Home რუბრიკები პოლიტიკა «დათო და ნატო» (2014-ე სერია)

«დათო და ნატო» (2014-ე სერია)

554

კვირას კიევში მასობრივი არეულობა დაიწყო. უკრაინა კიდევ ერთხელ მიუახლოვდა სახიფათო ზღვარს, რომლის მიღმა სისხლისღვრა და სამოქალაქო ომი იწყება. ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებისმიერმა ხელისუფლებამ, რომელიც მწვავე გეოპოლიტიკური კონკურენციის ზონაში  მდებარე ქვეყანას მართავს, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოავლინოს, რათა საკუთარი სამშობლო, უკრაინა იქნება თუ საქართველო, კოლიზეუმის სისხლით მორწყულ არენას არ დაემსგავსოს. ბრძოლა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის გრძელდებაფსონები იზრდება და უკრაინის, ისევე როგორც საქართველოს, თავზე შავი ღრუბლები გროვდება.

 

ზედმეტი მოგვივიდაო

ამერიკული მედია აქვეყნებს ნაწყვეტებს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნის _ რობერტ გეიტსის სკანდალური მემუარებიდან, რომელიც ამერიკული ისტებლიშმენტის მთელი რიგი წარმომადგენლების არცთუ სასიამოვნო დახასიათებას შეიცავს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოსტსაბჭოთა ქვეყნების აუდიტორიისთვის, ალბათ, გეიტსის შემდეგი შეფასებაა: «ამერიკელი ჩინოვნიკების, აკადემიკოსების, ბიზნესმენების ქედმაღლობამ, რომელნიც მიუთითებდნენ რუსებს, როგორ წარემართათ თავიანთი საშინაო და საგარეო საქმეები, ღრმა და გრძელვადიანი უარყოფა და გამწარება მოიტანა. ჩემი აზრით, ურთიერთობა რუსეთთან დაზარალდა წარუმატებელი მართვისგან, მას შემდეგ, რაც 1993 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა) პოსტი დატოვა». გეიტსი მიიჩნევს, რომ «ყოფილი საბჭოთა სატელიტების _ ბალტიის ქვეყნების, უნგრეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის დაჩქარებული გაწევრიანება ნატოში შეცდომა იყო». «ეს პროცესი უფრო ნელა უნდა წარმართულიყო. აშშის შეთანხმება რუმინეთისა და ბულგარეთის მთავრობებთან მათი ბაზების გამოყენებით ჯარისკაცების როტაციის შესახებ უაზრო პროვოკაცია იყო. ნატოში საქართველოსა და უკრაინის მოწვევის მცდელობა გადაჭარბება იყო. რუსეთის იმპერიის ფესვები კიევიდან მოდის. ასე რომ, ეს კოლოსალური პროვოკაცია იყო. მზად იყვნენ თუ არა ევროპელები, ამერიკელებზე რომ არაფერი ვთქვათ, გაეგზავნათ თავიანთი შვილები საქართველოს ან უკრაინის დასაცავად? _ ნაკლებად სავარაუდოა. ასე რომ, ნატოს გაფართოება ზედმიწევნით ზუსტად გააზრებული სამხედრო ვალდებულება კი არ იყო, არამედ პოლიტიკური აქტი, რომელიც ძირს უთხრიდა ალიანსის მიზნებს და უპასუხისმგებლოდ ახდენდა იმის იგნორირებას, რასაც რუსები თავიანთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებად განიხილავდნენ», _ წერს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი.

რობერტ გეიტსი ვლადიმერ პუტინის მეგობრების რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება. მისი დამოკიდებულება კრემლის მიმართ ჯერ კიდევ «ცივი ომის» წლებში ჩამოყალიბდა, იმ 27 წლის განმავლობაში, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ჭერქვეშ გაატარა. ის, როგორც წესი, ხელიდან არ უშვებს შანსს, მწვავედ გააკრიტიკოს რუსეთის ხელისუფლება და საკმაოდ მკვეთრ ტერმინებს იყენებს, მაგალითად, მის დამოკიდებულებას ირანის პრობლემის მიმართ «შიზოფრენიულს» უწოდებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთთან მიმართებაში გეიტსი «ქორია» და არა «მტრედი», მაგრამ ამავე დროს ის რეალისტია, რაც მის მოსაზრებას ნატოს გაფართოებაზე, შესაძლოა, უფრო ღირებულს ხდის.

რობერტ გეიტსმა პოსტი 2006 წელს დაიკავა, მას შემდეგ, რაც კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა მძიმე მარცხი იწვნიეს. ზოგიერთი კომენტატორი მაშინ განხილავდა უმცროსი ბუშის ამ ნაბიჯს, როგორც ერთ-ერთ დადასტურებას იმისა, რომ ადმინისტრაცია ზურგს აქცევს ვიცეპრეზიდენტ დიკ ჩეინის და მისი თანამოაზრეების იდეებს და ასპარეზს ე. წ. «ძველი სკოლის” რეალისტებს, უფროსი ბუშის გარემოცვის წარმომადგენლებს უთმობს. მაშინდელი ცვლილებები საგარეო პოლიტიკაში, კერძოდ კი ევრაზიის საკითხებში, საბოლო ჯამში, დაიყვანებოდა ერთ ფუნდამენტურ სტრატეგიულ აქსიომამდე _ «ნებისმიერი წინსვლა სრულდება თავდაცვაზე გადასვლით». 2006 წლის შემოდგომისთვის, «ფერადი რევოლუციების» სერიის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ შემდგომი წინსვლა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გააფთრებულ წინააღმდეგობას და უმწვავეს კონფრონტაციას გამოიწვევდა, ამიტომ ბუშის ადმინისტრაციამ თანდათან «დამუხრუჭება» დაიწყო. ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდია, ერთგვარი პაუზა «ფერადი რევოლუციების» პერიოდსა და ობამას «გადატვირთვას» შორის, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა უბრალოდ ვერ აღიქვა, რაც 2008 წლის ომში უმძიმესი მარცხისა და ამერიკელების დახმარებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო მოლოდინების, ცრუ ილუზიების გაჩენის ერთერთი მთავარი მიზეზი გახდა.

რობერტ გეიტსი სულაც არ არის წინააღმდეგი იმისა, რომ აშშ-ის პოზიციები ევრაზიაში და სრულიად მსოფლიოში გაძლიერდეს, ხოლო რუსეთის ან თუნდაც იმავე ჩინეთის _ დასუსტდეს. მაგრამ მას, როგორც რეალისტს, ესმის, რომ ნებისმიერ ქმედებას პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის რეაქცია მოჰყვება, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მეტისმეტად მკვეთრი აღმოჩნდეს. ხოლო ერთდროული დაპირისპირება რუსეთთან და ჩინეთთან ამერიკელების ინტერესებში ნამდვილად არ შედის და სწორედ ეს პოსტულატი ახდენს განმსაზღვრელ ზეგავლენას აშშის ევრაზიული პოლიტიკის ფორმირებაზე. უხეშად რომ ვთქვათ, ეს ნებისმიერი «გადატვირთვის» ქვაკუთხედია, მნიშვნელობა არ აქვს, მოსკოვთან თუ პეკინთან ურთიერთობაში მოხდება ის სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში.

დღეს ვაშინგტონი კონცენტრირებას აზია-წყნარი ოკეანის ზონაზე ახდენს და თანდათან ამცირებს უშუალო ჩართულობას პოსტსაბჭოთა სივრცისა და ახლო აღმოსავლეთის საქმეებში. ამის გამო იქმნება გარკვეული ვაკუუმი, რომელსაც ავსებენ (ან ვერ ავსებენ) ევროკავშირი, რუსეთი ან ძლიერი რეგიონული სახელმწიფოები, მაგალითად, თურქეთი (თუ ეს უკანასკნელი პოლიტიკური კრიზისიდან საგრძნობი დანაკარგების გარეშე გამოვა).

რა ღირს უკრაინული რევოლუცია?

დღეს სიტუაცია კიევში მეტად დაძაბულია, მაგრამ, ალბათ, საინტერესო იქნება დეკემბრის დასაწყისში განვითარებული მოვლენების გახსენებაც. იმ დემონსტრანტებს (ძირითადად, «ნაციონალებს»), რომელნიც დეკემბერში რუსთაველზე უკრაინის დროშებითა და ლამის სტეპან ბანდერას პორტრეტებით დარბოდნენ და მხარს უჭერდნენ უკრაინულ ოპოზიციას, შესაძლოა, დღემდე არ ასვენებს კითხვა: რატომ არ გადავიდა ტოტალურ იერიშზე «ევრომაიდანი» იმ მომენტში, როდესაც იანუკოვიჩის მთავრობა მართლაც ბეწვზე ეკიდა და რატომ გაჩნდა სწორედ იმ დროს განცდა, რომ დასავლეთის დამოკიდებულება კრიზისის მიმართ თითქოს «გაორებული» გახდა?

შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ შეერთებულმა შტატებმა გადამწყვეტ მომენტში «შესაძლებლობების მთელი სპექტრი» არ გამოიყენა. ერთის მხრივ, ვაშინგტონი აგზავნიდა ემისარებს კიევში და ოპოზიციას ეხმარებოდა, მაგრამ ამავე დროს მან არ მოახდინა უკრაინელი მაღალჩინოსნების ანგარიშების დაპატიმრება, არ შექმნა «მაგნიცკის სიის» უკრაინული ვარიანტი (ეს მაშინ გაცილებით სერიოზული დარტყმა იქნებოდა, ვიდრე დღეს) და, რაც მთავარია, არ აამოქმედა ყველა ბერკეტი (რომელიც ნამდილად აქვს), რათა უკრაინის ხელისუფლებაში მასშტაბური რღვევა გამოეწვია, რომლის გარეშე ნებისმიერი «ფერადი რევოლუცია» განწირულია. კამპანია მედიაში, ერთი შეხდვით, ძალზე ხმაურიანი იყო, მაგრამ კრიტიკულ მომენტში «ვაშინგტონ პოსტმა» გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი (ეს პუბლიკაციები ადმინისტრაციის პოზიციასთან ყველაზე ახლოს დგას) სათაურით «უკრაინას ახალი რევოლუცია არ სჭირდება». მთელი რიგი ვაშინგტონზე ორიენტირებული ჯგუფებისთვის ეს უკანდახევის აშკარა და მკაფიო სიგნალი იყო. ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო შორს წავიდეთ და განვიხილოთ ერთი ეპიზოდი, რომელსაც ყურადღება მხოლოდ რამდენიმე კომენტატორმა თუ მიაქცია.

ივნისში უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა (უფრო ზუსტად _ კონგლომერატმა) «ფრანკლინ ტემპლტონმა» უკრაინის ევროობლიგაციების შეძენა დაიწყო და ჯამში ამაში 6 მილიარდზე მეტი დოლარი ჩადო. «ფრანკლინ ტემპლოტონი» «ტემპლტონ, გელბრაიტ და ჰასბერგერის» მემკვიდრეა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღანელი ჯონ გელბრაიტი რუზველტის, კენედისა და ჯონსონის ადმინისტრაციის ერთ-ერთი საკვანძო თანამშრომელი იყო. ფონდი ძალიან მჭიდროდ დაკავშირებულია აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ზედა ეშელონებთან იმ 800 მილიარდ დოლარში, რომლითაც ის ოპერირებს, დემოკრატების ელიტის კუთვნილ თანხებს არცთუ უმნიშვნელო ადგილი უკავია. ეს ძალზე სოლიდური ორგანიზაციაა, რომელიც ნამდვილად არაა გატაცებული საეჭვო სპეკულაციებითა და ავანტურისტული ინვესტიციებით.

უკრაინული ობლიგაციების შეძენის გადაწყვეტილებას ამ ფონდის საკვანძო ფიგურებს, მაიკლ ჰეიზენსტაბს და მარკ მებიუსს, უკავშირებენ. ისინი ძალიან გამოცდილი და გავლენიანი ადამიანები არიან, რომელთა გამოცდილებას პატივს სცემს ყველა გლობალური საფინანსო ჯგუფი თუ დინასტია. ისინი, აგრეთვე, ძალზე ინფორმირებული ადამიანები არიან და საკვანძო გარემოება განხილულ სიტუაციაში, ალბათ, სწორედ ესაა.

არავისთვის საიდუმლო არ იყო, რომ დეკემბერში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში, უკრაინას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნებოდა. ევროკავშირმა არ შესთავაზა მას საკმარისი რაოდენობის დახმარება იმისთვის, რომ სირთულეები დაეძლია, ხოლო მოსკოვი კიევს (ხელმოწერის შემთხვევაში) ნამდვილ ეკონომიკურ ომს გამოუცხადებდა. დეფოლტის საფრთხე სავსებით რეალური იყო. ამ რთული ეტაპის გარდაუვალ დადგომას არავინ უარყოფდა, ყველაზე «პროდასავლური» გამოცემების ჩათვლით. უბრალოდ, ევროოპტიმისტები ამბობენ, რომ ამ სირთულეებს უკრაინის ეკონომიკის გაბრწყინება მოჰყვებოდა, ხოლო ევროსკეპტიკოსები პასუხობდნენ, რომ ეს ქვეყანას დააქცევდა. ამ სტრატეგიულ პერსპექტივას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ წინასადეფოლტო მომენტში უკრაინის ევროობლიგაციების მსხვილი მფლობელები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ, მათი ფული, მარტივად რომ ვთქვათ, «დაიწვებოდა» და უკრაინული შენაძენი ზარალისა და თავის ტკივილის გარდა არაფერს მოუტანდა. მიუხედავად ამისა, «ფრანკლინ ტემპლტონმა» დაიწყო უკრაინული ევროობლიგაციების შეძენა ისე, თითქოს ჯერ კიდევ ივნისში იცოდა, რომ არანაირ ევროასოცირებას იანუკოვიჩი ხელს არ მოაწერს. მეტიც, თოთქოს დარწმუნებული იყო, რომ საჭირო მომენტში გაჩნდებოდა უკრაინის ეკონომიკის დროებითი სტაბილიზაციისთვის აუცილებელი თანხები მოსკოვიდან ან (როგორც სათადარიგო ვარიანტი) პეკინიდან.

მებიუსისა და ჰეიზენსტაბის შრომით ბიოგრაფიაში უკვე იყო ერთი ასეთი ეპიზოდი, როდესაც ირლანდია დეფოლტის პირას იდგა, მათ ირლანდიური ობლიგაციების შეძენა დაიწყეს. ეს ზედმეტად სარისკო ნაბიჯად ჩაუთვალეს, ხოლო მას შემდეგ, რაც, მთელი რიგი გარემოებების თანხვედრის გამო, დეფოლტი არ მოხდა და დიდი მოგება ნახეს, გენიოსებად შერაცხეს. აგრეთვე, იყო ასეთივე, ერთი შეხედვით, მოულოდნელი წარმატება უნგრეთში. უკრაინული კაპიტალდაბანდება კიდევ უფრო სარისკო ჩანდა, მაგრამ «ფრანკლინ ტემპლტონი» მოქმედებდა ისე თავდაჯერებულად, თითქოს ვიღაცამ ვაშინგტონიდან მიაწოდა ინსაიდი «ევროასოციაცია არ იქნება. იანუკოვიჩი კიდევ გარკვეულ დროს გაძლებს». სხვათა შორის, «ფრანკლინ ტემპლტონის» მსგავს გაერთიანებებს, იმ ფიგურებს, რომელნიც მათ უკან დგანან, იმის რესურსიც აქვთ, რომ არათუ მიიღონ მსგავსი ინსაიდი, არამედ შესაბამისი «დღის წესრიგის» ფორმირებაც მოახდინონ. კიდევ ერთხელ _ «ფრანკლინ ტემპლტონი» მჭიდროდ დაკავშირებულია დემოკრატიული პარტიის ელიტასთან (შესაბამისად _ მოქმედ ადმინისტრაციასთან) და მისი წარმომადგენლები სასიცოცხლოდ დაინტერესებულები არიან იმაში, რომ ფონდის საქმიანობა წარმატებული იყოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიმსჯელოთ ფაქტებზე და არა ვარაუდებზე დაყრდნობით, თუმცა გამორიცხული არაა, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში, ანუ გაცილებით ადრე, ვიდრე «ევრომაიდანელები» კიევის გაყინულ ქუჩებში გავიდოდნენ, ზოგიერთმა გავლენიანმა ადამიანმა წინასწარ იცოდა, რომ იანუკოვიჩი ვილნიუსში ხელს არაფერს მოაწერდა, თეთრი სახლი დეკემბრის კრიტიკულ მომენტში «უკრაინას ახალი რევოლუცია არ სჭირდება» სტილში ალაპარაკდებოდა, ხოლო პუტინი მეზობელ ქვეყანას 15 მილიარდს გამოუყოფდა (ეს უკანასკნელი ფაქტორი, პრინციპში, არც ისე ძნელი გამოსათვლელი იყო). საბოლოო ჯამში, ყველა კმაყოფილი დარჩა, იმ დემონსტრანტებისა და მილიციელების გარდა, რომელნიც მაიდანზე ერთმანეთს ცემით კლავდნენ. ახლა კიევში დაპირისპირების ახალი ეტაპი დაიწყო, დამატებითი ფსონებიც გაკეთდა როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშეების, ისე ხსენებული საფინანსო ჯგუფის და მისი არანაკლებ გავლენიანი კონკურენტების მიერ. საერთოდ კი, მსხვილი ფსონები დიდ თამაშში არა გრუშევსკის ქუჩაზე ან რუსთაველის გამზირზე კეთდება, არამედ ცოტა სხვა ადგილას და გაცილებით ადრე.

მაპზე უარესი

ალბათ, დროა, ფინანსური ლაბირინთებიდან პროვინციულ და საოცრად მყუდრო ტალინში გადავინაცვლოთ, სადაც გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საინტერესო და ერთობ მელოდრამატულ განცხადებებს აკეთებდა: «წევრობის სამოქმედო გეგმა _ ეს ჯადოსნური სიტყვა «მაპი» ბევრი ქართველისთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ის რეალურად არის, რადგანაც ის გახდა სიმბოლო პასუხისა კითხვაზე: «სჭირდება თუ არა თავისუფალ სამყაროს საქართველო? ასრულებს თუ არა თავისუფალი სამყარო თავის დაპირებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი? თუ პასუხი არის «არა» და ახლა სიტუაცია შეიცვალა და უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება უფრო ფართო რეგიონშიეს ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას შეარყევს და ძირს გამოუთხრის». უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის მაპის არმიცემა «უბიძგებს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, წამოსწიონ მოსაზრება: «ნატოში მისწრაფება რომ არა, საქართველო თავის ტერიტორიულ პრობლემებს მოაგვარებდა». მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი განცხადებები პოპულარული გახდება, მაგრამ ეს, შესაძლოა, იქცეს «ერთადერთ დარჩენილ არჩევნად, თუ ხალხი იგრძნობს, რომ სხვა ვარიანტი აღარ არსებობს».

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც მთავარი პოლიტიკური ძალები საქართველოში _ მმართველი კოალიცია «ქართული ოცნება» და ოპოზიციური «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» _ პროდასავლურ კურსს ემხრობიან, 2014 წელი შესაფერისი დროა, რათა დასავლეთი დაეხმაროს საქართველოს ბოლო დროს მიღწეული პროგრესის კონსოლიდაციაში, ერთის მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით და მეორე მხრივ, მაპის მინიჭებით.

თუ 2014 წლის სექტემბრის ნატოს სამიტი «ძალიან მცირე პროგრესით» დასრულდება, ეს არასაკმარისი იქნება. «ძალიან ძნელი იქნება ამის გასაღება ხალხისთვის დიდ წარმატებად», _ განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ წინა ხელისუფლება შეეცადა ამას 2008 წელს, როდესაც ბუქარესტის სამიტის შედეგები წარმოაჩინა, როგორც უკეთესი, ვიდრე მაპის მიღება. «ეს უბრალოდ არ მუშაობს», _ განაცხადა მან (სივილ.ჯე).

ერთი შეხედვით, ყოველივე ამას საბავშვო ბაღთან უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე საერთაშორისო ურთიერთობებთან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნამდვილად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს იმის საფუძველზე, რომ დავით უსუფაშვილს შეიძლება შეექმნას პრობლემები საქართველოს მოსახლეობასთან იმის გამო, რომ ნატოში გაწევრიანების ან თუნდაც მასთან რეალური დაახლოების არარეალური დაპირებები არ სრულდება. ასეთ სიტუაციაში უსუფაშვილმა, ალბათ, კეთილი უნდა ინებოს, მიბრძანდეს ტელესტუდიაში და ოპონენტებთან დისკუსიით შეეცადოს, აუხსნას ელექტორატს, თუ რატომ არ მოგვცეს მაპი და რატომ არ გვიღებენ ნატოში. ეს ჩვეულებრივი დიალოგია და არა «პოლიტიკური სტაბილურობის შერყევა». საიდან მოდის ეს პანიკური განწყობა, ძნელი სათქმელია. შესაძლოა, უსუფაშვილმა იგრძნო, რომ სკეპტიკური განწყობა ნატოს მიმართ საქართველოში მკვეთრად გაიზარდა ან კიდევ ასეთი უცნაური ფორმით ცდილობს, «მიაშანტაჟოს» დასავლელი პარტნიორები ან ვის აშინებს, ან რით და რა სიტუაციაში? ან რა გავლენის მოხდენა შეუძლია ამ მონოლოგებს გადაწყვეტილებების რეალურ მიმღებებზე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათი განწყობა დიდად არ განსხვავდება იმ მოსაზრებისგან, რომელიც რობერტ გეიტსის მემუარებში დაფიქსირდა (ის მომავალში შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ხელშესახებ პერსპექტივაში, სავარაუდოდ, ასეთად დარჩება).

თუმცა აქ გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა გარემოებაა _ პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობს, ერთ კალათში მოათავსოს ევროკავშირთან ასოცირების და ნატოში გაწევრიანების საკითხები. ეს მაშინ, როდესაც რუსეთს დიდად არ აღელვებს საქართველოს ევროასოცირება, რადგან მისი ეკონომიკური წონა უკრაინასთან შედარებით თითქმის ნულოვანია, მაგრამ წავა ყველაფერზე და, შესაძლოა, ახალ ომზეც, თუ საქართველო ნატოსკენ თუნდაც ერთ რეალისტურ ნაბიჯს გადადგამს. იმ სიტუაციაში, როდესაც ამერიკელები პოსტსაბჭოთა სივრცეში და ახლო აღმოსავლეთში ფაქტობრივად თავდაცვაზე არიან გადასულები, რუსეთის ამბიცია იზრდება და არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ «ძველი ევროპა» მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დაუჭერს, ამ ორი საკითხის ერთმანეთზე მიბმა, ალბათ, მაინც შეცდომაა. შესაძლოა, ეს ის მომენტია, როდესაც სწრაფვა ევროკავშირისკენ და სწრაფვა ნატოსკენ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და სხვადასხვა ჭრილში განიხილებოდეს. იქნებ, ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებისთვის უფრო მომგებიანია, «ითამაშოს ფინეთი» (ან ავსტრია), გამიჯნოს ერთმანეთისგან ევროინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანების (ან თუნდაც მაპის მინიჭების) მოთხოვნა, რომელსაც დღესდღეობით რუსეთის და, სხვათა შორის, დასავლელი პარტნიორების (რადგან მათ არარეალისტურ მოთხოვნებს უყენებენ) გაღიზიანების გარდა სხვა შედეგი ვერ მოჰყვება.

შესაძლოა, გაცილებით უფრო ახლოს მოქნილ პოზიციასთან ირაკლი ღარიბაშვილის 17 იანვრის კომენტარი დგას: თუ მაპი არ იქნება ახლა, იქნება მოგვიანებით. ეს არ არის პრინციპული. მაგრამ თუ შეკითხვა ისმის იმაზე, გვინდა თუ არ გვინდა (მაპი), რა თქმა უნდა, გვინდა, მაგრამ თუ არ იქნება, ეს (ქვეყანას) საფრთხეს არ შეუქმნის და არ შეცვლის ჩვენს ევროინტეგრაციას». ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, აცნობიერებს, რომ ნატოსთან დაკავშირებით ფუჭი ილუზიების შემდგომი გაღვივება ხელისუფლებას კარგს არაფერს მოუტანს.

რაც შეეხება, ნატოს საწინააღმდეგო განწყობების ზრდას, აქ დავით უსუფაშვილი სავსებით მართალია. უხერხულ კითხვებს ხელისუფლებას სულ უფრო ხშირად დაუსვამენ. ხალხს რეალისტური და ნაყოფიერი საგარეო პოლიტიკა სჭირდება და არა ილუზიებში ცხოვრება, რის გამოც მას ნამდვილად ვერ გავამტყუნებთ. ასე რომ, დავით უსუფაშვილსა და მის მეგობრებს «მთავარი პოლიტიკური ძალებიდან» განხილულ თემებზე სერიოზული დისკუსიისთვის მომზადება მოუწევთ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here