Home რუბრიკები საზოგადოება ირაკლი ჭყოიძე: დღეს ქვეყანას პრეზიდენტი არ ჰყავს!

ირაკლი ჭყოიძე: დღეს ქვეყანას პრეზიდენტი არ ჰყავს!

670

უკვე მეორე წელიწადი დაიწყო, რაც «ქართული ოცნებახელისუფლების სათავეშია, მაგრამ ხალხმა, გარდა იმისა, რომ საუბრისას მობილურ ტელეფონებს არ მალავს, სხვა სიკეთე ვერ იგრძნო. არ შეცვლილან ის სახეები, რომელთა დანახვაც «ნაცების» მმართველობის პერიოდში აღფრთოვანებას არ იწვევდა. გვიჭირს ეკონომიკურად, სოციალურად და ახლა გაუფასურებული ვალუტაც შეგვრჩა ხელთ.

 

ხალხს კი მოთმინების ფიალა ევსება, რადგან ახალი ხელისუფლების ბევრი ქმედება ძალიან ჰგავს წინამორბედისას. რატომ არ დასრულდა კოჰაბიტაცია? რატომ აღიზიანებს ახალი მთავრობა მოსახლეობას იმ ადამიანების ჭკუადარიგებებით, რომელთა მოსმენაც დიდი ხანია აღარ სურთრატომ ალაპარაკდნენ  «ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები ასეთი ჰონორით? _ ამ და სხვა  აქტუალურ საკითხებზე დემოკრატიული მოძრაობა «ერთიანი საქართველოს» პოლიტიკური საბჭოს წევრს _ ირაკლი ჭყოიძეს ვესაუბრეთ.

_ ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაცია დასრულდებოდა, დასრულდა?

_ წარმოუდგენელია, კოჰაბიტაცია დაასრულოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ეს თავისი კეთილი ნებით დაიწყო. ამ წამოწყებას «ნაცების» რეაბილიტაცია და «გათეთრება» უფრო ჰქვია, ვიდრე კოჰაბიტაცია. საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სულაც არ ელოდა, რომ «ნაცებისა» და «ოცნების» თანაცხოვრება დასრულდებოდა, პირიქით _ გვჯერა, ეს პროცესი გაღრმავდება და უფრო მჭიდრო თანამშრომლობაში გადაიზრდება. რაც შეეხება თავად დაპირების ავტორს, მარგველაშვილს, დღეს აღარც კი ვიცით, ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს თუ არა. იმ გეგმას, რომელიც ახალ ხელისუფლებას ჰქონდა _ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას, თავი წარმატებით გაართვეს. დღეს ქვეყანას პრეზიდენტი არ ჰყავს.

იმის თქმის საშუალებას, რომ წინა და ახალი ხელისუფლების თანამშრომლობა მჭიდრო კავშირში გადაიზრდება, მაძლევს ის გარემოება, რომელიც დღეს ქვეყანაშია. თუ კოჰაბიტაცია დასრულდა, თუ აღიარებენ, რომ სისტემა დანაშაულებრივი იყო, მაშინ რატომ არ ისჯებიან ამ სისტემის შემქმნელები?

_ როგორ ფიქრობთ, ახალ ხელისუფლებას აძლევს ხელს ამ ყველაფრის ასე დატოვება თუ, უბრალოდ, პროფესიონალიზმი და კომპეტენცია არ ჰყოფნით?

_ ორი ვარიანტია: ერთი ის, რომ ხელისუფლებისთვის «ნაცები» კომფორტულები არიან…

_ ასე ვეღარ ვიტყვით. ეს თავიდან ჩანდა ასე, დღეს კი «ნაცები»  კომფორტულები აღარ არიან, მათ მთავარი პროკურორი აიძულეს, თანამდებობა დაეტოვებინა…

_ საქმეც ეს არის, «ოცნებამ» შეცდომაც მანდ დაუშვა, რომ «ნაცებთან» დავა ადვილი ეგონა, «ნაციონალების» რეაბილიტაცია ყველაზე მეტად «ოცნებას» დაარტყამდა და ასეც მოხდა. აქ უკვე არაკომპეტენტურობა და არაპროფესიონალიზმი იკვეთება. ხელისუფლება თვითდაჯერებული და უცოდინარია. ამან კი ის გამოიწვია, რომ საქართველოს მოსახლეობა ისევ კითხულობს «ნაცების» მიერ «დადგენილ დღის წესრიგს».

ხელისუფლებას არ ეყო ვაჟკაცობა, «ნაცები» ჯეროვნად შეეფასებინა, რისი მოლოდინიც ხალხს ჰქონდა. მათ არ ეყოთ კომპეტენცია, დანაპირები შეესრულებინათ. ისევ ხალხია დაზარალებული, მაგრამ ვფიქრობ, ამ უმსგავსობის ყურებას დიდხანს ვერ შეძლებენ და არც ერთ მხარეს ასეთი უტიფარი ტყუილი არ შერჩება.

_ მართალი ხართ, ხალხი ძალიან გაბრაზებულია. თავშეყრის ადგილებში ხშირად მოისმენთ ასეთ ფრაზებს: «ჟურნალისტები, რომლებიც «ნაცებს» საქმეებს «უპრავებდნენ», ისევ პირველი ჟურნალისტები არიან;” იმას, რასაც «ნაცები» ჩუმად აკეთებდნენ, ესენი აშკარად აკეთებენ; ეკლესიას და იმ სიწმინდეებს, რომლებიც ქართველისთვის ძვირფასია, თავს ისევ ესხმიანდა . .

_ ეკლესიაზე  დემოკრატიის სახელით იერიშის მიტანას «ქართულმა ოცნებამ» ხელი რომ შეუწყო, ეს ჯერ კიდევ 17 მაისის გეიაღლუმზე დავინახეთ. სასულიერო პირების გასამართლებამ, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო ლიბერალურ ძალებს, რომლებიც პატრიარქისა და ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობენ. ეს პროცესები კიდევ უფრო შორს წავა.

_ როგორ ფიქრობთ, გამოვა ხალხი ქუჩაში?

_ გაზაფხულზე პოლიტიკური სივრცე გადატვირთული იქნება თვითმმართველობის არჩევნებით, რაც პროცესებს გაამძაფრებს. თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება და სამართლიანი საარჩევნო გარემო არ შეიქმნა, ვითარება დაიძაბება, ამას მოჰყვება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც უმტკივნეულოდ არ ჩაივლის, ამას დავუმატოთ ეკონომიკური პრობლემები და  თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოდგომაზე ქაოსია მოსალოდნელი, ხალხის ძირითადი მოთხოვნა კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება, რადგან «ოცნება» ისევე დაშორდა თავის ხალხსა და ამომრჩეველს, როგორც თავის დროზე «ნაცები». მათ აღარ აინტერესებთ ხალხის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, ისინი მხოლოდ რეიტინგის შენარჩუნებასა და სკამებზე ზრუნავენ.

ხალხმა იცის, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ დგას, ეს არის ერთი ადამიანის ხათრით არჩეული პარლამენტი.

_ რას ფიქრობთ მერების არჩევისთვის საჭირო 40%-იან ბარიერზე? როგორც  მახსოვს, «ნაცების» დროს რვიანის ფორმატში მომუშავე პარტიები ბარიერის 30-დან 50%-მდე გაზრდას ითხოვდნენ.

_კი, ეს ძალიან აქტუალური თემაა. ყველას გვახსოვს, რა იყო მაშინ «რვიანის” მოთხოვნა. იმხანად «ნაცებზე» დარტყმის პირველი მიმართულება სწორედ ეს საკითხი იყო; ყველანი ამბობდნენ ერთ რამეს: «ნაცებს» 30%-იანი ბარიერი იმიტომ სჭირდებათ, რომ დაბალრეიტინგიანი კანდიდატები ნერვების აუშლელად გაიყვანონო. 40%-იანი ბარიეირის შემთხევაში, კანდიდატი არალეგიტიმური იქნება, რადგან ის მისაღებია არა უმრავლესობისთვის, არამედ უმცირესობისთვის.

ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ხელისუფლებას ეშინია ადგილობრივი არჩევნების, რადგან მათი რეიტინგი დღითიდღე კატასტროფულად ეცემა. სწორედ ამიტომ ცდილობენმინიმალური შესაძლებლობებით გაიყვანონ თავიანთი ხალხი მომავალ არჩევნებში. ხელისუფლებამ წულუკიანის ხელით სამართლიანობის აღდგენის შეჩერების პროცესს ხელი უკვე მოაწერა. ეს ფაქტია, მაგრამ მათ შეეძლოთ თავიდან დაეწყოთ სამართლიანი ქვეყნის მშენებლობა, თუმცა არც ეს ისურვეს.

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here