Home რუბრიკები პოლიტიკა ღალატის შუქ-ჩრდილელები

ღალატის შუქ-ჩრდილელები

765

ბიძინა ივანიშვილმა პირველი, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენისთანავე გააკეთა, იყო ის, რომ «ქართუ ჯგუფს» გიორგი ჩრდილელი ჩამოაშორა. აი, რას წერს ყოფილი პრემიერი თავის პირველ ღია წერილში, რომელიც 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა: «მთელი მთავრობა, მთელი სახელისუფლო გუნდი გაოგნებული ხართ, თუ რატომ გაიგეთ ასე დაგვიანებით ინფორმაცია ჩემი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ. საქმე ის არის, მე ვისარგებლე ჩემს ორგანიზაციაში თქვენ მიერ დავერბოვკებული თქვენი აგენტის უფასო «მომსახურებით», რომელსაც პერიოდულად ვარწმუნებდი, რომ პოლიტიკაში არასოდეს მოვიდოდი, რომ ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებდა და მალე საქართველოსაც დავტოვებდი. თქვენი აგენტიც იჯერებდა ჩემს ნათქვამს და მერე თქვენც გარწმუნებდათ, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. თქვენც მშვიდად და არხეინად ბრძანდებოდით, ამიტომაც იყო შოკისმომგვრელი და თავზარდამცემი ჩემი განცხადება თქვენთვის». ეს აგენტი კი, ბიძინა ივანიშვილისვე თქმით, გიორგი ჩრდილელი იყო.  2013 წლის 26 თებერვლიდან სახელმწიფოს კუთვნილ შპს «თბილავიამშენის» აღმასრულებელ დირექტორად «ქართუ ჯგუფის» ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ჩრდილელი დაინიშნა. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ამ საკითხზე საუბრისას იმხანად ჯერ კიდევ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, შემეცოდა და ამიტომ ვერ გავწირე ბოლომდეო…  ვინ არიან ძმები გიორგი და ლევან ჩრდილელები? მათ შესახებ ისაუბრებენ დაზარალებული ბიზნესმენები _ ავთანდილ კვარაცხელია და გულიკო ერისთავი.

ავთანდილ კვარაცხელია, სამკერვალო ფაბრიკა «ამირანის» ყოფილი დირექტორი:

_ მრავალი წელი ვიმუშავე რუსეთში, სარატოვის სამკერვალო ფაბრიკა «ვოლჟანკას» მთავარ ინჟინრად. 1982 წელს გადმომიყვანეს თბილისის სამკერვალო ფაბრიკა «ამირანში», რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტის 5-მილიონიანი ვალი ჰქონდა. ორ წელიწადში ფაბრიკა ფეხზე დავაყენე. 6 წლის შემდეგ მსუბუქი მრეწველობიოს სამინისტროში გადავედი სამუშაოდ. 1988 წელს ფაბრიკა «ამირანში» გაიმართა დირექტორის არჩევნები, მივიღე მონაწილეობა და ხმების 96 პროცენტი მივაგროვე. მე და მერაბ კოსტავა ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვიყავით და სამკერვალო ფაბრიკის სახურავზე ეროვნული დროშა ავაფრიალეთ… მოგვიანებით ფაბრიკა ლესელიძის ქუჩიდან გმირთა მოედანზე მდებარე აბრეშუმის ფაბრიკის შენობაში გადავიტანეთ და ნულიდან დავიწყეთ მუშაობა. წელიწად-ნახევარში ფაბრიკა ფეხზე დავაყენე. უამრავი ტენდერი მოვიგე და თავდაცვის სამინისტროდან დაწყებული, შინაგანი ჯარებით დამთავრებული, ყველას ჩვენ ვუკერავდით სპეცსამოსს. მალე გავედით მსოფლიო ბაზარზე და ამერიკიდან, ბელგიიდან და გერმანიიდან მივიღეთ შეკვეთები. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიდრე 1998 წლის შემოდგომაზე ბანკ «ქართუს» ორი წარმომადგენელი არ მესტუმრა ფაბრიკაში. ერთ-ერთი იყო ვინმე გოგოლაძე, რომელმაც პირდაპირ განმიცხადა, ჩვენ ვართ ბანკ «ქართუს» ერთ-ერთი ხელმძღვანელის _ გიგა ჩრდილელის ხალხი, დაინტერესებული ვართ გმირთა მოედნის, მათ შორის, თქვენი ფაბრიკის ტერიტორიითაცო. ვუპასუხე, ამ ფაბრიკის აშენებაში სისხლი ჩავაქციე და არ დავთმობ-მეთქი. დამემუქრნენ, _ შენ და შენი ოჯახის წევრებს პრობლემებს შეგიქმნითო. ისეთი ტონით მელაპარაკნენ, თითქოს სამყაროს გამგებლები იყვნენ. მართლაც, ერთი კვირის შემდეგ ფაბრიკაში შემოვიდა შსს-ს მე-6 განყოფილება.

_ მიზეზი რა იყო?

_ ფეხსაცმლის ფაბრიკა «ნარიყალას» დირექტორ თამაზ სიგუას, რომელიც 1983 წელს დაპატიმრებას გადავარჩინე, ჩემ წინააღმდეგ განცხადება შეუტანია, _ ფაბრიკა «ამირანს» ჩემი საწარმოს 5 ათასი ლარის ვალი აქვსო. ჩემს თანამშრომელს მართლაც ჰქონია წამოღებული «ნარიყალადან» 5 ათასი ლარის ღირებულების ფეხსაცმელი. სწორედ ამის გამო ჩემ წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და გამათავისუფლეს დირექტორის თანამდებობიდან. მართალია, ეს საქმე შეწყდა, მაგრამ მე-6 განყოფილება ფაბრიკიდან აღარ გავიდა. მოგვიჩინეს აუდიტორი, ვინმე გურამ ბექაური, მან აღმოაჩინა, რომ ფაბრიკას 2865 ლარი ჰქონდა დავალიანება და დაასკვნა, ეს თანხა 175 ათას დოლარს უდრისო. მოკლედ, რა შეკრიბა, რა გამოაკლო, რა პროცენტები დაარიცხა, კაცმა არ იცის. ეს შეთითხნილი სისულელე ბექაურმა პროკურატურაში გაგზავნა და 2010 წლის 10 თებერვალს დამაპატიმრეს. უამრავი ადამიანი, გურამ შარაძიდან დაწყებული მოხუცებულთა თავშესაფრით დამთავრებული, რომელსაც მე ვპატრონობდი, თავდებში დამიდგა და 6 თვეში გამოვედი ციხიდან. მომისაჯეს შინაპატიმრობა 7 წლით. ეს ყველაფერი უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრე და გამიმართლა, რადგან წესიერი მოსამართლე მერაბ ტურავა შემხვდა. ის საქმის გაცნობისთანავე მიხვდა, რომ მართალი ვიყავი და დაიწყო ხელახალი გამოძიება, მაგრამ პროკურატურიდან დაწყებული, ბანკ «ქართუთი» დამთავრებული, ყველა დაინტერესებული იყო ჩემი დაპატიმრებით, რადგან სხვანაირად ფაბრიკას ვერ წამართმევდნენ.

_ ფაბრიკას რა ბედი ეწია?

_ ფაბრიკა მაშინვე გაანადგურეს. დანადგარები თურქეთში გაყიდეს. ჩემი საქმე კი ხელიდან ხელში გადადიოდა. საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენი გამომიტანეს, სადაც ეწერა, რომ უდანაშაულოდ მცნობდნენ სამართალდამცავი ორგანოების უკანონო მოქმედების გამო, მაგრამ ძმები ლევან და გიორგი ჩრდილელები არ ისვენებდნენ. ლევანი ფინანსთა მინიტრის მოადგილე გახლდათ, გიორგი კი _ ბანკ «ქართუს» გამგეობის თავმჯდომარე. მათ კვლავ ჰქონდათ სურვილი, ფაბრიკა ხელში ჩაეგდოთ და სწორედ ამის გამო ლევან ჩრდილელმა შემოიყვანა რევიზია. დაწერეს უამრავი სისულელე, მათ შორის ის, რომ თითქოს 157 ათასი დოლარი მივითვისე, 46 ათასი ლარი ვითომ ბიუჯეტს დავუმალე და ა. შ. კვლავ აღიძრა ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ სასამართლომ კვლავ გამამართლა, რადგან უპატიოსნესი გამომძიებელი რომეო ზარქუა შემხვდა, რომელიც ჩემს საქმეს გადააყოლეს _ სამსახურიდან დაითხოვეს იმიტომ, რომ გამამართლა. გარდა ამისა, რევიზორებმა აღიარეს, რომ 46 ათასი ლარი არასწორად დავარიცხეთ კვარაცხელიასო. მიუხედავად ამისა,  ეს ვალი ჩემთვის არავის ჩამოუჭრია, პირიქით, დაუმატეს საურავები და ვალი 671 ათას ლარამდე აიყვანეს, რის გამოც ფაბრიკა აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად. შემფასებლად ისევ გურამ ბექაური მოიყვანეს, რომელმაც გმირთა მოედანზე ერთი ჰექტარი მიწა, 9 ათასი კვადრატული მეტრი შენობა თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით 6999 ლარად შეაფასა და ბანკმა «ქართუმ» იყიდა, ანუ ძმები ჩრდილელებიდან ერთმა გაყიდა, მეორემ კი იყიდა. ამასთან. ძმებმა თქვეს, 7 ათასი ლარი ძალიან ცოტაა ამხელა ქონებაშიო და საგადასახადოს 300 ათასი ლარი შესთავაზეს. აი, ამ ფასად გაიყიდა ამხელა ქონება.

_ თქვენ არაფერი იღონეთ?

_ 2004 წელს მივადექი ბანკ «ქართუს» ჩემს აქციონერებთან ერთად და ამ ბანკის წარმომადგენლებს ვუთხარი, სასამართლომ გამამართლა და ჩემი ფაბრიკა, გაყალბებული დოკუმენტებით რომ გაქვთ ნაყიდი, უკან დამიბრუნეთ-მეთქი. დამამშვიდეს და გაჩუმების სანაცვლოდ 215 ათასი დოლარი შემომთავაზეს.

ფაბრიკა უკვე გაპარტახებული იყო. ვიფიქრე, ჯანდაბას, ავიღებ ამ ფულს და ისევ რუსეთში წავალ-მეთქი. მითხრეს, 2 კვირა გვადროვე და დაგირეკავთო. ორი კვირის შემდეგ «ქართუდან» კი არა, პროკურატურიდან დამირეკეს, _ თქვენი გამამართლებელი განაჩენი გაუქმებულიაო. 2 წელიწად-ნახევარი დამჭირდა საბრძოლველად, რომ ისევ ამეღო გამამართლებელი განაჩენი. შემდეგ სასამართლოში შევიტანე სარჩელი მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებაზე და მხოლოდ 6 ათასი ლარი მომიგდეს. შემდეგ სტრასბურგში გავაგზავნე ჩემი საქმე და მოხვდა თეა წულუკიანთან, მაგრამ ჩემი საქმის განხილვაზე უარი მომივიდა, _ სტრასბურგის სასამართლო მხოლოდ მძიმე დანაშაულებს იხილავსო. მოსამართლეს ერთი მოსმენით განუხილია ჩემი საქმე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში 5 წლის განმავლობაში იდო. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით მოხდა.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ სახელმწიფო არ დააზარალა.

_ ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდით…

_ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ვერ მოვახერხე, თუმცა მის ძმებს შევხვდი. ბიძინას ძმას, ალეკო ივანიშვილს, 2004 წლის მაისში შევხვდი, 2012 წელს კი ურეკში მის მეორე ძმას _ ადიკოს. მასაც დავუტოვე წერილი ბიძინასთვის გადასაცემად. წერილში ვითხოვდი, წართმეული ქონების 10 პროცენტი მაინც დაებრუნებინათ ჩემთვის, მაგრამ პასუხი არ მაღირსა. 2005 წელს ჩემი ფაბრიკის თანამშრომლებთან ერთად ჩავედი ჭორვილაში, ვიცოდი, რომ იმხანად ბიძინა იქ იმყოფებოდა, მაგრამ დედამისმა ძაღლები მოგვისია. ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყო კარგი ადამიანი, რაზეც ბევრს ეცინებოდა. დღეს კი ყველა მიხვდა, რომ მატყუარაა. ახლა რასაც ვიტყვი, კარგად დაიმახსოვრეთ: ბატონო ბიძინა, თქვენ ხართ მატყუარა! ამბობთ, საქართველოში არაფერი მიყიდიაო, მაგრამ ჩამოგითვლით, რაც იყიდეთ: ჩემი სამკერვალო ფაბრიკა იყიდეთ და გააკოტრეთ, წყნეთის სამკერვალო ფაბრიკაც თქვენ შეიძინეთ და ასევე გააკოტრეთ, ფეხსაცმლის ფაბრიკა «ისანი» იყიდეთ და გააკოტრეთ, მიწებიც ბევრს წაართვით და ა. შ.

იმ ქალბატონს შევხვდი, რომლის მიწაზეც ის მახინჯი ბიზნესცენტრი ააშენა. ამ ქალის ქმარი მიწას არ თმობდა, რის გამოც ამდენ დავიდარაბაში გული გაუსკდა. 2011 წელს ასევე გაამწარა ახალგაზრდა ცოლ-ქმრის _ მელაძეების ოჯახი. ბანკ «ქართუსთან» ახლოს ივანიშვილს მოეწონა მიწა და მელაძეების სახლს ისე გადაუარეს ბულდოზერებით, რომ ტანსაცმლის გამოტანაც ვერ მოასწრეს. მათ მეორეკლასელი ბავშვი ნერვიულობის გამო დაუყრუვდათ. ეს ყველაფერი ტელევიზიით გაშუქდა და კარგად მახსოვს, თინა ხიდაშელი და ჯონდი ბაღათურიაც იქ იდგნენ ტრანსპარანტებით და ხიდაშელი ნიშნის მოგებით ამბობდა: ივანიშვილო, შენ ხარ მეცენატიო? სირაძეების საქმეც სტრასბურგშია გაგზავნილი. ჩემი ბიზნესი, კარიერა და ცხოვრება ძმებმა ჩრდილელებმა შეიწირეს. მათ ცხოვრება დამინგრიეს. ძმებმა ჩრდილელებმა ჯოჯოხეთად მიქციეს ცხოვრება. 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფაბრიკა წამართვეს. არადა, ამ ხნის განმავლობაში შემეძლო ქვეყნისთვის სიკეთე მომეტანა. იმხანად 500 ადამიანი მყავდა დასაქმებული და წლების განმავლობაში მათი რიცხვი კიდევ გაიზრდებოდა. ხელისუფლებაში მოსვლამდე ივანიშვილმა გიგა ჩრდილელი მოღალატედ, «ნაციონალების» შპიონად და დამსმენად გამოაცხადა, სამსახურიდანაც გააგდო, მაგრამ მალევე ბანკ «ქართუში» დააბრუნა და იქიდან «თბილავიამშენში» გადაიყვანა.

_ თქვენი აზრით, რატომ მოიქცა ასე?

_ იმიტომ, რომ ჩრდილელმა ივანიშვილის «კაიკაცობაზე» უამრავი რამ იცის და ივანიშვილსაც შეეშინდა, ამიტომ ვერ გაწირა ბოლომდე, რადგან თვითონაც ზედ მიჰყვებოდა. ივანიშვლი ყველაფერს ძმები ჩრდილელების ხელით აკეთებდა. ლევან ჩრდილელი, წლებია, თავისი კრიმინალური საქმიანობის გამო საქართველოდან გაქცეულია _ ფინანსთა მინისტრის მოადგილეობისას დიდძალი თანხა მიითვისა, რისი დამამტკიცებელი დოუმენტიც მაქვს. გარდა ამისა, ისიც ვიცი, რომ ივანიშვლს თავის ძმებთან არ აქვს კარგი ურთიერობა. მისმა ძმამ, ალეკომ, საკუთარი თავის გატაცების ინსცენირება მოაწყო და გამოსასყიდის სახით ბიძინას ფული გამოსძალა.

ეს ყველაფერი მთელმა საქართველომ იცის. ამიტომ ბიძინამ თავის ძმას, ალეკოს, ღვინის ქარხანა უყიდა და უთხრა, აღარ გამეკაროო. არც მიკვირს, ასეთი რამ რომ ხდება ივანიშვილების ოჯახში… აღარ მაქვს სამართლიანობის აღდგენის იმედი. პროკურორი ლაზარე სეხნიაშილი, რომელმაც ორჯერ დამაპატიმრა და სასამართლომ კი ორივეჯერ გამამართლა, დღეს ისევ პროკურორია. ჩემნაირი რამდენი ეყოლება გამწარებული, პასუხი არ უნდა აგოს? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნერვიულობის გამო დედა გარდამეცვალა, რომლის ფასიც ქვეყანაზე არავინ მყავდა. დედაჩემი, პოეტი ლილი ნუცუბიძე, რომლის ლექსებზეც უამრავი ქართული სიმღერაა შექმნილი, ქვეყანას მერჩივნა.

_ დღეს რა მდგომარეობაშია თქვენი საქმე?

_ ჩემი საქმე უწესიერეს პროკურორ გოგი მოსაშვილს აბარია, მაგრამ აღარაფრის იმედი აღარ მაქვს. არადა, ხელისუფებაში მოსვლამდე შევხვდი ეკა ბესელიას, ის გაეცნო ჩემს საქმეს და მითხრა, აუცილებლად გავაცნობ ივანიშვილსო, მაგრამ ამაოდ. შემდეგ შევხვდი ზაქარია ქუცნაშვილს, რომელიც მამაძაღლი პიროვნებაა, და ფეხებზე დამიკიდა. შემდეგ შევხვდი თინა ხიდაშელს, ისიც დამპირდა, რომ საქმეს გადასცემდა ივანიშვილის, მაგრამ… ნოდარ ჯავახიშვილმა და გოგი თოფაძემ, რომელთანაც წლების განმავლობაში ვმეგობრობდი, უარი მითხრეს, ამ საკითხზე ივანიშვილს ვერ დაველაპარაკებითო. ბიძინას მხოლოდ უსუფაშვილი დალაპარაკებია, რომელმაც მითხრა, რომ ამ საქმის მოსმენაზე უარი განაცხადა ივანიშვილმაო. რთულია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან «უნახავმა რა ნახაო» სჭირთ. ივანიშვილი კალოშებიანი სიმონაა, რომელმაც რა გზითაც იშოვა ფული, ჩემზე კარგად სხვებმა იციან. მას ჰგონია, რომ ფული წყვეტს ყველაფერს. დედაჩემის ერთი ლექსი მირჩევნია მთელ მის ქონებას, ერთი ლექსი, რომელსაც სრულიად საქართველო მღერის. როდესაც დღეს საუბრობენ სამართლიანობის აღგენაზე, მინდა, რომ ივანიშვილმა სამართლიანობის აღდგენა საკუთარი თავიდან დაიწყოს.

გვესაუბრება ბიზნესმენი გულიკო ერისთავი, რომელმაც გიორგი ჩრდილელის მიმართ პროტესტის ნიშნად ბანკ «ქართუს» შენობის წინ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა:

_ 1993 წელს ქონების მართვის სამინისტრომ მცხეთის კერამიკის ქარხნის პრივატიზაცია გამოაცხადა და აუქციონზე გაიტანა. რაც გამაჩნდა, ყველაფერი გავყიდე, დავაარსე შპს «ბარაკონი» და ეს ქარხანა შევისყიდე. საწარმოს ამუშავებიდან ერთი წლის თავზე, 1994 წელს, ჩემი პროდუქციით ევროპის ბაზარზე გავედი, ოდნავ მოგვიანებით კი ნიუ იორკიდან ოქროს მედალი ჩამოგვივიდა, როგორც მაღალი ხარისხის კერამიკის მწარმოებლებს, მაგრამ 1997 წლიდან საქმე უკუღმა დატრიალდა, როდესაც გადავწყვიტე, ჩემი ქარხანა თანამედროვე და ეკონომიკური დანადგარებით აღმეჭურვა, რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს კრედიტი ვთხოვე. ამ საქმეში დახმარების სურვილი კორპორაცია «საველიჩის» პრეზიდენტმა ივანე შენგელიამ გამოთქვა და დამარწმუნა, რომ თანხისთვის საქართველო-ამერიკის ერთობლივ ბანკ «აბსოლუტისთვის» მიმემართა.

საველიჩმა ქარხანაში მოიყვანა «აბსოლუტბანკის» საკრედიტო განყოფილების უფროსი გიორგი ანთაძე და იმავე ბანკის თანამშრომელი მერაბ კოკაია. მალევე ანთაძემ ჩემსავე ქარხანაში შემახვედრა «აბსოლუტბანკის» პრეზიდენტი ლი დიურლანდი, რომელიც დამპირდა, რომ რეკომენდაციას გამიწევდა «ევრობანკთან». შევადგინეთ ბიზნესგეგმა, რომელიც ლონდონში, ამავე ბანკის ცენტრალურ ოფისში გავგზავნეთ. იქ გადაწყდა, რომ ჩემი ქარხნისთვის გამოეყოთ მიზნობრივი კრედიტი _ 300 ათასი დოლარი. ამასობაში ანთაძემ შემომთავაზა, დროის მოგების მიზნით ჩვენ, ანუ «აბსოლუტბანკი» მოგცემთ 300 ათას დოლარს იმავე პროცენტში და, როგორც კი თანხას «ევრობანკიდან» მიიღებთ, დაგვიბრუნეო. დავთანხმდი და ხელშეკრულება 1997 წლის 13 ნოემბერს ნოტარიუს ციური ბერიძესთან გავაფორმეთ. 1998 წლის იანვარში კი ანთაძემ მომილოცა, ანგარიშზე 300 ათასი დოლარი ჩაგირიცხეთ, მაგრამ 250 ათასი დოლარი «საველიჩის» პრეზიდენტმა ივანე შენგელიამ გაიტანა ნავთობპროდუქტების შესაძენადო. გავოგნდი, ანთაძე ცალკე «გადაირია», _ ეს ამბავი თქვენ არ იცოდითო. იმხანად ბერლინში, კერამიკის საერთაშორისო გამოფენაზე მიწევდა წასვლა და ანთაძემ მითხრა, თქვენ გაემგზავრეთ გერმანიაში, ამასობაში შენგელია საწვავს განაბაჟებს და თანხას დაგახვედრებთო. ბერლინიდან რომ დავბრუნდი, ანთაძემ განმიცხადა, 180 ათასი დოლარი დაგისვით ანგარიშზე და დანარჩენ 70 ათას დოლარსაც უმოკლეს ვადაში გადმოგირიცხავთო, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ ანთაძე დამემალა. მივედი დიურლანდთან და სიტუაცია ავუხენი. მან კაბინეტში დაიბარა ანთაძე და ჰკითხა, სად არის ერისთავის კუთვნილი თანხაო? ანთაძემ უპასუხა, ნეიტრალურ ანგარიშზეო… მაგრამ ჩემთვის აღარავის ეცალა, რადგან  «აბსოლუტბანკში» საქართველოს უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი შევიდა და საქმე აღძრა ამ ბანკის საქმიანობასა და თანხების გადარიცხვის კანონიერებაზე.

ცოტა ხანში «აბსოლუტბანკი» გაკოტრებულად გამოცხადდა და ის ბანკმა «ქართუმ» ჩაანაცვლა. ამიტომ 2001 წლის 8 მაისს მივედი ბანკ «ქართუს» დირექტორ გიორგი ჩრდილელთან და ვითარება ავუხსენი. მან ანთაძესთან დამაპირისპირა. ანთაძემ აღიარა, რომ ჩემს სახელზე გაკეთებული კრედიტი უცხო პირზე გასცეს, მაგრამ ვისზე, არ დააკონკრეტა. როგორც კი ანთაძემ ბრალი აღიარა, ჩრდილელს მოვთხოვე, ეს ყველაფერი დოკუმენტად ექცია. მან დამამშვიდა, ჩემზე კარგ დაკუმენტს ვერ იშოვით, ჩემს სიტყვას მეტი ფასი აქვს, ვიდრე ფარატინა ქაღალდსო. შემდეგ მითხრა, მოიტანე ბიზნესგეგმა და ახალი ურთიერთობა დავიწყოთო. მაგრამ შემდეგ არაფერი იღონა.

«აბსოლუტბანკსა» და «ქართუს» შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც შპს «ბარაკონი» მოიხსენიეს, როგორც თანხის მსესხებელი, არადა, ეს ფული თვალითაც არ მინახავს. ამის შემდეგ ჩრდილელი დამემალა, ჩემს სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობდა. 2003 წელს შუაკაცის დახმარებით მოვახერხე, ბიძინა ივანიშვილისთვის ხმა მიმეწვდინა, რომ მასთან მსურდა შეხვედრა. უთქვამს, სიამოვნებით შევხვდებიო და ჭორვილაში გავემგზავრე, მაგრამ ეს ამბავი გიორგი ჩრდილელს შეუტყვია და იმ საღამოს, როდესაც ბიძინა ივანიშვილს უნდა შევხვედროდი, დაცვის ჯგუფი შეაცვლევინა. ბიჭებს კი დაავალა, ივანიშვილთან არ შეუშვათო. დავბრუნდი თბილისში და მესამე დღეს ბანკ «ქართუს» წინ ბენზინი გადავისხი და ცეცხლი წავიკიდე, მაგრამ იქ მყოფმა ადამიანებმა გადამარჩინეს. მახსოვს, ჩრდილელმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, ვიცით, რომ გულიკო ერისთავს ბანკიდან ფული არ გაუტანია, მაგრამ ჩვენგან რას ითხოვსო.

2003 წლის 27 მარტს ბანკ «ქართუს» ოფისთან დავჯექი და შიმშილობა გამოვაცხადე. ამასობაში მოვიდა ამ ბანკის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი ამირან არჩვაძე და შენობაში შემიყვანა, სადაც გადმომცა ჩემთვის უცნობი, 2000 წლის 18 თებერვალს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, ჩემი ქარხნის გასაყიდად აუქციონის დანიშვნის შესახებ. 2005 წელს ძლივს მივაღწიე, რომ ეს უკანონო განაჩენი გაეუქმებინათ. ბანკმა «ქართუმ» ჩემი საქმიანი აქტივები და პასივები თავის თავზე აიღო. მანამდე, 2004 წელს, გენპროკურატურიდან მაცნობეს, რომ ჩემი განცხადების საფუძველზე განახლდა ქარხნის საქმის გამოძიება, თუმცა სასამართლოზე გადაწყდა, რომ ვიდრე ბრალდებულ  ივანე შენგელიას არ მოძებნიდნენ, რომელიც საზღვარგარეთ იმალებოდა, საქმე შეჩერებულიყო. მართლაც, 2005 წლის 19 აგვისტოს, შენგელია ინტერპოლის მიერ ექსტრადირებული იქნა საქართველოში. მას ბრალად ედებოდა «აბსოლუტბანკისთვის» ყალბი ცნობების მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით, ყალბი დოკუმენტების დამზადება და კიდევ უამრავი რამ. ამ ყველაფრის მიუხედავად, პროკურორ რევაზ კაპანაძესა და ივანე შენგელიას შორის გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმებაზე საქმის არსებითი განხილის გარეშე და 17 ათასი ლარით დააჯარიმეს კაცი, რომელსაც ხალხისთვის მილიონობით დოლარი ჰქონდა მოპარული. 2005 წლის 30 აპრილს გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად მცნო, მაგრამ 14 წელია, ჩემი საქმე ადგილიდან არ დაძრულა.

 _ დღეს ვის ეკუთვნის კერამიკის ქარხანა?

_ არ ვიცი. აღარც ჩემია და აღარც სახელმწიფოსი. შენობა გაძარცვულია. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, როგორც «ქართუ ბანკის» დამფუძნებელსა და «აბსოლუტბანკის» სამართალმემკვიდრეს, _ დაიბაროს გიორგი ჩრდილელი და სიმართლე აღიარებინოს. რაც მთავარია, დაიწყონ ჩემი საქმის გამოძიება.

ჩრდილელმა ყველანარად ხელი შემიშალა. იფიქრა, ერისთავი უპატრონო ქალია, ჩვენ წინაშე ვერაფერს გახდება და ამიტომაც შეიტყაპუნა ის თანხა, რაც, წესით, მე მეკუთვნოდა. გიორგი ჩრდილელი თაღლითი და კრიმინალი, გამდიდრებისა და განდიდების მანიით შეპყრობილი ავანტიურიტია. არც ივანიშვილის მესმის _ ადამიანს, რომელმაც ერთხელ უღალატა, გვერდით როგორ იყენებს?! გული მწყდება, რომ ასეთ ადამიანებს აპარპაშებენ და წესიერ ადამიანებს წიხლს კრავენ. ჭორვილაში ივანიშვილის ღობესთან მთელი ღამე  რომ ვიყურყუტე, ნუთუ ეს ამბავი მის ყურამდე არ მისულა? ფარისევლები გყავთ, ბატონო ბიძინა, გარშემო! მე არ შემხვდით, მეც სხვა ბიზნესმენებივით ფეხზე დამიკიდეთ და აწი მეც აღარ მაქვს სურვილი თქვენთან შეხვედრისა. გყავდეთ ის ფარისევლები, ალბათ, მათთან თავს კომფორტულად გრძნობთ. თუ ასეთი ღრმადმორწმუნე და კაცთმოყვარე ხართ, აწი თვითონ მოისურვეთ ჩემთან შეხვედრა!

ესაუბრა ნინო მაისურაძე

3 COMMENTS

  1. კაცო,გავგიჟდი კინაღამ ეს მოხუცებული კაცი,თავზე თმა აღარ მაქვს და მგონია სიმწრისგან ამომივიდა!ავტორს!აუცილებლად ჩაწერეთ ინტერვიუ მეორე მხარესთან თორემ ცალ კარში თამაში გამოგდით?!

  2. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მაფია ხელისუფლებაში მოსვლას ვერ ეღირსა და ამ გაჭირვებულ საქართველოს რა უბედურება დაემართა. ოთხმოცდათორმეტი წლიდან შევადნაძიდან მოყოლებული მაფია და თაღლითები მოდიან ხელისუფლებაში. არ იფიქროთ რომ დორბლიანი მიშას მომხრევარ მაგრამ ივანიშვილის ბიოგრაფიაა თავად ტყუილი გაგანია კომუნისტების დროს იშოვნა თურმე ივანიშვილმა მილიონები და თურმე ოთხმოცდაათიან წელს უკვე იმდენი ჰქონდა რომ საზღვარგარეთ ელექტრო ქარხანა იყიდა რაც ტყუილია იმ პერიოდში მხოლოდ კგბ–ს შეეძლო სახელმწიფოს გარეთ ბიზნესის აწყობა და ქარხნების ყიდვა საე რომ ვინ არის შევარდნაძე იფიქრეთ თავად

  3. თავმოყვარე ადამიანს როგორ შეიძლება იმის სურვილი გაუჩნდეს რომ ჩრდილელების ნაერი დაუნები და მახინჯები ასეთ თანამდებობებზე კი არა საერთოდ დაასაქმო სადმე, ვერ გავიგე ამ ივანიშვილს მიშასავით მახინჯები რატომ მოწონს რა დავაშავეთ იმ ხალხმა ვისაც ადამიანის იერი გვაქვს. ისე მაგრად დააბოლა და გადააგდოი ქართული საზოგადოება, ეხლაც უსმენ როგორ იბოლება, ნეტავ არ ცხვენია? მაგას თუ გონია სამების აშენება უშველის რამეს ძალიან ცდება ამდენი ხალხის ცოდვა დაიდო მანამდე კიდევ რეები აქვს ნაკეთები ღმერთმა იცის,აბა ამხელა ფულს ისე როგორ იშოვნიდა,მთლა გვაჯობა ქაჯობამ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here