Home რუბრიკები პოლიტიკა ტრისტან წითელაშვილი: «ნაცმოძრაობა» უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა

ტრისტან წითელაშვილი: «ნაცმოძრაობა» უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა

722

რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მომხდარმა შეხლაშემოხლამ მთელი საზოგადოების ყურადღება მიიქცია. სოციალურ ქსელებში ერთი ვაიუშველებელი ატყდა: ზოგი სოსო ჯაჭვლიანის მარჯვენას ლოცავდა, ზოგიც _ წყევლიდა, როგორ თუ «ბუნჩულა» ბარამიძეს ხელი დაარტყაო. მართლაც, დიდი მოთმინება სჭირდება ადამიანს, რომ პარლამენტში ამდენ «ნაცს» ერთად უყუროს, რასაც სვან ჯაჭვლიანს ნამდვილად ვერ მოსთხოვ.

 

მაინც ვინ არის გიორგი ბარამიძე? _ ადამიანი, რომელმაც რამდენიმე მძიმე დანაშაული ჩაიდინა და ყველა შერჩა. არადა, ცუდი მამის შვილი სულაც არ არის. მამამისი აივენგო ბარამიძე მე-12 საშუალო სკოლის ორგანიზატორი გახლდათ და ბავშვებსაც ძალიან უყვარდათ, მაგრამ რას იზამ, კარგ კაცებსაც ეზრდებათ ცუდი შვილები. «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციაში გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა დარეკა და გვითხრა, რომ ბარამიძეზე სურდა საუბარი.

_ ბატონო ტრისტან, ბარამიძეზე ყველამ ყველაფერი იცის. თქვენ ახალს რას იტყვით

_ ბარამიძე ნაძირალაა. მის შესახებ ყველაფერი ვიცი. ბარამიძის ჩადენილ სამ დანაშაულს მოგიყვებით. პირველი ისაა, რომ იბრალებს აფხაზეთის ომში მონაწილეობას.

_ ამაში ვერ დაგეთანხმებით, რადგან პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ბარამიძის ომში ყოფნას ადასტურებენ.

_ ბარამიძე ომში იყო, ტელეკამერების წინ იპოზიორა და უკან დაბრუნდა. მას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ვერავინ შემეკამათება. მეორე დანაშაული ისაა, რომ მან გაიტაცა გენერალი ვაშაკიძე 2004 წელს, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ. მესამე დანაშაულზეც მოგიყვებით.

ტამიშთან ვიბრძოდით. 2 ივლისს მოწინააღმდეგემ დესანტი გადმოსვა. 8 დღე-ღამის განმავლობაში ალყაში ვიყავით. ლოთი ქობალიას არმიის დახმარებით ალყის გარღვევა შევძელით, რამდენიმე ადამიანი გადავრჩით. 25 ბიჭი დაგვეღუპა, აქედან ცხრა საერთოდ ვერ ამოვიცანით, დაწვეს. რა თქმა უნდა, ისინი იქ არ დავტოვეთ და თბილისში გადმოვასვენეთ, შემდეგ ყველამ ერთად გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ძმათა სასაფლაოზე ადგილი აგვეღო და გაგვეკეთებინა უცნობი ჯარისკაცების საფლავი, რაც მალევე სისრულეში მოვიყვანეთ. ძალიან ბევრი ვიწვალეთ, ოჩამჩირიდან ისე გადმოვასვენეთ, არავინ დაგვხმარებია. მაშინ პარლამენტი იმელის შენობაში იყო, ბიჭების დაკრძალვის დღეს პარლამენტიდან შემოგვითვალეს, რომ ამ შენობის წინ მიცვალებულებს ნუ ჩამოატარებთო. კინაღამ გავგიჟდით, იმის მაგივრად, რომ სამძიმარი ეთქვათ, ცერემონიალს შემოერთებოდნენ, მიცვალებულებს იმელთან ნუ ჩამოატარებთო, შემოგვითვალეს. მოკლედ, პროცესიამ ჩაიარა, ძმათა სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცებიც დავკრძალეთ და ეს ყველაფერი ჩვენი საკუთარი სახსრებით. მას შემდეგ 2 ივლისს ამ სასაფლაოზე სულ დავდიოდით. 2000 წელს, ტრადიციისამებრ, სასაფლაოზე უნდა ავსულიყავით, ღონისძიებისთვის წინასწარ ვემზადებოდით, ამიტომ წინა დღეს ავედით, რომ საფლავი გაგვეწმინდა. მივედით და რას ვხედავთ? უცნობი ჯარისკაცების სასაფლაო განახევრებულია და იქ ვიღაც არის დაკრძალული. იმ წუთში სასაფლაოს დირექტორს დავუძახეთ, ცხედრები მოვიკითხეთ, ვინაობა ვიკითხეთ იმ ადამიანის, რომელიც იქ დაკრძალეს, გავარკვიეთ, რომ ვარდიკო ნადიბაიძის მოადგილე რაჟდენ ბიწაძე დაუკრძალავთ. მერე ვიკითხეთ, ცხედრები სად გადაასვენეს. დირექტორმა გვიპასუხა, რომ მან არაფერი იცოდა, რომ მისთვის არაფერი უკითხავთ. თქვა, რომ მოიყვანეს მანქანა, დაყარეს ზედ ცხედრები და სადღაც წაასვენეს. ბარამიძე მაშინ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ჩვენ მაშინვე წერილი გავამზადეთ ბარამიძის სახელზე, რომ ამ საქმით დაინტერესებულიყო, მაგრამ მეორე დღიდან ჩვენი დევნა და შევიწროება დაიწყო. ბიჭები დაიჭირეს კიდეც.

ასეთმა საქციელმა ვერ გაგვტეხა, მაინც ვიბრძოდით. გაზეთით მივმართე ბარამიძეს, ვთხოვდი, ის მაინც ეთქვა, ცხედრები სად წაიღეს, მაგრამ პასუხს ვერ ვეღირსეთ.

_ ვაშაკიძის გატაცების ამბავი მოგვიყევით. რა მიზეზით გაიტაცეს?

_ ბარამიძემ გაიტაცა. აფხაზეთის ომში საპოზიოროდ რომ ჩამობრძანდა, გია ვაშაკიძემ მითითება, უფრო სწორად, შენიშვნა მისცა, რომ ასეთი საქციელი ომში მიუღებელი იყო. ვაშაკიძე მართალი იყო, ჩვენ ომში ბიჭები გვეხოცებოდნენ და ბარამიძე კი პიარს იკეთებდა. მას ჩვენი დახმარება საკვები პროდუქტებით მაინც შეეძლო, მაშინ ის პარლამენტარი იყო. ორჯერ ჩამოვიდა ფრონტზე და ორივეჯერ ისე მოიქცა, რომ სულ შენიშვნას იღებდა. გია ვაშაკიძეს კი უფლება ჰქონდა, ბარამიძისთვის შენიშვნა მიეცა.

როდესაც ავადსახსენებელი სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა თავის ბანდასთან ერთად, ბარამიძე კი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, ყველაფერი გაიხსენა და გია ვაშაკიძე, კაცი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, გაიტაცეს. ბარამიძეს მის მიმართ ბოღმა ჰქონდა. მათ ხომ ასეთი ავადმყოფობა აქვთ, გულში ბოროტებას, შურს ატარებენ, სძულთ ის ადამიანები, რომელთაც ქართული, ეროვნული საქმის კეთებაში წვლილი მიუძღვით.

გენერალ გია ვაშაკიძეს ბარამიძე პირადად აწამებდა, რამდენიმე დღე თავდაყირა ჰყავდა ჩამოკიდებული. მერე, ციხეში რომ ჩაესვა, დანაშაული შეუთითხნა, ვითომ ვაშაკიძემ, ბანკირი გაიტაცა. დღეს ის ბანკირი სიმართლეს ყვება, მაგრამ რაღა დროს, ცხრა წელი ციხე მოიხადა გენერალმა კაცმა. ვაშაკიძე ბარამიძის პირადი პატიმარი იყო, თანაც დახურულ ციხეში.

 დღეს სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის.

_ მაგრამ სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეჩერებულია

_ ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ შევძლებთ, ხელისუფლება ვაიძულოთ, დანაპირები შეასრულონ. ხარვეზების დამდგენი კომისიის შეჩერების ინიციატორთა შორის, ვიცი, რომ ბარამიძეც არის, ის ახალი მთავრობის წევრებთან კულუარულ მოლაპარაკებებში მონაწილეობს.

_ გია ბარამიძე გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, რომ, თუ დამნაშავე ვარ, დამიჭირონო. მგონი, ეს ადამიანი მართალია.

_ ის დამნაშავეა და მალე დამტკიცდება. ბარამიძე აფრასიძეებთანაც დამნაშავეა. ეს საქმე შესწავლილი მაქვს. აფრასიძეებს შორის ერთი ადამიანი იყო დასაპატიმრებელი და მანაც მოლაპარაკებების დროს მიიღო გადაწყვეტილება, ჩაბარებოდა სამართალდამცავებს. ეს იყო ორი კვირით ადრე, ვიდრე მისი ლიკვიდაცია მოხდებოდა. მეომარი კაცი ვარ და ის, რაც ბარამიძემ ჩაიდინა, ომში მოწინააღმდეგესაც კი არ გავუკეთებთ. სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ ყოველთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბარამიძე რომ ასეთ დიდ გულზეა, ხელისუფლების «დამსახურებაა», ეს მათ მისცეს ამის თქმის უფლება. ბარამიძემ იცის, რომ ხელს აფარებენ მას, ვიცი და ცოტა ხანში ზუსტად დავადგენ ინფორმაციას, რომ წინა მთავრობა კოლოსალურ თანხას იხდის, რომ დანაშაული შერჩეთ.

_ ეს ცოტა ხმაურიანი განცხადებაა. რა გაძლევთ ამის თქმის უფლებას?

_ ჯერ კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, მაგრამ ვიცი, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს ფინანსებს ეხება. ინფორმაცია საფუძვლიანია და მას ბოლომდე მივყვები.

_ ეს ამბები ამდენი ხანი არ გითქვამთ. რატომ გადაწყვიტეთ ახლა ბარამიძეზე საუბარი?

_ მე მარტო ბარამიძეზე არ ვლაპარაკობ, რაც ციხიდან გამოვედი. ციხეშიც ვყვიროდი, რომ «ნაცები» უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების შექმნილი ადამიანები არიან. მათ ჰქონდათ დავალება, რომ ქვეყანა გაენადგურებინათ. ამას შეუიარაღებელი თვალითაც დაინახავ. ბარამიძე კი ამ გუნდში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. არ შეიძლება, რომ ისინი, კრიმინალური პარტიის წარმომადგენლები, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ისხდნენ.

ბარამიძე მარტო «ჩმორი» კი არ არის, არამზადაა, გარეწარი და ნაძირალა. სოსო ჯაჭვლიანს ვენაცვალე ვაჟკაცობაში! ყველა სამხედრო პირი უდიდეს პატივს ვცემთ მას, რადგან სწორედ მან შეძლო იმ პირველი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ამდენი ხანიც უნდა გადადგმულიყო.

თუ ხელისუფლება არ გამოიჩენს ნებას და «ნაცების» დანაშაულებებს სამართლებრივ ჩარჩოში არ მოაქცევს, თუ მათ მართლმსაჯულების წინაშე არ წარადგენენ, მაშინ ჩვენ ქუჩაქუჩა დავუწყებთ დამნაშავეებს დევნას.

_ და რამდენი ხანი დაელოდებით კიდევ?

_ დიდხანს არა. ჯერ გამაფრთხილებელ აქციებს მოვაწყობთ და მერე შევხედავთ.

იცით, როგორი გამწარებული ვარ? მე შვილი არ მომიკლეს, მაგრამ 11 წლის შვილი დამიავადმყოფეს. სახლში რომ შემომიცვივდნენ, ბავშვი მუხლებზე მომეხვია, მათ წიხლი ჰკრეს და მეორე სართულიდან გადააგდეს. ბავშვი დღემდე ვერ ლაპარაკობს, ვერ მოძრაობს. მთავრობა ამბობს, რომ ფინანსები არ არის სამართლიანობის აღსადგენადო. რა ფინანსები ამინაზღაურებს იმას, რაც ჩემს შვილს დამართეს?! ჩვენ მაგათი ფინანსები არაფერში გვჭირდება, კარგად შეინახოს ახალმა ხელისუფლებამ თავისი ფინანსები და «იგულაოს».

ბარამიძესაც და დანარჩენებსაც ვურჩევთ, რომ საკუთარი ფეხით წავიდნენ ციხეში, რადგან იქ უფრო უსაფრთხოდ იქნებიან

ხელისუფლებას ვაფრთხილებთ, თუ თავად არ დაიწყებენ სამართლიანობის აღდგენას, ჩვენ მივხედავთ ამ საქმეს და, თუ როგორ მივხედავთ, მაგას მალე დაინახავენ.

მართლმადიდებლები ვართ და მიმტევებლები უნდა ვიყოთ, მაგრამ «ნაცბანდის» მიმართ მიმტევებელი ნამდვილად ვერ ვიქნებით, სააკაშვილით დაწყებული თუთბერიძით დამთავრებული, ყველა უნდა დაისაჯოს. ადამიანები, რომლებიც ყველას და ყველაფერს ანადგურებენ, რასაც ქართული ჰქვია.

_ ასეთი ნიშნები, ქართულისა და ეროვნულის მოსპობის, ახალ ხელისუფლებაშიც შეიმჩნევა.

_ იგივე ბედი ელის ყველას. ახალ მთავრობას რა, თქვენ გგონიათ, ხელს დავაფარებთ? ვიცი, რომ მათ ერთი იდეოლოგია აქვთ. ჩვენ ამას დიდხანს ვერ ავიტანთ. ესენიც სცოდავენ. იმის ნაცვლად, «ნაცები» წელში გაეტეხათ, საშუალება მისცეს, რომ არასამთავრობოები შეექმნათ, ინსტიტუტები ჩამოეყალიბებინათ და დღეს სწორედ ამ არასამთავრობოებს უნდა ვებრძოლოთ.

მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ «ნაცები» არასოდეს მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ უნდა აეკრძალოთ საჯარო სამსახურებში მუშაობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა…

ჩვენ მხარეს სიმართლეა, ამიტომ ვერაფერი მოგვერევა. ახალმა ხელისუფლებამ უკვე დაუშვა დიდი შეცდომები, თამარ კორძაიას განცხადებამ ხელისუფლების ნგრევა დაიწყო. მათ უკვე გადადგეს ნაბიჯი და ქართველს სულში ჩააფურთხეს. ჩვენ ვიღაცები არ ვართ, ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელმაც ქართველი ერის წინაშე ფიცი დავდეთ, რომ სამშობლოს ვემსახურებოდით და ფიცი არ გაგვიტეხია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. რაღაც გული მიგრძნობს ცუდად დაამთავრებს ეს მთავრობა, ამდენი ხალხის გადაგდება და მასხრად აგდება არ შერჩებათ მერე ითვალონ ხელფასები და პრემიები

  2. ნეტა როდის დაანებებტ ტავს ამ სისულელეებს და როდის მიხედავტ ხალხს!გაიგეტ?ხალხს მიხედეტ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here