Home რუბრიკები საზოგადოება «ამ ადამიანების მიზანი ხელისუფლებაში «ნაციონალების» დაბრუნებაა!»

«ამ ადამიანების მიზანი ხელისუფლებაში «ნაციონალების» დაბრუნებაა!»

637

«წავკისელი ფეოდალების» თემა ძალიან გახმაურდა და ამ საკითხით  პრემიერიც კი დაინტერესდა _ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აუცილებლად გამოიძიებდა გარდაბანში არსებულ ვითარებას. ვინ მფარველობს გარდაბნელ «ფეოდალებს» და ვინ შეიყვანა «ოცნების» რიგებში «ნაციონალები»? _ ამ საკითხებზე გარდაბნელი  ქალბატონები: ია მახათაძე, ლელა გოგოლაური და დოდო ბერაია გვესაუბრებიან.

 

ლელა გოგოლაური:

_ გარდაბნის ამბები თითქოს არავისთვისაა უცხო, მაგრამ  გარდაბნელებს ხელისუფლების სათავეში ისევ «ნაციონალები» რომ ჰგონიათ, ვფიქრობ, ეს საკითხი ყველას დააინტერესებს და შესაბამისი რეაგირებაც უნდა მოჰყვეს.

დღეს ჩვენი თქვენთან მოსვლის მიზეზი მხოლოდ ერთია: დავეხმაროთ პრემიერს, რომ შეცდომაში არ შეიყვანონ და მისმა დაინტერესებამ გარდაბნის საქმით ამაოდ არ ჩაიაროს.

ჯანო დადეშქელიანი, ფეიქრიშვილი, ლილუაშვილი _ ესენი  არიან ადამიანები, რომელთა დევიზიც არის «ჩვენ დავბრუნდებით!». ისინი მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ და დღეს, როცა ხელისუფლება უკვე შეცვლილია, «ოცნების» სახელით ისეთ საქმეებს სჩადიან, ლაპარაკიც კი მოგერიდება.

_ რა ხდება ასეთი?

_ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა დღემდე არ იცის, ოფიციალურად არიან თუ არა გაფორმებული; უმუშევართაგან თუ ვინმეს გაუმართლა და სადმე დასაქმდა, გამუდმებით იმის შიშშია, როდის მოხსნიან. ამ ადამიანებს რამდენიმეთვიან ხელშეკრულებებს უფორმებენ და მერე უწევთ ხვეწნა-მუდარა, ვადა გაუგრძელონ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული, არავინ უყურებს შრომის კოდექსს ან შესრულებულ სამუშაოს.

გვქონდა ინფორმაცია, რომ გამგებელი ნუგზარ ჩადუნელი შესაბამის სამსახურებს აძლევდა დავალებას, მოეხსნათ ესა თუ ის ადამიანი, ან სულაც წარუდგენდა სიას _ ამა და ამ სამსახურდან ამდენი კაცი უნდა გაუშვათო. ეს დღემდე გრძელდება. სამსახურებიდან, ძირითადად, «ქართული ოცნების» წარმომადგენლებს ხსნიან. ჰქონდათ პირდაპირი დავალება, რომ გაეშვათ ხუთი რწმუნებული. ეს პროცესი დაიწყეს სოფელ კრწანისიდან და ყველგან გავრცელდება.

_ «ქართულ ოცნებას» თავისი კადრები არ ჰყავს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მაინტერესებს, ხელისუფლებასთან ამბის მიმტანი ადამიანი თუ გყავთ.

_ «ოცნებას» კადრები, რა თქმა უნდა, ჰყავდა. ეს ადამიანები ჩვენ ვიყავით. «ნაციონალების» მმართველობის პერიოდში მათ ოპოზიციაში ვიდექით, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე კი მის გუნდში გადავედით. თავდაპირველად ყველაფერი კარგად იყო, რადგან მამუკა არეშიძე გვხელმძღვანელობდა, მერე უკვე, როდესაც არეშიძის ნაცვლად გელა ხვედელიძე დანიშნეს, ჩვენი «დაბლოკვა» დაიწყო და «ნაცებით» ჩაგვანაცვლეს. ხვედელიძის გარდა, მათ ერთი «საოცარი» პიროვნება ჰყავთ _ მალხაზ მჭედლიშვილი, რომელიც ირაკლი მელაშვილის ხელდასმულია. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა გარდაბანში ვერავინ იგრძნოს ახალი ხელისუფლების არსებობა. ჩვენს რაიონში ზუსტად ისეთი ვითარებაა, როგორიც «ნაცების» დროს იყო, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იმხანად  მტერსა და მოყვარეს ვარჩევდით.  აქამდე ხმასაც ვერ ვიღებდით,  ახალ ხელისუფლებას ხელი არ შევუშალოთ-თქო. არადა, პირველივე დღიდან პროტესტის განცდა გაგვიჩნდა.

1 ოქტომბრის შემდეგ გარდაბანში «ნაციონალების» ადრინდელი  პაიკები  ლაზიერები გახდნენ. ჩვენი ინიციატივების, შეხედულებების, კანდიდატების შერჩევის შესახებ დავით საგანელიძემ ყველაფერი მაშინაც იცოდა და ახლაც იცის, მაგრამ მაინც ხვედელიძე წყვეტს ყველაფერს. სწორედ გელა ხვედელიძისა და თემურ ფეიქრიშვილის ინიციატივით დაინიშნა გამგებლად გელა ხუციშვილი, რომლის გათავისუფლების შემდეგ ამ ადგილზე მისი მოადგილე ჩადუნელი დასვეს. ასე რომ, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა.

_ კი მაგრამ, ასეთი ვინ მფარველობს ამ ადამიანებს?

_ ფაქტია, რომ პატრონი ჰყავთ. ხუციშვილის მოხსნის მიზეზი გახდა, როგორც თვითონ ამბობს,  მისი დაინტერესება მიწის ნაკვეთების მეპატრონეებით. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რადგან მეპატრონეთა სხვადასხვა სახელს ამოფარებულნი არიან რეალური მფლობელები _ ლილუაშვილი და ფეიქრიშვილი. ვფიქრობთ, რომ ლილუაშვილს ბევრი კომპრომატი აქვს ყველაზე და ამიტომ მის წინაშე ანგარიშვალდებულნი არიან.

ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები ამბობენ, რომ უშიშროების წარმომადგენლები არიან. არ ვიცით, ვის აძლევს ხელს ასეთი ხალხის რაონის ხელმძღვანელებად დანიშვნა. გარდაბნის ყველა მცხოვრებმა იცის, ვინ არის უშიშროების წარმომადგენელი და ვინ _ აგენტი, ყველანი გაშიფრულნი არიან.

ია მახათაძე:

_ ჯანო დადეშქელიანზე ამბობენ, თეა წულუკიანის ნათესავიაო.

_ წულუკიანმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მას ასეთი ნათესავი არ ჰყავს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დადეშქელიანები წულუკიანის ნათესავები არიან. ჯანო დადეშქელიანი მას ფარად იყენებს.

_ როგორ ჩაიარა საპრეზიდენტო არჩევნებმა? პროცესს ეს ადამიანები ხელმძღვანელობდნენ თუ «ოცნებამ» სხვა ხალხი ჩარია?

_ შარშან, აგვისტოში, გამგებლის მოადგილედ დაგვინიშნეს თენგიზ მიროტაძე _ დმანისის ყოფილი გამგებელი. ამ ადამიანმა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები ხმების  80%-ით მოიგო. წარმოიდგინეთ, რა დაგვემართებოდა, მაგრამ ხმაურის ატეხვას ვერიდებოდით.

ადამიანი კი, რომელმაც გარისკა და 2012 წელს «ქართულ ოცნებას» თავისი სახლი ოფისად მიაქირავა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

_ ვინ არის ეს ადამიანი?

_ ტელმან გასანოვი.

 დიდი იმედი გვაქვს, რომ ღარიბაშვილი გარდაბანში არსებულ ვითარებას გამოიძიებს და შედეგიც გვექნება. მთავარია, ისეთი ადამიანი გამოუშვას, რომლის გადაბირებასაც ფეიქრიშვილი ვერ შეძლებს. არ შეიძლება, სპეცსამსახურების თანამშრომლები მართავდნენ რაიონებში სიტუაციას. მათ არ შეუძლიათ ადამიანებთან ურთიერთობა, ისინი სამეურნეო საქმეს ვერ გააკეთებენ.

ამ ადამიანების მიზანი «ნაციონალების» ხელისუფლებაში დაბრუნებაა.

ახლა სოფელ კრწანისის რწმუნებულად დანიშნეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც არავითარი დამსახურება, განათლება, ცოდნა არ აქვს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ის დადეშქელიანის მანქანიდან არ გადმოსულა, მომკალით და არც ერთი «ნაციონალის» «გაოცნებების» არ მჯერა. ისინი მხოლოდ თანამდებობებს იცვლიან და «ოცნების» სახელით მოქმედებენ.

ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება, ამ არჩევნებში «ნაცები» შეეცდებიან, რომ უკან დასაბრუნებელი გზა გაისუფთაონ, ამიტომ ცოტა მაგრად უნდა დავდგეთ. ბოლოსდაბოლოს, საშველი ხომ უნდა დაგვადგეს?! დაფარული არაფერია, ყველამ ყველაფერი იცის. ნუთუ ძნელი გასარკვევია, ვინ დგას ამ ადამიანის უკან? თვითონ მჭედლიშვილს იმდენი ტვინი არ აქვს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს.

გარდაბანში დღემდე ეჭვობენ, რომ უსმენენ, დააბეზღებენ, სამსახურიდან დაითხოვენ და ა. შ.

ერთხელ ირაკლი მელაშვილს  ვუთხარი, შეხვედრა და საუბარი მინდა-მეთქი. მიპასუხა:  შენ ბურჯანაძის პარტიის წევრი ყოფილხარო. გადავირიე, ვინც არ უნდა ვიყო, კანცელარიის თანამშრომელია და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს არ უნდა მოუსმინოს? თუმცა, ძალიან კარგად იცოდა, რომ მე «ქართული ოცნების» წევრი ვიყავი და არა ბურჯანაძის პარტიის.

ახლა ინფორმაცია გვაქვს, რომ გამგებლად დადეშქელიანს ნიშნავენ. ან რისთვის ხსნიან ამ ადამიანებს, ან რისთვის ნიშნავენ, არავინ იცის, ამ ყველაფერში მთავარი არის ის, რომ არც ერთი მათგანი «ქართული ოცნების» ნამდვილი და ერთგული წევრი არ არის.

«ოცნების» რიგებში «ნაცების» შემოსვლას ხელი დიდწილად ზვიად ძიძიგურმაც შეუწყო. იმ ბანდის სიის პირველი ნომერი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ზვიად ძიძიგურია.

დოდო ბერაია, ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი:

_ ასეთი ამბავი, როგორც ჩანს, მარტო გარდაბანში არ ხდება, მგონი, მთელ ქვეყანაში ასეთი ვითარებაა. ჩვენ, ზოოვეტის თანამშრომლები, ვეტერინალური კლინიკის დაბრუნებას ვითხოვდით, კლინიკას მაინც რომ ემუშავა. იცით, ამ საქმეში წინააღმდეგობა ვინ გაგვიწია? _ ჯანო დადეშქელიანის მეგობარმა მღვდელმა _ მამა მოსემ (ჭელიძე). მან გამომიცხადა, კლინიკა მე უნდა გადმომცენ და იქ მოხუცთა და უმწეოთა თავშესაფარი უნდა გავაკეთოო. სამების საკათედრო ტაძარში მივედი და შევეცადე, გამერკვია, რა ხდებოდა. იქ მითხრეს, ძალიან კარგი საქმის წამოწყება გდომებიათ და მამა მოსე რატომ გიშლით ხელსო? მამაოს გარდაბნის გამგეობა უფინანსებს ამ წამოწყებას, მამაოსაც და მის დამფინანსებლებსაც ავუხსენი, რომ კლინიკის ტერიტორიაზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი თავშესაფარის გაკეთება, რადგან იქ უამრავი მიკრობია, იქ არის  ე. წ. ჩეხური ორმო, სადაც დამარხულია ავადმყოფობით მკვდარი ცხოველები. ასეთ ტერიტორიაზე 150 წლის განმავლობაში  არ შეიძლება ადამიანის საცხოვრებელის აშენება, კანონით იკრძალება.

ამას წინათ მამაოს საცხოვრებელთან წყლის მილი გასკდა და «ნაციონალებმა» შეაკეთეს. ნეტავ, გენახათ, რა სიამაყით განაცხადა:  «ხომ გეუბნებოდით, ისევ «ნაციონალები» მოვლენ!».

ამ ვითარებას  დიდხანს  ვერ მოვითმენთ, რასაც დაგვპირდნენ, უნდა შეასრულონ, თუ არ შეასრულებენ, ვეღარ გაგვაჩერებენ!

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here