Home რუბრიკები პოლიტიკა «თურქეთში ხომ ჰყავთ მონებად ქართველები, ახლა საქართველოშიც იმონებენ»

«თურქეთში ხომ ჰყავთ მონებად ქართველები, ახლა საქართველოშიც იმონებენ»

604

17 იანვარს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრებთან _ კახა კალაძესა და გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გარდაბნის რაიონში იმყოფებოდა. მათ გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი და საძირკველში . . კაფსულაც საზეიმო ვითარებაში ჩადეს.

 

პრემიერმინისტრმა საზეიმო სიტყვაც წარმოთქვა და აღნიშნა, რომ გარდაბნის თბოელექტროსადგური, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზული დასაყრდენი იქნება და ამ პროექტზე 600-ზე მეტი ადამიანი დასაქმდებაო. ძაღლის თავიც აქ არის დამარხული _ ღარიბაშვილს არავინ უთხრა, რა ხდება გარდაბანში რეალურად. ადგილობრივი მოსახლეობა ტერიტორიას არ გააკარეს და გარდაბნელთა უმრავლესობამ მხოლოდ ტელეეკრანიდან შეიტყო, რომ მათ ქალაქში მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.

თბოელექტროსადგურს ყველაზე დიდი თურქული მშენებელი კომპანია «ჩალიკ ენერჯი» აშენებს. შესაბამისად, მენეჯმენტი მთლიანად თურქებით არის დაკომპლექტებული და სწორედ ისინი წყვეტენ, ვინ დასაქმდება ამ თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე. ჰოდა, თურქთა გადაწყვეტილებით, დასაქმებულთა 98% აზერბაიჯანელია. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვლენ და იტყვიან, საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლება აქვსო და ამაში ჩვენც ვეთანხმებით, მაგრამ იმაშიც დაგვეთანხმეთ, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ხარჯზე საქართველოში ქართველთა ინტერესები არ უნდა დაზარალდეს. როგორც თურქი მმართველები ამბობენ, მათ აზერბაიჯანელებთან მუშაობა იმიტომ ურჩევნიათ, რომ ენობრივი ბარიერი არ აქვთ, თუმცა სამუშაოდ აზერბაიჯანულად ან ინგლისურად მოსაუბრე ქართველებს არ იღებენ და ისე ჩანს, მიზეზი სხვა რამ უნდა იყოს.

«საქართველო და მსოფლიო» თბოელექტროსადგურზე დასაქმებულ რამდენიმე ქართველს ესაუბრა, ისეთებიც ვნახეთ, რომლებიც მუშაობდნენ, მაგრამ შემდეგ მუშაობაზე უარი საკუთარი ნებით თქვეს.

რეზო .: _ დღეში 20 ლარს გვიხდიან, მაგრამ ეს არის მონური შრომა. ყველაზე მძიმე სამუშაოს ქართველებს გვავალებენ, ყველაზე მძიმე უბანზე ჩვენ გვიშვებენ, თუ მიწაა ამოსათხრელი, ტრაქტორს არ ამუშავებენ, საწვავი დაგვეხარჯებაო და ხელით გვათხრევინებენ ასეულ მეტრობით მიწას. არც პურის ფული მაქვს და არც სადმე წასასვლელი, თორემ ქვეყნიდან წავიდოდი. საქართველოში თურქების მონა ვარ…

გიორგი .: _ ზუსტად ორი კვირა ვიმუშავე, მერე თურქ მენეჯერთან მომივიდა უსიამოვნება და გამომიშვეს. თურქმა მითხრა, ორმო ამოთხარეო. ამოვთხარე დაახლოებით ორი მეტრის სიღრმის ორმო, მაგრამ ამას არ დასჯერდა და მითხრა, ამოთხრილი მიწა ზურგით წაიღე და გადაყარეო.

 უარი ვთქვი და შემაგინა. სამსახური კი მჭირდებოდა, მაგრამ დედას ვერავის ვაგინებინებ და ხელი დავარტყი. მიჩივლეს კიდეც, _ ხულიგანიაო, საბედნიეროდ, სამსახურიდან ჩემი დათხოვნით  დაკმაყოფილდნენ და ციხეს გადავრჩი. ეს სამსახური კი არა, პლანტაციაა მონებისთვის… გამოითხოვეთ დოკუმენტაცია, რამდენი ადამიანი წავიდა უკვე სამსახურიდან და ნახავთ, რომ ყველა მათგანი ქართველია. ვიმეორებ: ერთი აზერბაიჯანელიც არ წასულა, ყველა ქართველია. ახლა ღარიბაშვილი ჩამოვიდა, მაგრამ იქამდე არავინ მიგვიშვა.

თურქეთში ხომ ჰყავთ მონებად ქართველები და ახლა საქართველოშიც იმონებენ…

ცნობისთვის: ირაკლი ღარიბაშვილსა და კახა კალაძეს არ უთქვამთ, რომ ეს თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ 20 წლის განმავლობაში თურქთა მფლობელობაში იქნება, ანუ ელექტროენერგიას მათგან ვიყიდით (თუ მოგვყიდეს) და მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ გადაეცემა საქართველოს. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია და გავარკვიეთ, რომ ამ ტიპის თბოელექტროსადგურს კაპიტალური რემონტი 20 წელიწადში ერთხელ სჭირდება; 20 წლის შემდეგ კი პრაქტიკულად ყველა დანადგარი შესაცვლელი იქნება. რა გამოდის? _ თურქები აშენებენ, გამოიყენებენ, მერე კი, როცა აღარ ივარგებს, საქართველოს დაუტოვებენ.

 იმედია, როცა ანალოგიური პროექტების წარდგენა მოხდება, ვიდრე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ, ხელისუფლების წარმომადგენლები სიტუაციაში ბოლომდე გაერკვევიან.

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

  1. ეს ყველაფერი სამწუხაროდ რეალობას გავს .მსგავსი ფაქტები არაერთი ვიცით.ახლა დაიწყება საუბარი ,რომ უფლებადარღვეულებმა მიმართონ შესაბამის ორგანოებს ,მიმართონ სასამართლოს არასამტავრობო ორგანიზაციებიც ზრდილობისთვის შიგდაშიგ ალაპარაკდებიან .შედეგი კი რაც იქნება ყველამ ვიცით;საკუთარ ქვეყანაში დამცირებული და დაჩაგრული მოქალაქე ,უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ,რომელთაც ოჯახი ყავს სარჩენი და პურის ფულს ფიზიკური შრომითაც ვერ შოულობს.ისევ გაზრდილი ემიგრაციის მაჩვენებელი დაკვლავ დისკრიმინაციის ხარჯზ ენაშოვნი კაპიკებით შიმშილს გადარჩენილი გაღატაკებული ოჯახები .დავაი რომ უცხოეთში წასასვლელი სახსარიც ძალიან ბევრს არ გააჩნია.აი ეს არი ყველაფერი ამის შედეგი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here