Home რუბრიკები პოლიტიკა რას მოუტანს საქართველოს უკრაინული კრიზისი?

რას მოუტანს საქართველოს უკრაინული კრიზისი?

527

როგორც არ უნდა დასრულდეს პოლიტიკური ძალების დაპირისპირება უკრაინაში, მან ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი როლი უკვე შეასრულა და დაფიქრებისთვის საკმარისზე მეტი საბაბი მისცა. ძველი სტერეოტიპები ეჭვქვეშ დგება და ეს საკმაოდ კარგი მომენტია იმისთვის, რომ ჩვენი შეხედულებები საერთაშორისო ურთიერთობებზე უფრო ობიექტური გავხადოთ. უკრაინაში განვითარებული მოვლენები სერიოზულ გავლენას, სავარაუდოდ, ჩვენი ქვეყნის მომავალზეც მოახდენს. საინტერესოა, რამდენად სწორ დასკვნებს გამოვიტანთ უკრაინული გაკვეთილიდან და რამდენად კარგად მოვემზადებით მომავალი კრიზისისთვის, რომელიც თითქმის გარდაუვალი ჩანს.

 

ქართული ნოემბრიდან უკრაინულ ნოემბრამდე

უკრაინული ეპოპეის დასაწყისშივე საქართველოში ძალიან ფართოდ გავრცელდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დასავლეთი ორმაგ სტანდარტებს იყენებს. ეს გასაგებიცაა, რადგან სხვანაირად, უბრალოდ, შეუძლებელია ახსნა აშკარა შეუსაბამობა იმ რეაქციას შორის, რომელიც აშშსა და ევროკავშირში, ერთის მხრივ, 2007 წლის 7 ნოემბრის სადისტურ დარბევას და სააკაშვილის რეჟიმის სხვა მსგავს ნაბიჯებს და, მეორე მხრივ, უკრაინის ხელისუფლების ბოლოდროინდელ, «ევრომაიდანის» წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს მოჰყვა. ცხადია, არავინ ამართლებს უკრაინელი სამართლადამცავების ხისტ მოქმედებას, მაგრამ ქართულმა ტელეაუდიტორიამ საკუთარი თვალით იხილა, რომ სააკაშვილის ზონდერ-პოლიციელებთან შედარებით, ისინი გაცილებით ზომიერად მოქმედებდნენ. დღეს სრულიად დასავლეთი მოითხოვს იმ უკრაინელი ჩინოვნიკების დასჯას, რომლებმაც 30 ნოემბერს მილიცია მომიტინგეებს დაუპირისპირა და ხელისუფლების პირველ პირებს სანქციებით ემუქრება, მაშინ, როდესაც არც 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის, არც «ვარდოსანი ხელისუფლების» სხვა სადამსჯელო ოპერაციების შემდეგ მსგავსი რამ აზრდაც არ მოსვლია. ძალიან ძნელია, უწოდო ამას რაიმე სხვა, ორმაგი სტანდარტების გამოყენების გარდა; ამ მოსაზრებას საქართველოში დასავლეთის ყველაზე გულმხურვალე აპოლოგეტებიც კი არ ეწინააღმდეგებიან და თავიანთ კომენტარებში იძულებულები არიან (პირდაპირ თუ ირიბად), ეს ქცევა პოლიტიკური მიზანშეწონილობის ფაქტორით გაამართლონ.

თუ უკრაინელი ჩინოვნიკები 30 ნოემბრის პოლიციური ოპერაციის ჩატარებისთვის ციხეში უნდა წავიდნენ, რა ეკუთვნის თბილისური 7 ნოემბრის ორგანიზატორებს? სარზე გასმა? (შედეგების სიმძიმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ). ერთი კი ფაქტია: შექმნილ სიტუაციაში საქართველოს ახალ ხელისუფლებას შეუძლია (ისედაც ვალდებულია) თამამად გამოიძიოს 7 ნოემბრის (26 მაისის და ა. შ.) მოვლენები და დარბევების ორგანიზატორები კანონის მოთხოვნების შესაბამისად დასაჯოს. ხოლო თუ სააკაშვილის ლობისტები დასავლეთში ამას გააპროტესტებენ, უკრაინულ პრეცედენტზე მიუთითოს.

ქართული საზოგადოება, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პოლიტიკაში, საშინაო იქნება ის, თუ საგარეო, პრაგმატიზმი და მისი თანმდევი ცინიზმი გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ნებისმიერი იდეალისტური მოტივი, თუნდაც მისი ერთგულება ათასგზის დეკლარირებული იყოს. რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს შესაბამისი ილუზიების მსხვრევა, ის, ალბათ, მაინც დადებით მოვლენად უნდა ჩავთვალოთ, რადგან სასურველია, რეალობა ისეთად აღვიქვათ, როგორიც ის სინამდვილეში არის.

კიდევ ერთი დასკვნა, რომელსაც ქართული საზოგადოება კიევის მოვლენების კვალობაზე მიუახლოვდა, სავარაუდოდ, ისაა, რომ ქვეყნის მთლიანობას, რომელიც მისი მოსახლეობისთვის უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს, გარე მოთამაშეებმა შეიძლება ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭონ. ეჭვები ამასთან დაკავშირებით, ჩვენი უახლესი გამოცდილებიდან გამომდინარე, ისედაც არსებობდა და ბოლოდროინდელმა დისკუსიამ უკრაინაზე ხელი მათ გაღრმავებას შეუწყო. უკრაინის დაშლის და გამანადგურებელი სამოქალაქო ომის საფრთხე მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ უცხო სახელმწიფოები მოქმედებენ ისე, თითქოს საერთოდ არ ანაღვლებთ, რომ შეიძლება ამ პროცესების პროვოცირება მოახდინონ. ამ კონტექსტში საინტერესოა ის, რომ ქართულ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი კომენტატორი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ უკრაინის დაშლა კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო ვარიანტია(?). დასავლეთ უკრაინა ევროპელებს დარჩებათ, აღმოსავლეთ უკრაინა _ რუსებს და ა. შ. ამ საშიში თეორიების ფარგლებში საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია და უცხო ქვეყნების ინტერესები დაყენებულია ქვეყნის მთლიანობაზე მაღლა. თუ მათ პროეცირებას ქართულ რეალიებზე მოვახდენთ, შემდეგ სურათს მივიღებთ: ვინაიდან კრემლი სეპარატისტულ რესპუბლიკებში დომინირებს, ხოლო დასავლეთი _ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, აფხაზებსა და ოსებს ევრაზიული კავშირი უნდათ, ხოლო ქართველებს _ ევროკავშირი (ეს, ცხადია, გამარტივებული სურათია, თუმცა ამ შემთხვევაში ესეც საკმარისია). ამ ადამიანების ლოგიკით გამოდის, რომ საუკეთესო, ყველაზე უმტივნეულო გამოსავალი ერთიანი სახელმწიფოს დაშლაა.

 სავარაუდოდ, სწორედ ამ ნიადაგზე გაჩნდა ერთ-ერთი ყველაზე მანიაკალური ლოზუნგი საქართველოს უახლეს ისტორიაში: «ნატოში _ ტერიტორიების გარეშე!», მაშინ, როდესაც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია, რომ არც ერთი იდეა, ზოგადად საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციას ეხება ის თუ რომელიმე ალიანსში გაწევრიანებას, არ შეიძლება დავაყენოთ ქვეყნის მთლიანობაზე მაღლა. მაგრამ მსგავსი მარგინალური თეორიები მაინც იბადება როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში და სხვა ამ კრიზისთან დაკავშირებულ ქვეყნებში.

ორ სკამზე ჯდომა იკრძალება

უკრაინა რეალური დროის რეჟიმში გვიჩვენებს, რამდენად საშიშია პოლარიზაცია საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის ნიადაგზე და მისი გადაქცევა დღის წესრიგის მთავარ საკითხად. მიჩნეულია, რომ ჩვენ მსგავსი დაპირისპირება არ გვემუქრება, რადგან საზოგადოების უმრავლესობა მკაცრად პროდასავლურია. შესაძლოა, ეს შეფასება გადაჭარბებულად ოპტიმისტურია. თუ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე საქართველოში მოხდება დაახლოებით ის, რაც 17 მაისს ლგბტ აქტივისტების აქციასთან დაკავშირებით მოხდა და ევროჩინოვნიკები ქართული საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილს თითის ქნევას დაუწყებენ და, თუ კრემლი მკაფიოდ მიანიშნებს საქართველოს მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაზე (ცხადია, რუსული «ქოლგის» ქვეშ), მოჩვენებითი ერთიანობა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით შეიძლება სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, ხოლო მკვეთრი პოლარიზება საზოგადოებაში რეალობად იქცეს.

როგორც ცნობილია, ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება არასოდეს ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, მაგრამ ის დამატებით შეღავათებს ითხოვდა, მათ შორის ფულს, რომელიც უკრაინის ეკონომიკას რუსული ბაზრიდან მოწყვეტით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმარებოდა. მას, აგრეთვე, აინტერესებდა ევროკავშირში მომავალი გაწევრიანების შეძლებისდაგვარად მყარი გარანტიები. მარტივად რომ ვთქვათ, იანუკოვიჩი ევროპელებს ევაჭრებოდა. დღეს მისი ოპონენტები კიევში და განსაკუთრებით მათი მხარდამჭერები თბილისში მას პრორუსულ ლიდერს უწოდებენ, მაშინ, როდესაც კრემლი იანუკოვიჩს არასანდო პარტნიორად განიხილავს, ხოლო რუსი ექსპერტები მას ორმაგი თამაშის წარმოებაში ადანაშაულებენ. საბოლოო ჯამში, არაერთი დამკვირვებელი შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ ბრალდებას იანუკოვიჩის პრორუსულობასთან დაკავშირებით საფუძვლად მხოლოდ ის უდევს, რომ მან მორჩილად და უსიტყვოდ არ მიიღო ის პირობები, რომელთაც ევროკავშირი სთავაზობდა. მთელ ამ ისტორიას საქართველოსთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვამდე მივყავართ, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება აბსურდულად მოგვეჩვენოს: «შეიძლება თუ არა შევაჭრება დასავლეთთან?”.

თუ საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელისგან დამატებით ბონუსებს მოითხოვს, მოლაპარაკება გაიწელება და ჩიხში შევა (ეს, 99%-იანი ალბათობით, არ მოხდება, თუმცა თეორიულად დავუშვათ) უამრავი ადამიანი თავისით, ყოველგვარი წაქეზების გარეშე ქუჩაში გამოვა, ისევე, როგორც ეს კიევში მოხდა და შეთანხმების სასწრაფო ხელმოწერას მოითხოვს იმ პირობებით, რომელთაც ევროკავშირი შემოგვთავაზებს. მართალია, მათი რიცხვი არ იქნება იმდენად დიდი, როგორც ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერებს წარმოუდგენიათ (ისინი ფიქრობენ ამ ვარიანტზე, თუმცა მთავრობა ამ მიმართულებით გააქტიურებისთვის ჯერჯერობით საბაბს არ აძლევს), მაგრამ ჩვენ წინაშე ნამდვილად ანგარისგასაწევი ძალა წარსდგება. ამ ადამიანებისთვის დასავლეთის სიტყვა კანონია და ადგილობრივი მოსახლეობის ნებისმიერ ინტერესებზე გაცილებით მაღლა დგას.

დღევანდელ, კრიზისში მყოფ მსოფლიოში დიდი ალიანსების კონსოლიდაციის დრო დგება. დასავლეთმა განაახლა ევრაზიის აღმოსავლეთით გავლენის სფეროს გაფართოების მცდელობები (ზოგიერთი სიგნალი მიანიშნებს იმაზე, რომ «შემდეგი გაჩერება» სომხეთი იქნება), ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ყოველწილურ მიმართვაში ძალზე ამბიციური განაცხადი გააკეთა, ფაქტობრივად, ანტიგლობალისტური მობილიზაცია გამოაცხადა და ერთგვარი «კონსერვატიულტრადიციონალისტური ინტერნაციონალის» შექმნის აუცილებლობაზე მიუთითა. ყოველივე ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ პროცესის დასაწყისია. შედარებით სუსტ ქვეყნებს მანევრის შესაძლებლობა, როგორც ჩანს, თანდათან შეეზღუდებათ. მათ სულ უფრო ნაკლები სივრცე დარჩებათ ლავირებისთვის და პროქართული, პროაზერბაიჯანული თუ პროუკრაინული პოლიტიკის გატარებისთვის. მათ სულ უფრო ხშირად მოსთხოვენ, «ორ სკამზე ჯდომას» თავი დაანებონ და უფროს პარტნიორებს დაემორჩილონ. ეს ძალზე საშიში პერიოდია, რადგან დასავლეთი ჯერჯერობით მზად არ არის, გაანეიტარალოს ის სამხედროპოლიტიკური თუ ეკონომიკური საფრთხეები, რომლებიც ამ ქვეყნებს «საბოლოო არჩევანის» გაკეთების შემდეგ რუსეთის საპასუხო ნაბიჯების გამო შეექმნებათ.

რა დაგვიბარა რიჩარდ ნიქსონმა?

შაბათს ამერიკელმა პოლიტოლოგმა დმიტრი საიმსმა (ვაშინგტონის «ეროვნული ინტერესების ცენტრის» დირექტორი, ჟურნალ «ნეშნლ ინტერესის» გამომცემელი) რუსულ «იზვესტიას» ერთი საინტერესო ისტორია მოუთხრო. როდესაც 1991-ში თბილისში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ჩამოვიდა, მან ზვიად გამსახურდიას შემდეგი რამ უთხრა: «ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ და ბევრი გეტყვით იმას, რისი მოსმენაც თქვენ, მათი აზრით, გსურთ. მე კი იმას გეტყვით, რაც ნამდვილად უნდა იცოდეთ. საქართველოს გამო შეერთებული შტატები რუსეთთან კონფრონტაციაზე არ წავა და, თუ თქვენ ამას არ გააცნობიერებთ, თქვენ და თქვენს ქვეყანას ამის გამო შეიძლება ძალიან დიდი საფასურის გადახდა მოგიწიოთ».

საიმსმა ამ ეპიზოდის შესახებ 2004 წლის თებერვალში სააკაშვილს უამბო, როდესაც ნახა, რომ ამერიკელი ჩინოვნიკების ქებას პირდაპირი მნიშვნელობით იგებს. სააკაშვილს ეს ძალიან არ მოეწონა. «მას მოუთმენლად სურდა, მოსკოვისთვის თავისი ადგილი მიეჩინა, _ იხსენებს საიმსი, _ ამ სურვილმა შეიტანა თავისი წვლილი დამანგრეველ ომში რუსეთთან ოთხი წლის შემდეგ და მის პოლიტიკურ მარცხში იმ საუბრიდან ხუთი წლის შემდეგ. როგორც, 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის კვალობაზე, ერთერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა, სააკაშვილის პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ის შეცდომით აღიქვამდა მაღალ პოსტზე მყოფი ადამიანების მზადყოფნას, ტელეფონით დალაპარაკებოდნენ, როგორც რეალურ განზრახვას მისი უგუნური ქმედებისთვის მხარი დაეჭირათ».

დისკუსიამ საგარეო პოლიტიკაზე საბოლოოდ შეიძლება ძალიან მარტივ კითხვებამდე მიგვიყვანოს: ვინ ვართ ჩვენ? დასავლეთის ავანგარდი რუსეთთან ბრძოლაში, რომლის წესებზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს (იხ. ნიქსონისა და საიმსის რეპლიკები) თუ, უბრალოდ, პატარა ქვეყანა, რომელიც კრიზისულ პერიოდში არ უნდა ემსხვერპლოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ კონკურენციას? თუ პასუხად მეორე ვარიანტს ავირჩევთ, სავარაუდოდ, მივალთ დასკვნამდე, რომ ჩვენს მთავრობას მანევრისთვის გაცილებით მეტი სივრცე სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მალევე, ისევე როგორც სააკაშვილის ხელისუფლება წინასაომარ პერიოდში, რუსეთის პოზიციისა და შესაძლებლობების სრულ იგნორირებას დაიწყებს (ზოგიერთი პოლიტიკოსის ზედმეტად ოპტიმისტური განცხადება ამ შესაძლებლობაზე ნამდვილად მიანიშნებს).

პრობლემა ამ შემთხვევაში, პროდასავლურობაში კი არა, უგუნურებაშია, პოლიტიკური ელიტის ნაწილის დაუოკებელ სურვილში თავი «რომის პაპზე დიდ კათოლიკეებად წარმოაჩინონ». დღეს საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მწვავე კონფრონტაცია რუსეთთან და საზოგადოების გახლეჩის ნიადაგზე აღმოცენებული კრიზისი, რომელიც მას აუცილებლად მოჰყვება (როგორი იქნება კონკრეტული საბაბი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს; სხვათა შორის, ის შეიძლება ფრიად «არასტანდარტული» გამოდგეს). საქართველო უკრაინაზე გაცილებით სუსტია და ამდენს ვერ გაუძლებს.

იმედია, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, შესაძლებლობას მოგვცემს, კარგად გავერკვეთ პოსტსაბჭოთა სივცეში განვითარებულ პროცესებში, გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკა და პროპაგანდა, ემოციები და ეროვნული ინტერესები. კარგად გავაცნობიეროთ, რა შეიძლება დავკარგოთ, ერთის მხრივ, ჩვენ და, მეორე მხრივ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და რამდენად სამართლიანია რისკების ამგვარი განაწილება. ყოველივე ეს სულაც არ გულისხმობს უარის თქმას ევროინტეგრაციაზე, არამედ _ მხოლოდ და მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში კეთილგონიერების დოზის გაზრდას, რაც, საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ყველა უბედურებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ჰაერივით გვჭირდება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here