Home რუბრიკები საზოგადოება იოსებ არჩვაძე: გაისად მარტო ვალების მომსახურებაში 120 მილიონი აშშ დოლარის გადახდა...

იოსებ არჩვაძე: გაისად მარტო ვალების მომსახურებაში 120 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოგვიწევს

532

წლის მანძილზე არაერთი კრიტიკა და შემაშფოთებელი პროგნოზი მოვისმინეთ ქვეყნის ეკონომიკური ვითარების გაუარესების, ინფლაციის, ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორი იყო მთლიანობაში 2013 წელი საქართველოსთვის და წლის ეკონომიკური ვითარება სამომავლოდ რამდენად საიმედო პროგნოზების საფუძველს გვაძლევს, «საქართველო და მსოფლიოს» ეკონომიკის ექსპერტი, სტატისტიკის სპეციალისტი, პროფესორი იოსებ არჩვაძე ესაუბრა.  

 

_ წლის მანძილზე, არსებული ეკონომიკური ვითარების გამო, ხელისუფლების მიმართ კრიტიკა მართლაც გვესმოდა, თუმცა ეს წელი შეიძლება უიმედობისა და პესიმიზმის დაძლევის წლადაც ჩაითვალოს. მართალია, ეკონომიკური ზრდის ტემპი არ იყო მაღალი, მაგრამ წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ადგილი ჰქონდა დეფლაციას, ფასების შემცირებას, რითაც ყველაზე მეტად შედარებით დაბალშემოსავლიანმა ადამიანებმა ისარგებლეს. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა. მთელ რიგ კომუნალურ გადასახადებზე _ შუქზე, ბუნებრივ აირზე, განსაზღვრული კატეგორიის მოსახლეობისთვის ტარიფები შემცირდა. ასევე სოფლად მცხოვრებთათვის გარკვეული შეღავათი იყო სუბსიდირების განხორციელება. ამიტომ, როდესაც მოსახლეობის კეთილდღეობას ვითვლით, უნდა ჩავთვალოთ არამარტო ის თანხა, რომელიც უშუალოდ ხელზე მიიღო მოსახლეობამ, არამედ ის შეღავათები და სარგებელიც, რომლებიც არამონეტარული ფორმით განხორციელდა. მთლიანობაში 2013 წელს სოციალური კუთხით სერიოზულ შემობრუნების წლად შევაფასებდი. სახელმწიფო უფრო მეტ დახმარებას ავლენს სოციალური კუთხით, ვიდრე საქართველოს ეკონომიკას ამის შესაძლებლობა და რესურსი გააჩნია.

_ რაც შეეხება საგარეო ვალს, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ისედაც უამრავი ვალი ჰქონდა, საქართველოს საგარეო ვალმა ახალი ხელისუფლების პირობებში 13 მილიარდს მიაღწია. მილიარდობით ვალის პირობებში რა ელის სახელმწიფოს და დადგენილ სტანდარტებს აჭარბებს თუ არა ეს ვალი?

_ ეს ვალი არ არის მხოლოდ სახელმწიფო ვალი. უბრალოდ, უარყოფითი მხარე, რაც ამ ყველაფერს ახლავს, არის ის, რომ ჩვენ ვალის გამო გარკვეულ თანხას ვუხდით კრედიტორებს, შესაბამისად, ეს თანხა აკლდება მოსახლეობის კეთილდღეობას. მაგალითად, გაისად, უკვე დაახლოებით 120 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტის მარტო ვალების მომსახურების თანხის გადახდა მოგვიწევს. კარგადაა ცნობილი, 500 მილიონი ევროს ოდენობის ე. წ. ევრობონდების თანხაც, რის გამოც მთლიანობაში დაახლოებით 900 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოგვიწევს. ჩვენ მდიდარი სახელმწიფო არ ვართ და, ფაქტობრივად, გამოდის, რომ სამომხმარებლო დოვლათის მისაღებად ნებისმიერი პრიოდუქტი გაცილებით ძვირი გვიჯდება. უნდა ვეცადოთ, ჩვენი ეკონომიკა გავხადოთ არამარტო დინამიკურად მზარდი, არამედ მაქსიმალურად ეფექტური და შედეგიანიც, რათა ის საინტერესო იყოს ინვესტორებისთვის.

_ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა «ნაციონალებს» კრიტიკაზე უპასუხა, _ თავიანთ აღებულ ვალს მიხედონო. რას ნიშნავს «ნაციონალების» ვალი? ამ შემთხვევაში ეს არის თუ არა სახელმწიფოს დავალიანება და, თუ არამიზნობრივად გაიხარჯა ეს თანხა, რატომ არ დგება დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი?

_ არ არსებობს ასეთი იურიდიული ცნება «სხვისი ვალი», ვინაიდან გარანტად დგას სახელმწიფო. თქმა იმისა, რომ ეს სხვისი ვალია, არ შეიძლება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტურად ხდება ამ თანხის გამოყენება ქვეყნის შიგნით, რამდენად საჭირო იყო იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომლებისთვისაც ამ სახსრების მოზიდვა განხორციელდა. თუ ხელისუფლებას სურს, დაიმკვიდროს ავტორიტეტი, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, მან მიღებული ფინანსური სახსრების უკეთ გამოყენება უნდა შეძლოს.

 რა თქმა უნდა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც საზოგადოებაში ეჭვს ბადებს, შესაბამისი სტრუქტურების მიერ მოკვლევისა და ჭეშმარიტების დადგენის ამოცანას წარმოადგენს. ფინანსების სფერო იმდენად სენსიტიურია, მის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი გასაკვირი არ არის. შესაბამისად, ხარჯვების მართლზომიერება, გამოყენების ეფექტურობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს.

_ ეკონომიკური დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი გარკვეულ სასჯელს და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევასაც ითვალისწინებს, რათა დაზარალებულებს დაუბრუნდეთ უკანონოდ წართმეული ქონება. რაკი ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ამის რესურსი არ გააჩნია, რატომ არ ხდება აღნიშნული გზით ამ ადამიანებისთვის ქონების დაბრუნება?

_ ძალიან საფრთხილო საკითხია, რათა სამართლიანობის აღდგენის პროცესში ერთი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ახალი უსამართლობა არ დავუშვათ. საზოგადოებაში უნდა არსებობდეს იმის განცდა, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. ეს საკითხი ეკონომიკურ ამოცანებს სცილდება და გარკვეულ რესურსებთანაცაა დაკავშირებული, საჭიროა განსაზღვრული კონტიგენტი, რომელიც ამ საქმეებს გამოიძიებს. მახსოვს, ყოფილ გენერალურ პროკურორს, გია მეფარიშვილს, ჰქონდა იდეა, შექმნილიყო სპეციალიზებული სამსახური, რომელიც მხოლოდ აღნიშნულ პრობლემებზე იმუშავებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ქვეყანაში კადრების დეფიციტია.

ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, ქვეყანაში ისეთი გარემო შექმნას, რომელიც დოვლათის ჯეროვან ზრდას შეუწყობს ხელს. ხელისუფლებამ ისეთი სამეწარმეო ფონი უნდა შექმნას, რომ ნებისმიერი ბიზნესმენი დარწმუნებული იქნეს, რომ სახელმწიფოს «საჭიროებისთვის» ბიზნესს არ წაართმევენ. აუცილებელია, ამ ადამიანებს სტიმული ჰქონდეთ, თანხის ინვესტირება განახორციელონ. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა სამეურნეო პოლიტიკის ქვაკუთხედი უნდა გახდეს. პირობითად, ადამიანს, რომელიც წარმოებას ხელმძღვანელობდა, ბევრის აღება საკუთარ თავზე არ შეეძლო, რადგან ყველაფერი ხელისუფლებასთან უნდა შეეთანხმებინა და შესაძლებელი იყო, დღევანდელი მესაკუთრე ხვალ საპატიმროში აღმოჩენილიყო და საკუთრების უფლებაც ნებაყოფლობით გადაეცა სხვისთვის. ასეთი ფაქტები მასობრივად ხდებოდა. ასეთი ვითარება ბიზნესს არ უქმნის სტაბილურობის განცდას და საბოლოო ჯამში, ჩიხში შეყავს ეკონომიკა.

 ამ ადამიანებისთვის ქონების დაბრუნებაზე უარი არავის უთქვამს. ვფიქრობ, დროის ამბავია და, ალბათ, ამ მიმართულებითაც გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, რათა დაზარალებულ ხალხს გარკვეული შეღავათები მაინც გაუწიონ, თუნდაც ფინანსური კომპენსაცია მისცენ, იმ მიუღებელი მოგებისა და განუხორციელებელი პროექტებისთვის, რომელთაც ხელი შეუშალა მათ მიმართ განხორციელებულმა რეპრესიულმა ქმედებებმა.

_ დროებითი გამყარების შემდეგ, არსებული მონაცემებით, ლარის კურსი კვლავ უფასურდება. არის თუ არა საგანგაშო ეს ვარდნა?

_ 90-იანი წლებიდან რამდენიმეჯერ მოხდა ევროსა და დოლარის კურსის რადიკალური ცვლილება. გვახსოვს, 90-იანი წლების ბოლოს ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, შემდეგ კი კურსი გამყარდა. ფულის კურსი ცოცხალი ორგანიზმივითაა და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე პროცესებზე რეაგირებს. ვფიქრობ, ამჯერად ეს უფრო სუბიექტურ ფაქტორებს უკავშირდება, ვიდრე ობიექტურ გარემოებებს. ამ ეტაპზე ლარის კურსის ვარდნას არ ველოდები, მაგრამ მსოფლიოში არც ერთ ვალუტას არ აქვს იმის გარანტია, რომ მყარად ფიქსირებული იქნება. ეროვნული ბანკის საბჭო და სავალუტო კომიტეტი თვალყურს უნდა ადევნებდეს პროცესებს და სიტუაცია უნდა კონტროლდებოდეს. ვალუტის კურსი ფაქიზი თემაა. სხვათა შორის, 2008 წელს, ომის შემდგომ, უცხოეთიდან მიღებული დახმარებების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ეროვნული ვალუტის გამყარებასა და დეფიციტის შევსებაზე დაიხარჯა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here