Home რუბრიკები საზოგადოება ძალა პოლიტიკური აღმართის მოსახნავად

ძალა პოლიტიკური აღმართის მოსახნავად

612

საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა ქვეყანაში დღეს მოქმედი სახელისუფლო თუ ოპოზიციური პარტიების მიმართულებისა და აზროვნების იდენტურობა საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, ცხადია. მართალია, ქვეყანაში არიან არასაპარლამენტო (სხვადასხვა მიმართულებისა და იდეოლოგიის მქონე) ოპოზიციური პარტიებიც, მაგრამ მათ, უკვე წლებია, პოლიტიკური რეალობის შეცვლა ვერ მოახერხეს და მათი არსებობაც უკვე ერთგვარ ფორმალობად უფრო იქცა.

 

ამიტომაც, ქართულ პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის აუცილებლობა, როგორც არასდროსგანსაკუთრებული სიცხადით გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლასთან ერთად, პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ ამ საკითხზე ჯერჯერობით რატომღაც ღიად არავინ საუბრობს. რამდენად დგას დღეს ქართული საზოგადოების წინაშე ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების აუცილებლობა და როგორი უნდა იყოს ეს ძალა? გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენა აუცილებელია.

_ დღეს ქართული პოლიტიკური სისტემა ძალიან არამყარია, ვინაიდან არსებული პოლიტიკური ძალები გამოკვეთილად ჩამოყალიბებულნი და სტრუქტუირებულები არ არიან და ამდენი წელია, მხოლოდ პიროვნებაზე აგებული რაღაც დროებითი ჯგუფები იქმნება და ქრება, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მძიმე ვითარებას ქმნის. ამიტომ ახალი ძალებს ჩამოყალიბების აუცილებლობა პოლიტიკური ცხოვრების მოსურნე ადამიანების ამბიციიდან გამომდინარეობს, რათა ქვეყანა შემთხვევით პოლიტიკურ ძალებზე არ იყოს დამოკიდებული, რომლებიც უფრო კონიუნქტურულად მოქმედებენ და ამბიცია იმისა, რომ ქვეყანა განვითარების რაიმე სერიოზულ ორბიტაზე გაიყვანონ, არ გააჩნიათ. 22 წელია, მოდიან ეს პოლიტიკური ძალები და სხვის სახელს ამოფარებულები მხოლოდ საკუთარი ინტერესების ფარგლებში მოქმედებენ, შემდეგ კი ქრებიან.

დღევანდელ ხელისუფლებას აქვს სერიოზული პრობლემა, რადგან ეს არის ხელისუფლება, რომელიც ერთი პირის მიერ (მოქალაქეების მისდამი ნდობის გამო) არის ფორმირებული. აღსანიშნავია, რომ ეს ნდობაც სიტუაციური იყო, ვინაიდან წინამორბედი ხელისუფლება მიუღებელი იყო ქართველი ხალხისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არსებულ ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს.

_ როგორ ფიქრობთ, ახალი სახეებით უნდა იყოს დაკომპლექტებული ეს ძალა?

_ პოლიტიკაში ახალი სახეები ასე უცებ ვერ ჩამოყალიბდებიან. ვფიქრობ, მთავარია, შეიქმნას სამი-ოთხი თანაბარი ძალის პოლიტიკური ჯგუფი, რომლებშიც გაწევრიანებულები იქნებიან როგორც ცნობილი სახეები, ასევე ნაკლებად ცნობილებიც და სერიოზული პოტენციალის მქონე ახალი ფიგურებიც გამოდნებიან, რომლებიც თავიანთ სფეროებში მოღვაწეობენ, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებულები არ არიან. ამიტომ ვფიქრობ, საზოგადოების მხრიდან ახალი სახეების მოთხოვნა დილეტანტიზმია. ახალი სახე პოლიტიკაში ასე მოულოდნელად ვერ გაჩნდება და, თუ გაჩნდება, ქართველი ხალხი ერთ დიდ სისულელეს კიდევ დაუშვებს, როგორც ეს მოხდა 2003 წელს, როდესაც მისთვის უცნობ ახალგაზრდებს მისცა ხმა. ასე რომ, ახალი ძალები ვერ გამოჩნდებიან, საუბარია ახალ კონფიგურაციაზე. ეს ძალებიც ვითარების შეცვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ისინი პოლიტიკური სუბიექტები გახდებიან, ვინაიდან პოლიტიკაში ანგარიშს მხოლოდ ძალას უწევენ. თუ პოლიტიკური ჯგუფი პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს, ის ვერაფერს შეცვლის.

ვფიქრობ, საქართველოში ერთადერთი სერიოზული პერსპექტივა აქვს ეროვნულ ნიადაგზე მდგომი ადამიანების პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლებმაც შესანიშნავად იციან, რომ დინამიური განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის გახსნილობა, სტრატეგიული ფაქტორების გათვალისწინება, მართებული ორიენტაცია. ისინი ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი ხალხის, საკუთარი კულტურის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნების მიზნით და არ იმოქმედებენ თავსმოხვეული სქემებით, როგორც ამჟამად ხდება.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი, ექპერტი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების  აუცილებლობა არსებობს და ის რეალიზებული იქნება.

_ მიმაჩნია, რომ დემოკრატიული საზოგადოება, რისი შექმნისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, ძლიერ ოპოზიციურ ძალას საჭიროებს, ვინაიდან საზოგადოების დიდი ნაწილი «ნაციონალური მოძრაობას», რომელსაც ძალიან ცუდი ბიოგრაფია აქვს, ოპოზიციად არ მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, როდესაც «ნაციონალური მოძრაობის», როგორც ოპოზიციური პარტიის, წარმომადგენლები რაიმე მოვლენას აფასებენ, საზოგადოების მხრიდან მაშინვე მათი ბიოგრაფიის შეფასება ხდება. იმას კი არ აფასებენ, რა თქვეს «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლებმა, არამედ იმას, _ თუ რა «უფლება აქვთ», ეს ილაპარაკონ.

_ მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიებიც ხომ არიან?

_ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, შეიძლება ითქვას, ვერ «ქაჩავენ». ვინაიდან, მათ გარკვეულწილად თავიანთი შინაგანი რესურსი ამოწურეს და საზოგადოებაში პოპულარულები არ არიან. ერთადერთი ნინო ბურჯანაძის პარტია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ ეს მაინც ნინო ბურჯანაძის ფაქტორითაა განპირობებული და არა იმდენად პარტიის სიძლიერით. დღეს საქართველოში არ არსებობს რეალური, ძლიერი ოპოზიციური ძალა, რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ახალი პოლიტიკური ძალა აუცილებლად გამოჩნდება. არ არის გამორიცხული, ეს იყოს გარკვეული ოპოზიციური გაერთიანება, პლუს ახალი სახეები.

ვფიქრობ, არსებული ძალებისგან განსხვავებით, ეს ძალა უფრო მემარცხენე უნდა იყოს. თუ რის შეცვლას მოახერხებს იგი, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად პოპულარული იქნება საზოგადოებაში და რამდენად შეძლებს ხალხის ნდობის მოპოვებას.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალის გამოჩენის აუცილებლობა არსებობს.

_ ვინაიდან დღეს საქართველოში, ფაქტობრივად, ორპარტიული სისტემაა, «ქართული ოცნებისა» და «ნაციონალური მოძრაობის» სახით, დანარჩენი პარტიები კი პოლიტიკიდან მოშორებით არიან. ასეთი ორპარტიული სისტემით არსებობა შეუძლებელია. ახალი ძალა, ალბათ, უფრო ეროვნული იდეოლოგიის მქონე ორგანიზაცია უნდა იყოს და მე მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული ძალები ასეთი ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად ემზადებიან და, ალბათ, გაზაფხულზე ქართულ პოლიტიკაში უკვე გამოჩნდებიან. თუ აქამდე ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ტირანიის დასამარცხებლად იყო მიმართული და ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა, ახლა უკვე ნელ-ნელა უნდა დაიწყოს პოლიტიკური ცხოვრების ისეთი ეტაპი, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პარტიების ასპარეზიც შესაძლებელი იქნება. 

ჩამოყალიბდებიან როგორც პრორუსული, ისე პროდასავლური, პროევროპული პოლიტიკური ძალები, ასევე ეროვნული იდეოლოგიის მქონე პარტიები. ჩვენ, ფაქტობრივად, 25 წლის მანძილზე ასეთი რამ არ გვქონია. პირველად უნდა შევეცადოთ, შეიქმნას ასეთი პოლიტიკური გარემო, პოლიტიკური კულტურა, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიისა და მიმართულების მქონე პარტიები იქნებიან. მესმის, რომ ეს რთული განსახორციელებელია, მაგრამ აუცილებელია. ეს მიდგომები უნდა შეიცვალოს, მით უფრო, თუ ევროპისკენ მივისწრაფვით, ბელადომანია უნდა დასრულდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია «გლობალური კვლევების ცენტრის» ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენის აუცილებლობაზე საუბრობს.

_ საზოგადოება სამ სეგმენტად გაიყო: ერთია «ნაციონალური მოძრაობის» მოტივირებული ამომრჩეველი, რომელიც ყველა შემთხვევაში მისი ამომრჩეველი იქნება, მეორე _ «ქართული ოცნების» ამომრჩეველი, რომელიც ასევე ნებისმიერ შემთხვევაში ამ ძალას დაუჭერს მხარს და კატეგორია, რომელიც არასდროს გახდება «ნაციონალური მოძრაობის» მხარდამჭერი, ვინაიდან თავის დროზე იყო «ქართული ოცნების» მხარდამჭერი, მაგრამ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა, რადგან «ქართული ოცნების» ზოგიერთი გადაწყვეტილება არ მოეწონა. ეს უკანასკნელი ის კატეგორიაა, რომელმაც არც ერთ ზემოხსენებულ პოლიტიკურ ძალას არ დაუჭირა მხარი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად, თან ძალიან მალე, პოლიტიკურ სივრცეში უნდა გამოჩნდეს ახალი პოლიტიკური პარტია ან კოალიცია, რომელიც იმ ელექტორატთან დაიწყებს მუშაობას, რომელმაც ღია მხარდაჭერა არც ერთ წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიას არ გამოუცხადა.

დღეს საქართველოს სჭირდება ეროვნულად ორიენტირებული, პატრიოტი და საზოგადოებრივი აზრისა და ნების გამტარებელი პოლიტიკური სუბიექტი. საქართველოში ამჟამად არსებული სიტუაცია კი ხელსაყრელ პირობებს ქმნის ახალი პოლიტიკური ძალის აღმოცენებისთვის. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ კოალიცია «ქართული ოცნების» პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაცია შეიცვალა, ამ პარტიამ თავისი საქმე შეასრულა და მას ქართულ პოლიტიკაში მომავალი არ აქვს. რაც შეეხება «ნაციონალურ მოძრაობას»,  მინიმუმ რამდენიმეწლიან პერსპექტივაში მასაც არავითარი შანსი არ ექნება. საჭიროა ახალი ძალა, რომელიც იქნება აბსოლუტურად კომპეტენტური ყველა იმ მიმართულებაში, რომლებიც სასიცოცხლოა ქვეყნისთვის. ახალი ძალების ადამიანებს გააერთიანებთ იდეები და პროფესიონალიზმი, ქვეყნის სიყვარული და სურვილი იმისა, რომ ერთხელ მაინც გაკეთდეს საქმე, რომელიც იქნება არა ფასადური, არამედ საბაზისო.

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის აზრით, ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების აუცილებლობა, დიდი ხანია, ქართული საზოგადოების წინაშე არსებობს.

_ ამის აუცილებლობა ახლა განსაკუთრებით ცხადად გამოჩნდა, როდესაც ერთობ გაურკვეველი სიტუაციაა. ვინაიდან ახალი ხელისუფლება ჯერჯერობით საზოგადოებისთვის უცნობია როგორც პიროვნულად, ისე მისი საქმიანობიდან გამომდინარე. მართალია, ახალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ერთი წელი ასრულებდა შს მინისტრის მოვალეობას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არც ღარიბაშვილს და არც მარგველაშვილს საზოგადოება არ იცნობს და არც მათი გაკეთებული საქმეები უნახავს.  

მიმაჩნია, რომ ახალი პოლიტიკური ძალა უნდა ჩამოყალიბდეს, რომლის მიმართულება და იდეოლოგიაც დღევანდელი ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის იდეოლოგიის აბსოლუტურად საწინააღმდეგო იქნება. საერთოდ ყველა პარტიას, რომელიც დღეს ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაშია, მარტო ევროატლანტიკური მიმართულება აქვს. საჭიროა ახალი ძალა, ახალი იდეებითა და სულისკვეთებით, ახალი სახეებით, ერთი-ორი, შესაძლოა, ძველი სახეც იყოს, რომლებიც საწყის ეტაპზე დროებით შეიძლება გამოდგნენ ლიდერებად, მაგრამ, როცა პარტია ძალას მოიკრებს, ისევე უნდა დატოვონ გუნდი, როგორც ივანიშვილი მოიქცა. რადგან ამ «გაცვეთილმა» სახეებმა, რომლებიც დღეს ტრიალებენ როგორც საპარლამენტო, ისე პარლამენტს გარეთ ოპოზიციაში, საზოგადოებას თავი მოაბეზრეს. საზოგადოება მათ კეთილ სიტყვასაც კი (რაც ასევე იშვიათობაა) უარყოფითად აღიქვამს. ამიტომ, თუ ეს ადამიანები პატრიოტები არიან, საერთოდ უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან და გზა სხვებს დაუთმონ, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათ ქვეყანა კი არა, საკუთარი თავი უყვართ.

_ გულისხმობთ, რომ ყველა უნდა წავიდეს, ვინც დღეს პოლიტიკაშია?

_ დიახ, ყველა უნდა წავიდეს. ვინ რა გააკეთა? ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. მათ ტაში დაუკრეს სააკაშვილის ცხრაწლიან მმართველობას. ზოგიერთმა მერე დაიწყო ყაყანი, როცა მისი მოქმედება არ მოეწონა, მაგრამ პოლიტიკოსმა თავიდანვე უნდა გამოიცნოს, ვინ მოდის პოლიტიკაში და რას წარმოადგენს ესა თუ ის ადამიანი, მაგრამ მათ არ აქვთ პოლიტიკური ალღო. მათ ერთი რამ იციან, როგორ უნდა გაძიძგნონ ქვეყანა. მაგალითად, ვერ ვხვდები, რა საჭიროა ისეთი სახეები პოლიტიკაში, როგორიცაა ბაჩუკი ქარდავა, რას წარმოადგენს? ან დანარჩენი ოპოზიცია რას წარმოადგენს? მხოლოდ იმისთვის იბრძვიან, რომ ოპოზიციის ნიშა დაიკავონ და სახელმწიფოს ფული ოფიციალურად წაგლიჯონ.

_ არასაპარლამენტო ოპოზიციას გულისხმობთ?

_ დიახ, მათ ვგულისხმობ, რადგან «ნაციონალურ მოძრაობაზე» საუბარიც ზედმეტია, ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც დღეს ციხეში უნდა იყოს. საზოგადოება, დიდი ხანია, «ნაციონალების» დასჯას ითხოვს, მაგრამ უმრავლესობა ამას არ და ვერ შეასრულებს, მით უმეტეს ვერ შეასრულებს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პარაფირება მოახდინა ტექსტისა, რომელშიც მკაფიოდაა მითითებული, რომ ქვეყნაში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ უნდა განხორციელდეს, ამიტომ ახალი ძალის გამოჩენა აუცილებელია.

სამების ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარი (დიაკონიძე) პოლიტიკაში ახალი აზროვნებით გამსჭვალული ხალხის მოსვლას მიესალმება.

_ ეს აუცილებლობა მხოლოდ დღეს არ დამდგარა. ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება კი არ არის საჭირო, უფრო მართებული იქნება, განახლებული ძალით, ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებული მართლმადიდებლური ძალების მოსვლა პოლიტიკაში. ამასთან, საჭიროა და ბაზად უნდა გამოვიყენოთ ძველი ეროვნული მოძრაობის გამოცდილება. ერთადერთი რამაა საჭირო, როგორც იაკობ მოციქული ბრძანებს, «არ გაქვთ? იმიტომ, რომ არ ითხოვთ». ქვეყანას სჭირდება სწორ რელსებზე დაყენება და გამოყვანა ამ სულიერი, ფიზიკური თუ მორალური გადაგვარებიდან.

_ რის შეცვლას მოახერხებს ეს ძალა?

_ პირველ რიგში, მან უნდა მოახერხოს, შეცვალოს ადამიანში მენტალობა და მართლმადიდებლური, ეროვნული ნიადაგის გათვალისწინებით ჩამოაყალიბოს იდეოლოგია. ამ იდეოლოგიას უნდა დაეყრდნოს პოლიტიკური ძალა, რომლის სამომავლო პერსპექტივაც კონსტიტუციური მონარქიისთვის ნიადაგის გასუფთავება და შექმნა იქნება.

ქართულამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერთანამშრომელი სიმონ კილაძე უახლოეს მომავალში ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალების გამოჩენას არ გამორიცხავს.

_ ვინაიდან «ქართული ოცნების» მთავარი ძალა იყო ბიძინა ივანიშვილი, მას შემდეგ, რაც «ქართული ოცნების» ლიდერი ჩამოშორდა პოლიტიკას, შეიძლება ითქვას, ამ პარტიამაც დაკარგა მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, საჭიროა ახალი პარტიის შექმნა. მაგრამ საქართველოში ხშირად პარტიები მხოლოდ ქაღალდზე იქმნება და ისინი მერე ისევე უკვალოდ ქრებიან, როგორც გაჩნდნენ. არსებულ ოპოზიციურ პარტიებს რაც შეეხება, ერთი რამ ცხადია: ყველა პარტიას, რომლებიც ბოლო ხანებში ჩამოყალიბდნენ, თავიდან თითქოს განსხვავებული იდეები და მიზნები ჰქონდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს სხვადასხვაობა გაქრა და მთელ რიგ საკითხებში დღეს ყველა ერთნაირად ფიქრობს.

_ «ქართულ ოცნებას» და «ნაციონალებს» გულისხმობთ?

_ დიახ, შეიძლება რაღაც ტაქტიკური ნაბიჯები განსხვავებული იყოს, მაგრამ ამ პარტიების ძირითადი იდეა და მიზანი, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა. «ქართულმა ოცნებამ» ორიგინალობა დაკარგა. არადა, ჩვენ ისეთ რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, რომ ბალანსია დასაცავი. არ შეიძლება სულ დასავლეთი და ევროკავშირი ვიყვიროთ და არც მეორე რადიკალიზმში  გადავვარდეთ, ვიძახოთ, რომ ნატო და ევროკავშირი არ გვინდა. ბალანსის დაცვა თუნდაც იმავე ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, აუცილებელია. ჩვენს მეზობლებს ანგარიში უნდა გავუწიოთ. თუ ამას რომელიმე ახალი პარტია მოახერხებს, რასაკვირველია, ამ პარტიას უკვე საკმაოდ მნიშვნელობა ექნება და მხარდამჭერებიც გამოუჩნდება. საქართველოს რეალობაში ეს ძალიან რთული გასაკეთებელია, მაგრამ აუცილებელი.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here