Home რუბრიკები პოლიტიკა სიცოცხლე ბიძინას შემდეგ

სიცოცხლე ბიძინას შემდეგ

816

საახალწლო ლეთარგია, როგორც იქნა, დასრულდა და საზოგადოებამ თვალი გაახილა. ერთი შეხედვით, ყველაფერი ძველებურადაა _ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ეს მაინც სულ სხვა ეტაპია. მიხეილ სააკაშვილის, მოგვიანებით კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ «დიდი დაპირებების ეპოქა» ან, თუ გნებავთ, «ილუზიების ხანა» ისტორიის კუთვნილებად იქცა და ამიერიდან ცხოვრება რეალობაში მოგვიწევს, ისეთშიროგორიც ის, სამწუხაროდ, არის. ბედნიერი მომავლის წარმოსახვითი სურათი ამიერიდან, სავარაუდოდ, გაცილებით მოკრძალებულ როლს შეასრულებს და საზოგადოების განწყობაზე შედარებით მცირე გავლენას მოახდენს.

 

გამოჩენილმა ფსიქოლოგმა უოლტერ მიშელმა 1972-ში სტენფორდში ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა _ 3-5 წლის ბავშვს ზეფირს აძლევდა, ეუბნებოდა, რომ, თუ 15 წუთის განმავლობაში არ შეჭამდა, დამატებით ამდენივეს მიიღებდა და ოთახში მარტო ტოვებდა. ბავშვების უმრავლესობა ცდუნებას ვერ უძლებდა, მაგრამ დაახლოებით 30% მოთმინებით ელოდა, თუ როდის გაივლიდა დათქმული დრო. 15 წლის შემდეგ დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებმაც ტესტი წარმატებით გაიარეს, ექსპერიმენტის სხვა მონაწილეებზე უკეთ სწავლობდენ, მშობლებთან და თანატოლებთან გაცილებით დალაგებული ურთიერთობა ჰქონდათ და, საერთოდ, უფრო წარმატებულები იყვნენ. ზოგადად, ნებისყოფას და დროში დაშორებული მიზნის მიღწევაზე მუშაობის უნარს შეიძლება «ცივილიზაციის ძრავა» ვუწოდოთ. უოლტერ მიშელის ექსპერიმენტის ზოგიერთი კომენტატორი წერდა, რომ სწორედ ამან მოუტანა კრომანიონელებს გამარჯვება ნეანდერტალელებზე და კაცობრიობა პროგრესული განვითარების გზაზე დააყენა. არცთუ დიდი ხნის წინ ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტის პირობები გაართულეს. ბავშებს ფანქრები და ქაღალდი მისცეს, ხატვის დაწყება სთხოვეს და დაჰპირდნენ, რომ ცოტა ხანში კიდევ ერთ ლამაზ ფანქარს ან სხვა ჯილდოს მოუტანდნენ. ბავშვების ნახევარი განგებ მოატყუეს და არაფერი მისცეს. შემდეგ დაიწყო ექსპერიმენტის მეორე სტადია, ზეფირით; ყველა მოტყუებულმა ბავშვმა ზეფირი დაუყონებლივ შეჭამა.

თუ საქართველოში შექმნილ სიტუაციას ამ ექსპერიმენტის კონტექსტში განვიხილავთ, ალბათ, მივალთ დასკვნამდე, რომ ექსპერიმენტატორებმა მთელი ზეფირი შეჭამეს და ფანქრები მოიპარეს. ადამიანის უნარი, მომავალზე იმუშაოს, არამხოლოდ უზრუნველყოფს ზოგადად კაცობრიობის თუ კონკრეტული ქვეყნის წინსვლას, არამედ ქმნის სივრცეს პოლიტიკური მანიპულაციისთვის, საზოგადოების მოტყუებისთვის. როდესაც ის აღმოაჩენს, რომ მოატყუეს (ადრე თუ გვიან აუცილებლად მიხვდება), ბუნებრივად მიდის დასკვნამდე, რომ პირობითი «ზეფირი» დაუყონებლივ უნდა შეჭამოს მანამ, სანამ უკანასკნელ ლუკმას მოჰპარავენ. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან, უარი თქვან დღევანდელ კვერცხზე ხვალინდელი ქათმის გამო, კატასტროფულად მცირდება და სწორედ ამ დროს ჩერდება ქვეყნის განვითარება, ქრება «საერთო საქმის» განცდა, ხოლო დომინანტური იდეა დარჩენილი ზეფირის სასწრაფო გადანაწილება ხდება.

ცოტაც გავიჭირვოთ და… «როდესაც კომუნიზმს ავაშენებთ», «როდესაც დამოუკიდებლობას მოვიპოვებთ», «როდესაც ომს მოვიგებთ», «როდესაც კორუფციას დავამარცხებთ», «როდესაც ქვეყანას გავამთლიანებთ», როდესაც სააკაშვილს ჩამოვაგდებთ», «როდესაც კოჰაბიტაციას დავასრულებთ», «როდესაც სამართლიანობას აღვადგენთ», «როდესაც ნატოსა და ევროკავშირში შევალთ», _ ამბობდნენ ისინი და ამასობაში ჭამდნენ ზეფირს, იპარავდნენ ფანქრებს და ამის გამო საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მსგავს ლოზუნგებსა და შესაბამის დაპირებებზე უმწვავესი ალერგია გამოუმუშავდა; მას პოლიტიკური ელიტის პატიოსნების აღარ სჯერა.

ამ მედალს ორი მხარე აქვს. რა თქმა უნდა კარგია, რომ საზოგადოებას არარეალისტური დემაგოგიური დაპირებების მიმართ იმუნიტეტი გაუძლიერდა, მაგრამ უდავოდ ცუდია, რომ ამავე დროს მოხდა დროში დაშორებული მიზნებისკენ ერთობლივი სწრაფვის იდეის დევალვირება, რომ მასზე ორიენტირებულ ადამიანებს სულელებად თვლიან, რომ ელიტასა და დანარჩენ მოსახლეობას შორის ნდობა აღარ არსებობს. ეს განვითარებას აფერხებს და საზოგადოებას სარგებლის მყისიერ მიღებაზე ორიენტირებულ ურდოს ამსგავსებს. ქვეყანა, რომელშიც დომინირებს კითხვა «სადაა ჩემი ზეფირი?» (შესაბამისი განწყობით) სტრატეგიულად განწირულია.

ამ კრიზისული ვითარების სწრაფი გამოსწორების რეცეპტი არ არსებობს. პროცესი, სავარაუდოდ, მცირე და სავსებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით უნდა დაიწყოს. მაგალითად, ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს ჩინოვნიკები, რომელნიც ვერ ისვენებენ და საბიუჯეტო სახსრებით ახალ სამსახურებრივ მანქანებს, «აიფონებს» და სხვა ძვირადღირებულ აქსესუარებს ყიდულობენ, იღებენ უაზროდ დიდ პრემიებს და შტატებს ბერავენ. მეორე მხრივ კი, გაეროს ბავშვთა ფონდის «იუნისეფის» მონაცემებით, საქართველოში 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში _ დღეში 2 ლარზე ცხოვრობს, «ფარდობით სიღარიბეში» კი 200 ათას ბავშვზე მეტი (დღეში 3 ლარზე). ყოველწლიურად იღუპება ხუთ წლამდე ასაკის 800 ბავშვი, მათ შორის 300 სიცოცხლის პირველსავე თვეებში, კვებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ჩინოვნიკების თავგასულობას ქვეყანაში, სადაც მსგავსი რამ ხდება პრივილეგიებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, უნდა ეწოდოს არა უბრალოდ უსინდისობა, არამედ სოციალური გენოციდის ხელშეწყობა; როდესაც მათ ახალ ჯიპებს ვუყურებთ, სასურველია, უპირველესად, ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ბავშვები გავიხსენოთ. 

«მესამე მხრივ», ჩვენ გვყავს ახალგაზრდა პრემიერმინისტრი თავის გუნდთან ერთად, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი გავლენა და რეიტინგი გაზარდოს. განხილულ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლება დაგვპირდა, რომ საკითხს პოლიტსაბჭოზე განიხილავდა და ახალი მანქანების შეძენის სტანდარტებს შეიმუშავებდა; პრობლემის გადაწყვეტა ისევ ბუნდოვან მომავალს დაუკავშირდა. საინტერესოა, ვინ უშლის ხელს პრემიერს, შექმნას სპეციალური კომისია მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის სახელისუფლო სტრუქტურების მიერ გამოცხადებული ტენდერების გონივრულობას, აგრეთვე, პრემიებისა და გაბერილი შტატების საკითხს, შეიმუშავებს ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და ანგარიშს საზოგადოებას ჩააბარებს? კონკრეტული პრობლემაკონკრეტული ნაბიჯიკონკრეტული შედეგი _ ალბათ, სწორედ ამ ალგორითმზე დგას ნაყოფიერი და, ამავე დროს, პოპულარული პოლიტიკა. შესაძლოა, პრემიერმინისტრს ჩინოვნიკების გაღიზიანება არ სურს ან კიდევ, უნდა, რომ პრივილეგიების თემა ამა თუ იმ მაღალჩინოსნის წინააღმდეგ საჭირო მომენტში გამოიყენოს, როგორც ხელკეტი, მაგრამ განხილული ვარიანტი მას, სავარაუდოდ, გაცილებით მეტ ქულას მოუტანს. საზოგადოება პრობლემის გადაწყვეტას მოუთმენლად ელოდება და პროცესში სიამოვნებით ჩაერთვება.

მეორე კონკრეტული ამოცანა ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებთა მდგომარეობის შემსუბუქებაა. ამ პრობლემის გადაწყვეტას გაცილებით დიდი შრომა სჭირდება, მაგრამ არაფერია შეუძლებელი იმაში, რომ ამ კატასტროფულ, მართლაც რომ აფრიკულ მაჩვენებლებს დავშორდეთ. საზოგადოება მსგავს ნაბიჯებს არ ივიწყებს. როდესაც იტალიაში 60-იან წლებში ჩატარდა კვლევა (მათ შორის) იმის დასადგენად, თუ დადებითს რას ხედავდა მოსახლეობა მუსოლინის მმართველობის პერიოდში, ერთერთ მთავარ პლიუსად დასახელდა ის, რომ დიქტატორმა ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობა დაამარცხა და მუდამ მშიერი, მაწანწალა იტალიელი ბავშვი, რომელსაც ასე კარგად ვიცნობთ XIX საუკუნის ლიტერატურიდან, ისტორიის კუთვნილებად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ მუსოლინი თანამედროვე იტალიისთვის სრულიად მიუღებელი ფიგურაა და ქვეყანას უამრავი უბედურება მოუტანა, ეს წარმატება ერმა არ დაუვიწყა

ასეთი თემა უამრავია; საინტერესოა, რა არის დღეს უფრო მნიშვნელოვანი და რა მოიტანს უკეთეს შედეგს: გლობალური დაპირებები საყოველთაო კეთილდღეობისა და სამართლიანობის დამკვიდრებასთან დაკავშირებით თუ კონკრეტული, შედარებით ლოკალური მიზნების დასახვა და მათი მიღწევა რეალისტურ პერსპექტივაში? ალბათ, მეორე გზა უფრო პროდუქტიულია, თანაც ამის გარეშე ვერ აღდგება ნდობა საზოგადოებასა და ხელისუფლებას (ზოგადად, პოლიტიკურ ელიტას) შორის და ვერ გაცოცხლდება დროში დაშორებულ პერსპექტივაზე მუშაობის სურვილი, ნებისყოფასთან და შესაბამის უნარ-ჩვევებთან ერთად.

ნებისმიერი ერის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ლიდერი, როგორც უინსტონ ჩერჩილი თავის დროზე, ვერაფერს შესთავაზებს «სისხლის, ოფლისა და ცრემლის», მძიმე ომისა და შრომის გარდა. დღევანდელი საქართველო ამისთვის მზად არ არის. მას, შესაძლოა, აკლია სწორედ ის ძნელადაღსაწერი თვისებები, რომლებიც უოლტერ მიშელის ექსპერიმენტში მონაწილე ბავშვების 30%-მა გამოავლინა, მარტივად რომ ვთქვათ, ის, რაც ერს ბიომასისგან განასხვავებს.

თავის დროზე «ნაციონალებს» ვერ წარმოედგინათ, რა მოხდება მას შემდეგ, რაც სააკაშვილი თანამდებობას დატოვებს, შემდეგ კი მათი ოპონენტები ვარაუდობდნენ, რომ ივანიშვილის გადადგომისთანავე ქართულ პოლიტიკაში ლოკალური მასშტაბის აპოკალიფსი მოხდება. ერთნიც და მეორენიც თავის შიშნარევ კითხვებს ისე სვამდნენ, თითქოს ცდილობდნენ, დაედგინათ, «არის თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ»; პოლიტიკურ ჯოჯოხეთში მოხვდებიან თუ პირიქით _ სოციალურ სამოთხეში. არადა, მოვლენათა განვითარება გაცილებით პროზაული გამოდგა, ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდა თავისი პრობლემებით და გაჭირვებით. საზოგადოება, როგორც ადამიანი მძიმე დაავადების შემდეგ, თავიდან სწავლობს სიარულს, ლაპარაკს, (ჯერჯერობით მოკრძალებული) მიზნების დასახვას და მათ მიღწევას. ყველაფერს, რაც აქამდე ხდებოდა, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს (რაც წარსულში ჩადენილი დანაშაულების პატიებას სულაც არ ნიშნავს), დაავადებით გამოწვეული საშინელი ტკივილი იყო ეს თუ ცეცხლოვანი ხილვები ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის მიღების კვალობაზე წარსულში დარჩა და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება. საინტერესოა, რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ხელისუფლება და საზოგადოება ამ მომენტის ფსიქოლოგიურ და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ მნიშვნელობას.

თუ ახალი ხელისუფლება თავის ლეგიტიმურობას (არა ფორმალურს, არამედ რეალურს) მხოლოდ იმაზე დააფუძნებს, რომ ის სააკაშვილის რეჟიმზე ნაკლები ბოროტებაა, დიდხანს ვერ გაძლებს. მისივე ინტერესებშია, გამოიმუშაოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის სრულიად ახალი სტილი და, მასთან ერთად, თუნდაც მოკრძალებული მიზნების დასახვა და მათ მიღწევაზე მუშაობა დაიწყოს. ეს სწორედ ახლა უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩამოყალიბდება მორიგ პარაზიტულ ნეოფეოდალურ დაჯგუფებად, რომელიც მხოლოდ იმ მომენტამდე გაძლებს, ვიდრე ფართო მასები სასახლეში არ შეუვარდებიან და დაპირებული თუ მიტაცებული ზეფირის დაბრუნებას არ მოსთხოვენ. რაოდენ ბანალურად უნდა გაიჟღეროს, საჭიროა მეტი გულწრფელობა, პატიოსნება და მუდმივი კონტაქტი ხალხთან. უკეთესი რეცეპტი ჯერ არავის გამოუგონია.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here