Home რუბრიკები პოლიტიკა ჩასვით, თორემ დაბრუნდება!

ჩასვით, თორემ დაბრუნდება!

567

«ქართული ოცნების» ლიდერებს თუ დავუჯერებთ, შანსი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი და «ნაციონალური მოძრაობა» ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, ნულის ტოლია. სხვათა შორის, ამასვე ამბობდა სამოქალაქო სექტორში წასული ბიძინა ივანიშვილიც. მოსახლეობა თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა პოლიტიკურ სამარეში გასტუმრებული «ნაციონალური მოძრაობის» რეანიმაციას, მაგრამ, «იმერული ესკიზებისა» არ იყოს, «მიცვალებული ადგა» და, ჩვენი ინფორმაციით, იმერელი ბიძინაც გაოცებული კითხულობს: «რაის მიცვალებული ადგაო?».

 

«ნაციონალური მოძრაობა», კარგა ხანია, ამდგარია და თან როგორი ამდგარი. ამომრჩევლისთვის ტვინის გამორეცხვის პარალელურად, ყოფილი ხელისუფლების ნაცნობი თუ უცნობი სახეები სოციალურ ქსელებშიც აქტიურობენ და იმას, რის გამოც ამომრჩეველმა ხმა «ქართულ ოცნებას» მისცა, ანუ სამართლიანობის აღდგენას უკვე «ნაციონალები» ითხოვენ. მათ ეს თემა სახუმაროდ აქვთ ქცეული და მართლებიც არიან _ ხელისუფლება, პრაქტიკულად, ვერ ახერხებს ვერც ერთი იმ ბრალდების დამტკიცებას, რომელთაც ისინი ოპოზიციაში ყოფნისას ახმაურებდნენ. მაგალითად, თუ გია ბარამიძე თინა ხიდაშელისთვის, დავით უსუფაშვილისა და თუნდაც ეკა ბესელიასთვის 2011 წელს მკვლელი იყო, ახლა კოლეგაა და მასთან კონსტრუქციული დიალოგი «მოსულა». «ნაციონალების» ერთ-ერთი დამფინანსებელი დავით ბეჟუაშვილი ახლა თურმე კეთილსინდისიერი ბიზნესმენია, გარდაბნის რაიონში ათას ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთების მფლობელი გიორგი ფეიქრიშვილი (რომელიც გარდაბნის რაიონში წლების განმავლობაში «ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარე იყო), ახლა «ქართულ ოცნებას» თურმე არჩევნების მოგებაში ეხმარება… 

რეალურად არც ერთ «ნაციონალს» ყოფილი პარტიისთვის არ უღალატია. უფრო მეტიც, მათ ძველი თავისუფლება და ძველი დრო ენატრებათ და ერთი სული აქვთ, ფარა როდის მობრუნდება, კოჭლი ცხვრებივით ისევ წინ რომ მოექცნენ მას. არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თანამშრომლები მალავენ, რომ «ნაციონალების» პერიოდში უფრო მეტი «ვლასტი» ჰქონდათ; ის «დუბინკები», ჯერ ვანომ და მერე ბაჩომ რომ ჩამოურიგათ, კარგად აქვთ გადანახული, რამეთუ «ნაციონალების» ხელისუფლებაში დაბრუნებისა სჯერათ და მერე ამ «დუბინკებით» ქართველი ერის დასჯასა და შურისძიებას აპირებენ.

ხელისუფლება კი მშვიდად არის, რადგან, მისი აზრით, მთავარი საფრთხე _ მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან წასულია. არადა, თუ ხელისუფლება სააკაშვილს მთავარ საფრთხედ აღიქვამს, «ნაციონალური მოძრაობის» წევრთათვის ის მთავარი იმედია და ძალიან დიდი სისულელე და გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, თითქოს მიშა ამერიკაში მართლა ლექციების წასაკითხად წავიდა. რეალურად ის ხელისუფლებაში დაბრუნების გზებს ეძებს და, იმ სანაცნობო წრეს თუ გავითვალისწინებთ, რომელიც მან 9 წლის განმავლობაში შეიძინა ქართული ფულით, ნებისმიერ დონეზე გასვლა და საუბარი არ უნდა გაუჭირდეს. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ამერიკელების დაკრულზე ცეკვავს. ამდენად, არ არის გამორიცხული, ოკეანის გაღმიდან სააკაშვილმა ისევ «მიშა მაგარია» შეაკვეთინოს და, სავარაუდოდ, ამ მელოდიას კოალიციაში შემავალი არაერთი ლიდერი ააყოლებს ხმას.

კითხვა _ უნდა გასამართლდეს თუ არა სააკაშვილი, პრაქტიკულად? _ არც უნდა დაისვას, რადგან სწორედ ამ მოლოდინით, სწორედ ამ იმედით მივიდა ხალხი 2012 წლის არჩევნებზე და, ახლა ეს მოლოდინი თუ გაუცრუვდა, ყველაფრის მიმართ ინტერესს დაკარგავს, ამომრჩეველი არჩევნებზე, უბრალოდ, აღარ ივლის და ეს სწორედ «ნაციონალური მოძრაობის» წისქვილზე დაასხამს წყალს.

ორი ვარიანტია _ ან «ქართულმა ოცნებამ» უნდა აღიაროს, რომ, რასაც წლების განმავლობაში ამბობდნენ, ტყუილი იყო და ხელისუფლებაში მოსვლის გამო «ნაციონალურ მოძრაობას» ცილს სწამებდნენ, ან არადა, უნდა დაამტკიცონ ის, რასაც ამბობდნენ, და რეჟიმი, რომელიც 9 წელი მართავდა ქვეყანას, უნდა გასამართლდეს. უნდა გასამართლდეს სააკაშვილიც, რადგან თევზი თავიდან ყარს, თუ არადა, ის აუცილებლად დაბრუნდება და, როგორ უნდა ცოცხების გამოყენება, კიდევ ერთხელ გვანახებს.

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

  1. ამბობთ ძველი ყველაფერი ცუდი იყო ახლა ძველს დავანებოთ თავი და პრიორიტეტად ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაზე ვიფიქროთ უფრო მოგებული იქნებით თრა თქმა უნდა ამის სურვილი გაქვთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here