აღნიშნულ მისწრაფებას მოსკოვში?

_ რუსეთი არ არის არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი და შესაბამისად, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებებსაც არ იღებს. გაწევრიანდება თუ არ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში, ამას აღნიშნული ორგანიზაციები თავად წყვეტენ. ბუნებრივია, რუსეთს აქვს თავისი ინტერესები როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე, მოსკოვი, ბუნებრივია, არ მიესალმება, მაგრამ მოგეხსენებათ,  დიპლომატიური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის ამ ეტაპზე შემწყდარია.

დასაფიქრებელია ისიც, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მაგალითზე არ ჩანს, რომ ნატო რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიაა რომელიმე ამ ქვეყნისთვის და შესაბამისად, ის ვერ იქნება რაიმე უსაფრთხოების გარანტია საქართველოსთვის. პირიქით, ბოლო წლებმა აჩვენა, რომ ნატოსთან ურთიერთობა საქართველოსთვის მსხვერპლისა და დანაკარგის მომტანი აღმოჩნდა. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო ალტერნატიული უსაფრთხოების საშუალებებზე უნდა დაფიქრდეს.

_ საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოსკოვში თქვენი საექსპერტო მოხსენების პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით «საქართველო არჩევნების შემდეგ და ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივა». თქვენ ბრძანეთ, რომ «ინტერესი გაიზარდა, მოძრავი ძალა, რომელიც მართავს რუს და ქართველი ხალხს, ეს არის ურთიერთსიმპათია, მზადყოფნა ერთმანეთის მოსმენისა და გაგებისა». ცოტა ხნის წინ საქართველოშიც იმყოფებოდით. რა იყო თქვენი ვიზიტის მიზანი და რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ხელისუფლების შეცვლის შემდგომ ქვეყანაში განხორციელებულმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა?

_ დიახ, ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში და ჩემი ურთიერთობა, დიალოგი ექსპერტებთან, მედიასთან კვლავ გრძელდება. რაც შეეხება არსებულ ვითარებას, პოზიტიური ცვლილებები, ბუნებრივია, შეინიშნება _ ყველა კონტაქტი, რომელიც 2008 წლის შემდეგ გაწყდა, ნელ-ნელა აღდგა. მახსოვს, ჩემი კოლეგების დეპორტაციაც განახორციელეს, ჩვენ, უბრალოდ, ჩამოსვლასაც ვერ ვახერხებდით საქართველოში. მადლობა ღმერთს, ამჟამად აგრესია, როგორც ასეთი, აღარ არსებობს. პროცესი გაჯანსაღდა. ვფიქრობ, უფრო მეტად საღად დავიწყეთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ერთმანეთსაც უფრო მეტად ადეკვატურ პასუხებს ვცემთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში ახალ მთავრობასაც წინა ხელისუფლების მსგავსი პოზიცია აქვს, განსაკუთრებით «გაყინულია» საკითხი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, იმედს არ ვკარგავ, რომ პერსპექტივაში ყველაფერი კარგად იქნება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here