Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთი ამიერკავკასიიდან წასვლას არ აპირებს

რუსეთი ამიერკავკასიიდან წასვლას არ აპირებს

619

«რაც შეეხება ამიერკავკასიას, რუსეთი აქედან წასვლას არასოდეს აპირებდა. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ, გავამყაროთ ჩვენი პოზიციები ამიერკავკასიაში. ჩვენ გავამყარებთ პოზიციებს, ყოველივე საუკეთესოზე დაყრდნობით, რაც ჩვენი წინაპრებისგან გვერგო, რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის სომხეთთან, ურთიერთობაზე დაყრდნობით», _ ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებამ, რომელიც სომხეთში ვიზიტის დროს გააკეთა, კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბული მოლოდინი მოსკოვის ზეწოლის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ვილნიუსის სამიტის და კიევში განვითარებული მოვლენების შემდეგ დამკვიდრდა. ქართული საზოგადოება ცდილობს, წინასწარ ამოიცნოს, რას მოიმოქმედებს კრემლი საქართველოში, რათა რეგიონში, ვლადიმერ პუტინის თქმის არ იყოს, «პოზიციები გაამყაროს».

 

მათ აღარ ახსოვთ აფხაზეთი

ბოლო დროს ქართველი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების გამოსვლებში ერთი უცნაური მოტივი ფიქსირდება. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს გაუჭირდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ბლოკირება, რადგან მასზე ზემოქმედების გაცილებით ნაკლები ბერკეტი აქვს, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, მაგალითად, უკრაინაზე. როგორც ჩანს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს და იქ შექმნილ სიტუაციას ისინი ზეწოლის ბერკეტად (უსერიოზულეს ბერკეტად, რომლის მსგავსი კრემლს უკრაინაში არ აქვს) აღარ განიხილავენ, რაც, ალბათ, ძალზე შემაშფოთებელი სიგნალია.

ფაქტია, რომ სეპარატისტული რეგიონების პრობლემა კვლავაც რჩება მთავარ წინაღობად ნატოში საქართველოს გაწევრიანების გზაზე და მისი ევროპელი წევრები (მაგალითად, გერმანია) პირდაპირ ან ირიბად მიუთითებენ იმაზე, რომ არ შეუძლიათ მიიღონ ალიანსში სახელმწიფო, რომელსაც ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ასეთი სერიოზული პრობლემები აქვს. მაგრამ ევროპელების პოზიცია თანდათან შეიცვლება, თუ საქართველოს წარმომადგენლები თავის განცხადებებში ერთმანეთისგან განაცალკევებენ სეპარატისტულ რესპუბლიკებს და დანარჩენ საქართველოს, შექმნიან შთაბეჭდილებას, რომ არსებულ რეალობას შეეგუენ, აღიარების იდეა დასავლეთში თანდათან ლეგიტიმური გახდება, ხოლო რაღაც მომენტში, ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, შეიძლება საუკეთესო გამოსავლად მოეჩვენოთ. ასე რომ, ის პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომელნიც არ განიხილავენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, როგორც საქართველოზე ზეწოლის ბერკეტებს, და საერთოდ აღარ ახსენებენ მათ რუსეთსაქართველოს ურთიერთობის კონტექსტში, ალბათ, უმძიმეს შეცდომას უშვებენ. ხოლო ჩვენი მდგომარეობა, ალბათ, გაცილებით რთულია, ვიდრე იმავე უკრაინის და მისი შელამაზების მცდელობა მეტად უპასუხისმგებლო ჩანს.

ამ მოსაზრებას ზეწოლის ბერკეტების არარსებობაზე რამდენიმე ვარიაცია აქვს, ერთ-ერთი მათგანის ფარგლებში საუბარია ეკონომიკურ სანქციებზე, რომელთა ხელახალი შემოღება საქართველოს გაცილებით ნაკლებ ზიანს მოუტანს, ვიდრე უკრაინას (საერთოდ, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი პარალელების გავლება არაკორექტულია მათი განსხვავებული მასშტაბიდან, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე). ამ მიდგომის ფარგლებში რუსეთის ერთადერთ შესაძლებელ ნაბიჯად ქართული პროდუქციისთვის ბაზრის დახურვა სახელდება, რომელიც ფრიად უსიამოვნო ეფექტს წარმოშობს და ისედაც აგონიაში მყოფ აგრარულ სექტორს კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მომაკვდინებელი არ იქნება.

დროებით თავი დავანებოთ იმ შესაძლო არასტანდარტულ სვლებს, რომელთა გამოყენებით რუსეთმა შეიძლება საქართველოს ეკონომიკა სრული განადგურების პირას მიიყვანოს და ჩავთვალოთ, რომ ბაზრის დახურვა კრემლის ხელთ არსებული ზეწოლის ერთადერთი საშუალებაა. პრობლემა ისაა, რომ წმინდა ეკონომიკური სტრატეგიების ნაკლებობა ბუნებრივად გამოიწვევს გადახრას სამხედროპოლიტიკური ზეწოლისკენ, ამ კონტექსტში ფარდობითი და მეტწილად წარმოსახვითი ეკონომიკური დაცულობა შეიძლება არა საფრთხის გამანეიტრალებელ, არამედ, პირიქით, მის გამაძლიერებელ ფაქტორად მოგვევლინოს. მარტივად რომ ვთქვათ, რა არის უფრო საშიში _ ემბარგო თუ ახალი გართულებები ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით?

საქართველო უკრაინა არაა და მოსკოვი არ განიხილავს სერიოზულ საფრთხედ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს ევროკავშირთან, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარობს (არ დაგვავიწყდეს, რომ ის ჯერჯერობით ხელმოწერილი არ არის). თუ ხელი არ შეეშლება მის ეკონომიკურ კომუნიკაციას სომხეთთან, რომელიც საბაჟო კავშირში გაერთიანებას აპირებს, ხოლო ქართული დიპლომატია აზრიანად იმოქმედებს, რუსები, სავარაუდოდ, განიხილავენ ამას როგორც უსიამოვნო, მაგრამ უმნიშვნელო ეპიზოდს. სიტყვამ მოიტანა და ერევანში პუტინის ვიზიტის შემდეგ სომხეთისთვის რუსული გაზის ფასი (ათას კუბურ მეტრზე) 270 დოლარიდან 189 დოლარამდე შემცირდა. რუსეთმა, აგრეთვე, გააუქმა საექსპორტო ბაჟი სომხეთში გასატან ნავთობპროდუქტებზე, ამასთანავე, სომხეთს შეეძლება რუსული შეიარაღება გაცილებით იაფად შეიძინოს, ვიდრე წინა წლებში და ა. შ. ამ ორი ქვეყნის ინტერესებშია, რომ საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფარგლებში მოექცეს, მაგრამ ეს არ გახდება მათთვის ზეპრინციპული საკითხი, თუ ჩვენ ტერიტორიაზე ტრანზიტთან დაკავშირებული პროლემები არ შეექმნებათ. ასე რომ, მოსალოდნელ ეკონომიურ სანქციებზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს (ან მოლდოვას) რუსები «მეორე უკრაინად», ეკონომიკური ომების წინა ხაზად არ განიხილავენ.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ შეეცდება, საქართველოს უარი ათქმევინოს ნატოსა და ევროკავშირში სწრაფვაზე. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ორივე გზა დღესდღეობით საიმედოდ ჩახერგილია, უპირველესად, «ძველი ევროპის» ქვეყნების პოზიციის გამო. მაგრამ «საკითხის საბოლოო გადაწყვეტად» ის, სავარაუდოდ, ჩათვლის სიტუაციას, როდესაც ოფიციალური თბილისი თვითონ იტყვის უარს ჩრდილოატლანტიკურ ალიანზე (ევროკავშირი და ოცნება მასზე ამ კონტექსტში მეორეხარისხოვანია) და ამას საკანონმდებლო დონეზე დააფიქსირებს. ამ შედეგის მიღწევისთვის მოსკოვი, რასაკვირველია, მიმართავს ზეწოლას, მაგრამ მისი პირდაპირი დაკავშირება ასოცირების ხელშეკრულებასთან, ალბათ, მაინც არაკორექტულია. ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი საბაბი ან მორიგი იმპულსი მოსკოვის შემდგომი მოქმედებისთვის, მაგრამ არა როგორც მთავარი მიზეზი.

ბალადა პოლონურ კავალერიაზე

საქართველოში ერთობ პარადოქსული ვითარება შეიქმნა. ერთის მხრივ, პოლიტიკოსები და საექსპერტო საზოგადოება თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ «რუსეთის ზეწოლა იქნება», მაგრამ არავინ მსჯელობს იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ზეწოლა თავიდან ავიცილოთ ან მისი მოსალოდნელი ზარალის მინიმიზაცია მოვახდინოთ. ჩვენ გვესმის მხოლოდ ზოგადი და, სხვათა შორის, საკმაოდ გაუბედავი ფრაზები, რომელთა მოკლე შინაარსი ორ სიტყვამდე დაიყვანება «როგორმე გავუძლებთ» ან კიდევ: «მათ დაჟანგული ტანკები აქვთ» ტიპის პროპაგანდისტული შელოცვები. ქართული პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა არ ეძებს მანევრს, გონივრულ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს და თითქოს დინებას მიჰყვება. საზოგადოების დიდი ნაწილი კი ფატალისტურად ელოდება მომენტს, როდესაც საქართველო შეეჯახება (და, შესაძლოა, შეაკვდება) რუსეთს, რაც დაახლოებით ისეთ შედეგს მოიტანს, როგორიც პოლონური კავალერიისა და გერმანული ტანკებების შეტაკებას მოჰყვა.

ლამაზი ლეგენდა კავალერისტებზე, რომლებმაც თითქოს ტანკებს შეუტიეს მეორე მსოფლიო ომის პირველსავე დღეს, 1939 წლის 1 სექტემბერს დაიბადა (მცირე ექსკურსი სამხედრო ისტორიაში, ალბათ, არაფერს დაგვაკლებს; ის შეიძლება ილუსტრაციისთვის გამოგვადგეს). ის ორივე მხარეს აძლევდა ხელს, რადგან, ერთის მხრივ, ხაზს უსვამდა გერმანელების ტექნიკურ უპირატესობას, მეორე მხრივ კი _ პოლონელების ჰეროიზმს; მის გავრცელებას ხელი ჰაინც გუდერიანის მემუარებმა შეუწყო; სინამდვილეში კი სულ სხვა რამ მოხდა.

დავიწყოთ იმით, რომ პოლონური (ისევე როგორც საბჭოთა და ბევრი სხვა) არმიის წესდებები და ინსტრუქციები, კერძოდ კი 1930 წლის «საერთო ინსტრუქცია ბრძოლის წარმოების შესახებ», ცხენოსანთა შეტევის რეგლამენტაციას საერთოდ არ ახდენდნენ. კავალერისტები ცხენებით უნდა გადაადგილებულიყვნენ, მაგრამ ბრძოლაში ისინი ერთვებოდნენ, როგორც ჩვეულებრივი ქვეითები. ცხენოსანთა შეტევა, გამონაკლისის სახით, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებოდა, თუ კავალერისტები მოულოდნელად წააწყდებოდნენ მოწინააღმდეგეს ან თუ ის დემორალიზებული იყო და გარბოდა.

1 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში პომორიეს ულანთა მე-18 პოლკის მებრძოლები საზღვრის სიახლოვეს იმყოფებოდნენ და, როგორც ჩვეულებრივი ქვეითები, თავდაცვით ბრძოლას აწარმოებდნენ. დღის მეორე ნახევარში მათ მიიღეს ბრძანება, განეხორციელებინათ კონტრდარტყმა. ამ ამოცანის შესრულებისთვის შეიქმნა მანევრული რაზმი (2 ესკადრონი და 2 ოცეული), რომელიც გერმანელების ზურგში უნდა გასულიყო. მოწინავე ოცეულმა აღმოაჩინა ტყის პირას დაბანაკებული გერმანელი ქვეითები; ვერმახტის ჯარისკაცები ისვენებდნენ. პოლკის მეთაურმა პოლკოვნიკმა მასტალეჟმა გადაწყვიტა, მოულოდნელობით ესარგებლა. ეს, ალბათ, ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა _ უკანასკნელად პოლონური კავალერიის ბრწყინვალე ისტორიაში გაისმა ბრძანება «შაბლე დლონ (იშიშვლეთ ხმლები!) და დაღმავალი მზის ფონზე ცხენოსანთა შეტევა დაიწყო, მაგრამ ისინი უტევდნენ არა გერმანულ ტანკებს, როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, არამედ   თავზარდაცემულ ქვეითებს, რომლებიც პანიკაში ჩავარდნენ და გაიქცნენ. უცებ აღმოჩნდა, რომ ოდნავ მოშორებით იდგა რამდენიმე გერმანული ჯავშანმანქანა (და არა ტანკი), რომლებიც პოლონელებმა თავიდან ვერ შეამჩნიეს, მათ ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გახსნეს; სროლა ერთმა გერმანულმა ქვემეხმაც დაიწყო. 26 პოლონელი კავალერისტი (მათ შორის პოლკის მეთაური) დაიღუპა, 50-მდე დაიჭრა. პოლონელები ბრძოლის ველს სასწრაფოდ გაეცალნენ. სულ ეს იყო; ისტორიული დოკუმენტები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მოხდა სწორედ ეს და არანაირ შეტევას ტანკებზე ადგილი არ ჰქონია. ვერაფერს ვიზამთ, ლეგენდებში ხშირად ისეთი რამ გვხვდება, რასაც ფსიქიკურად ჯანმრთელი მეთაური ბრძოლის ველზე არასოდეს გააკეთებს (ყოველივე თქმული პოლონელი მებრძოლების თავდადებას სულაც არ აკნინებს).

ის, რასაც ჩვენი პოლიტიკოსები აკეთებენ, ალბათ, გაცილებით უარესია. პოლონელი პოლკოვნიკისგან განსხვავებით, ისინი ხედავენ ტანკებს (როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით), მაგრამ მათთან პირისპირ შეხვედრის არიდებაზე, მანევრზე აპრიორი უარს ამბობენ. ამას გმირობასთან საერთო, ალბათ, არაფერი აქვს, ეს უფრო სისულელე და უპასუხისმგებლობაა, რომელიც შთამომავლობას ლამაზ ლეგენდასაც კი არ დაუტოვებს. საჭიროა მანევრი, მაგრამ მასზე არავინ ფიქრობს და ორი აშკარად არათანაზომადი ძალის მორიგი შეტაკება თანდათან გარდაუვალი ხდება.

თურქული გამბიტი: მეორე სერია

როდესაც მოსალონელი რუსულ-ქართული გართულებების კონტექსტში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში სიტუაციის შესაძლო გამწვავებაზე საუბრობენ, ხშირად ახსენებენ ახალი სეპარატისტული გამოსვლების საფრთხეს, მაგრამ პრაქტიკულად არავინ მიუთითებს იმაზე, რომ მორიგი პრობლემა შეიძლება «არასტანდარტული» გამოდგეს. ალბათ, არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ახალი კრიზისი მაინცდამაინც უცხო ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული მოძრაობის და ცენტრალური ხელისუფლების კონფლიქტის ნიადაგზე აღმოცენდება.

2004 წელს, როდესაც სააკაშვილიაბაშიძის დაპირისპირების გამო სიტუაცია აჭარაში გართულდა, თურქეთის ელჩმა აზერაბიჯანში, უნალ ჩევიკოზმა, დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ თურქეთს, ყარსის 1921 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია აჭარაში ჯარი შეიყვანოს. მაშინ ამ განცხადებას საქართველოში ყურადღება არ მიაქციეს. მიხეილ სააკაშვილი, მისი ძველი თანამებრძოლების მოგონებების თანახმად (ლევან ბერძენიშვილმა თავის ინტერვიუებში ეს ეპიზოდი არაერთგზის ახსენა), ადმინისტრაციულ საზღვართან სამხედრო შენაერთების კონცენტრირებას, მეტიც, ბათუმის დაბომბვას აპირებდა, რაც უდავოდ მისცემდა თურქეთს აქტიური ჩარევის საბაბს. მადლობა ღმერთს, სააკაშვილი მაშინ შეაჩერეს, ხოლო კრიზისი სისხლისღვრის გარეშე დასრულდა. მეორედ თურქების აჭარაში შესაძლო შესვლის თემა აქტუალური 2008 წლის აგვისტოში, ომის დროს გახდა, როდესაც ერდოღანი სასწრაფოდ მოსკოვში გაემგზავრა და პუტინთან მოლაპარაკებები გამართა, რომელსაც, ისევე, როგორც თურქული ჯარების კონცენტრაციას საზღვარზე, საქართველოში არაერთი კონსპიროლოგიური ვერსია დაუკავშირეს.

ყოველივე ამის შემდეგ თურქეთის გავლენა აჭარაში არაპროპორციულად გაიზარდა. იქ ბევრი თურქი დასახლდა, რომელთა ნაწილს სააკაშვილის ხელისუფლებამ ქართული პასპორტები დაურიგა, მათსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაძაბულობის პირველი ნიშნები გაჩნდა, რამდენიმე ექსპერტი ალაპარაკდა მოსალოდნელ პროვოკაციასა და კონფლიქტზე. ამასთანავე, მნიშვნელოვნად შეიცვალა თურქეთიც, მისი ამბიციები გაორმაგდა, მოქმედება საგარეო არენაზე უფრო აქტიური გახდა, ხოლო მისი მთავარი პარტნიორის, აშშ-ის ჩართულობა რეგიონულ საქმეებში და, შესაბამისად, შემაკავებელი როლი შემცირდა. მეტიც, მან თურქეთზე რეგიონში მთელი რიგი პასუხისმგებლობების დელეგირება მოახდინა, რაც კარგად გამოჩნდა სირიის კრიზისის დროს და რიგ სხვა ეპიზოდებში.

თუ აჭარაში (უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პროვოცირებით თუ სტიქიურად) მოხდება მასშტაბური დაპირისპირება თურქებსა და ქართველებს შორის და შეიქმნება სიტუაცია, რომელიც თურქეთს აქტიური ჩარევისკენ უბიძგებს (ახლა ეს გაცილებით რეალურია ვიდრე წინა წლებში; სამშვიდობო მისია დაერქმევა ამას თუ სხვა რამ, მნიშვნელობა არ აქვს), რუსეთმა, კრიზისის პირველ ეტაპზე, შეიძლება უარი თქვას მის შეკავებაზე დიპლომატიური მეთოდებით, ძალისმიერზე ხომ საუბარი ზედმეტია.

რამდენად მზად არის დასავლეთი, არა აბსტრაქტული დასავლეთი, არამედ ის დასავლეთი, რომელიც სირიის კრიზისის დროს ვიხილეთ, შეასრულოს იგივე როლი, რაც კაიზერის გერმანიამ 1918-ში და თურქები შეაკავოს? უღირს თუ არა ამის გაკეთება? თუ ის ამაზე უარს იტყვის, რუსეთი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე უპირობო დომინირებას მიაღწევს.

გამორიცხული არაა, რომ იგივე განმეორდეს, რაც ასიოდე წლის წინ მოხდა, მოსკოვის, შემდგომ კი ყარსის ხელშეკრულების დადების დროს (ცხადია, თანამედროვე, გაცილებით დახვეწილ ფორმებში), ანუ საქართველოს გაყოფა რუსეთისა და თურქეთის კონსენსუსის საფუძველზე. რუსულმა დიპლომატიამ შეიძლება ეს კომბინაცია მიმზიდველად ჩათვალოს, რადგან თურქეთის პოზიციამ, გარკვეულ პირობებში, შეიძლება დასავლეთის ძალისხმევის ბლოკირება მოახდინოს. ამ ჰიპოთეტური ვარიანტის მთელი «მუღამი» სწორედ ამაშია (თურქეთისა და წამყვანი დასავლური ქვეყნების კონსოლიდირებული პოზიციის არარსებობა ასეთ სიტუაციაში დღევანდელი, პროდასავლური საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია) და, ამასთანავე, საქართველოს ორიენტაციას, დიდი ალბათობით, 180 გრადუსით რუსეთის სასარგებლოდ შეცვლის. ძნელი სათქმელია, რამდენად მზად არის მკვეთრი ნაბიჯებისთვის თურქეთი, რომელიც საგარეო პოლიტიკაში ფრთხილ ქემალისტურ ტრადიციასა და გაცილებით აგრესიულ ახალ სტრატეგიებს შორის მერყეობს, მაგრამ პროცესების გამწვავებამ და მზარდმა ამბიციებმა შეიძლება აიძულოს სწორედ ამ სცენარის კალაპოტში ამოქმედდეს.

ეს არ არის ერთადერთი წარმოსახვითი ვარიანტი, რომლის ფარგლებში არათუ რუსეთის ზეწოლამ, არამედ მისმა დემონსტრაციულმა დისტანცირებამ პროცესებისგან (ცხადია, ფარული თამაშის წარმოებით) საქართველოს შეიძლება უდიდესი პროლემები შეუქმნას, სამცხეჯავახეთზე და სხვა პოტენციურად პრობლემურ რეგიონებზე (მათი ჩამონათვალი გაცილებით ვრცელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, უბრალოდ, კრემლის ტაქტიკა, სავარაუდოდ, სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებული იქნება და ყველგან როდი ჩაჯდება «კლასიკური სეპარატისტული» მოდელის ლოგიკაში) რომ არაფერი ვთქვათ.

რუსეთს საქართველოზე ზეწოლის საკმაოდ ბევრი ბერკეტი აქვს, სავარაუდოდ, მეტი, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე და, ალბათ, ეს საკმარისი საბაბია იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ისინი ჩვენ წინააღმდეგ არ აამოქმედოს. ილუზიები და, საუკეთესო შემთხვევაში, ფაქტების კონსტატაცია საქმეს არ შველის. საჭიროა რეალისტური საგარეო პოლიტიკის შემუშავება, დასაწყისისთვის კი მასზე სერიოზული დისკუსიის დაწყება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here