Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან მეტრეველი: სააკაშვილი არც ფორმით, არც შინაარსითა და არც აღზრდით ქართველი არ...

ლევან მეტრეველი: სააკაშვილი არც ფორმით, არც შინაარსითა და არც აღზრდით ქართველი არ არის

1174

რუსეთსაქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზების საკითხებზე, მიმდინარე მოლაპარაკებებსა და მის სამომავლო შედეგებზე გვესაუბრება საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის  ხელმძღვანელი ლევან მეტრეველი.

 

_ ბატონო ლევან, ის, რომ ხელისუფლებას აქვს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გაცხადებული ნება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ კოალიცია ჭრელია, მასში არიან გარკვეული სუბიექტები, რომელთაც კრემლის მესვეურები არასოდეს დაუჯდებიან მოლაპარაკებათა მაგიდასთან.

_ აქ მთავარი არის ის, რაც ქართველი ხალხისთვისაა მისაღები. აი, ეს რიტორიკა და პოლიტიკა უნდა არსებობდეს, თორემ სხვა დანარჩენი, რა მიდგომითაც არ უნდა იხელმძღვანელონ პოლიტიკოსებმა, რეალურ შედეგს ვერ მოიტანს. საერთოდ, მე მგონია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ხშირად აპელირებენ საზოგადოების სახელით, ამ დროს ხშირად არც კი ითვალისწინებენ, რა განწყობაა საზოგადოებაში.

ავიღოთ თუნდაც იმ რეფერენდუმის შედეგები, რომელიც ჩაატარა სააკაშვილის რეჟიმმა და შედეგი იყო ასეთი: 78 პროცენტი მხარს უჭერდა ნატოში შესვლას. ახლა, ალბათ, მკითხავთ, რატომ არ ვენდობი შედეგს. პასუხი მარტივია: თუ ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ის არჩევნები, რომლის პარალელურადაც გამოკითხვა ჩატარდა, გაყალბდა, რა ნდობა შეიძლება არსებობდეს რეფერენდუმის მიმართ?! გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს რეფერენდუმი იყო მაშინ, როცა მასირებული შეტევა მიდიოდა საზოგადოების ცნობიერებაზე. მხედველობაში მაქვს პროპაგანდისტული ნიაღვარი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოედინებოდა სააკაშვილის ტელევიზიებიდან.

_ არსებობს სხვა კვლევის შედეგი, რომელიც საპირისპიროს დაამტკიცებს?

_ არსებობს, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ჩატარდა ერთ-ერთი კვლევა, რომლის მონაწილე მეც ვიყავი და შეკითხვის ფორმულირება იყო ასეთი: რომ დადგეს არჩევანი, ტერიტორიული მთლიანობა თუ ნატო, რას დაუჭერდით მხარს? მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მათ შორის «ნაცმოძრაობის» მომხრეებმაც, უპირატესობა მიანიჭეს ტერიტორიულ მთლიანობას. ამით რის თქმა მინდა: ერთია ის, რასაც სააკაშვილის რეჟიმი იძახდა 9 წლის მანძილზე, ევროპა და ნატო ჩვენი ისტორიული არჩევანიაო, და მეორეა, რას ფიქრობს საზოგადოება, ანუ, თუ ხალხს ექნება რეალური სურათი, რას გვაძლევს ჩვენ ეს ე. წ. დასავლური ინტეგრაცია, მაშინ გავიგებთ, სინამდვილეში რა აზრისაა ამაზე მოსახლეობა. სხვანაირად შეუძლებელია განსაზღვრო, რომელია შენი ისტორიული არჩევანი და რომელი _ არა, საით ჯობია წახვიდე და რაზე თქვა უარი ან თავი შეიკავო…

_ მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყველას ეგონა, «ნაცმოძრაობის» პოლიტიკური აღსასრული დადგებოდა, ფაქტობრივად, პირიქით მოხდა _ დღეს ისინი ხელისუფლებას სერიოზულ ოპონირებას უწევენ. თავის მხრივ სააკაშვილი ამერიკაში შეხვედრებს შეხვედრებზე მართავს და სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნებიდან ისევ აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს მტერია. როგორ ფიქრობთ, რეალურად არის თუ არა ეს ყველაფერი ხელისშემშლელი ფაქტორი ორი ქვეყნის ურთიერთობაში?

_ ბუნებრივია, არის. საერთოდ, მე ვერ მოვძებნი საქმიანობის ისეთ სფეროს, რომელთანაც სააკაშვილს შეხება ჰქონდა ან ახლაც აქვს და ეს საქართველოსთვის სასიკეთო იყოს. მისი ყველა გამოსვლა ერთმნიშვნელოვნად ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყანას, შიგნით თუ გარეთ, ურთიერთობები დაეძაბოს. ისე, კაცმა რომ თქვას, ამაში გასაკვირი არც არაფერია, ვინაიდან ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ ადამიანს არანაირი პატრიოტული გრძნობები არ შეიძლება ამოძრავებდეს. იგი, უბრალოდ, არც ფორმით, არც შინაარსითა და აღზრდით არ არის ქართველი და არაა ორიენტირებული ქართველი ერის ინტერესებზე. მარტივად რომ ვთქვათ, მას ახლა მხოლოდ ერთადერთი სურვილი ამოძრავებს, _ როგორმე თავის მეგობრებს, მფარველებს საზღვარგარეთ დაანახოს რომ ისევ საჭიროა, რომ მისი შემცვლელი არ არსებობს.

_ ახერხებს ამის დამტკიცებას?

_ მე არ ვიცი, ის რას ახერხებს, მაგრამ ფაქტია, დღეს ბევრად უფრო კრიტიკულად გვესაუბრება დასავლეთი, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში. ამ დროს, ყველამ კარგად ვიცით, იმ 9 წლის მანძილზე რა უბედურებაც ტრიალებდა. სხვათა შორის, ჩვენ კიდევ ერთი კვლევა ჩავატარეთ, ციხის ცნობილი კადრები როცა გავრცელდა და შეკითხვა იყო ასეთი: როგორ ფიქრობთ, ჰქონდათ თუ არა «ნაცმოძრაობის» მხარდამჭერ დასავლელ პოლიტიკოსებს ინფორმაცია, რა ხდებოდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით? გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა თქვა, რომ ჰქონდათ; დარწმუნებული ვარ, ასეც იქნებოდა, იმიტომ, რომ სააკაშვილი არ მოქმედებდა დამოუკიდებლად. არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი სვლა წინა ხელისუფლების მიერ არ კეთდებოდა დასავლეთიდან გარკვეული პოლიტიკური ძალების რეკომენდაციების გარეშე. ასე რომ, რა თქმა უნდა, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რას უკეთებდა სინამდვილეში დემოკრატიის შუქურად გამოცხადებული სააკაშვილი თავის ხალხს

_ გინდათ, თქვათ, რომ დასავლეთმა წაახალისა აქ ადამიანის უფლებების დარღვევა?

_ არ მინდა, უსაფუძვლოდ ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ ნახეთ, დღეს რა ხდება უკრაინაში. მე მგონი, პოლიტიკოსი არ დარჩა არც ამერიკაში, არც ევროპაში, რომ კიევში არ ჩასულიყო, როცა მაიდანზე მიტინგი დაშალეს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: თუ ესენი ასე სწრაფად რეაგირებენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, სად იყვნენ 26 მაისს, 7 ნოემბერს, როცა სააკაშვილის რეჟიმმა გაუგონარი სისასტიკე ჩაიდინა?! გაკეთდა მაშინ თუნდაც ერთი განცხადება, რომელიც იმ საშინელების ადექვატური იქნებოდა?!

_ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, _ სააკაშვილის რეიტინგი საქართველოს რეიტინგზე მაღალიაო. რას ფიქრობთ ამაზე?

_ რას ნიშნავს, სააკაშვილის რეიტინგი უფრო მაღალია?! ჩემთვის გაუგებარია, რას გულისხმობს ბატონი ბერძენიშვილი. მან უფრო მკაფიოდ უნდა განმარტოს, რისი თქმა უნდოდა.

_ ალბათ ის, რომ, თუკი სააკაშვილის მიმართ რაიმე ფორმით სამართლებრივი დევნა დაიწყება, რაზეც თავის დროზე არაერთხელ მიანიშნა არჩილ კბილაშვილმა, ამით ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე დაემუქრება. საგულისხმოა ისიც, რომ ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე აქ იმყოფებოდნენ შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც პირდაპირ განაცხადეს, _ უკრაინის შეცდომა არ უნდა გაიმეოროთო.

_ ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ერთადერთი სწორი პოზიცია შეიძლება არსებობდეს: თუკი ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაციის პოლიტიკური ფასი იქნება სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა, ნებისმიერმა ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არანაირი კარლ ბილტის რეკომენდაციებით არ უნდა იმოქმედოს, რომელიც მგონია, რომ სააკაშვილის ლობისტია. კარლ ბილტს არ აურჩევია საქართველოს არც პარლამენტი და არც მთავრობა, ის აირჩია ქართველმა ხალხმა.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დასავლეთის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა ხელისუფლებას, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს. უკრაინაში ხომ მათ უკვე გამოიწვიეს გარკვეული პოლიტიკური კრიზისი?

_ ეს მათი პრობლემაა და უკრაინის ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს, აქვთ თუ არა უფლება დასავლელ პოლიტიკოსებს, ჩადიოდნენ მომიტინგეებთან და რევოლუციისკენ მოუწოდებდნენ. ისე, მაინტერესებს, ლავროვი რომ აკეთებდეს ამას რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში, თუნდაც, ვთქვათ, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ, რა რეაქცია ექნებოდა დასავლეთს?! ხომ იტყოდნენ, რომ რუსეთი უხეშად არღვევს უცხო ქვეყნის სუვერენულ უფლებას?!

_ დავუბრუნდეთ ისევ რუსეთსაქართველოს საკითხს. ვთქვათ, ერთ მშვენიერ დღეს მართლა აღდგა კეთილმეზობლური ურთიერთობა, დავუბრუნდით იმ მდგომარეობას, რაც ჩვენ ისტორიულად გვქონდა, რას მისცემს ეს საქართველოს და რა სახელმწიფოს მივიღებთ?

_ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ჩემთვის, ისევე, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაგვიჩნდება შანსი, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც შეეხება საშუალო და მოკლევადიანს, აქ უკვე შედეგი სახეზეა _ 46 პროცენტით გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი და გაიყიდა 50 ათასი ტონა მანდარინი. პოზიტიური ძვრებია ეკონომიკის სხვა სფეროებშიც.

_ ხელისუფლების შეცვლიდან თითქმის წელიწადნახევარი გავიდა და ჯერჯერობით კარასინიაბაშიძის შეხვედრებს ვერ გავცდით. როგორ ფიქრობთ, ამ ხნის მანძილზე უნდა ყოფილიყო თუ არა პირველი პირების დონეზე მოლაპარაკებები?

_ რასაკვირველია, ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ ეტყობა, ჯერ კიდევ არის სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორები. იმედია, ამის გადალახვა მოხერხდება, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის კეთილგანწყობა, რომელიც არსებობს ქართველების მიმართ რუს ხალხში. სააკაშვილისგან განსხვავებით, არ ვთვლი, რომ რუსეთი ავტორიტარული ქვეყანაა და მასთან საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია; ეს არის თანამედროვე, ცივილიზებული სახელმწიფო, რომელიც ნორმალური, ადექვატური პოლიტიკის პირობებში, იმედია, მზად იქნება ნებისმიერი სახის თანამშრომლობისთვის.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ვეტანხმები ბატონ ლევანს .მე მგონი ბევრი კარტველი ადამიანიც დაეტანხმება,მე მგონი სხვა გამოსავალი ამჯამატ არ გვაკვს

  2. ჩვენი გამოსავალი ტერიტორიული მთლიანობისათვის რუსეთი ყოფილა თქვენ ბატონო ეს როგორ გესახებათ? -შევიდეთ რუსეთის შემადგენლობაში საქმე დახურული იქნება – ვისთვის???????

  3. აი ვკითხულობ და ვხვდები რომ გაუნათლებელი დებილი რუსეთუმეს დაწერილი სტატიააა.

  4. რეფერენდუმზე უნდა გავიდეს საკითხი რა და როგორ გვირჩევნია საქართველოსთვის მოსახლეობას

  5. რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა, რასაც თქვენ ღაღადებთ.
    გადახედეთ ისტორიას, გინდ ძველს, გინდ ახალს და პასუხს იპოვით იქ. თანაც ძალიან ობიექტურ პასუხს. ისტორია ერისთვის არის ის, რაც თქვენთვის არის თქვენი მეხსიერება…
    თქვენი ხელისუფლება ვერანაირად ვერ იქნება ობიექტური რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შეფასებისას, ვინაიდან ინტერესთა კონფლიქტი გასდევს ორნამენტივით.:), ჯერ ერთი; ხოლო მეორეს მხრივ, რა ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი, როდესაც საკუთარ საუნჯეებს სპობთ?
    ვირის ჭკუაზე ცოტა მეტი რომ უყრია კაცს თავში, ის ბრძენკაცი გგონიათ. დემოკრატიის ძახილით გადავაგდეთ სააკაშვილი და უარესი დაგვაჯდა თავზე, მგონი – აბსოლუტურად ერთპიროვნულად წყდება საქვეყნო საკითხები. ნებისმიერი საღი აზრი, მეცნიერული, ლოგიკური, შეგნებული და საქვეყნო უგულებელყოფილია.
    მერე, გაგიგიათ თუნდაც ერთი სიტყვა პუტინისა და რუსი პოლიტიკოსების მყრალი ხახიდან ამოსული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ ჟღერდეს? ყველაფერი აბსოლუტურად არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისა. დიდი თემაა. ყველაფერს აქ ვერ შეეხები კაცი, მაგრამ თვალი გაახილეთ და ქვეყანაზე და ღირსებაზე იფიქრეთ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here