Home რუბრიკები საზოგადოება ქართულად, ქართულად! ანუ ტრიპტიქი ახალ ქართულ თარგმანებზე

ქართულად, ქართულად! ანუ ტრიპტიქი ახალ ქართულ თარგმანებზე

1015

ეს სათაური ჟურნალ «განთიადს» დავესესხე _ ჯერ კიდევ წინა საუკუნეში, . . საბჭოთა პერიოდში, ამ ჟურნალს, რომელსაც ცნობილი მწერალი, ბატონი კონსტანტინე ლორთქიფანიძე რედაქტორობდა, რეცენზია შევთავაზე ერთერთ ნათარგმნ წიგნზე და «განთიადმა» სწორედ ასეთი სათაურით გამომიქვეყნა იგი. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ეს სათაური, ასე ვთქვათ, რედაქციამ შემირჩია და შესანიშნავადაც გადმოსცა კიდეც ჩემი რეცენზიის სულისკვეთება, კერძოდ, რომ მთარგმნელმა ტექსტის გაგების შემდეგ ქართულად, ქართულად უნდა გაიაზროს ავტორის სათქმელი, ანუ, როგორც ვაჟაფშაველა იტყოდა, თავის პოეტურ ქურაში გაატაროს

 

უსათუოდ კარგი ჩანაფიქრია სს «საქპრესისა» და შპს «ქართული ბიოგრაფიული ცენტრის» ერთობლივი პროექტი, რომელიც იმ 100 ადამიანის ავტობიოგრაფიებს, ბიოგრაფიებსა თუ მემუარებს გვთავაზობს, მართლაც რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს «მსოფლიოს შეცვლაში», თუკი მაინცდამაინც ასეთი კატეგორიულობით უნდა გამოიხატოს ცნობილ მოღვაწეთა ისტორიული როლი კაცობრიობის განვითარებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, იმთავითვე ისიც ცხადი გახდა, რომ ესოდენ საინტერესოდ ჩაფიქრებულ გამოცემებს აშკარად დააკლდათ სათანადო ყურადღება ტექსტების რედაქტირების თვალსაზრისით, რაც ფრიად გულდასაწყვეტია. რაღა შორს წავიდე, ჩემდათავად 3 წიგნი შევიძინე ერთდროულად (კაზანოვა, სალვადორ დალი, ვერდი) და ერთი სული მაქვს, კოლეგებს ჩემი შთაბეჭდილებები გავუზიარო, ვინძლო, საერთო საქმეს წაადგეს.

მაშ ასე, კაზანოვა, რომლის სახელი უცხო არ არის ქართული პრესისთვის _ ამ თარგმანის პირველი თავები ჯერ კიდევ 1994-96 წლებში გამოქვეყნდა ჟურნალ «საუნჯეში»…

საგაზეთო სტატიის გამო (ფორმატის შეზღუდულობას ვგულისხმობ), მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ ამონარიდს მოვიყვან _ ვრცელი და საგნობრივი განხილვა შემდგომაც შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, გამომცემლობის მესვეურებს გაუჩნდებათ ამის სურვილი:

 თუნდაც მხოლოდ გალაკტიონის შემდეგ («უსიყვარულოდ არ არსებობს…») ვინმეს ხელი რომ მაინც წაუცდება ისეთ არაქართულ კონსტრუქციებზე, როგორიცაა: «იმედის გარეშე» (გვ. 66, 71), «მის გარეშე» (გვ. 297) და ა. შ. და არ გაახსენდება, რომ აქ უნდა იყოს: «უიმედოდ» და «უმისოდ», პირდაპირ უნდა ითქვას, ასეთ «ვინმეს» პოლიგრაფიაში არაფერი ესაქმება!

ძალზე დამაფიქრებელია ის ელემენტარული გარემოებაც, რომ «წინ» და «წინათ” ერთმანეთში ერევათ:

«თხუთმეტი წლის წინ რომში გარდაიცვალა…» (8); «ორმოცი წლის წინ მეც ვფიქრობდი…» (38); «ორი წლის წინ…» (107); «ორი კვირის წინ…» (126) (ხაზი ყველგან ჩემია _ გ. დ.) და ა. შ. და ა. შ. გაუთავებლად, მაშინ, როცა ყველა ამ და მსგავს შემთხვევაში, სადაც დრო იგულისხმება, უნდა იყოს «წინათ».

 «ამ შინაგანი ტანჯვა-ჭიდილის შემხედვარემ (ხაზი ჩემია _ გ. დ), ისე ამოვიგმინე…» (121) _ ცხადია, უნდა იყოს «შემხედველმა» (იხ. ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, 1998, გვ. 537).

იგივე ითქმის სხვა სიტყვებზეც: «კოსტუმი» (179) კი არა _ «კოსტიუმი» (ორთ. ლექ., 323), «ციხე-სიმაგრე» (გვ. 32) კი არა _ «ციხესიმაგრე» (იქვე, 583) და ა. შ.

ახლა ამ სრულიად უადგილო და ზედმეტ ნაცვალსახელებს აღარ იკითხავთ, თანაც ერთ გვერდზე?! (308):

«შენ დაღლილი იქნები…» _ რა საჭიროა ეს «შენ»? ისედაც ცხადია, ვისზეა საუბარი.

«მე მომეჩვენა…» _ ნაცვალსახელი, ცხადია, აქაც ზედმეტია.

«შენ ძალიან აღმაგზნე» _ აქაც.

6. ასევეა სხვა გვერდებზეც: (197, 302) და ა. შ. და ა. შ.

7. «თქვენთან სუფრაზე არ დავჯდები» (342) _ «სუფრაზე დაჯდომა» რაღა უბედურებაა?! სუფრას მიუსხდებიან ან შემოუსხდებიან ხოლმე და ა. შ.  ცხადია, ამ ცალკეულ სიტყვებსა და ფრაზებს მოევლება, კარგი რედაქტორის კალამი უმალ გარანდავს ყველაფერს, მაგრამ იმას რა ეშველება, როცა ძალიან, ძალიან ხშირად, თარგმანი პწკარედის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ იგი ქართულად არაა გააზრებული _ უცხოურ კონსტრუქციებში მხოლოდ ქართული სიტყვებია ჩასმული. ორიოდე ნიმუში:

«ჩემს სანახავად ტირეტა ჩამოვიდა… მითხრა, რომ ქ-მა (უნდა იყოს: ქ-ნმა _ გ. დ.) XXX-მა განიზრახა, ცოლად გაჰყოლოდა, რაზედაც არასდროს დათანხმდება, თუმცა ქალი მთელ ქონებას სთავაზობს» (233).

ან კიდევ ერთი ასეთი «მარგალიტი»: «ვუთხარი, რომ ამიერიდან ყოველდღე სახლში ვისადილებ და ვივახშმებ და რომ არავისთვის შინ არავარ» (285, ხაზი ჩემია _ გ. დ.).

ასეთი  «მარგალიტებით», სამწუხაროდ, ისეა დახუნძლული წიგნი, რომ ამის ამოწერასა და გაანალიზებას ჩვენი 32-გვერდიანი გაზეთიც არ ეყოფა… გულდასაწყვეტია ყოველივე ეს, მით უმეტეს მაშინ, როცა იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ ასეთი ლაღი ქართულიც გვხვდება: «ირენი სიხარულის შეძახილით შემხვდა, პარტერში დაგინახე და ვიცოდი, უსათუოდ მინახულებდიო» (344).

არის სხვაგვარი სახის უყურადღებობაცეს, უპირველესად, პუნქტუაციას შეეხება, რაკი იგი უმალ თვალში ხვდება მკითხველს და არასასიამოვნო განცდას იწვევს. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია სახელთა საძიებლის უქონლობა, რაც საერთო ნაკლია ჩვენი გამოცემებისა და მისი კულტურა ვერ იქნა და ვერ დამკვიდრდა ჩვენში.

დასასრულ ერთი საკითხიც: ცნობილია, რომ ეს წიგნი იტალიელმა კაზანოვამ ფრანგულად დაწერა და მას ეწოდება: «Histoire de ma vie” (ანუ «ამბავი ჩემი ცხოვრებისა»). ქართული თარგმანი რომელი ენიდან შესრულდა? შესავალში ზოგადად არის მინიშნებული, თარგმნა ნანა თარგამაძემო, მაგრამ რომელი ენიდან, ამაზე არაფერია ნათქვამი. გამოცემის ბოლო გვერდზე, სადაც ჩვეულებრივ თარგმნილი წიგნების დედნისეული სახელწოდებაა მოცემული, ინგლისურად წერია: «The Memoirs of  Jacques Casanova» (ანუ «ჯაკომო კაზანოვას მემუარები») და ისიც ინგლისურადაა, თარგმნა ნანა თარგამაძემო Traslated by nina Targamadze»).

თუმცა, სულო ცოდვილო, ეს კიდევ რაა იმასთან შედარებით, ამ ინგლისური სახელწოდების თავზე რა დამწერლობით (Spelling) წამოუკუნკულებიათ (ი. ჭავჭავაძის ტერმინია) ავტორის სახელი და გვარი: Jacomo Kazanova . რამდენადაც ვიცი, არც ერთ ლათინური დამწერლობის ევროპულ ენაში კაზანოვას სახელი და გვარი (Giacomo Casanova) არ იცვლება, მაგრამ, აი, მესოპოტამიურზე ნამდვილად ვერაფერს მოგახსენებთ…

გოგი დოლიძე,

პროფესორი,

აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი

 

1 COMMENT

  1. არაპროფესიონალებს(არალინგვისტებს)სტილისტიკაზე საუბრისას ერთი ტიპობრივი შეცდომა მოსდით:სინონიმური ფორმებიდან, რაც ენის სიმდიდრეა, რომელიმე ერთი ჰგონიათ სწორი. ასეთი რამ ემართება ბატონ გოგისაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here