Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: ვიზიტის მასპინძელმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტი მიიღო, როგორც თურქეთის ვილაიეთის წარმომადგენელი

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ვიზიტის მასპინძელმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტი მიიღო, როგორც თურქეთის ვილაიეთის წარმომადგენელი

529

საქართველოს პრეზიდენტის _ გიორგი მარგველაშვილის პირველ ოფიციალურ ვიზიტს თურქეთში სკანდალებისა და ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. გარდა იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტს თურქეთის პირველი პირებიდან, წესისამებრ, ტრაპთან არავინ დახვედრია, ამ ყველაფერს მისი პრესმდივნის მიმართ მომხდარი ინციდენტიც დაემატა. პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტს საერთოდ უშედეგოდ მიიჩნევს პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი და ამბობს, რომ ამგვარი არაფრის მომცემი ვიზიტების გამართვას, სჯობს, პრეზიდენტი საერთოდ არ წავიდეს უცხო ქვეყანაში.

 

_ თუ სალაპარაკო არაფერი გაქვს, არ არის აუცილებელი ვიზიტით სადმე წასვლა. ეს ყველაფერი არაფრის მომცემია. ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უყვარდა ხოლმე ასე უშედეგოდ უცხოეთში ხეტიალი. ეს არის ცუდი «მემკვიდრეობა», რომელიც საქართველომ მისგან მიიღო. სააკაშვილის ხეტიალმა საერთოდ წერტილი დაუსვა ყოველგვარ სახელმწიფოებრივ ურთიერთობასა და პროტოკოლს. სააკაშვილი ხშირად ჩადიოდა იმ ქვეყანაში, რომელშიც არც კი ელოდნენ. გახსოვთ, სააკაშვილი თურქეთში ვიზიტის დროს ერთხელ ველოსიპედიდანაც გადმოვარდა. მითხარით, ოფიციალური ვიზიტის დროს რომელი ქვეყნის პრეზიდენტი ისეირნებს ველოსიპედით სტამბოლის ან რომელიმე ქალაქის ქუჩებში?! ეს იყო ტრაგედია!

საქართველოს პრეზიდენტს თურქეთის ოფიციალურ პირებთან რაიმე სერიოზულ საკითხზეც არ უსაუბრია. ერთადერთი, რაც მოხდა, მარგველაშვილმა ქართული კულტურის ძეგლები მოინახულა.

_ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებამ. მოგეხსენებათ, გიორგი მარგველაშვილს შს მინისტრი, მერი და გუბერნატორი დახვდნენ. რატომ არ დახვდა საქართველოს პრეზიდენტს თურქეთის პირველი ოფიციალური პირი, რას უნდა მივაწეროთ თურქეთის ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება?

_ ეს იყო სამუშაო ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი სწორედ ვიზიტის სახეობას უნდა მივაწეროთ. საერთოდ, ვიზიტები წინასწარ იგეგმება და  განისაზღვრება _ რა სახის ვიზიტი უნდა იყოს, რადგან პროტოკოლში დიდი განსხვავებაა. ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტისას მასპინძელ ქვეყანას სრული უფლება აქვს, არ დახვდეს პირველი პირი, პრეზიდენტი ან პრემიერი, თუმცა ეს ისეთი ნიუანსებია, რომელთა შესახებ საზოგადოებამ, შესაძლოა, არც იცოდეს, ამიტომ საჭიროა, ეს ყველაფერი ხალხს აუხსნა. როდესაც პრესაში გაჩნდა ასეთი უკმაყოფილო განცხადებები, ვიღაცას ნორმალურად უნდა აეხსნა იმავე საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რაშიც იყო საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამხსნელიც არავინ არის. საგარეო საქმეთა სამინისტროშიც არ მუშაობს ისეთი ხალხი, რომელიც ამ საკითხებში ერკვევა. პროტოკოლის საკითხები ბევრმა სამინისტროს თანამშრომელმა არ იცის. მე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში და კარგად ვიცი, რა ცოდნაც გააჩნიათ, დღეს კიდევ უფრო უარესი ვითარებაა, ვინაიდან სააკაშვილის დროს სამინისტროში უამრავი უვიცი «კმარელი» მოიყვანეს, რომლებმაც სრულიად არაფერი არ იცოდნენ. ეს ადამიანები დღესაც იქ მუშაობენ, თუმცა აღსანიშნაია, რომ დიპლომატიისა და პროტოკოლის დიდი ცოდნით არც ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მისი მოადგილეები გამოირჩევიან.

_ პრეზიდენტის პრესმდივანს, სოფო ჯაჯანაშვილს, სამთავრობო უწყების მოსაცდელში თავს დაესხა უცნობი ქალბატონი და შეურაცხყოფა მიაყენა. უსაფრთხოების ზომები რატომ არ იყო დაცული ქვეყნის პირველი პირის ვიზიტის დროს?

_ როდესაც უსაფრთხოების ზომები სრულად დაცულია, მაშინაც ხდება ხოლმე გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომელთა წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ეს წინასწარ გამიზნული თავდასხმა არ ყოფილა. ეს არ არის პირველ გვერდზე გამოსატანი საკითხი და ამას გარდა, ეს არ არის ისეთი საგანგაშო რამ, ასეთი ხმაური რომ გამოეწვია. საგანგაშო სხვა რამაა: თურქეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიზიტის მასპინძელმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტი მიიღო, როგორც თურქეთის ვილაიეთის წარმომადგენელი.

ჩვენს ურთიერთობას თურქეთთან სერიოზული განხილვა სჭირდება. საქართველომ, ფაქტობრივად, ჩააბარა თავი თურქეთს; აჭარა რომ ჩაბარებულია, ეს უკვე ვიცით. ჩვენ, ყველას, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, ვუშვებთ საქართველოში და საბოლოოდ, ეს ბიზნესი მხოლოდ თურქული გამოდის. ფაქტობრივად, ბიზნესის მეშვეობით, თურქები მთელი საქართველოს ოკუპაციას ახდენენ.

_ მაგრამ, ბატონო ჰამლეტ, ბიზნესმენს ხომ ვერ ავუკრძალავთ ბიზნესის წამოწყებას საქართველოში, პირიქით, ხომ ვცდილობთ, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო შევქმნათ უცხოელი ბიზნესმენებისთვის?

_ ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა, მოახდინოს ბიზნესის დივერსიფიკაცია; არა ერთ, არამედ რამდენიმე ქვეყანასთან ჰქონდეს ურთიერთობა. საითაც გაიხედავთ, თურქული ბიზნესია. საავადმყოფოებიც თურქულია უკვე. მეპატრონეები ისე ეპყრობიან პერსონალს, როგორც მონებს. რაღა მარტო თურქებთან გამოვნახეთ საერთო ენა? არიან ირანელები, ჩინელები, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც გაცილებით ხარისხიანად მუშაობენ. რასაც ახლა თურქები აშენებენ, 20 წლის განმავლობაში თურქეთის ექსპლუატაციის ქვეშ იქნება. 20 წლის შემდეგ არც შენობა ივარგებს და არც დანადგარები (დღესვე არ ვარგა). ამ ყველაფერს გააზრება უნდა და არა ხბოს თვალებით ყურება თურქისთვის, რომელიც საქართველოს, როგორც მეწველ ძროხას, ქართველს კი, როგორც მონას, ისე უყურებს.

ჰიდროელექტროსადგურისა თუ სხვა პროექტებს სხვები გაცილებით უკეთ გააკეთებენ, მაგრამ ამათ რატომღაც თურქი ბიზნესმენის აქ ყოფნა აძლევთ ხელს. როგორც ჩანს, არსებობს რაღაც გარიგება, რომელიც ჩვენ არ ვიცით და იმ გარიგებიდან ვიღაცების ჯიბეში დიდი დივიდენდები მიდის. ასე რომ, უკვე გამოცდილი პარტნიორი, თურქეთის სახით, მათ უფრო აძლევთ ხელს.

_ ანუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებასა და თურქ ბიზნესმენებს შორის არსებობს გარკვეული გარიგება?

_ რატომაც არა. თუ სააკაშვილის დროს ასე იყო, ამ ხელისუფლების მხრიდან რა გასაკვირია? ესენი ყველაფერზე წავლენ. არის საკითხები, რომელთაც სერიოზული განხილვა სჭირდება, მაგრამ შესწევს კი ამ ხელისუფლებას მათი განხილვის უნარი? მას ეს არ აინტერესებს. ამ ხელისუფლებისთვის მთავარია, თურქმა ბიზნესმენმა ინვესტიცია განახორციელოს საქართველოში და არ აინტერესებს, ის თურქი ბიზნესმენი ვის ან რა საფასურად ასაქმებს და ეს დასაქმება ნიშნავს თუ არა მონურ შრომას. გამოდის, თურქი ბიზნესმენი ჩამოდის და მონასავით ყიდულობს ქართველებს, ორ კაპიკს უხდის და ვირივით ამუშავებს. ეს საკითხებია განსახილველი. კარგია ტაოკლარჯეთში ქართული ძეგლების რესტავრაცია, მაგრამ ამის გამო მთელ საქართველოს თურქეთს ნუ ჩავაბარებთ. საქართველოსა და თურქეთს შორის ისეთი ურთიერთობაა, როგორც ბატონსა და ყმას შორის

_ ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რატომ აირჩია ხელისუფლებამ თურქეთი და არა ევროპის რომელიმე ქვეყანა ან აშშ, რომლებიც ჩვენი მთვარი სტრატეგიული პარტნიორები არიან?

_ როგორც ჩანს, მარგველაშვილის მასპინძლობის დიდი სურვილი არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა. ყველა ქვეყანა ცდილობს, დეტალურად შეისწავლოს იმ ქვეყნის მდგომარეობა, რომლის პრეზიდენტიც მათთან სტუმრად ჩადის. მათი საელჩოებიც კარგად მუშაობენ ამ საკითხებზე, აგროვებენ ინფორმაციას. ასე მხოლოდ საქართველო არ იქცევა. ჩვენი საელჩოები უცხოეთში იმისთვის არიან, რომ აქედან ჩასულების ჩემოდნები ათრიონ. მეტს არაფერს აკეთებენ. ასე რომ, როდესაც უცხოელები უყურებენ საქართველოს ამ უმწეო პრეზიდენტს, რომელსაც მუშაობის სურვილიც არ აქვს, სერიოზულად როგორ მიიღებდნენ? თავად მარგველაშვილიც ყველაფერზე ამბობს, ეს ჩემი საქმე არაა, ის ჩემი საქმე არააო. დღევანდელი ჩვენი პრეზიდენტის სტატუსი, არათუ უცხოელისთვის, ჩემთვისაც გაურკვეველია.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here