Home რუბრიკები პოლიტიკა 2013 წლის მთავარი ბლეფი

2013 წლის მთავარი ბლეფი

596

2013 წელი მიიწურაშედეგები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ბუნდოვანი და ორაზროვანია. «ქოცები და ნაცები გარიგდნენ, _ განაცხადა ჩემმა რესპოდენტმა. _ ინაწილებენ ფინანსურ ნაკადებსა და ადრე მიტაცებულ ქონებას, შესაბამისად, ხელს აღარ აძლევთ სამართლიანობის აღდგენა. აი, ასე ხახვივით შერჩება სააკაშვილს ყველაფერი». განვლილი 2013 წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე გვესაუბრება სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე.

 

_ თუ 2013  წელს შევაფასებთ, ყურადღებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე გავამახვილებ, რომელიც ადრევე უნდა მომხდარიყო….

_ «შალახოს» გარდა რითაა ეს დოკუმენტი აღსანიშნავი? თუ მიღება უნდათ, ევროკავშირში ასოცირებული წევრობის გარეშე ვერ მიგვიღებენ?

_ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება კი არა, ამოქმედებაც არ არის გარანტია იმისა, რომ ევროპისკენ ჩვენი მოძრაობა შეუქცევადი გახდება. მსგავს ხელშეკრულებაზე ხელი რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ მოაწერა, მათ შორის, თურქეთმა, სირიამაც კი, სადაც დიდი უბედურება ტრიალებს.

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ  რეალურად ვერც კი შეაფასა წინა ხელისუფლების დანაშაული, ივანიშვილს არ ვგულისხმობ, ის უკვე წასულია ხელისუფლებიდან. უპირველეს ყოვლისა, მათ ჩაიდინეს სამშობლოს ღალატი, 2008 წლის სამხედრო პოლიტიკურ ავანტურას ვგულისხმობ. გარდა ამისა, ხაზინიდან მილიარდობით დოლარის მიტაცება, ვეებერთელა ვალების აკიდება ქვეყნისთვის (საგარეო ვალებზეა საუბარი) და ა. შ. აი, ამას მკაფიო შეფასებაც კი არ მიეცა, არათუ სამართლიანობის აღდგენა არ მომხდარა.

_ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ხდება არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ «ნაცების» დანაშაულის გაპრავება და რომ «ოცნება» თავიდანვე გარიგებული იყო  «ნაცმოძრაობასთან», ამაზე რას იტყვით?

_ ჩამოვთვალოთ შესაძლებელი მიზეზები:  პირველი – კოალიცია არის ეკლექტური, შედგება ისეთი პარტიებისგან, რომლებიც ცალ-ცალკე პარლამენტში ბარიერსაც კი ვერ გადალახავდნენ (ადამიანებმა ხმა მისცეს ივანიშვილს და ავტომატურად _ კოალიციას), ასევე ხალხმა აირჩია ივანიშვილი და არა მარგველაშვილი. ახლა ამ პარტიებს საერთო მოტივაცია არ აქვთ. აი, ეს არის. ფიქრობენ მხოლოდ თავიანთ მომავალზე, როგორც პოლიტურზე, ისე ფინანსურზე. პირდაპირ გეტყვით: ის ბიზნესმენებიც კი, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს, მენეჯერებად იყვნენ გადაქცეულნი და ყველაფერი მიჰქონდათ სააკაშვილ-მერაბიშვილის «ობშიაკში» ახლაც სრულიად მშვიდად არიან, ამბობენ, მთავარია, გაურიგდე «ქოცებს» და ჩამოგხსნიან გამოძიებიდანო. საზოგადოებაშიც დამკვიდრდა აზრი, რომ «ქოცებმა» დაიკავეს «ნაცების» ადგილი და, როცა ასეთი აზრი მკვიდრდება, ის, როგორც წესი, მართლდება ხოლმე. ეს კოაბიტაცია კი არა, სიმბიოზია. საზოგადოების ნაწილში მყარად დამკვიდრდა აზრი, რომ «ქოცები» წავიდნენ გარიგებაზე და წართმეული ქონების დაბრუნებას არჩიეს «ნაცებთან» წილებში ჩასხდომა, ინაწილებენ ფინანსურ ნაკადებს და ადრე მიტაცებულ ქონებას, შესაბამისად, აღარ აძლევთ ხელს სამართლიანობის აღდგენა, ანუ მივიღეთ სიმბიოზი, ორი ორგანიზმის ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრება კოაბიტაციის, ანუ მშვიდობიანი თანაცხოვრების ნაცვლად. საშიში ტენდენციაა, აგრეთვე, ის, რომ მრავალ თანამდებობაზე დაინიშნენ მათი ნათესავ-მეგობრები, უკანონოდ არის გათავისუფლებული ასობით ადამიანი, მოკლედ, ნეპოტიზმია გამეფებული. ასევე საშიში ტენდენციებია პროკურატურაში, ადეიშვილის კადრები კი არ მიდიან, არამედ წინაურდებიან. დიახ, ფუფუნებაში ცხოვრობენ ახალი ლიდერები. ძვირფას მანქანებთან დაკავშირებული სკანდალებიც ბევრია, იმაზე უფრო ძვირი მანქანები ჰყავთ, ვიდრე «ნაცებს» ჰყავდათ. 

_ გჯერათ, რომ ივანიშვილი გულწრფელია? თუ რევოლუციის აცილების მიზნით დაევალა მოსვლა და ახლა ხელები დაიბანა?..

_ დიახ, მჯერა, რომ გულწრფელია. ივანიშვილმა გადაარჩინა საკუთარი სახელმწიფო ჩაუშესკოს სცენარს, ის რომ არა, საქმე მივიდოდა საერთო სახალხო აჯანყებამდე. სააკაშვილისა და მისი გუნდელების გადარჩენა თანმდევი მოვლენაა. ახლა რა ვქნათ? როდესაც ჩანს, რომ ბევრი მიმართულებით ჩვენი ახალი ხელისუფლება სრულიად უნიათოა, უნდა ვიყოთ ფხიზლად. მოდის ინფორმაცია, რომ ბერავენ შტატებს, 137 მილიონი ლარით ზრდიან სამინისტროების აპარატებს და ხელისუფლების ხელფასებს, ეს ბიუჯეტშიც ჩაიდო. მეორე ხელით 600 მილიონ ლარს იღებენ შიდა ვალს, ანუ ვალის თითქმის მეოთხედი აღებულია იმ მიზნით, რომ ხელფასები დაინიშნონ? რა გამოდის? ჩვენი სოციუმი ირჩევს ხელისუფლებას და მერე აღარ აქვს ძალა, რომ გააკონტროლოს ეს არჩეული ხელისუფლება.

_ მგონი, ხალხს ახლა ამათი მოცილება მოუწევსრესპუბლიკელები აცხადებენ, რომ მათთვის აუცილებელია «ნაცების» შენარჩუნება, საზოგადოებისთვის «ნაცმოძრაობა» ასოცირდება საშინელ ეკონომიკურ სიდუხჭირესა და დამცირებასთან, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება «ნაცმოძრაობა» 2014 წელს და იქნება თუ არა საერთოდ? ისიც კი ითქვა, რომ რესპები, ალასანია და «ნაცები» გაერთიანდებიან პარლამენტშიო

_ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროკურატურამ, პარლამენტმა და მთავრობამ მერაბიშვილს საჩუქარი გაუკეთეს საახალწლოდ, ანუ ნაცვლად იმისა, რომ მისი განცხადების შემდეგ დაუყოვნებლივ დაეწყოთ გამოძიება (ხიდაშელის თქმის არ იყოს, 17-წუთიანი გამოძიება, მეტი საჭირო არც არის, აჩვენონ ეს კადრები), დაამტკიცონ, რომ არაფერი არ არის და ამით დამთავრდება ყველაფერი, მეტიც მერაბიშვილს ახალი ბრალდება წაეყენება დანაშაულის დაბრალების გამო, ამის ნაცვლად თავისი მოქმედებით ჯერ პროკურატურამ, რომელმაც არ დაიწყო გამოძიება, შემდეგ უკვე პარლამენტმა, (ვალდებული იყო შეექმნა საგამოძიებო კომისია) თავისი მოქმედებით აჩვენეს, რომ თუნდაც იმ ნაწილში, რომ მერაბიშვილი უკანონოდ გაიყვანეს  ციხიდან, სიმართლეა. ახლა ამან ჩრდილი კი არ მიაყენა, შარავანდედი შეუქმნა სააკაშვილის სადისტური სისტემის ხერხემალს _ მერაბიშვილს. და ახლა უკვე სტრასბურგში იქნება ეს თუ ნებისმიერ საერთაშორისო დონეზე, ყველა ორგანიზაცია ამას შეიტანს თავის ანგარიშში. ნახეთ, რა დღეში ჩაიგდეს თავი? ნებისმიერმა პატიმარმა, რომ განაცხადოს მსგავსი, იმასაც არ გამოიძიებენ? იმაზეც იტყვის ჭიკაიძე, რომ არასერიოზულია? ის რომ გამოიძიონ, ეს რატომ არ გამოიძიეს? ანუ პრეცედენტი შექმნეს, რომელსაც ძალიან მძიმე შედეგები ექნება. ასე რომ, ეს ძალიან ცუდი ფინალია ამ წლისა. რატომ? არ გამორიცხავენ, რომ ამ ხერხემალმა წამოიკიდა გამოუცდელი ადამიანები, ეს საბავშვო ბაღია. ვთქვათ, შეუთვალა ფარცხალაძეს, _ გამომიყვანე და რაღაცებს მოგიყვებიო, ან თავისი კუდებით, რომლებიც ბევრნი არიან პროკურატურაში რჩევა მიაცემინა, რომ, აი, შენ თუ ამას გამოიყვან ციხიდან, მიხვდება, რომ სხვანაირად არის საქმე და ალაპარაკდებაო. «ნაცების» მომავალს რაც შეეხება _ «ნაცებს» ქართულ პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილება არ აკლიათ, არც ფული და მათ მართლა სწამთ, რომ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ვიმეორებ, სჯერათ, რომ ეს ხელისუფლება არის იმდენად უნიათო, რომ ქვეყანას შეიყვანს  ჩიხში და ისინი დაბრუნდებიან.  რესპების, «ნაცებისა» და ალასანიას გაერთიანებას გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ ღია გაერთიანება სიმბიოზი აღარ არის, სიმბიოზი. თუ ნაციონალური ფრაქციის არაერთი წევრი ცალკე ფრაქციას შექმნის ან თემატურად მიემხრობა სხვა ფრაქციას ბევრ საკითხში, ამ სცენარს ნამდვილად არ გამოვრიცხავ, მაგრამ, თუ «ქოცების» დისკრედიტაცია არ  განხორციელდა სწრაფად, ესეც არ მოხდება.

_ საგარეოპოლიტიკურ კურსზე რას იტყვით? არც ისე სწრაფად შეცვლილა და არც ისე რადიკალურად, როგორც ამას გვპირდებოდნენ, კერძოდ, რუსეთთან დამოკიდებულების დათბობა კიდევ შორეული მომავლის თემად რჩება? რუსეთთან მარტო ბაზრის გახსნა და ისიც ნაწილობრივ აშკარად არ აღმოჩნდა საკმარისი ქართული ეკონომიკის გასაჯანსაღებლად! ყოველდღე ძვირდება პროდუქტი, რასაც ადრე თუ გვიან პირველადი მოხმარების სხვა საგნებიც მიემატებამთავრობა ამას ვერ აკონტროლებს?

_ ძალიან დიდი შედეგია ის, რომ გადაიდგა ნაბიჯები ურთიერთობის მოგვარებისთვის. რა გააკეთოს მეტი საქართველოს ხელისუფლებამ? იმაზე წავიდეს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცნოს?  რომ დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს რუსეთთან ამ პირობებით? ესეც ძალიან ბევრია, რომ ხილი გავიდა, ღვინო და ა. შ. შეიძლება უვიზო რეჟიმიც შემოვიდეს.  ვნახოთ, რა იქნება, დრო გვიჩვენებს დანარჩენს.

_ დაბოლოს, კარგად მახსოვს თქვენი ჩემთან გაკეთებული განცხადებაარჩევნებზე ხმას მხოლოდ მარგველაშვილს მივცემო. ახლა, მგონი, აღარ მოგწონთ ეს პარტია, არა? აქვე ერთსაც  გკითხავთ: სააკაშვილის რა ბედი ეწევა, ალბათ, არც არავინ მოსთხოვს პასუხს?!

_ მე მხარს ვუჭერ ბიძინა ივანიშვილს, ამას ვამბობდი და ყველგან გავიმეორებ. კაცმა ეს სადისტები მოგაშორა და ახლა შენც გაანძრიე ხელი!  რაც შეეხება სააკაშვილს,  მე რასაც ვამბობდი, გამართლდა: უცხოეთში, კერძოდ, ამერიკაში იქნება უნივერსიტეტებში-მეთქი. ძალიან სათუოა, რომ, არათუ დააპატიმრონ (ადეიშვილიც კი ვერ ჩამოუყვანიათ), ძალიან სათუოა, რომ თუნდაც საქმე აღიძრას მის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ აქ პოლიტიკური ნება არ არის. დასავლეთში საკმაოდ ბევრია გავლენიანი ადამიანი, რომელთაც ეს კატეგორიულად არ უნდა სხვადასხვა მიზეზით: ერთი იმის გამო, რომ თავის დროზე მხარს უჭერდნენ და თვალს ხუჭავდნენ და ახლა იმის აღმოჩენა, რომ ეს დამნაშავეა, არ უნდათ, სახის შენარჩუნება სურთ და მეორე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია: ევროპაში ძალიან ბევრს არ უნდა, რომ შეიქმნას პრეცედენტი, რომ აიძულეს პოსტსაბჭოური ქვეყნის ავტორიტარული მმართველი (აიძულეს, თორემ სააკაშვილი არ აპირებდა დამარცხების ცნობას), რომ ეცნო დამარცხება და წასულიყო არჩევნებით. მისცეს გარანტია, რომ შენზე პოლიტიკური დევნა არ იქნება და ახლა  საქმე რომც აღიძრას, დაპატიმრებაზე არაფერს ვამბობ, ეს იქნება უაღრესად უარყოფითი გზავნილი დანარჩენი ავტორიტარი მმართველებისადმი. «ფერადი რევოლუციები» დაჭკნა და დალპა და დასავლეთში თავს იმტვრევენ, როგორ მოახდინონ მათი ევოლუციური დემონტაჟი, რათა თანდათან ჩაენაცვლოს ამ რეჟიმებს დემოკრატიები. მაგრამ, თუ საქმე აღიძრება, აი, ამას «ოცნება» ანგარიშს უწევს. ასე რომ, მე არც გამოვრიცხავ, რომ საქმე შესაძლოა, არც აღიძრას სააკაშვილის მიმართ და მე ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ეს იქნება თვალსაჩინოება იმისა, რომ სამართალმა ვერ გაიმარჯვა საქართველოში, შესაბამისად, სახელმწიფოც ვერ შედგა, დაუსჯელი სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვები დარჩებიან იმის თვალსაჩინოდ, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული სამართლებრივი ქვეყანა, არ შედგა.  ყველას ეცოდინება, რომ, რაც გინდა ჩაიდინე, თუ ხარ მაღალ თანამდებობაზე,  ფულიც შეგრჩება და დანაშაულიც. აი, ასე ხახვივით შერჩება სააკაშვილსაც ყველაფერი!

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. ბიძინამ საკუთარი ქონება გადაარჩინა და ხალხს ამადლის გადაგარჩინეთო…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here