Home რუბრიკები პოლიტიკა ავთონომიური ჯიპი და მოთმინების ფიალა

ავთონომიური ჯიპი და მოთმინების ფიალა

1759

ქართულ პოლიტიკურ მითოლოგიაში ერთერთ ცენტრალურ ადგილს «მოთმინების ფიალა» იკავებს. არავინ იცის, რა მოცულობისაა ის და რამდენად სწრაფად ივსება, მაგრამ ამავე დროს (და არის ამაში რაღაც პარადოქსული) ყველასთვის ცხადია, რომ საუბარი «ბოლო წვეთზე» და ხსენებული ფიალის ავსებაზე ჯერჯერობით ნაადრევია. საზოგადოება ახალ მთავრობას თითქმის ყველა შეცდომას პატიობს, ისევე, როგორც ამას 2004-06 წლებში აკეთებდა, ან კიდევ მას შემდეგ, რაც შევარდნაძის ხელისუფლებამ არეულ ქვეყანაში ფარდობითი სიმშვიდე დაამყარა. «თაფლობის თვე» ჯერჯერობით გრძელდება. მაგრამ მძიმე წვეთები ერთი მეორის მიყოლებით ეცემა მოთმინების ფიალაში და ადრე თუ გვიან ერთერთი მათგანი ბოლო გახდება.

 

გასული კვირის ყველაზე რეზონანსული ისტორია დაიწყო იმით, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ, 83 ათას ლარად უახლესი მოდელის სამსახურებრივი მანქანის შეძენა განიზრახა. არაფერი ორიგინალური ამაში არ იყო, მსგავსი იდეები ქართველი ჩინოვნიკების თავში ერთი მეორის მიყოლებით იბადება და, შესაბამისად, ახალი, აშკარად მანიაკალური ხასიათის ტენდერების გამოცხადება ხდება. მაგრამ ვინაიდან ბერიძე საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირია, საზოგადოება ამჯერად შეშფოთდა და ნაწილობრივ აღშფოთდა კიდეც.

საერთოდ, სახელისუფლო სტრუქტურების ავტოპარკში საკმარისზე მეტია 2-3 წლის წინ ნაყიდი მანქანა, რომლებიც მშვენივრად გამოიყურება და მაღალი გამავლობითაც გამოირჩევა. აგრეთვე, (თუ მაინც და მაინც) შესაძლებელია გაცილებით იაფი ავტომობილების შეძენაც. მაგრამ, როგორც ჩანს, სიღრმისეული მოტივი, რომელზეც მიანიშნებს უკვდავი ფრაზა «უნახავმა რა ნახაო» ყველა წარმოსადგენ კონტრარგუმენტს უკუაგდებს.

გაძვალტყავებულ ქვეყანაში, სადაც უამრავი ოჯახი შიმშილის ზღვარზე ცხოვრობს, უახლესი მოდელის ჯიპზე ამხედრებული ჩინოვნიკი ზიზღის გარდა სხვა რეაქციას ვერ გამოიწვევს არამხოლოდ ადგილობრივებში, არამედ უცხოელებშიც, რომელთაც «მესამე სამყაროს» ქვეყნებში მსგავსი კარიკატურული პერსონაჟები არაერთგზის უნახავთ. ამჯერად მხოლოდ მანქანებით შემოვიფარგლოთ და დროებით თავი დავანებოთ საბიუჯეტო თანხებით შეძენილ უახლეს სმარტფონებს და სხვა სახელისუფლო აქსესუარებს, თორემ იმის მოყოლა მომიწევს, როგორც ცდილობდა ერთი სახელმწიფო მოხელე «აიფონ 5»-ის ფუნქციებში გარკვეულიყო; მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ის გამოიყურებოდა, როგორც შიმპანზე ყუმბარით ხელში.

«ნაციონალები» უარესად იქცეოდნენ. კი, ბატონო, მაგრამ მათი, ისევე როგორც პაპუა-ახალ გვინეაში, იატაკქვეშეთში მოქმედი კანიბალების ქცევიდან თუ კორპორატიული ტრადიციებიდან არანაირად გამომდინარეობს, რომ საზოგადოებამ ავთანდილ ბერიძე უნდა დაინდოს. არავინ ამბობს, რომ ამ მონუმენტალურმა მოღვაწემ მოტოროლერით უნდა იაროს, მაგრამ, ალბათ, აუცილებელია მიეთითოს, რომ მან გადააბიჯა ზღვარს, რომელსაც, ინტელექტის არატრივიალური კონფიგურაციიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ვერ გრძნობს.

ამ ეპიზოდისთვის გვერდის ავლა ნამდვილად არ გამოდიოდა და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბერიძის საკითხი «ქართული ოცნების» პოლიტსაბჭოზე განეხილა. საჯარიმო დარტყმა ახლო მანძილიდან კახი კალაძემ შეასრულა, რომელიც არამხოლოდ ენერგეტიკის მინისტრი, არამედ პარტია «ქართული ოცნების» გენერალური მდივანია (ძნელი სათქმელია, რად უნდა ეს ორი სათაური, მაგრამ მაინც): «ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი, იქნება ის არჩეული თუ დანიშნული რაიმე თანამდებობაზე, უზრუნველყოფილ იქნას ნებისმიერი საშუალებით, რომელიც უფლებმოსილებისა და მოვალეობის ეფექტური შესრულებისთვის არის საჭირო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდა ხდებოდეს გონივრულ ფარგლებში და იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს ქვეყანაში. სამწუხაროდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელიც არის ამავე დროს «ქართული ოცნების» წევრი, როგორც ჩანს, ვერ ათვითცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას. ის თვითონვე უნდა ხვდებოდეს ამას, თავს იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირად ღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი საზოგადოების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის», _ განაცხადა გენერალ-ანშეფმა, უკაცრავად, მინისტრ-გენმდივანმა. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა არ ხსნის მთავარ კითხვებს ხელისუფლების მიმართ _ «სად იპოვეთ ავთანდილ ბერიძედა «სად პოულობთ ასეთ კადრებს საერთოდ?», რადგან ბერიძის შემთხვევა ერთადერთი არ არის.

საკადრო ოლიგოფრენიას თავი რომ დავანებოთ, ყველაფერი თითქოს თავის ადგილას დადგა _ ტენდერი გაუქმდა, ბერიძემ შეცდომა აღიარა, მაგრამ ამ დროს გაისმა ფანფარების ხმა და ცირკის არენაზე გამოჩნდა პარლამენტის ვიცესპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე, რათა გაეხმოვანებინა იდეები, რომელთაც მსოფლიო პოლიტიკის მრავლისმნახველ ისტორიაში (ქვის ხანის ჩათვლით) ანალოგი არ აქვს: «საქართველოს მთავრობის ნებისმიერ წევრს ჰყავს ახალი მანქანა და ეს არ არის გასაკვირი. საქართველოს მთავრობა თავის კომპეტენციებში უნდა ჩაჯდეს. ჩვენ 2012 წლის 1 ოქტომბერს ცენტრალური მმართველობა დავამთავრეთ. აჭარის ავტონომიის ლიდერს აქვს უფლება, რომ განკარგოს ბიუჯეტი როგორც თავად მოისურვებს უმაღლესი საბჭო. ეს არის კანონი. კომპეტენციურად და ფუნქციურად კახა კალაძეს არ აქვს უფლება, ზეწოლა განახორციელოს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტზე».

საერთოდ, იმისთვის, რომ განიხილო ავტომოყვარულ ბერიძესთან დაკავშირებული სკანდალი ცენტრისა და რეგიონის დაპირისპირების კონტექსტში, ან შიზარიუმის უიმედო პაციენტი უნდა იყო, ან კიდევ ახალი, ორიგინალური კონცეფციის ავტორი, რომლის ფარგლებში ავტონომიის იდეა შეუზღუდავი ღორობის უფლებას უკავშირდება. საბოლოო დასკვნის გამოტანისგან, ალბათ, თავი უნდა შევიკავოთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეიძლება კიდევ ორი კითხვა გაგვიჩნდეს: სად იპოვეთ მურმან დუმბაძე? და: წარმოადგინა თუ არა დუმბაძემ შესაბამისი ცნობა?

არაერთი უცხო სახელმწიფო ყურადღებით აკვირდება სიტუაციას აჭარაში და კბილებს თითქმის დაუფარავად ილესავს. მათი სპეცსამსახურები ხედავენ, რომ ერთი დამპალი ჯიპის გამო ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი მზად არის, საუბარი ცენტრის მიერ ავტონომიის უფლებების შეზღუდვაზე დაიწყოს. ისინი, ცხადია, იწყებენ ფიქრს იმაზე, რა შეიძლება გააკეთონ ასეთმა პოლიტიკოსებმა რამდენიმე მილიონი დოლარის სანაცვლოდ. ისინი მუშაობენ, ისინი ემზადებიან, ეს ჩვენი მოღვაწეები კი ამ დროს დახტიან ჯიპების სიახლოვეს, ენერგიულად, როგორც სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ორანგუტანგები.

დიდთოვლობის გამო აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა. სხვათა შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები დივერსიის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ, რადგან გადამცემი ხაზების დაზიანების ხასიათი საეჭვოდ მოეჩვენათ. და როდესაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა და ბათუმელებმა ტელევიზორები და კომპიუტერები ჩართეს, პირველი, რის შესახებაც მათ შეიტყვეს, იყო სკანდალი ავთანდილ ბერიძის ჯიპის გარშემო; ძნელი წარმოსადგენი არაა, რა რეაქცია ჰქონდათ მათ.

ადრე, საააკაშვილის მმართველობის წლებში, საზოგადოება ნაკლებად ინტერესდებოდა იმ კოშმარით, რომელიც სახელმწიფო შეყიდვებისა და შესაბამისი ტენდერების მიმართულებით ხდებოდა, რადგან წინა პლანზე სულ სხვა საკითხები იდგა _ რეჟიმი კლავდა, აწამებდა და აუპატიურებდა მოქალაქეებს და ეს გაცილებით აქტუალური იყო, ვიდრე საბიუჯეტო თანხების დანაშაულებრივად არამიზნობრივი ხარჯვა ან თუნდაც მისაკუთრება. დღეს ამ პრობლემას საზოგადოება გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევს.

«ქართულ ოცნებას», ალბათ, მაინც მოუწევს ავთანდილ ბერიძესთან დამშვიდობება, რადგან ამ და რიგი სხვა ეპიზოდების გამო ის, ფაქტობრივად, კომიქსის პერსონაჟად გადაიქცა (ქოლგასთან დაკავშირებული ისტორია, ბულვარში ჯიპით სეირნობა და ა.შ. ისე, ავტოსპორტის ფედერაცია ხომ არ ჩავაბაროთ? «ესლი ნე ონ, ტო კტო?»). სხვათა შორის, მისი იმიჯის მიწასთან გასწორების კამპანია აშკარად მართული იყო, გამორიცხული არც ისაა, რომ ახალი სამსახურებრივი ავტომობილის შეძენის იდეა საკმაოდ ოსტატურად კონკურენტმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ მიაწოდა, ბერიძე კი ამ ანკესზე წამოეგო, მაგრამ ყოველივე თქმული მის შეცდომებს არ ამართლებს, ხოლო მისი დატოვება პოტენციურად პრობლემური რეგიონის ხელმძღვანელ რგოლში მომავალში შეიძლება ახალ სირთულეებს დაუკავშირდეს. თუმცა ეს ტაქტიკური ნიუანსია, გაცილებით მნიშვნელოვანი ამ ისტორიის ფსიქოლოგიური ქვეტექსტია. მთავარი პრობლემა ის კი არაა, რომ კონკრეტული ჩინოვნიკები წურბელებივით იქცევიან, არამედ ის, რომ უამრავი ადამიანი საქართველოში განიხილავს ხელისუფლებას, როგორც სოციალური გარანტიებისა და პირადი კომფორტის შექმნის ინსტრუმენტს და თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში იმავეს ან უარესს იზამს. ის გარემოება, რომ ეს «სულით ბარბაროსები» ოცნებობენ იმაზე, რომ სამსართულიანი სახლიდან ოთხსართულიანში გადასახლდნენ, 2012 წლის გამოშვების ჯიპი 2013 წლის გამოშვების ჯიპით შეცვალონ და «აიფონ 4» _ «აიფონ-5», და იმის იქით ვერაფერს ხედავენ, ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. ყოველივე ეს ახსნა-განმარტებითი მუშაობით და მგლის თავზე სახარების კითხვით არ იკურნება. პრობლემა იარსებებს მანამ, სანამ არ შეიქმნება დამნაშავე მაღალჩინოსნების (და არამხოლოდ დაბალი და საშუალო რგოლის პრიმიტიული მექრთამეების) დასჯის პრეცედენტი და მხოლოდ ამის შემდეგ შეშინდებიან ისინიც, ვინც ფორმალურად კანონს არ არღვევენ, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნით აშკარად ხელს ითბობენ.  

ავთანდილ ბერიძესთან დაკავშირებით ხელისუფლება ჯერჯერობით სწორად იქცევა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი ლოკალური ეპიზოდია. ამ შემთხვევაში, საზოგადოების გაღიზიანების გამო ხელისუფლებას სხვა გზით წასვლა ძალიან გაუჭირდებოდა. მაგრამ ყველა ეს მანიპულაცია თუ მელოდრამატული ჟესტი არაფერია იმ პრობლემებთან შედარებით, რომლებიც თუნდაც სამართლიანობის აღდგენის კუთხით შეიქმნა. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის ჩამოყალიბება, ფაქტობრივად, ბლოკირებულია. გამოძიებები ხმაურიან საქმეებზე თითქოს გრძელდება, მაგრამ ძველი ხელისუფლების პირველ პირებს დაკითხვაზე არ იბარებენ. არის მთელი რიგი საქმეები, რომლებშიც ჭეშმარიტების დადგენა მიხეილ საააკაშვილის (და მისი ზოგიერთი მინისტრის) დაკითხვის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია (ზურაბ ჟვანიას საქმე, ლაფანყური, მიტინგების სადისტური დარბევა და ა.შ.), მაგრამ გამოძიებას «ნაცმოძრაობის» ბელადის მიმართ კითხვები ჯერჯერობით არ გასჩენია. ყოველივე ამას მასშტაბური, მკვეთრი პროტესტი არ მოსდევს, მაგრამ აშკარაა, რომ არაერთგზის ნახსენები მოთმინების ფიალა საკმაოდ სწრაფად ივსება.

ალბათ, სწორედ ეს საკითხები უნდა განვიხილოთ, როგორც ინდიკატორი და არა აღგზნებულ ავტომოყვარულთან დაკავშირებული სკანდალი, რომელიც, ალბათ, მხოლოდ იმითაა ღირებული, რომ მის ფარგლებში მურმან დუმბაძემ საკუთარი თავის სრული, დაუვიწყარი და შოკისმომგვრელი ლუსტრირება მოახდინა.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. კველას უნდა მტავრობასჰი მოხვედრა იმიტომ რომ. გამდიდრდეს.ასეა ცჰვენტან საკარტველოსჰი.იაკტიურებს არცჰევნებსჰი დასვამენ მტავრობასჰი და მეორე დგეს იცკებს მოპარვას,ტუ უნახავია სასჰინელებაა ვერ გაადზგებ,სჰეიცვლება მტავრობა ამ ფულებს დახვეტავს გარბის საზგვარგარეტ,არავინ პასუხს არ ტხოვს.რაგაც სისულელეებს გამოაკვეკნებენ ,გალანდზგავენ ვიტომ,გაივლის ცოტა დრო და ახალ ტანამდებობაზე მოდის ეს გარეცარი და ცჰკუას გასცავლის. უკვე სირცხვილია ამის მოსმენა და კურება.ეს ასე გაგრდზელდება ,რატომაც არა კვეკანასჰი არავინ არ ისჯება.ცჰემი აზრიტ ეს დზველი არამზადა პოლიტიკოსები კველა უნდა გაიკაროს პოლიტიკიდან,ნამდვილი კვარკვარეები, სადზაგლები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here