Home რუბრიკები პოლიტიკა მაიდანი მათი არსობისა

მაიდანი მათი არსობისა

585

«ნაცები» შინ არ ვარგოდნენ, უკრაინაში გარბოდნენ. საქართველოს პარლამენტის ათამდე დეპუტატი «ნაციონალური მოძრაობიდან» გასულ კვირას  კიევის ცენტრში, კარვებში იჯდა და ამ ფორმით გამოხატავდა სოლიდარობას უკრაინული ოპოზიციის მიმართ. საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში უცხოელი პარლამენტარების მსგავს ჯგუფურ და, რბილად რომ ვთქვათ, ექსცენტრიულ ჩართვას რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში ანალოგი არ აქვს. რას დაეძებენ «ნაციონალები» უკრაინულ «ევრომაიდანზე»?

 

ქართული ტელეაუდიტორიის უდიდეს ნაწილს, სავარაუდოდ, მწარედ ეღიმებოდა, როდესაც აღშფოთებისგან გალურჯებული ნაცდეპუტატები უკრაინელი სამართალდამცავების ხისტ მოქმედებას აპროტესტებდნენ, ისე, თითქოს საქართველოში არც 7 ნოემბრის, არც 26 მაისის დარბევა მომხდარა, როდესაც სააკაშვილის პოლიციამ უკრაინულ «ბერკუტზე» განუზომლად დიდი, სადისტური სისასტიკე გამოავლინა. თუმცა ამ უზნეო მონოლოგებზე გაცილებით საშიშია უკრაინაში მიმდინარე პროცესების აღქმის პრიმიტიული მოდელი, რომელსაც საპარლამეტო უმცირესობის წარმომადგენლები ქართულ საზოგადოებაში ნერგავენ, რადგან მან შეიძლება არაადეკვატური დასკვნებისკენ (და შემდგომ _ მოქმედებისკენ) გვიბიძგოს.

პოლონეთის ყოფილი პრემიერი ეჟი ბუზეკი გასულ კვირას, აგრეთვე, ჩავიდა კიევში, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და მიტინგზე მგზნებარე სიტყვაც წარმოთქვა. მაგრამ, ქართველი დეპუტატებისგან განსხვავებით, მას არ უცდია პოლონური საზოგადოების მოტყუება უხეში პროპაგანდისტული შტამპების გამოყენებით, არამედ (პოლონეთის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში) პატიოსნად მიანიშნა პროცესის სირთულესა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე: «უკრაინის ოპოზიციასა და ხელისუფლებას სახელმწიფოს დაშლის ეშინიათ. დაპირისპირება, რომელიც საგარეო პოლიტიკაში შეხედულებების სტრატეგიული განსხვავებებისგან გამომდინარეობს, საშიშია. უკრაინის დაშლის საფრთხე ახლა უფრო დიდია, ვიდრე «ნარინჯისფერი რევოლუციის» დროს. მაიდანზე შეკრებილები პროტესტს გამოხატავენ პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიმართ, მათი ნაწილი ძალზე პროევროპულია, მაგრამ გადაჭარბებული იქნებოდა იმის თქმა, რომ სახელმწიფოს მეთაურის ყველა მოწინააღმდეგე მხარს უჭერს ევროკავშირს» (ყურადღება მივაქციოთ ბოლო ფრაზას, როცა პოლონელი პოლიტიკოსი არა ინუკოვიჩის მომხრეებზე, არამედ მოწინააღმდეგეებზე საუბრობს). ეჟი ბუზეკი უკრაინის ევროინტეგრაციის თანმიმდევრული მომხრეა და ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართ ფრიად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოლონურ საზოგადოებასთან საუბარში ცდილობს, სიტუაცია ობიექტურად აღწეროს და გულწრფელად ესაუბროს მას პროცესის რადიკალიზაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, კერძოდ, უკრაინის დაშლაზე, რომელიც, დიდი ალბათობით, მთელი კონტინენტის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

ამის საპირისპიროდ, ქართველი პოლიტიკოსები (უპირველესად, «ნაციონალები», თუმცა ამ მხრივ რესპუბლიკელებიც სცოდავენ) სთავაზობენ ქართულ აუდიტორიას პრიმიტიულ მოდელს, რომლის ფარგლებში «ევროპაზე მეოცნებე უკრაინელი ხალხი პრორუს დიქტატორ იანუკოვიჩს უპირისპირდება», ხოლო უკრაინელ ოპოზიციონერებს (პირადაპირ თუ ქვეტექსტში) მოუწოდებენ «მიდით, მიაწექით!», ისე, რომ საერთოდ არ ითვალისწინებენ იმ საფრთხეებს, რომლებზეც ბუზეკი მიუთითებს. და ეს მაშინ, როდესაც საუბარი ერთ მუშტად შეკრულ «უკრაინელ ხალხზე» უაღრესად არაკორექტულია; მოსახლეობის დიდი ნაწილი (რომელიც, ძირითადად, აღმოსავლეთ უკრაინაში ცხოვრობს) მომიტინგეთა მოთხოვნებს არ იზიარებს. თუ ჩვენ პატივს ვცემთ დემოკრატიას, როგორც მთავარ ევროპულ იდეას, პატივი ამ ადამიანების პოზიციასაც უნდა ვცეთ. ამავე დროს, ვიქტორ იანუკოვიჩი გაცილებით რბილად ეპყრობა ქუჩაში გამოსულ ოპოზიციას ვიდრე ნებისმიერი პოსტსაბჭოთა მმართველი (თუნდაც იგივე სააკაშვილი).

გავითვალისწინოთ ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტი და პარლამენტი კანონიერად არჩეულია, მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დგას და ეს უნდა ვაღიაროთ, მიუხედავად იმისა, მოგვწონს მათი ბოლოდროინდელი მოქმედებები თუ არა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან მარტივია _ მიუხედავად იმისა, რომ მაიდანზე საკმაოდ ბევრი ადამიანი იკრიბება, ისინი ნამდვილად არ წარმოადგენენ «მთელ უკრაინას», ხოლო ოპოზიციის ლიდერების მცდელობამ, საწადელს ძალისმიერი მეთოდების გამოყებით მიაღწიონ, შეიძლება ქაოსი, სამოქალაქო ომი და ერთიანი უკრაინული სახელმწიფოს დაშლა გამოიწვიოს; დიალოგსა და კომპრომისს რამდენადმე რეალისტური ალტერნატივა არ აქვს. საუკეთესო გამოსავალი უკრაინელი ოპოზიციონერებისთვის, ალბათ, 2015 წლის არჩევნებზე კონცენტრირებაა, რომლის მოგება (თუ გააზრებულად იმოქმედებენ) ნამდვილად ძალუძთ. მართალია, ოპოზიციას ჯერ არ დაუკარგავს მომიტინგეთა დახმარებით ხელისუფლების აღების შანსი, მაგრამ ამას, სავარაუდოდ, იმდენად მასშტაბური კრიზისი მოჰყვება, რომ ეს, ერთი შეხედვით, სანატრელი პრიზი უმძიმეს სასჯელად მოეჩვენება. პარადოქსი ისაა, რომ ამ შედეგს როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების სრული გამარჯვება მოიტანს და ამიტომ (რაზეც საუბრობს ბუზეკი) საუკეთესო გამოსავალი უკრაინისთვის ამ ეტაპზე კომპრომისია.

და მაინც, რატომ არ შეუძლიათ ქართველ პოლიტიკოსებს საკუთარ მოსახლეობას ეჟი ბუზეკივით ესაუბრონ და ამის ნაცვლად კი იაფფასიანი პროპაგანდისტებივით არ მოიქცნენ? ან, პირიქით, რატომ არ კივის, ქართველი კოლეგების მსგავსად, პოლონეთის ყოფილი პრემიერი «უკომპრომისო ბრძოლაზე ბოროტების იმპერიასთან» და არ აღვივებს აუდიტორიაში ნაციონალისტურ ფსიქოზს «კრესი ვსხოდნის» (პოლ. _ «აღმოსავლეთის განაპირი», ტერიტორია, რომელიც ძველად პოლონეთს ეკუთვნოდა, ამჟამად კი მისი ნაწილი უკრაინის შემადგენლობაშია) მოახლოებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით? ის არ უმალავს პოლონელებს სიტუაციის სირთულეს და აუღელვებელი განსჯის უფლებას არ ართმევს (თუ მის ინტერვიუში არის მანიპულირების მცდელობა, ის გაცილებით დახვეწილია), ხოლო ჩვენი პოლიტიკოსები, რაოდენ უხეშად უნდა გაიჟღეროს, ბანალურად გვატყუებენ და, ობიექტურთან მიახლოებული ანალიზის ნაცვლად, რეალობისგან მოწყვეტილ ლოზუნგებს გვაჩეჩებენ; ასე იყო 2008 წლის ომის წინ, ასეა დღესაც.

უკრაინული კრიზისის საინფორმაციო მოდელი, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები ქართულ საზოგადოებასა და მედიაში ამკვიდრებენ, ისევე, როგორც «ცივი ომის» დროს, ვაშინგტონისა და მოსკოვის ყოვლისმომცველი დაპირისპირების იდეას ეფუძნება, მკაცრად შავ-თეთრია, არ ითვალისწინებს რეგიონის ქვეყნების განსაკუთრებულ ინტერესებს (შორეულ ჩინეთზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია). ის აპრიორი გამორიცხავს «ერეტიკულ» მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ, მაგალითად, აშშისა და ევროკავშირის (უპირველესად, გერმანიის) ინტერესები უკრაინაში და შესაბამისი სამოქმედო გეგმები შეიძლება ერთმანეთთან სერიოზულ წინააღმდეგობაში მოვიდეს. რეალობის ინტერპრეტირება ამ მოდელზე დაყრდნობით უარყოფს ყოყმანს, ზედმეტ დაფიქრებას და «მესამე გზის» ძიებას (შესაბამისად, «ახალი ფინეთის» როლს რუსეთის მოსაზღვრე პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის) და მთავარ კითხვას ძალიან მარტივად აყალიბებს: «ამერიკა თუ რუსეთი?». პრობლემა ისაა, რომ ეს მიდგომა ადეკვატურად არ ასახავს მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის სირთულეს და მრავალფეროვნებას და სუსტი სახელმწიფოების მიერ მეტნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას უარყოფს, შესაბამისად, დამოუკიდებლობის იდეას ეწინააღმდეგება.

როდესაც ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობების «გადატვირთვა» დაიწყო, სააკაშვილის რეჟიმი კოგნიტურ დისონანსში ჩავარდა, რომელმაც მის კრახში არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა. იმის ნაცვლად, რომ მოეხდინა ადაპტირება ახალი რეალობის მიმართ, მან ამ რეალობის უარყოფა დაიწყო, კიდევ უფრო არაადეკვატური გახდა და ამით საქართველოში  ხელისუფლების შეცვლა გააიოლა. დღეს კიევში განვითარებული მოვლენები აძლევს «ნაციონალებს» შესაძლებლობას, საკუთარი ბიპოლარული მითოლოგიის რეანიმირება მოახდინონ, დაარწმუნონ საკუთარი თავი და ქართული საზოგადოება იმაში, რომ სამყარო სწორედ ისეთია, როგორც მათ წარმოუდგენიათ (და არა ისეთი, როგორიც სინამდვილეშია). ეს, ალბათ, არა მხოლოდ და არა იმდენად პოლიტიკაა, რამდენადაც ნოსტალგია ფსიქოლოგიურ სტაბილურობაზე, რომელსაც «გადატვირთვის» დაწყებისთანავე საბოლოოდ დაემშვიდობნენ. კიევში, მაიდანზე ყველაფერი (ერთის შეხედვით) მარტივია: მარჯვნივ _ დასავლეთი, მარცხნივ _ რუსეთი და დაკარგული ფუნქციის დაბრუნების შესაძლებლობა, ალბათ, სავსებით რეალურად ეჩვენებათ.

ძნელი სათქმელია, მართლა იღებენ თუ არა «ნაციონალები» ფულს  იანუკოვიჩის ოპონენტებისგან მაიდანის აქციებში მონაწილეობისთვის, რაზეც სოციალურ ქსელებში არაერთი მინიშნება გაკეთდა. ერთის მხრივ, ძნელი დასაჯერებელია, ამ კონტინგენტმა რამე უფასოდ გააკეთოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მათ, სავარაუდოდ, იმედი აქვთ, რომ უკრაინის ახალი ხელმძღვანელობა დაეხმარება, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ამასთანავე, შესაძლებლობა ეძლევათ, აჩვენონ თავის პარტნიორებს შტატებსა და ევროპაში (აქ მთავრობები არ იგულისხმება), რომ ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლიათ. ამას ემატება ზემოთ ნახსენები ფსიქოლოგიური ფაქტორი და, ალბათ, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ «ნაციონალი» დეპუტატები უკრაინაში «პოსლეზე», მომავალი (პოლიტიკური თუ ფინანსური) ბონუსების იმედით მუშაობენ. საბოლოო ჯამში, ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი; საზოგადოებისთვის სულ სხვა რამ არის აქტუალური: რატომ უნდა შევაფასოთ უკრაინაში განვითარებული მოვლენები მათ მიერ შემოთავაზებულ არაკორექტულ, პრიმიტიულ მოდელზე დაყრდნობით? (ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის ვგულშემატკივრობთ _ უკრაინულ ოპოზიციას თუ იანუკოვიჩს; ეს საფეხბურთო მატჩი არაა).

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება უკრაინაში მოხდეს, სახელმწიფოს დაშლა და მასშტაბური სისხლისღვრაა, რადგან მას, სხვა უარყოფით შედეგებთან ერთად, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში პროცესების რადიკალიზაცია და მათ «ცხელ ფაზაში» გადაყვანა მოჰყვება, რაც უდავოდ მოახდენს ნეგატიურ გავლენას ყველა ქვეყნის, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების არმქონე, უკიდურესად დასუსტებული საქართველოს, მომავალზე. აქედან გამომდინარე, «ნაციონალი» დეპუტატების მოქმედება კიევში და მოწოდებები უკომპრომისო ბრძოლისკენ, ალბათ, ძალზე უპასუხისმგებლოა. მაგრამ, ცამდე მართლებიც რომ იყვნენ, მსგავსი ჩარევა უცხო ქვეყნის საქმეებში უპრეცედენტოა და საერთაშორისო ურთიერთობებში დამკვიდრებულ სტანდარტებს არ შეესაბამება. სასურველია, პარლამენტის თავჯდომარემ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ამ დეპუტატების მოქმედება შეაფასონ. «გიჟი თავისუფალია და, რასაც უნდა, აკეთებს» ტიპის ფრაზები არასაკმარისია, მსგავსი სასაცილო და სამარცხვინო განცხადებები შეიძლება გაავრცელოს ცირკის ან ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექციამ, სახელმწიფოს კი გაცილებით მეტი მოეთხოვება.

იმედია, კრიზისი უკრაინაში მშივიდობიანად დასრულდება და, სხვა ყველაფერთან ერთად, ხელს შეუწყობს იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი, შიზოფრენიული პროპაგანდისტული კონსტრუქციებისგან სრულიად თავისუფალი, სახელმწიფოებრივი აზროვნება ისწავლოს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here