Home რუბრიკები საზოგადოება “თუ დასავლეთი მიწების გაყიდვას გვთხოვს, ასეთი არც ევროპა მინდა და არც მათი...

“თუ დასავლეთი მიწების გაყიდვას გვთხოვს, ასეთი არც ევროპა მინდა და არც მათი კავშირები”

856

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება დემოგრაფი, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ თოთაძე.

 

_ ბატონო ანზორ, წინა და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად გვარწმუნებენ, რომ, თუკი საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება, ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვნად წინ წაიწევს. თქვენი აზრით, რას მოგვცემს ევროპულ ოჯახში შესვლა ამ თვალსაზრისით და, რაც მთავარია, როგორ შეიძლება, ეს აისახოს ჩვენს დემოგრაფიაზე?

_ უწინარესად, უნდა ითქვას ის, რომ დაპირებები, რომლებსაც გვაძლევს ევროკავშირი, თითქოს ჩვენ იქ გავწევრიანდებით და სხვა, ჰაერში ჰკიდია, თუმცა თქვენ იცით ქვეყნები, რომლებიც, უკვე მრავალი წელია, ამ კავშირში არიან, მაგრამ მაინც ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ჩემი აზრით, თუ მიგვიღებენ, რაც, კიდევ ვიმეორებ, არარეალური მგონია, ჩვენ შეგვექმნება უამრავი პრობლემა, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, და საბოლოო ჯამში ამ ბარიერების გადალახვას დასჭირდება უდიდესი ძალისხმევა, რაც, შესაძლოა, ვერც მოვახერხოთ. რაკი კონკრეტულად დემოგრაფიაზე მკითხეთ, ამ თვალსაზრისითაც ეს ევროპული ოჯახი არაფრისმომცემია. პირიქით, აქ შეიძლება პროცესები უკუღმა შემოტრიალდეს და არამარტო დემოგრაფიულად მივიღოთ უარესი სურათი, არამედ ტერიტორიულადაც. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლება ამ საფრთხეებს ვერ აღიქვამდა საფრთხეებად და დაღუპვის პირამდე მიგვიყვანა. უბედურება კი ის არის, რომ, მიუხედავად ამდენი უბედურებისა, რომელიც განსაკუთრებით ბოლო 9 წლის მანძილზე გამოიარა ქართველმა ხალხმა, რეალური საშველი ჯერჯერობით არ გამოჩნდა.

_ დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რა დემოგრაფიული სურათი შეიძლება გვქონდეს უახლოეს წლებში?

_ პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას ერთ რამეს: ხომ გვეუბნებიან, ევროკავშირში შესვლით ეკონომიკა აყვავდებაო, რაც  უნდა კარგად ვიცხოვროთ და გაიზარდოს ხელფასები, პენსიები, დაბალი შობადობის პირობებში დემოგრაფიული წინსვლა არ იქნება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ 80-იან წლებში საქართველოში დაიბადა 455 ათასი გოგონა. ხოლო ბოლო ათწლეულში, ანუ 2000-დან 2010-მდე _ 236 ათასი. ეს, იცით, რას ნიშნავს? ახლა ვინც იბადება, მათი დედები იმ 80-იან წლებში დაბადებული გოგონები არიან; და, თქვენ წარმოიდგინეთ, 2000-2010 წლებში დაბადებულები რომ გახდებიან მშობლები, რა დაბალი იქნება მატება.

_ რა შეიძლება გაკეთდეს ამ პროცესის შესაჩერებლად?

_ ამას სჭირდება ხანგრძლივი კომპლექსური მიდგომა, მაგრამ დღეს ამაზე ასე ერთი ხელისმოსმით ვერ ვისაუბრებთ. ზოგადად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია, როგორმე ეს პროცესი შევანელოთ და შემდეგ, როცა გავა ერთი დემოგრაფიული თაობა, რომელიც მოიცავს 28 წელს, მოსახლეობის გამრავლებაზე ვიზრუნოთ.

_ როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტი რამდენად არის დემოგრაფია? რამდენად შესამჩნევია ეს მათ პოლიტიკაში?

_ მე ერთი რამის თქმა შემიძლია: ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ერი არამხოლოდ სულიერად, არამედ რაოდენობრივადაც. ეს არის მთავარი, რაც, პირველ რიგში, უნდა მოგვარდეს, დანარჩენი _ მერე, როგორ გავაკეთებთ ამას, რა ღონისძიებებით, სხვა საკითხია.

_ ფაქტია, რომ ცალსახად პროდასავლური პოლიტიკა საქართველოს მუდმივად საფრთხის ქვეშ ამყოფებს სოციალურადაც და ეკონომიკურადაც. ეს ხომ დემოგრაფიაზეც აისახება?

_ რასაკვირველია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს განხილვის საგანია. ჩვენ, უბრალოდ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა ჯობია _ ის, რომ რუსეთს ყოველდღე ვაგინოთ, როგორც ეს იყო სააკაშვილის პერიოდში, თუ ცოტა სხვაგვარად მოვიქცეთ.

_ საერთოდ, დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება დიდ თანხებს და სხვადასხვა რესურსს მოითხოვს. რამდენად აქვს დღეს საქართველოს ამის შესაძლებლობა?

_ აბსოლუტურად სწორი შეკითხვაა. ამ ყველაფერს უზარმაზარი ფინანსური რესურსი სჭირდება, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ ჩვენ უნდა გავატაროთ ისეთი დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც პირველი რიგისაა. დღეს მთავარ პრობლემას წარმოადგენს შობადობა და ამას უნდა მივხედოთ. აი, ამის შემდეგ კი უკვე შეიძლება ფიქრი დანარჩენი საკითხების გადაჭრაზე, რომლებიც ასევე  მნიშვნელოვანია. ისე, ცხადია, ყველაფერს ერთბაშად ვერ მივხედავთ, ამას მთელი ჩვენი ბიუჯეტი არ ეყოფა…

_ საინტერესოა, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში რა მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით? ამას, ალბათ, აქვს ჩვენთვისაც მნიშვნელობა.

_ მეზობელ ქვეყნებში გაცილებით უკეთესი ვითარებაა. მაგალითად, აზერბაიჯანი იზრდება 34 პროცენტით პერსპექტივაში, თურქეთი_  20 პროცენტზე მეტით, ხოლო სომხეთი _ 7 პროცენტით. ერთადერთი საქართველოა, რომლის მოსახლეობაც შემცირდება 28 პროცენტით. ასე რომ, აქ არის უმძიმესი ვითარება და ამას დროულად თუ არ მივხედეთ, საქართველო, ფაქტობრივად, გადაშენების პირასაა; არაერთხელ მითქვამს, რომ მალე აღმოვჩნდებით სერიოზული დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხის წინაშე და მოგვიწევს ტერიტორიების დათმობაც…

_ ექსპანსია რადგან ახსენეთ, როგორ ფიქრობთაისახებოდა ჩვენს დემოგრაფიაზე ის სავიზო და საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა? მოგეხსენებათ, მათ 118 სახელმწიფოსთან შემოიღეს უვიზო მიმოსვლა.

_ რა უნდა ვთქვა ამაზე, ეს იყო მოღალატეობრივი პოლიტიკა. წარმოიდგინეთ, რა ხდება: ქართველმა ხალხმა უზარმაზარი სისხლი დაღვარა თავისი სამშობლოს, მიწა-წყლისა და თვითმყოფადობის გადასარჩენად. ახლა კი მოდის გადამთიელი, რომელიც, ალბათ, რუკაზე ვერ მოგიძებნის საქართველოს და იწყებს აქ ცხოვრებას. ეს საშინელებაა. ვინც რაც უნდა, ის იფიქროს, მაგრამ ყველა ტიტულოვანი ერი ცდილობს, თვითონ იყოს უმრავლესობაში და არ გაქრეს. ჩვენ რა გვჭირს, რა ხელგაშლილობა აგვივარდა?! სადმე უცხო ქვეყანაში ქართველს მიიღებენ იმხელა პატივით, ჩვენ რომ სხვებს ვღებულობთ?!

_ დასავლური ღირებულებები ლიბერალურ პოლიტიკას მოითხოვს.

_ იცით რა, თუ დასავლეთი ჩვენგან მოითხოვს, რომ მიწა გავყიდოთ, მაშინ ასეთი არც ევროპა მინდა და არც მათი კავშირები. ეს ნიშნავს საკუთარი თავის გაქურდვას და თვითლიკვიდაციას.

_ სხვანაირად ევროინტეგრაციას საფრთხე დაემუქრება.

_ ამ ევროინტეგრაციას შესწირა სააკაშვილმა ყველაფერი. მეტიც, პოსტსაბჭოთა სივრცეში და საერთოდ, ევროპაში, ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო, რომელშიც არც ერთი დემოგრაფიული ღონისძიება არ განხორციელებულა. სამაგიეროდ «ნაცმოძრაობის» ბატონობის 9-წლიან პერიოდში ქვეყანაში აშენდა პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის შენობა _ ქუთაისში, უფუნქციო ხიდი _ მტკვარზე, ორი უცნაური შენობა _ რიყეზე და ა.შ. ჯამში ყველაფერი ეს დაჯდა, სულ მცირე, სამი მილიარდი ლარი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ხალხის ჯიბიდან ამოიღო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ამ თანხით შეიძლებოდა მესამე ბავშვის წასახალისებლად ოჯახისთვის ყოველთვიურად მიგვეცა 200 ლარი, სანამ ბავშვი არ მიაღწევდა 16 წლამდე. ეს კი იქნებოდა უდიდესი სტიმული ერისთვის და დემოგრაფიული პრობლემები მნიშვნელოვანწილად გადაიჭრებოდა. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლება ამით არც დაინტერესებულა, თითქოს ეს საკითხი საერთოდ არც იდგა და არც მოითხოვდა გადაწყვეტას. შედეგად მივიღეთ ის, რომ გადაშენების პირას მივედით. ახლა რა შეიძლება იყოს გამოსავალი, კიდევ ვიმეორებ: ამაზე ბევრი ფიქრია საჭირო.

აქვე სულმნათი ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებით დავასრულებ საუბარს, რომელიც მან ანდერძად დაგვიტოვა:

გზავნილი შთამომავალს!

«ახლო და შორეულ ქართველობას მივმართავ თხოვნით, იფიქრონ და იმოქმედონ ერის სიმრავლისთვის.

XXI საუკუნის დასაწყისში ჩვენმა ერმა გადალახა რიცხობრივი კლების ის დონე და ზღუდე, რომლის იქით ძველი სიმრავლისთვის მხოლოდ ოცნებაა შესაძლებელი. ასე მცირერიცხოვანი ერები წყვეტენ არსებობას ცისა ქვეშე და ისტორიას მოგონებადღა შემორჩებიან ხოლმე.

ჭკუითა და ამ მიზნით იცხოვრეთ, მომავლის ქართველებო! ჩემს თანამედროვე ქართველ ერს ეს საჭიროება განუწყვეტლივ ვუქადაგე, მაგრამ ყოველივე დარჩა «ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა».

მომავალ თაობათა და მაღალი ღმერთის შემწეობის იმედად გავლევ სიცოცხლეს».

ჭაბუა ამირეჯიბი, 1 მაისი 2008 წელი

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. შეაYარე კედელს ცეცრცვი1 ეს მთავრობაც ძველი მთავრობის პოლიტიკას აფრძელებს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here